მთავარი,სიახლეები

„საკვების გარეშე დაგვტოვეს, ჩვენი ხელფასი 420 ლარია“ – სახელმწიფო დაცვის პოლიციელი

10.04.2020
„საკვების გარეშე დაგვტოვეს, ჩვენი ხელფასი 420 ლარია“ – სახელმწიფო დაცვის პოლიციელი

„ერთ კვირაზე მეტია, საჭმელს აღარ გვაჭმევენ… ჩემი ხელფასი 420 ლარია, ისევ დღეჩაგდებით გვიწევს მუშაობა 24 საათი,“ – ამბობს სახელმწიფო დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი „ბათუმელებთან“. მას ვინაობის გამხელა არ სურს. დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. თანამშრომელი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, ბათუმის ნავთობტერმინალის დაცვის ობიექტზე მუშაობს.

დაცვის პოლიციელის კვებისთვის თანხას სახელმწიფო არ იხდის. ამ შემთხვევაში გამონაკლისი ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალია, სადაც დაახლოებით 80-მდე დაცვის პოლიციელი მუშაობს. თითოეული პოლიციელის კვებისთვის დღეში ეს კომპანიები 8 ლარს იხდიან. როგორც პოლიციელმა ჩვენთან საუბრის დროს განმარტა და შემდეგ დაცვის პოლიციის პრესცენტრშიც დაგვიდასტურეს, ტერმინალი კვების ფულს ურიცხავს დაცვის პოლიციას, დაცვის პოლიცია კი კვების მომსახურებას ყიდულობს.

„ბოლო წლებში ეს ისევ ტერმინალის სასადილოა, ჩვენ სასადილოში გვქონდა კვება,“ – აღნიშნავს პოლიციელი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ.

პოლიციელის თქმით, ახლა მხოლოდ იმ თანამშრომლებს კვებავენ, რომლებიც პერიოდულად საკარანტინო სივრცეების დასაცავად გადაჰყავთ.

„…ჩვენგანაც მიჰყავთ პერიოდულად პოლიციელები სასტუმროების დასაცავად, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. იქ პოლიციელებს ის ულუფა ხვდებათ, რაც კარანტინში მყოფ ადამიანებს,“ – დასძინა პოლიციელმა.

დაცვის პოლიციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ  კვების მომსახურება წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო შეწყდა პირველი აპრილიდან და იგი დაახლოებით 20 აპრილისთვის განახლდება. პრესცენტრში განმარტეს, რომ წინა ხელშეკრულება სამი თვის ვადით იყო გაფორმებული.

რატომ არ გააფორმა ახალი ხელშეკრულება დაცვის პოლიციამ წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე?

„მოგვწერეთ და გიპასუხებთ წერილობით… ეს ოდითგანვე ასე ხდება, როცა ორი კვირით ხდება შეყოვნება…. დაცვის პოლიციას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ ვკვებოთ ჩვენივე თანამშრომლები. ეს არის ამ კონკრეტული კერძო კომპანიის კეთილი ნება და სურვილი, რომელიც კვებას აფინანსებს“, – გვიპასუხეს დაცვის პოლიციის პრესცენტრში.

პრესცენტრს ვუთხარით, რომ საჯარო ინფორმაციას ამ საკითხზე ვერ დაველოდებით და ვთხოვეთ, ეპასუხათ კითხვისთვის  – რის გამო ფერხდება კვების მომსახურების მიწოდება პოლიციელებისთვის, რომლებიც დღეჩაგდებით მუშაობენ 24 საათი თვეში 420 ლარად და როცა კერძო კომპანია აფინანსებს ამ ადამიანების კვებას.

„დაზუსტებული არაა, რამდენი ადამიანით დავიცავთ ამ ობიექტს… სხვა დეტალებისთვის მოგვმართეთ წერილობით,“ – გაგვიმეორეს დაცვის პოლიციის პრესცენტრში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: