მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმო: მობილურის 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას არ იწვევს

10.04.2020
ჯანმო: მობილურის 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას არ იწვევს

COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში უამრავი მითი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთია მობილურის 5G ინტერნეტკავშირი ვირუსის გავრცელებასთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელებით და ახალი კორონავირუსი ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ 5G მობილური ქსელი.

COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით და შემდეგ ამ ხელის თვალზე, პირსა ან ცხვირზე შეხებით.

5G, ანუ მე-5 თაობა, არის მობილური ტელეფონების უახლესი უსადენო ტექნოლოგია, რომელიც ფართოდ 2019 წელს გავრცელდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, 5G-ს აქვს ინტერნეტის გაცილებით მაღალი სიჩქარე, დაახლოებით 10-20-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე 4G-ს. ტექნიკური კუთხით, 5G ძირითადი უპირატესობებია ქსელის უფრო მაღალი გამტარუნარიანობა, რაც უზრუნველყოფს დროის შუალედში უფრო მეტი მოწყობილობის დაკავშირებას; რადიოსიხშირული სპექტრის უფრო ოპტიმალურ გამოყენებას და ბევრად სტაბილურ და უწყვეტ კავშირს ქსელთან.

მობილური ტექნოლოგიების წინა თაობები უზრუნველყოფდა ე.წ. „ადამიანურ კომუნიკაციას“ ხმოვანი, სმს და ინტერნეტსერვისების მეშვეობით. 5G, თავის მხრივ, მიზნად ისახავს „ინდუსტრიული კომუნიკაციის“ განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის გაციფრულებას და გლობალურ ციფრულ ტრანსფორმაციას.

5G-სთან დაკავშირებით ჯანმო აქამდეც წერდა, რომ ზემოქმედება 5G-ს მომწოდებელი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც დაახლოებით 3.5 გეგაჰერცია, ანალოგიურია აქამდე არსებული მობილური ტელეფონების საბაზისო სადგურებისა. „იმ პირობით, რომ მთლიანი ზემოქმედება საერთაშორისო გაიდლაინებს არ გასცდება, არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის საზიანო შედეგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის,“ – აცხადებს ჯანმო.

ჯანმო ამჟამად მუშაობს არსებული რადიოსიხშირეების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკების შეფასებაზე, რომელიც მოიცავს მთელ რადიოსიხშირულ დიაპაზონს, მათ შორის, 5G-ს. ანგარიში მზად 2022 წლისთვის იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: