მთავარი,სიახლეები

ქობულეთის კლასტერიდან 5 პირს შესაძლოა Covid-19 აქვს – მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა

11.04.2020 • 1563
ქობულეთის კლასტერიდან 5 პირს შესაძლოა Covid-19 აქვს – მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსზე 5 საეჭვო შემთხვევას ამოწმებენ, ყველა ეს შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

„პირველადი კვლევებით ამ 5 კვლევის პასუხი არის დადებითი, მაგრამ არ არის მკვეთრად დადებითი და სჭირდება განმეორებითი პასუხი, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პაციენტები [აქვთ კორონავირუსი]“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით, იკვეთება რამდენიმე სოფელი და ქალაქ ქობულეთის ტერიტორია.

„ყველა კონტაქტირებულ პირს ამ ტერიტორიებზე უკვე მიცემული აქვთ რეკომენდაცია მკაცრი თვითიზოლაციის შესახებ ან გადაყვანილი არიან საკარანტინე სივრცეში“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ რაც ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად დადასტურდა კიდევ 6 შემთხვევა, კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

ამ ეტაპზე ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 19 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით.

11 აპრილის დილის [ 11 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 233 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი, გარდაცვალა – 3. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა 3 საქართველოს მოქალაქე.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: