მთავარი,სიახლეები

ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის

10.04.2020 • 2362
ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის

მწერალთა სახლი უფროსკლასელებისთვის აცხადებს  ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

თემა თავისუფალია, მოთხრობა უნდა იყოს ფანტასტიკის ჟანრის და არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.

კონკურსისთვის ფანტასტიკის ჟანრი „მწერალთა სახლმა” მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო შეარჩია:

„ოცდამეერთე საუკუნემ მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მივიღეთ  ეკოლოგიური კატასტროფები, კოსმოსში მოგზაურობის პარალელურად – პანდემიები, კულტურის განვითარების საპირწონედ კი – ტერაქტები და ომები.

ბევრი რამ, რაც მეოცე საუკუნეში ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში სინამდვილედ  იქცა და დიდი სისწრაფით განვითარდა. ვირტუალური და რეალური სამყარო ერთმანეთს ისე გადაეჯაჭვა, რომ ზოგჯერ მათ შორის ზღვარის გავლება ჭირს.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ რეალობაში, რომელიც თითქოს იმიტირებს ლიტერატურას და ხელოვნებას. იზოლაციაში მყოფები ვპოულობთ მსგავსებას ამჟამინდელ ვითარებასა და სხვადასხვა ნაცნობ მხატვრულ სიუჟეტს შორის. სიფრთხილის ზომები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა „შინაპატიმრობაში“ დარჩენას გვაიძულებს. ლიტერატურა კი იზოლაციაში დროის სასიამოვნოდ გატარებასა და შემეცნებაში გვეხმარება,” –  წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.

საკონკურსო ნაწარმოების თემა  შეიძლება იყოს სამყაროს ხვალინდელი დღე, პლანეტის და კაცობრიობის მომავალი – არჩევანი დიდი და თავისუფალია.

მოთხრობები კონკურსანტებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონულად  მისამართზე: nbekishvili@writershouse.ge.

ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). წერილში აუცილებელია მიუთითოთ  სათაური, კონკურსანტის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არასრული საკონტაქტო ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.

მეორე ეტაპზე გადასული საკონკურსო ნაწარმოები გამოქვეყნდება ონლაინბლოგზე: https://whgeorgia.blogspot.com/

ნამუშევრებს შეაფასებს კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 3 გამარჯვებულს გამოავლენს.

  1. პირველი პრემია – მაღაზია ზუმერის  500-ლარიანი ვაუჩერი
  2. მეორე პრემია –  მაღაზია ზუმერის 400-ლარიანი ვაუჩერი
  3. მესამე პრემია – მაღაზია ზუმერის 300-ლარიანი ვაუჩერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: