მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში არ გადაიხდი შუქის ფულს, თუკი მთაში ცხოვრობ

10.04.2020 • 2500
რა შემთხვევაში არ გადაიხდი შუქის ფულს, თუკი მთაში ცხოვრობ

მთაში მცხოვრებ მოქალაქეებს აინტერესებთ, იმ შემთხვევაში, თუკი მოიხმარეს, მაგალითად, 200 კვტ/საათზე მეტი ელექტროენერგია, გავრცელდება თუ არა პანდემიის პირობებში დაწესებული ახალი შეღავათები მათზე [მთაში აქამდე გარკვეული შეღავათით სარგებლობდნენ მთის კანონის საფუძველზე].

რა შემთხვევაში არ გადაიხდის შუქის ფულს პანდემიის პირობებში ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს? – კითხვაზე პასუხი „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამ ეტაპზე არ აქვთ. კომპანიას ვთხოვეთ განმარტება, როგორ აისახება კომუნალური გადასახადების კუთხით მთავრობის გადაწყვეტილება მაღალმთიან რეგიონებზე, სადაც აქამდე „მთის კანონით“ განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობდნენ.

საქართველოს მთავრობის პირველი აპრილის  გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში, სრულად დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიხედვით კი, მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტი ფინანსდება და ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ოჯახმა 100 კვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა.

„ჩვენ რასაც დაგვიდგენენ, ისე მოვიქცევით,“ – გვიპასუხეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესცენტრში. აქ გვირჩიეს, სემეკ-ს დავკავშირებოდით. სემეკ-ის პრესცენტრმა თქვა, რომ ადრესატი თვითონ არ არის და სავარაუდოდ, კითხვას ეკონომიკის სამინისტრომ უნდა უპასუხოს. ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს საკითხი სემეკ-მა უნდა დაარეგულიროს, ან მთავრობამ, მთავრობიდან ისევ სემეკ-ში გადაგვამისამართეს. საბოლოოდ, ისევ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გუშინ, 9 აპრილს, ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

საქართველოში ელექტროენერიგიის მიწოდებას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გარდა კიდევ ერთი მსხვილი კომპანია – „თელასი“ უზრუნველყოფს. ჩვენ გვინდოდა ამ კომპანიაშიც დაგვეზუსტებინა, როგორი იქნება შეღავათები მთაში მცხოვრები მათი აბონენტებისთვის, მაგრამ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს ცხელ ხაზზე, არც კომპანიის პიარსამსახურში.

„მაღალმთიან სოფელში ვინც ცხოვრობს და დაწვავს 200 კვტ. საათამდე ელექტროენერგიას, ის საერთოდ არაფერს გადაიხდის, ხოლო თუ ამაზე მეტს დაწვავს, მაშინ იმოქმედებს მანამდე არსებული კანონი მთის შესახებ,“ – ამბობს შუახევის მერის მოადგილე, ომარ ტაკიძე. მისი განმარტებით, თუკი ოჯახი 200 კილოვატ საათზე მეტს დახარჯავს თვეში, „მთის კანონის“ შესაბამისად, მას მხოლოდ 100 კვტ. საათის 50 პროცენტს დაუფინანსებენ. შუახევის მერის მოადგილემ გვითხრა, რომ ეს განმარტება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მიიღო.

ანალოგიურად ფიქრობს პაატა დიასამიძეც – საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს შუქის ფულის გადახდა, თუკი 200 კვტ.საათზე მეტს მოიხმარს.

„ასეთ შემთხვევაში, მას დაუფინანსდება გახარჯული 100 კვტ. საათის 50 პროცენტი,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

„ქვითარი ჯერ არ მოსულა, არავის უთქვამს, როგორ უნდა გადავიხადოთ შუქის ფული. გვეტყვიან, ალბათ,“ – გვითხრა ნათელა შაინიძემ, რომელიც ხულოს მაღალმთიან სოფელ თხილვანაში ცხოვრობს. ამ სოფლის რწმუნებული, მამუკა ქამაშიძე კი ამბობს, რომ ოჯახი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გადაიხდის ელექტროენერგიის გადასახადს, თუკი 200 კლვტ. საათზე მეტს არ მოიხმარს და ეს მას „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: