მთავარი,სიახლეები

„რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი გენგეგმასთან“ – პანდემიის დროს აბასთუმნის გენგეგმა დაამტკიცეს

10.04.2020 • 3486
„რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი გენგეგმასთან“ – პანდემიის დროს აბასთუმნის გენგეგმა დაამტკიცეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აბასთუმნის განაშენიანების გეგმა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 7 აპრილს დაამტკიცა. საკითხის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, როგორც თავად გვითხრეს, იმ მიზეზით, რომ დოკუმენტის გაცნობის საშუალება არ მიეცათ.

საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, სიმონ ფარუნაშვილის თქმით, დოკუმენტი შესასწავლად ოპოზიციას არ მიუღია: „არ მინახია და ამიტომ არ დავუჭირე მხარი“.

მისივე მოსაზრებით, გეგმის დამტკიცება საგანგებო მგომარეობის პირობებში იმიტომ არ გადადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს წამოწყებულ და დაგეგმილ მშენებლობებში ხელი არ შეშლოდა: „სხვა რა უნდა ვიფიქროთ“.

საკრებულოს თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ გენგეგმა მოამზადეს და განიხილეს ყველა წესის დაცვით და ის ფორსმაჟორულ პირობებში არ დაუმტკიცებიათ.

„დიდი ხანია, რაც ეს დოკუმენტი მომზადდა, განვიხილეთ და საჯარო განხილვებზეც გვქონდა გატანილი. ოპოზიციას კი იმიტომ არ უნახავს, რომ არ ხსნის გადაგზავნილ პროექტებს და ბიუროს სხდომებსაც არ ესწრებიან. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი გენგეგმის დამტკიცებასთან, ის არაფერ შუაშია“, – გვითრა საკრებულოს თავმჯდომარემ,  იმედა მღებრიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში რამდენიმე მშენებლობა აქვს წამოწყებული. მისივე ინფორმაციით, [ამის შესახებ ის საკუთარ წერილში წერდა] პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

“ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია“.

აბასთუმანში ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია – ივანიშვილი

აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა კომპანია „ გეოგრაფიკმა“ მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, დაბა აბასთუმნის ტერიტორიები გამოყენებისა და განვითარების მიზნით სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიებად იყოფა. მაქსიმალური კ1 კოეფიციენტია 0.5, ხოლო კ2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – 0.1.

გენგეგმის მიხედვით, სამშენებლო ტერიტორიებზე ნორმატიული რეჟიმი დგინდება ფუნქციური ზონების, ქვეზონებისა და ძირითადი პარამეტრების დადგენით, რომლის საფუძველზეც მუშავდება ქვემდგომი გეგმები. კონკრეტულ ზონებში დასაშვებია მშენებლობის კონკრეტული სახეობები, კონკრეტული პარამეტრებით.

ქალაქმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება ორსაფეხურიანი სისტემით:  გენერალური გეგმა არეგულირებს აბასთუმნის მთელი ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების ზოგად რეგულირებას, ხოლო დეტალური გეგმა არეგულირებს განაშენიანების კონკრეტულ რეგულირებას.

სამშენებლო ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საცხოვრებელი ზონა (სზ), შერეული ზონა (შზ) სპეციალური ზონა (სპზ).

დოკუმენტის მიხედვით, აბასთუმნის ტერიტორიაზე დამტკიცდა ასევე დამცავი ზონები და მათი რეგლამენტი, ეს ზონებია ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი, მდინარის წყალდაცვითი ზოლი.

დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია განაშენიანების მართვის რეგლამენტი.

მთავარი ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: