ქობულეთის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 წელში ქობულეთის მერიისგან 18 მილიონის ტენდერი მოიგო – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ქობულეთის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კორუფციის რისკები იკვეთება.

კვლევაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს, სავარაუდოდ, არგებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნის“ ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.

ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 18 მარტს გააფორმა. აუქციონის გარეშე გამართული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაიწუნა შპს “Award”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომპანია ტენდერს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა. კომისიამ უპირატესობა მიანიჭა შპს „ჯორჯიან სტოუნს”, რომლის შეთავაზება – 4 637 636 ლარი, მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4 773 769 ლარი).

„ჯორჯიან სტოუნი”, რომლის დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა, ამავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2019 წელს სწორედ ამ კომპანიამ შეასრულა ქობულეთის სანაპირო ზოლის ზღვისპირა პარკის 2 770 077 ლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოებიც.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს სავარაუდოდ არგებს „ჯორჯიან სტოუნის” ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის  საგანი უნდა გახდეს. საყურადღებოა, რომ კომპანიამ სსიპ „ბათუმის ბულვარის” შესყიდვებში ასევე კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა“, – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ბადრი რომანაძის კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე „ჯორჯიან სტოუნმა” მხოლოდ ერთ (ბათუმის მერიის გამოცხადებულ) ტენდერში გაიმარჯვა 2013 წელს. გაწეული სამუშაოებისთვის კომპანიამ 18 000-მდე  ლარი მიიღო.

„სწორედ რომანაძის საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო „ჯორჯიან სტოუნის” გამარჯვება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ჯორჯიან სტოუნმა” 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 27 ტენდერში გაიმარჯვა. ამასთან, გაუფორმდა გამარტივებული შესყიდვის (755 374 ლარის ღირებულების) ერთი ხელშეკრულება და ჯამში 18 809 434 ლარი მიიღო, რომლის 38%-ზე მეტი უკონკურენტო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 6 184 705 ლარის ღირებულების 7 ტენდერში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 5 ტენდერში „ჯორჯიან სტოუნმა” კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა“.

კვლევის მიხედვით, რომანაძის კომპანიამ ჯამში, ბოლო 6 წლის განმავლობაში სამშენებლო მასალების მიწოდებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის შემსყიდველი ორგანიზაციებიდან 27 031 328 ლარი მიიღო.

„ამ თანხის 70% (18 809 434 ლარი) „ჯორჯიან სტოუნს” ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აქვს მიღებული“.

ამავე წყაროს ცნობით, გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ბადრი რომანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო, ამავდროულად, ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად რომანაძის ნათესავია.

„მინდია და ზვიად რომანაძეები ძმები არიან. მინდია რომანაძე 2018 წლის მაისში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოდან მივიდა, მანამდე კი 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო“, – წერს „გამჭვირვალობა საქართველო“.

„ჯორჯიან სტოუნთან” დაკავშირებული კომპანიების სარგებელი მთავრობისგან

„ჯორჯიან სტოუნი” 2011 წელს დაფუძნდა. მის 100% წილს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკორატიული ფილების და სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი, 2011 წელს რეგისტრირებული საწარმო „ლეგი” ფლობს. „ლეგის” 100% წილი შპს „ნეოსტარის” საკუთრებაშია, თავის მხრივ კი, „ნეოსტარის” მესაკუთრე უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ეზიკია.

საქართველოს მთავრობამ „ნეოსტარს”, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, 2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, ლილოს დასახლებაში 1 ლარად 97 470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3 508 920 ლარის ინვესტირება მოეხდინა. იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში საბანკო სესხის დასაფარად ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.

ეს არ არის ერთადერთი ქონება, რომელიც ლეონიდ ეზიკის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა მიიღეს. 2011 წლის 18 ივლისს, შპს „ლეგიმ” აჭარის მთავრობისგან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ასევე 1 ლარად, 32 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიიღო. სიმბოლურ ფასად ქონების პირდაპირი მიყიდვის სანაცვლოდ, კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

„ლეგი“ სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს: 2011 წლიდან დღემდე, ძირითადად, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებული იურიდიული პირების შესყიდვებში იმარჯვებს, ჯამში კი ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 250 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული,“- წერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ამავე კვლევაში ასევე საუბარია „ჯორჯიან სტოუნის“ მონაწილეობაზე ბათუმის ბულვარში შესყიდვებში 2017 წელს, სადაც ასევე საუბარია კორუფციულ რისკებზე.

შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 2 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი, კიდევ 50 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ხულოს მთის სოფლებში მეორე დღეა თოვს [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში ორი დღეა თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლი ღამით მოდის, დღისით კი შრება. მოსული ნალექი მცირეა და მას მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა შეაფერხა სოფლის მეურნეობის სამუშაოები.

სოფელი თხილვანა, 23 აპრილი ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე
სოფელი უჩხო. 23 აპრილი ფოტო: ლია დეკანაძე
სოფელი მთისუბანი, 23 აპრილი ფოტო: სერგი თურაძე
თხილვანა, 23 აპრილი ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე
აპრილის თოვლი სოფელი უჩხოში, 23 აპრილი. ფოტო: ლია დეკანაძე
სოფელი უჩხო 23 აპრილი ფოტო: ლია დეკანაძე

გადასახადების გადავადება, ხელფასების სუბსიდირება – როგორ გადარჩეს ტურიზმის სექტორი

პროგნოზი არ არსებობს, არანაირი, პესიმისტურიც კი – სექტორში, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას. ამ სფეროზე მოდის დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც. თუმცა ტურიზმის ყველა მიმართულება საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ამ დროისთვის გაჩერებულია.

სასტუმროებში, რომლებიც ახლა ჩაკეტილი არ არის, ტურისტების ნაცვლად, Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ან ის პირები ცხოვრობენ, რომლებსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

საკარანტინე სივრცედ გადაქცევა ერთგვარი გამოსავალი იყო იმ სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის, რომლებსაც გაზაფხულის თვეების ჯავშნები გაუუქმდათ. შესაბამისად, შემოსავალი, რომლებსაც ისინი ახლა იღებენ არა კერძო სექტორიდან, არამედ ბიუჯეტიდან მიედინება. ეს თანხა მილიონებს აღწევს და საჭიროების შესაბამისად იზრდება.

2020 წლის მარტის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 13 სასტუმრო [სულ 1 300-მდე ოთახი] ჯამში 10 მილიონ 517 823 ლარად დაიქირავა, ეს მონაცემები ისევ შეიცვლება.

გარდა ამისა, აღარავის აქვს იმედი, რომ ტურისტულ სეზონზე [თუ ასეთი წელს იქნება] საკუთარი ბინის გაქირავებით საბანკო სესხის ნაწილს მაინც დაფარავს.

ტურისტულ სააგენტოებში, რომლებიც ყველა სეზონზე აქტიურად მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ „წელს აღარაფერი იქნება“ და ახლა ამ სფეროს ყველა სექტორმა, სასტუმრო იქნება ეს, რესტორანი თუ სხვა, სწორება ინფრასტრუქტურისა და იმ კადრების შენარჩუნებაზე უნდა გააკეთოს, „რომლებიც ამ სფეროში უკვე დახელოვდნენ“.

ყველა თანხმდება იმაზეც, რომ საერთაშორისო დახმარებით იქნება ეს თუ სხვა სახსრებით, ტურიზმს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა აუცილებლად დასჭირდება. შესაბამისი ნაბიჯი შეიძლება იყოს გადასახადების გადავადება ან  ჩამოწევა, საშეღავათო პერიოდის დაწესება, კომუნალური გადასახადების, ხელფასების სუბსიდირება და ასე შემდეგ – ვინ რას მიიჩნევს მთავარ საჭიროებად, ეს განხილვის საგანია.

ტურიზმის სექტორში ჯერ არ იციან, რა შეთავაზებას მიიღებენ მთავრობისგან, რომელიც კრიზისის დაძლევის გეგმის წარდგენას ბიზნესს და საქართველოს მოსახლეობას პარასკევს, 24 აპრილს დაჰპირდა.

ერთადერთი  მიმართულება, რომელსაც ტურიზმთან დაკავშირებული სერვისები ახლა „თავის გადასარჩენ საშუალებად“ მოიაზრებენ, შიდა ტურიზმია. განიხილავენ იმასაც, რომ შიდა მომხმარებელს დასჭირდება შეთავაზება შესაბამისი ფასებით.

„საერთაშორისო ტურიზმი დიდი დანაკლისებით შეხვდება 2020 წელს. ეს წელი ტურიზმის ინდუსტრიიდან საერთოდ იქნება ამოსაღები“, – ამბობს ტურისტული სააგენტოს „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ტურიზმის მიმართულებით დაკარგულად მიიჩნევს, „ერთადერთ ხსნად გადარჩენისთვის და არა მოგებისთვის“, მაინც განიხილავს შიდა ტურიზმს. მისი აზრით, გათვლა უნდა გაკეთდეს სეგმენტზე, რომელიც ამ დრომდე, მაგალითად, ზღვაზე დასვენებას ამჯობინებდა უცხოეთში:

„ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს ჩვენი რეგიონისთვის, არის ის, რომ თუ მოიხსნება ეს კაბალური შეზღუდვები თუნდაც ივლისის თვისთვის, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი შიდა ტურიზმზე. მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან, რომლებსაც არა აქვთ წვდომა ზღვასთან,  უპირატესობას ანიჭებდნენ დასვენებას საზღვარგარეთ. ვხედავდით, რამდენი რეისი სრულდებოდა, მაგალითად, ევროპაში, დუბაიში, თურქეთში, ეგვიპტეში და მსგავს ქვეყნებში, სადაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მიდიოდა დასასვენებლად. იმის გამო, რომ დიდი ალბათობით ავიაკომპანიები რეისებს აღარ განახორციელებენ, ჩვენი ხსნა იქნება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მაინც მოვიზიდოთ დასასვენებლად ადამიანები, მაგალითად, აჭარაში.“

წლის კარგი დასაწყისისა და მოულოდნელი გაგრძელებით გამოწვეული შოკის შემდეგ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არც სასტუმროს მენეჯერებს აქვთ. აქ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ აკვირდებიან, როგორ წარიმართება მოვლენები და ერთადერთი, რაც დღეს იციან, არის ის, რომ მომავალში ახალი წესების გათვალისწინებით მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება.

სასტუმროს მფლობელებისა და მენეჯერებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო შეზღუდვების პერიოდი. კრიზისი მსოფლიოს ქვეყნებში ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, რომელსაც ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიები, დასვენების და გასართობი ობიექტების მენეჯერები „გაცოცხლების პერიოდს“ უწოდებენ – დათბობასთან ერთად, განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქებში, გააქტიურების რეჟიმზე გადადიან:

„რთულია რაიმე პროგნოზზე საუბარი, ერთი თვის წინ რომ ეთქვა ჩემთვის ვინმეს, თეთრი ხალათით ვიმუშავებდი, არც ეს წარმომედგინა, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს“, – გვიყვება  სასტუმრო „ადმირალის“ მენეჯერი ალექს ქიქავა.

ჩვენთან საუბარში მან აქცენტი გააკეთა ტურიზმის სექტორის სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინებზე, თუმცა არ განიხილავს, რომ მთავრობამ პირდაპირი დახმარება უნდა გაიღოს რომელიმე სფეროს დასაფინანსებლად, რადგან ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოქალაქეების ფულიდან უნდა დაიხარჯოს, ის მოიაზრებს მხოლოდ ისეთ სუბსიდირებას, როგორიც შეიძლება შეეხოს კომუნალური გადასახადების დაწევას ან გარკვეული ვალდებულებების ნაწილში საშეღავათო პერიოდის დაწესებას.

სასტუმრო „ადმირალში“ ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. აქ მუშაობენ ის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო სივრცისთვის აუცილებელ პირობებს დასთანხმდნენ, ხოლო ისინი, ვინც უარი თქვეს – წავიდნენ. მენეჯერი მათ დაბრუნებას იმ შემთხვევაში განიხილავს, როცა სასტუმრო თავის ჩვეულ საქმიანობას და  რიტმს დაუბრუნდება.

2020 წლის იანვარში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებდა, რომ ამ სექტორში ციფრები მკვეთრად მზარდი იყო.

კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი მაჩვენებელზე თებერვალშივე აისახა. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 0.7%-ით შემცირდა.  2020 წლის მეორე თვეში 466 409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386 859 შეადგინა, კლება -0.6%-ია.

ექსპერტების მოსაზრებით, ამ სექტორის გაჩერება პირდაპირ აისახება ლარის სტაბილურობაზე, რადგან ტურიზმი მნიშვნელოვანი წყარო უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით. ამას ადასტურებს ტურისტული ინდუსტრიიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღებული შემოსავალიც.

ამ დროისთვის სრულად დაკეტილია კაზინოებიც. აქ დასაქმებულების გარდა, ამ სეგმენტიდან დანაკლისი მუნიციპალურ ბიუჯეტებში რამდენიმე მილიონი იქნება. 2019 წელს ბათუმის ბიუჯეტში კაზინოებიდან 30 მილიონზე მეტი ლარი, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში კი 10 მილიონ ლარზე მეტი შევიდა.

გაჩერებულია სამშენებლო სექტორიც, მათ შორის არიან კომპანიები, რომელთა უმეტესობაც აპარტამენტების გასხვისებას ტურისტული სეზონისთვის უცხოელ მომხმარებელზე გეგმავდა. პროგნოზს ამ ეტაპზე ვერც ისინი აკეთებენ.

_________________________________

ილუსტრაცია: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

აჭარის განათლების სამინისტრომ 6 სტუდენტს სწავლა ათას-ათასი ლარით დაუფინანსა

2020 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის „უმაღლესი განათლება“ ფარგლებში ახორციელებს ქვეპროგრამას „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“.

ქვეპროგრამის მიზანია ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სპეციალობებით სტუდენტების დაინტერესება და ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში სტუდენტი სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად დაფინანსდება 1000 ლარით.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაფინანსდა ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ჩარიცხული პირველი კურსის 6 სტუდენტი, რომლებმაც დააკმაყოფილეს ქვეპროგრამის მოთხოვნები.

დაფინანსება მოიპოვეს ქვეპროგრამით დადგენილი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულმა სტუდენტებმა, რომლებმაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს 2020 წლის 5 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.

ბათუმში კოვიდ 19-ის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 23 აპრილს, კოვიდ 19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ორივე შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა. ერთი ინფიცირებული სარფის საბაჟოდან არის შემოსული, არც ერთ მათგანს მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ბოლო 102 ლაბორატორიული ნიმუშიდან მხოლოდ ორს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ დროისთვის ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 37 პაციენტი და აქედან ერთი უკვე განკურნებული – ის ორჯერადი უარყოფითი პასუხით მალე დატოვებს კლინიკას.

„ერთმა მედპერსონალმა კი, რომელიც დაინფიცირებული იყო, უკვე დატოვა კლინიკა“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ქობულეთის კლასტერს რაც შეეხება, ისევ 34 დადასტურებული შემთხვევაა, პირველი და მეორე რიგის კონტაქტების რაოდენობა არის 530-მდე, მათ შორის, 330 არის PSR-ით და სწრაფი ტესტირებით დიაგნოსტირებული.

„სოფელ გვარას კლასტერთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც იყვნენ თვითიზოლაციაში, დაუმთავრდათ თვითიზოლაციის ვადები და მათ შეუძლიათ დღეიდან ჩვეულებრივ წესებს დაემორჩილონ. ახალი კონტაქტირებული პირები ქობულეთის კლასტერიდან არ დაგვმატებია“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარაში 1500-მდე პირი ისევ რჩება საკარანტინო სივრცეში, 3300-ზე მეტმა კი უკვე დატოვა. თუმცა ბოლო პერიოდში ვინც ემატება საკარანტინო სივრცეს, მეტია რისკი, რომ მათ შორის კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევები გამომჟღავნდეს.

ასევე გარკვეული რეჟიმია დაწესებული დიაგნოსტიკაზე და ყველა ცხელებით და პნევმონიით მიმართულ პირს აუცილებლად ჩაუტარდება PSR დიაგნოსტიკა. „ასევე ვფიქრობთ გარკვეული კატეგორიის ჯგუფებს ჩავუტაროთ ეს დიაგნოსტიკა, მაგალითად, მებაჟეებს ჩავუტარეთ PSR დიაგნოსტიკა და ახლა ვაპირებთ საკარანტინე სივრცეების პერსონალსაც ჩავუტაროთ, რომლის გეგმა დღეს შედგება და  შევეცდებით მთლიანად მოვიცვათ აღნიშნული ზონის პერსონალი“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

რაც შეეხება ქობულეთის 4 ჩაკეტილ სოფელს, ნინო ნიჟარაძის თქმით, იქ, სადაც გავა სრული ინკუბაციური პერიოდი, მოსახლეობას შეუძლია ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს, თუმცა სოფლების გახსნის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

ამ თემაზე:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 420-მდე გაიზარდა

 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 420-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 22 აპრილის საღამოს მონაცემებთან შედარებით 4-ით გაიზარდა.

შესაბამისად, 23 აპრილის დილის 10:30 საათის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 420, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 107, ხოლო გარდაცვლილი – 5.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 5 223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, კოვიდ 19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ორივე შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა. ერთი ინფიცირებული სარფის საბაჟოდან არის შემოსული, არც ერთ მათგანს მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია.

ამ თემაზე:

ბათუმში კოვიდ 19-ის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Covid19-ით ინფიცირებული ბათუმელი მედდა გამოჯანმრთელდა

ბათუმელი მედდა, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში Covid19-ით დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა.

„მედალფას“ დირექტორის, ალექს გახელიშვილის ინფორმაციით,  მედდამ კლინიკა დღეს, 22 აპრილს, დატოვა.

ცნობილია, რომ ბათუმელ მედდას ახალი კორონავირუსი პაციენტისგან გადაედო. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა და მას გმირი უწოდა:

„ჩემი კოლეგა არის გმირი. იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა [მედდამ] გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ამ პაციენტისათვის მოევლო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გამოჯანმრთელებული მედდა გარკვეული ვადით თვითიზოლაციაში დარჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასთან დაკონტაქტებულ პირებს შორის ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

პანდემიამ სათბური გაზები შეამცირა, მაგრამ ეს დროებითია – კლიმატის ცვლილება

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO), დედამიწის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა სათბური გაზების გამოფრქვევის დროებითი შემცირება გამოიწვია, მაგრამ ის ვერ იქნება კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საჭირო სტრატეგიის შემცვლელი.

„ჩვენ გვჭირდება იგივე თავდადება და ერთობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად კაცობრიობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, არა მხოლოდ უახლოესი კვირებსა და თვეებისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერ ტაალასმა.

ჩვენს პლანეტაზე კლიმატის ცვლილებისა და გავლენის ფიზიკურმა ნიშნებმა ტემპი აკრიფა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიაღწია უმაღლეს მაჩვენებელს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

WMO: ახალი გლობალური საშუალო ტემპერატურის რეკორდი, სავარაუდოა, რომ შემდეგ ხუთ წელიწადში დაფიქსირდება (2020-2024), ხმელეთის ზედაპირთან ახლოს მდებარე ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მულტიმოდელური პროგნოზის მიხედვით.

ტემპერატურა კლიმატის მხოლოდ ერთი ინდიკატორია. სხვა ინდიკატორებია: ნახშირორჟანგის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში, ოკეანის დათბობა და მჟავიანობა, ზღვის დონის მაჩვენებელი, მყინვარის მასის ბალანსი, ასევე არქტიკისა და ანტარქტიკის ზღვის ყინული. ყველა ინდიკატორმა აჩვენა ბოლო 5 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების დაჩქარება.

WMO: ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა (CO2) და სხვა მნიშვნელოვანი სათბური გაზების მაჩვენებლები ახალ რეკორდებამდე გაიზარდა: 2015-2019 წლებში CO2-ის მაჩვენებელი წინა ხუთ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა. CO2 ატმოსფეროსა და ოკეანეებში საუკუნეების განმავლობაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში კლიმატის ცვლილებები გაგრძელდება, კორონავირუსული ეპიდემიით განპირობებული ემისიების დროებითი ვარდნის მიუხედავად.

ხუთწლიანმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ 2015-2019 წლები იყო ყველაზე ცხელი ხუთწლიანი პერიოდი, რაც კი დაფიქსირებულა.

„გლობალური საშუალო ტემპერატურა წინა ინდუსტრიული პერიოდის შემდეგ გაიზარდა 1.1 ° C- ით, ხოლო 2011-2015 წელთან შედარებით 0.2 ° C- ით”, – ნათქვამია ანგარიშში. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, თითოეული ათწლეული უფრო თბილია, ვიდრე წინა.

„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროში სერიოზული საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია, კლიმატის ცვლის პრობლემის გადაუჭრელობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების კეთილდღეობას, ეკოსისტემებსა და ეკონომიკას საუკუნეების მანძილზე”, – თქვა პეტერ ტაალასმა. – “ჩვენ ერთნაირად უნდა გავანულოთ ორივე – პანდემია და კლიმატის ცვლილების მრუდები”.

ოჯახში ძალადობაზე მომართვიანობა გაორმაგებულია – საფარი

შსს სამინისტრო ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ გაზრდილა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემაზე მიმართვიანობა გაორმაგდა.

„როცა მოძალადე და მსხვერპლი 24 საათი ერთ სივრცეში არიან, ფსიქოლოგიური, ემოციური ფონი უფრო მეტად დამძიმებულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბაია პატარაია, „საფარის“ დამფუძნებელი.

მისი თქმით, კარანტინის დღეებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაწილი თავს იკავებს პოლიციაზე მიმართვისგან, რადგან იმაზეც კი ფიქრობენ, შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემთხვევაში, სად უნდა წავიდეს მოძალადე.

„როცა ორდერი იწერება, ერთ სახლში ვეღარ იქნებიან მსხვერპლი და მოძალადე, სხვაგან ვეღარ წავა, რადგან კარანტინია და შეიძლება ნათესავთანაც ვერ მივიდეს ადამიანი. ამის გამო, ბევრი თავს იკავებს და ცდილობს არ ჩარიოს პოლიცია, თუმცა „საფარში“ რეკავენ, კითხულობენ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ და ა.შ. იმ შემთხვევაში თუკი მოძალადე შვილია, დედა მაინც ფიქრობს, რომ ერთად უფრო გაუმკლავდებიან პრობლემას“, – გვეუბნება პატარაია.

პატარაიას თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ძალადობის მსხვერპლები ორგანიზაციას უთანხმდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ გამოიძახონ პოლიცია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა, მათ შორის საქალაქო ტრანსპორტის, რის გამოც ძალადობის შემთხვევაში ადამიანები ფიზიკურადაც კი ვერ მიდიან პოლიციაში.

„ამ პრობლემის გარდა, არის ასეთი დამოკიდებულებაც, რომ ყველა ძალადობის შემთხვევა არ მთავრდება განქორწინებით ან გაშორებით, ძალადობას აქვს ფაზები, ზოგჯერ შეიძლება ძალიან გამწვავდეს, ზოგჯერ შეიძლება იკლოს ძალადობამ. ასეთ დროს, ადამიანები ცდილობენ პრობლემა მოაგვარონ. ზოგჯერ ოჯახში შემომტანი არის მოძალადე და არ არის ადვილი უთხრა „წადი“.

რომ გაშორდეს, ქალს შეიძლება სამსახური არ ჰქონდეს ან საცხოვრებელი და ა.შ. ზოგი არ მიიჩნევს, რომ გაშორება ამ შემთხვევაში გამოსავალია და უწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის, ან უბრალოდ ფიქრობს, რომ ახლა, ამ ჩაკეტილობის დროს პოლიციის ჩარევა არ არის საუკეთესო გამოსავალი“.

ბაია პატარაიას თქმით, ხშირად არც შემაკავებელი ორდერია გამოსავალი, თუკი ქალი დედამთილ-მამამთილის სახლში ცხოვრობს, რადგან ორდერის გამოწერის შემდეგ, შესაძლოა ის მათი მხრიდან გახდეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

„მაგალითად, უკრაინაშიც შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები პანდემიის დღეებში, თუმცა იქაც, ისევე როგორც ჩვენს რეალობაში შემცირდა არა ძალადობა, არამედ პოლიციაში მიმართვიანობა. რეალურად, ძალადობა არ შემცირებულა, პირიქით“.

„საფარი“ მაისის თვეში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის აპლიკაციას ჩაუშვებს, რომლითაც ადამიანებს მიმართვის შემთხვევაში სხვადასხვა სერვისის მიღება შეეძლებათ.

„აპლიკაციას უფრო მეტი ფუნქცია ექნება, ვიდრე შსს-ს ცხელ ხაზს. ამ აპლიკაციით მიმართვის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლს შესაძლებლობა ექნება მიიღოს როგორც იურისტის, ასევე ფსიქოლოგის კონსულტაცია. გააგზავნოს შეტყობინება ახლობელთან, ან რომელიმე არასამთავრობოსთან, ვთქვათ თუ არ უნდა პირდაპირ პოლიციის ჩარევა“.

ბაია პატარაიას თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ყველაზე მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენცია, რაც რეალურად ქვეყანაში არ მუშაობს.

„ამ რგოლის ფუნქცია უნდა შეასრულოს სოციალურმა მუშაკმა, რომელიც ოჯახთან მუშაობს. აუცილებელი არ არის, რომ კონფლიქტი პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდოს. შესაძლოა ყველა შემთხვევაში არ დაიწყოს გამოძიება, ასეთ დროს პრევენციის როლი სოციალურმა მუშაკმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ჩვენთან ეს რგოლი არის ყველაზე სუსტი“.

როდის ექნება მსოფლიოს პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ? – BBC

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 150 000 გადააჭარბა, თუმცა აქამდე არ არსებობს წამალი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად Covid 19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოდგებოდა.

  • როგორ მუშაობენ მედიკამენტებზე?

მთელ მსოფლიოში ახლა 150-ზე მეტ წამალს იკვლევენ, მათი უმრავლესობა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ვირუსზეც ცდიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის“ კლინიკური კვლევები დაუშვა პარტნიორებთან ერთად, რომლის მიზანიც მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდებისა და მედიკამენტების აღმოჩენაა.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ მათ მკურნალობის მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 5000 პაციენტი იყო ჩართული.

მრავალი კვლევითი ცენტრი იყენებს უკვე მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სისხლს, როგორც საშუალებას ინფიცირებულთა სამკურნალოდ.

  • რა ტიპის მედიკამენტები შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური?
  1. ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში;
  2. იმუნომარეგულირებელი პრეპარატები – რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მძიმდება, როცა იმუნური სისტემა იწყებს ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას;
  3. ლაბორატორიაში დამზადებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ანტისხეულები, რომლებსაც ვირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.
  • რომელი პრეპარატია ყველაზე პერსპექტიული კორონავირუსის სამკურნალოდ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ექიმ ბრიუს ეილვარდის თქმით, რემდესივირი ყველაზე საიმედო პრეპარატია, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური მაჩვენებლები აქვს და ჩინეთის შემთხვევებიდანვეა გატესტილი.

რემდესივირს ებოლას სამკურნალოდ იყენებენ, მაგრამ ეფექტური აღმოჩნდა covid 19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდაც, თუმცა პრეპარატის სამსაფეხურიანი კლინიკური კვლევა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

რემდესივირი ეფექტურია სხვა ტიპის კორონავირუსული ინფექციების შემთხვევაშიც, გამოცდილია ცხოველებზე და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ  კვლევების შედეგად პრეპარატი covid 19-ის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებითაც რემდესივირი ეფექტურია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. მედიკამენტის კვლევებს აწარმოებს ასევე „გილეადი“ – რემდესივირის მწარმოებელი კომპანია.

  • იკურნება თუ არა აივ/შიდსის პრეპარატებით კორონავირუსი?

პანდემიის დასაწყისში იმედს ამ პრეპარატებზეც ამყარებდნენ, მაგრამ ძალიან ცოტაა მტკიცებულება იმისა, რომ აივ/შიდსის პრეპარატების წყვილი – ლოპინავირი და რიტონავირი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია.

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც, შესაძლოა, საინტერესო რამ გამოვლინდეს ამ მედიკამენტების ლაბორატორიული ცდებისას, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევაში აივ/შიდსის პრეპარტებმა არასასურველი შედეგი აჩვენეს.

ამ მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელების პროცესი არ გაუმჯობესებულა, არც სიკვდილიანობა შემცირებულა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან არც ვირუსულ ფონზე მოუხდენია რაიმე ზეგავლენა.

აივ-შიდსის მედიკამენტები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ, განსაკუთრებულად მძიმე პაციენტებთან გამოსცადეს, მათი მეოთხედი გარდაიცვალა, შესაძლოა პრეპარატების გამოყენება ამ პაციენტების შემთხვევაში დაგვიანებული იყო და წამლებმა ვერ იმოქმედა.

  • შუძლია თუ არა კორონავირუსის შეჩერება მალარიის წამალს?

მალარიის პრეპარატიც რემდესივირის მსგავსად კვლევის აქტიურ ფაზაშია. ქლოროქინსა და ჰიდროქსიქლოროქინს შესაძლოა აღმოაჩნდეს ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მახასიათებლები.

პრეპარატები მედპერსონალის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით ტრამპის განცხადებების შემდეგ მოექცა, როგორც პოტენციური კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისია მტკიცებულებები მათი ეფექტურობის დასადგენად.

ჰიდროქსიქლოროქინი, გარდა მალარიისა, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რადგან პრეპარატს იმუნომარეგულირებელი მახასიათებლები აქვს. ლაბორატორიული ტესტების ჩვენებით მას შეუძლია გარკვეულწილად შეანელოს კორონავირუსის პროგრესირება და ექიმების ნაწილიც მიიჩნევს, რომ პაციენტებს ეხმარება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ზუსტი მტკიცებულებები ჰიდროქსიქლოროქინის ეფექტურობაზე არ არსებობს.

  • რას ველით იმუნური პრეპარატებისგან?

როცა იმუნური სისტემა მეტისმეტად რეაგირებს ვირუსზე, ამან შესაძლოა მთელ სხეულში გამოიწვიოს ანთებითი პროცესი. ამ დროს გამოსავალი მთელი იმუნური სისტემის ერთი მიმართულებით, ვირუსისკენ მიმართვაა. ამ პროცესს ბევრი უკუჩვენება სდევს თან, შესაძლოა დაზიანდეს სხეულის სხვადასხვა ორგანო და თუ პაციენტი ვერ გაუძლებს, გამოჯანმრთელების ნაცვლად შესაძლოა შედეგი სასიკვდილოც იყოს.

აქტიურად იკვლევენ გაფანტული სკლეროზის და ანთებსაწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატ ინტერფერონ ბეტას. ინტერფერონები ქიმიური ნივთიერებების ჯგუფია, რომელიც ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს.

კვლევას გადის ასევე დიდ ბრიტანეთში დექსამეტაზონი – სტეროიდების ტიპი, რომელიც ანთებითი პროცესის შესანელებლად გამოიყენება.

  • შესაძლებელია თუ არა გამოჯანმრთელებულის სისხლით ინფიცირებულის მკურნალობა?

ადამიანებს, რომლებიც დაძლევენ ვირუსულ ინფექციას, სისხლში გამოუმუშავდებათ ანტისხეულები, მათ ვირუსთან ბრძოლის უნარი აქვთ.

თერაპიული მიზნებისთვის ძირითადად სისხლის პლაზმა გამოიყენება. პლაზმით აშშ-ში უკვე 500 პაციენტს უმკურნალეს წარმატებით. კვლევაში სხვა ქვეყნებიც არიან ჩართული.

  • როდის გვექნება წამალი?

გაცილებით ადრე, ვიდრე ვაქცინა, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა ვთქვათ, თუ როდის გვექნება ზუსტად კორონავირუსის სამკურნალო წამალი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე უნდა მივიღოთ ზემოთჩამოთვლილი წამლების კვლევების შედეგები.

მხოლოდ ამ შედეგების შემდეგ იქნება შესაძლებელი ვაქცინის კვლევა და მისი ეფექტურობის დადგენა. (ვაქცინა ადამიანს ვირუსული ინფექციისგან დაიცავს, მაგრამ არ გამოიყენება სამკურნალოდ).

მეცნიერები უკვე არსებულ და ნაცნობ წამლებს იკვლევენ, ვაქცინაზე მუშაობა კი ნულიდან უნდა დაიწყონ – შესაბამისად ვაქცინა გაცილებით გვიან გვექნება ვიდრე ეფექტური წამლები.

ლაბორატორიებში რამდენიმე სრულიად ახალ ექსპერიმენტულ წამალსაც იკვლევენ კორონავირუსზე, თუმცა ამ პრეპარატების გამოცდა ადამიანებზე ჯერ ნაადრევია.

ეფექტური სამკურნალო საშუალებების დროულად გამოჩენა კორონავირუსს მსუბუქ დაავადებად აქცევს. ინფიცირებულთა უმრავლესობისთვის შინ მკურნალობაც საკმარისია პარაცეტამოლით და ბევრი სითხით. მაგრამ ქრონიკული დაავდების მქონე პირებს და რისკ ჯგუფებში მყოფ პაციენტებს ხანდახან ჟანგბადის მიშველება სჭირდებათ ვენტილაციის აპარატით.


მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

რა დარღვევები დაინახა სახალხო დამცველმა „ქობულეთის ნაგავსაყრელის საქმეზე“

„ვინაიდან საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს…“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა „ქობულეთის ნაგვასაყრელის საქმეზე“. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები 4 მოქალაქე სახელმწიფოს სასამართლოში ედავება – ეს ოჯახები თვლიან, რომ ახალი ნაგავსაყრელის კანონით განსაზღვრულ 500 მეტრიან რადიუსში ცხოვრობენ და იზღუდება მათი საკუთრების, ასევე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა მთავრობამ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთში შესაძლოა შეჩერდეს, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მშენებლობა უკანონოა, თუმცა სასამართლოს მგელაძეების სარჩელი ჯერ არ განუხილავს.

სახალხო დამცველმა ინფორმაცია შპს „ნარჩენების მართვის კომპანიისგან“ გამოითხოვა. აქ ომბუდსმენს უთხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ოთხივე ოჯახი 500-მეტრიანი რადიუსის შიგნითაა, ვერ ექნება მტკიცებულების ძალა, „რადგან იგი გაკეთებულია ინტერნეტით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე და არა ადგილზე გასვლით, რაც იძლევა იმის მაღალი ალბათობის ვარაუდს, რომ ინტერნეტით მიღებულ მონაცემებსა და რეალურ მონაცემებს შორის არსებობდეს უზუსტობა“.

კომპანიამ სახალხო დამცველთან „ჯეოგრაფიკთან“ ერთად ჩატარებული აზომვითი ნახაზები აჩვენა, რომლის მიხედვითაც ოჯახები ბუფერული ზონის მიღმა არიან, ანუ ნაგავსაყრელს 500 მეტრით არიან დაშორებულები.

„პრობლემურია ნაგავსაყრელის საცხოვრებელი სახლიდან დასაშვები მანძილის გამოთვლის საკითხი,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში. – „კანონმდებლობის თანახმად, მანძილი საცხოვრებელი სახლიდან ნაგავსაყრელის საზღვრამდე არანაკლებ 500 მეტრი უნდა იყოს… მართალია, რეგულაციით განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ტერმინში „ნაგავსაყრელი“, თუმცა ის, თუ რა უნდა მოვიაზროთ ნაგავსაყრელის საზღვრებად, ბუნდოვანია. როგორც პრაქტიკამ ცხადყო, საქმიანობის განმახორციელებელი ამ მანძილს ითვლის არა ნაგავსაყრელი პოლიგონის განთავსების მიწის ნაკვეთის საზღვრიდან, არამედ უშუალოდ იმ ადგილიდან, სადაც ნაგავსაყრელის ობიექტია განთავსებული,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველმა საკანონმდებლო რეგულაციების გამოსწორების მიზნით უკვე მიმართა მთავრობას. ომბუდსმენმა ასევე მიიჩნია, რომ გამოწვევად რჩება მოქალაქეებთან ადრეულ ეტაპზე კომუნიკაცია და ლეგიტიმურ კითხვებზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხების გაცემა.

მგელაძეები სასამართლოში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს წინააღმდეგ დაობენ, რომლის გაცემული ნებართვის საფუძველზეც ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყო. მოსარჩელეები ამ ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვენ.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, რომელიც მოსარჩელეების ინტერესებს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნებართვის გამცემი ორგანო თბილისშია რეგისტრირებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს საქმე ბათუმის სასამართლოს გადმოუგზავნა, ბათუმმა – უზენაეს სასამართლოს.

„ახლა უზენაესმა სასმართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ეს დავა,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

ამ თემაზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ბათუმში 50 ლაბორატორიული ანალიზის პასუხი უარყოფითია – COVID19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 პირის ანალიზის პასუხი კოვიდ19-ზე, რასაც დღეს ელოდებოდნენ, უარყოფითია. მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებმაც ე.წ. ცხელების ცენტრებს მიმართეს.

გარდა ამისა, დღეს, 22 აპრილის დილის მონაცემებით, ბათუმში  100 პირის ლაბორატორიული ანალიზის პასუხი მიიღეს, რომლებიც ასევე უარყოფითი იყო. მათ შორის, 35 ნიმუში ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

საერთო ჯამში, აჭარაში Covid 19-ზე გამოკვლეულია 530 პირი. აქედან, 330 ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული.

ამ დრომდე ჯამურად აჭარაში საკარანტინო სივრცე დატოვა 3300-ზე მეტმა პირმა, ხოლო კარანტინში რჩება 1500-მდე პირი.

თვითიზოლაციაში ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით 250 პირი იმყოფება.

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, დღეის მდგომარეობით 35 ინფიცირებული მკურნალობს, ამას ემატება ის ორი პირიც, რომელთა ანალიზის პასუხებიც COVID-19-ზე უკვე უარყოფითია, თუმცა ისინი მკურნალობენ პნევმონიის გამო.

 

ვინ გასცემს აჭარის მუნიციპალიტეტებში ავტომანქანით მოძრაობაზე ნებართვებს – ცხელი ხაზი აჭარაში

საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქეებისთვის ავტომანქანით გადაადგილებაზე აჭარის შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გაიცემა დროებითი საშვი, რაც აჭარაში მოქმედ საველე ოპერაციების შტაბთან თანხმდება.

„ძირითადად აქცენტი კეთდება აუცილებელ, გადაუდებელ და სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნებზე [მაგალითად, მედიკამენტები, სურსათი – ვისაც არ გააჩნია მარაგი, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სასუქები და სხვა.], ამის მიხედვით გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვები. ეს ინფორმაციები შედის მუნიციპალიტეტების ცხელ ხაზებზე და თანხმდება შტაბთან“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

აღნიშნული შტაბის ხელმძღვანელია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო შტაბში შედიან აჭარის მინისტრები, მუნიციპალიტეტების მერები, პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სახანძრო-სამაშველოს უფროსი და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რეგიონებში  27 აპრილამდე, დილის 6:00-დან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რეგიონული შტაბები განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს თავისთავად გავრცელდება აჭარის მუნიციპალიტეტებზეც იმ პირობით, როგორც საქართველოს მთავრობის დონეზე გახმოვანდა.

„ამის შესახებ დილით არ იყო დადასტურებული, თუმცა შემდეგ იყო ბრიფინგი და ეს გავრცელდება აჭარის მუნიციპალიტეტებზეც, მხოლოდ იმ მიზნით, რასაც ჰქვია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულ საათებში სხვა დანიშნულებით ავტომანქანით მოძრაობა არ არის ნებადართული. თუ მოქალაქეს ამ დროში აქვს რაიმე სხვა გადაუდებელი, აუცილებელი საქმე და საჭიროა მანქანით გადაადგილება, ამისთვის მოქალაქე აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზს და მარშრუტი ცალკე უნდა შეათანხმოს“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

[toggle title=”აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ცხელი ხაზის ნომრები ნახეთ აქ:“]

ქალაქ ბათუმის მერია – (0422) 27 26 06; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, სოფიო მიქელაძე – 577 27 26 48; ადმინისტრაციის უფროსი, ნუკრი დეკანაძე – 577 54 44 26; ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, არჩილ კონცელიძე –  577 53 94 85.

მუშაობს ასევე ცხელი ხაზები დარგობრივი მიმართულებებით:

ქობულეთი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გივი ვერულიძე – 558 57 45 45; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, მარიამ ხაბაზი – 599 27 27 44.

ხელვაჩაური – 595 00 63 91 – მირზა ბახტაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; 577 60 31 41 – თამარ მართალიშვილი, მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ქედა – მერის მოადგილე, მამუკა ფარტენაძე – 595 08 43 31; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ბადრი სურმანიძე – 599 85 12 12.

შუახევი – 08 000 000 08 ადმინისტრაციის უფროსი, მიხეილ დავითაძე; მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე – 577 20 22 54; მერის პირველი მოადგილე, ომარ ტაკიძე -593 33 06 67.

ხულო – ნადიმ ვასაძე, ხულოს მერის მოადგილე – 551 00 52 72; ალბერტ ბოლქვაძე, აპარატის უფროსი – 595 63 90 90.

აჭარის მთავრობის აპარატი – 593 31 66 19.

ჯანდაცვის სამინისტრო – მედიაციის დეპარტამენტის უფროსი, ანზორ ბალაძე – 577 30 45 03.

აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – ადმინისტრაციის უფროსი, არჩილ სირაბიძე – 577 46 66 33; იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გელა ცინცაძე – 577 20 38 39.

აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე – 577 21 21 38.

აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტრო – პოლიტიკის და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ირმა აფხაზავა – 577 59 44 55.

[/toggle]

 

არის კიდევ სხვა პირობებიც, როცა არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, დაშვებულია ავტომანქანით გადაადგილება, რის შესახებაც საქართველოს მთავრობამ დღეს, 22 აპრილს, გამოაქვეყნა განმარტება:

რა შემთხვევაში და როგორ შეძლებთ ავტომანქანით გადაადგილებას – მთავრობის განმარტება

 

ხიჭაურში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ონლაინსწავლება ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს

„ბათუმელებს“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის სტუდენტები დაუკავშირდნენ, რომლებმაც მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში ამ დრომდე არ მიმდინარეობს ონლაინსწავლება.

„მხოლოდ ფორმალურად განაცხადეს. გარდა ამისა, როგორც ზოგიერთი ლექტორი გვეუბნება, გასაცემია ხელფასების ძველი დავალიანება. საკმაოდ დიდი თანხა“, – გვწერს პირი, რომელიც ამბობს, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია.

უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი ოფიციალურად 1-ელ მარტს შეაჩერა. ამის შესახებ ვებგვერდზეც აქვს ინფორმაცია განთავსებული. შემდეგი ინფორმაცია კი განთავსებულია 10 აპრილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე ეტაპობრივად გადავა.

„დისტანციური სწავლების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას გარკვეული დრო დასჭირდა, შესაბამისად უნივერსიტეტში დისტანციურ სწავლაზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად, სპეციალობების მიხედვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარეობს თუ არა რეალურად დისტანციური სწავლება უნივერსიტეტში? – ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჩვენი კითხვის საპასუხოდ ფეისბუქზე განთავსებული ინფორმაციის ბმული მოგვაწოდა, სადაც წერია, რომ უნივერსიტეტში დისტანციური ფორმით სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე 1 საათის წინ გამოქვეყნდა.

დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ამავე უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს, რაჟდენ ფუტკარაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტი ონლაინსწავლების ფორმატზე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან უნდა გადავიდეს.

„მე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტშიც ვასწავლი და აქ კარგად მიმდინარეობს ონლაინსწავლების პროცესი. რაც შეეხება ხიჭაურს, ზუსტდება სტუდენტთა სიები და ორშაბათიდან გადავდივართ ონლაინსწავლებაზე, რადგან აქამდე ტექნიკური პრობლემები იყო მოსაგვარებელი“, – გვითხრა რაჟდენ ფუტკარაძემ.

კითხვაზე, თუ არის ცნობილი, რამდენ სტუდენტს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, რაჟდენ ფუტკარაძე ამბობს, რომ შესაძლოა 50 პროცენტს.

„ალბათ 50 პროცენტს არ ექნება წვდომა ინტერნეტთან, ამიტომ მათთან სხვა საშუალებით ვიკონტაქტებთ, ელექტრონული ფოსტით მივაწვდით დავალებებს სმს-ით და ა.შ. ჩემს სტუდენტებს უკვე მივეცი დავალება და ორშაბათისთვის დრო დავუნიშნე. თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ, პროგრამას ივნისში ამოვწურავთ“, – გვითხრა მან.

რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას, ამ კითხვაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან კომენტარი ვერ მივიღეთ.

რეკან გრუპ ჯორჯია – კომპანია, რომელმაც ერაყიდან საქართველოს 70 მოქალაქე დააბრუნა

ბათუმში მოქმედმა, საინვესტიციო-დეველოპერულმა კომპანია შპს ,,რეკან გრუპ ჯორჯიამ“ ერაყის ქურთისტანის რეგიონში ჩარჩენილი საქართველოს 70 მოქალაქე ჩარტერული რეისით სამშობლოში დააბრუნა.

ჩარტერული ავიარეისი, რომელიც კომპანიამ 32 500 აშშ დოლარით დააფინანსა, აჭარის მთავრობასთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით დაიგეგმა.

„ერაყში საქართველოს საელჩო არ აქვს და იქ ჩვენმა კომპანიამ მოაგვარა ყველა საკითხი, მათ შორის ნებართვა ავიარეისის განხორციელებაზე. აჭარის მთავრობამ გვთხოვა ქ. ერბილში ამ ამბების მოგვარებაში დავხმარებოდით და ცხადია, ჩვენმა ინვესტორებმა ადგილზე ყველა სანებართვო პროცედურები მოაგვარეს“, – ამბობს ამირან სიხარულიძე, კომპანიის იურისტი და პროექტის კოორდინატორი.

სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები ბათუმის აეროპორტში
სართველოს მოქალაქეები ერბილის აეროპორტიდან კომპანიის ხელმძღვანელებმა გამოაცილეს

გარდა ამისა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რეკან გრუპ ჯორჯიამ“ აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს 64 375 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო ინვენტარი გადასცა საჩუქრად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის შპს „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვირუსს ერთიანი ძალისხმევით დავამარცხებთ.

„მსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ ამ რთული გამოწვევის გადალახვას და გამოვალთ გამარჯვებულები,“- აღნიშნულია მთავრობის თავმჯდომარის მიერ კომპანიისთვის მიწერილ წერილში.

ხაზგასასმელია ისიც, რომ შპს ,,რეკან გრუპ ჯორჯია,, ცდილობს თავის მუშაკთა შენარჩუნებას და ხელფასების გადახდას. კომპანიას არავინ დაუთხოვია. ვინაიდან კარგად ესმის რაოდენ მძიმე ტვირთია სახელმწიფოსათვის ამ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში უმუშევარი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური დახმარება.

რეკან გრუპ ჯორჯია და მისი პროექტი ბათუმის სანაპიროზე

შპს „რეკან გრუპ ჯორჯია“ ს დამფუძნებლები ერაყის ქურთისტანის ინვესტორები არიან და ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტს ახორციელებენ, რომლის ღირებულება 50 მილიონი აშშ დოლარია.

2014 წლის დეკემბერში აჭარის ფინანსთა სამინისტროსა და „რეკან გრუპ ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით. კომპანიამ მშენებლობის უფლება 2016 წლის მარტში მიიღო.

Batumi View

Batumi View – არის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ზღვის სანაპიროდან 20 მეტრის და აეროპორტიდან 1 კმ დაშორებით, ბათუმის ახალ ბულვარში მდებარეობს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება 3 საცხოვრებელი კორპუსი, სულ 870 აპარტამენტი და ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.

საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულები კომერციულ ობიექტებს დაეთმობა. მის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო, რესტორნები, კაფეები, ღია აუზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი.

სამივე კორპუსის კონსტრუქცია ქართულმა უმსხვილესმა სამშენებლო კომპანიამ – „ანაგმა“ ააგო, ხოლო მოპირკეთების სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს.

როგორც ამირან სიხარულიძე ამბობს, სასტუმროს ნულოვანი სართულიც გაკეთებულია და მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების ფასადი დარჩა მოსაწესრიგებელი.

Batumi View – მაკეტი

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ამჟამად ობიექტზე მუშაობა შეჩერებულია, რადგან კომპანიას არ სურს თანამშრომლების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგეს.

„სასტუმრო სამართავად ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიას გადაეცემა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. აღებული 50 მილიონიანი ვალდებულებიდან, 20 მილიონის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. ველოდებით ვირუსის დამარცხებას, სამუშოები ჩვეულ რეჟიმში რომ გავაგრძელოთ,” – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ძირითადი მყიდველები არიან ისრაელიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან და საქართველოდან.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც ზღვასთან ძალიან ახლოსაა და ძირითადად საინვესტიციო კუთხით ინტერესდებიან მყიდველები.

Batumi View – გთავაზობთ მშვიდ და სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს, დატკბით ცხოვრების მაღალი ხარისხით, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას აიხდინოთ თქვენი ოცნება.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად მისწერეთ კომპანიას ფეისბუკზე, ან ეწვიეთ ვებგვერდს –  www.batumiview.com

რა შემთხვევაში და როგორ შეძლებთ ავტომანქანით გადაადგილებას – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობამ დღეს, 22 აპრილს, ახალი შეზღუდვების შესახებ გამოაქვეყნა განმარტება, თუ რა შემთხვევაში და როგორ ხდება ავტომანქანით გადაადგილება არსებული შეზღუდვების პირობებში.

1. ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია):

პაციენტებს/თანმხლებ პირს გადაადგილების უფლება აქვს კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე (აღნიშნული ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის, ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით), დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს ექიმი ადგენს შესაბამის ცნობას მასზედ, რომ პაციენტი ნამდვილად ჩაწერილია მასთან ვიზიტზე/სჭირდება ექიმთან ვიზიტი. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო და ასევე, სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.

აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაიცეს ელექტრონულად, მათ შორის მობილურ ტელეფონზე ფოტოსურათის გადაგზავნით.

იმავე პროცედურით ხდება ექიმის მიერ შესაბამისი ცნობის გაცემა, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერისას საჭირო გადაადგილებისთვის. ამ შემთხვევაშიც ექიმი გასცემს ცნობას, რომელშიც უთითებს სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის ვინაობას და პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის დროს.

სოფლის ექიმთან კონსულტაცია:

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციის გავლა შეუძლია სოფლის ექიმთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გასცემს ცნობას აფთიაქში გაადადგილების მიზნით. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო, ასევე, მძღოლის მონაცემები და სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.

2. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების მიზნობრივი გადაადგილება:

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების უფლება აქვთ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას/მოწმობას.

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს სხვა პირსაც, თუ ის ასევე ფლობს კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას.

ცნობა უნდა იყოს სველი ბეჭდით დამოწმებული და მასში მითითებული უნდა იყოს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი), დაკავებული პოზიცია, პირის გადაადგილების მარშრუტი, ავტომობილის სახელმწიფო ნომერი.

3. სამედიცინო დაწესებულებებში საკარანტინო რეჟიმის მოქმედება:

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებებში არ დაიშვებიან პაციენტების ოჯახის წევრები ან მნახველები.

კლინიკაში მყოფი პაციენტის ოჯახის წევრის მიერ საკვების ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება გასცემს საკუთარ ბლანკზე, ბეჭდით და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, სადაც მითითებულია გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის, გადაადგილების ტრაექტორია, საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი, გადაადგილების დრო და საათი, გადასაადგილებელი ტრანსპორტის მარკა/მოდელი და სახ. ნომერი, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძღოლის პ/ნ სახელი გვარი). აღნიშნული ცნობა საკვების/ნივთების გადამტან პირს ეგზავნება ელექტრონული ფოსტით, ან აქვს მატერიალური სახით, ან პოლიციას წარუდგენს ტელეფონით (ფოტოს სახით).

ნივთების კლინიკაში მიტანის შემდეგ კლინიკა წერილობით, ბეჭდით ადასტურებს, რომ მიიღო ნივთები/საკვები. თუ პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა, კლინიკა უბეჭდავს და უდასტურებს ცნობაზე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალ ცნობას, რომ აღნიშნულმა პირმა ნამდვილად მიიტანა საკვები/პირადი ნივთები.

 4. აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების გადაადგილება:

აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების ავტომობილით გადაადგილება, სპეციფიკის გათვალისწინებით დასაშვებია. ამ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლმა/თანმხლებმა პირმა უნდა წარმოადგინოს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა/ჯანმრთელობის ცნობა, მათ შორის, დასაშვებია ელექტრონულიც (მაგ.ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი).

5. დისტრიბუციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება:

დისტრიბუციის განმახორციელებელ პირებს /სატრანსპორტო საშუალებებს უფლება აქვთ გადაადგილდნენ სპეციალური ნებართვის გარეშე.

6. ადგილზე მიტანის – „დელივერი“ სერვისი:

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის ე.წ. „დელივერი“ სერვისების მიწოდება დაშვებულია.

7. პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული (გასვენება, დაკრძალვა) გადაადგილება:

პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გადაადგილება დაშვებულია ოჯახის წევრებისთვის. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ მიზნობრივად (პირის დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭიროებები) გადაადგილდნენ, ამ შემთხვევაში მათ თან უნდა ჰქონდეთ გარდაცვალების ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ექიმის ცნობა გარდაცვალების შესახებ (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით).

8. რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადაადგილება:

27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

 9. სოფლებში სურსათის მაღაზიების დისტრიბუციის მიზნით გადაადგილება:

სოფლებში არსებული სასურსათო ობიექტების მეპატრონეებმა მსუბუქი ავტომანქანით სურსათის მომარაგება/დისტრიბუციის განხორციელების ნებართვისთვის უნდა მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

10. ვეტერინარული სერვისის მიწოდებით მიზნით გადაადგილება:

ვეტერინარული სერვისის მიმწოდებელი პირების და მცენარეთა დაცვის საშუალებების/რეალიზაციის ობიექტების თანამშრომელთა გადაადგილება დასაშვებია.

გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღნიშნულმა პირებმა უნდა მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

11. ტვირთების განბაჟებასთან დაკავშირებული გადაადგილება:

სატრანზიტო ან სხვა ტიპის ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად, შესაბამის უფლებამოსილ პირს აქვს მიზნობრივი გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს ტვირთთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას.

საკმარისია დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით (მაგ. ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი) წარდგენა.

„112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით ნებართვებს არ გასცემს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს,“ – აცხადებს შს სამინისტრო.

„მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია “112”-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.

21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 16 908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი.

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ “112”-თან დაკავშირებას.

გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია.“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო ცხელ ხაზ 144-ზე 21 აპრილს 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა. ავტომანქანით დროებით გადაადგილებასთან დაკავშირებით ნებართვებზე მოქალაქეებმა სწორედ 144-ზე უნდა დარეკონ.

„კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო რაიმე შეფერხებისათვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მაქსიმალურად მივაწვდით ჩვენს თანამოქალაქეებს ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლისებზე, რომლებითაც მათ შეიძლება ისარგებლონ,“ – ამბობს ჩიქოვანი.

საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქეებისთვის, ავტომანქანით გადაადგილებაზე აჭარის შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერac გაიცემა დროებითი საშვები, რაც აჭარაში მოქმედ საველე ოპერაციების შტაბთან თანხმდება.

მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზიც

ნახეთ ვრცლად:

რა შემთხვევაში და როგორ შეძლებთ ავტომანქანით გადაადგილებას – მთავრობის განმარტება

„სასუქი გვჭირდება, არ გვიშვებენ“ – ქობულეთის ჩაკეტილი სოფლის პრობლემა

„…გაზაფხულია. ახლა უნდა მანდარინს და თხილსაც სასუქი, რომ მოსავალი გქონდეს. სასუქის ყიდვა ადგილზე შეუძლებელია, სხვაგან არ გვიშვებენ,“ – ამბობს ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები რეზო ტაკიძე. მუხაესტატე ერთ-ერთი სოფელია ქობულეთში, სადაც 12 აპრილს მთავრობამ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

რეზო ტაკიძის თქმით, ამ დრომდე საკვები პროდუქტების პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ბოლო დღეებში სოფელში შეტანილი საკვები გაცილებით ძვირია, ვიდრე აქამდე იყო. მოქალაქის თქმით, რწმუნებული კონკრეტულ შემთხვევებში ასევე აძლევს მოქალაქეებს უფლებას, ავტომანქანით მიიტანონ სახლში პროდუქტი ან შევსებული გაზის ბალონი.

„მე არ დამჭირვებია, ფეხით დავდივარ, მაგრამ ვიცი, მეზობელს გაზის ბალონი უნდოდა, ფეხით ხომ ვერ გამოიტანდა ცენტრიდან? შეუთანხმდა რწმუნებულს და მოიტანა მანქანით, მაგრამ ფული აღარაა ხალხში, უმუშევრობაა,“ – აღნიშნა რეზო ტაკიძემ „ბათუმელებთან“.

მუხაესტატეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ წელს შესაძლოა ისინი წლების წინ მივიწყებულ საყანე ფართობებს დაუბრუნდნენ, თუმცა მანამდე ჯერ სასუქის პრობლემაა მოსაგვარებელი.

მუხაესტატელი ჯონი გოგიტიძეც მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი პრობლემა სასუქია, რომელიც სოფლებში არ შედის და არც სოფლიდან უშვებენ ვინმეს მუნიციპალიტეტის ცენტრისკენ, სასუქი რომ შეიძინოს.

„პრობლემაა სასუქის ფასიც. ადრეც ვერ ვიხდიდით. წინა წლებშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შემოჰქონდათ ადგილზე სასუქი, განვადებები კეთდებოდა, ახლა არც სასუქია და არც – განვადება,“ – გვიყვება ჯონი გოგიტიძე.

ჯონი გოგიტიძე ამბობს იმასაც, რომ მას ფუტკრისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატების შეძენა სჭირდება, რასაც ასევე ვერ ყიდულობს.

რა გამოსავალს ხედავს ქობულეთის მერია? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტებას დაგვპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გერმანიაში კორონავირუსის სატესტო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

გერმანიაში Covid19-ის ვაქცინის სინჯების ადამიანებზე გამოცდა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ვაქცინის ფედერალური ინსტიტუტი Paul-Ehrlich-Institut (PEI) ავრცელებს.

სხვადასხვა ვაქცინით აიცრება 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელი ადამიანი, რათა მეცნიერებმა გამოიკვლიონ ვაქცინების ეფექტურობა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში.

კვლევის მეორე ნაწილში იგეგმება პოტენციური ვაქცინის ტესტირება იმ ადამიანებზე, რომელთაც ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ ან აქვთ COVID19-ის მწვავედ მიმდინარეობის რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შემუშავება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, გერმანიის ვაქცინის ფედერალური ინსტიტუტი იუწყება, რომ ეს პროცესები აკმაყოფილებს აუცილებელ მეცნიერულ მოთხოვნებს. დეტალურად კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეცნიერები სულ ცოტა 20 სხვადასხვა ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობენ, მათ შორის, რამდენიმე უკვე კლინიკური ცდის ეტაპზეა. ეს არის მეოთხე ავტორიზებული კლინიკური ტესტირება მსოფლიო მასშტაბით, რომელშიც კონკრეტულად COVID19-ის პრევენციული ვაქცინა ადამიანებზე იტესტება.

_________________

ამავე თემაზე: 

გერმანიაში Covid-19 კონტროლს ექვემდებარება – გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციამ 102 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 10 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 36 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ერაყიდან საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული რეისით დაბრუნდნენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყიდან  საქართველოში 70 მოქალაქე დაბრუნდა.

ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი განხორციელდა.

აღნიშნული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეც ჩამოასვენეს.

სამინისტროს ინფორმაციით, რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდწილად კომპანია “რეკან გრუპ ჯორჯიამ”  დააფინანსა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის დაკეტილია სახმელეთო საზღვრები და გართულებულია გადაადგილება. შესაბამისად, განხორციელებული სპეცრეისით საქართველოში დაბრუნდნენ მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან ჩამოსვლას.

ესპანეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს

ესპანეთის მთავრობა გეგმავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მაისის მეორე ნახევარში შეამსუბუქოს.

ესპანეთი COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.  დაახლოებით ერთი კვირის წინ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილლა ამბობდა, რომ ესპანეთმა პანდემიის პიკი გადალახა. ამის საფუძველი გახდა სააღდგომოდ დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობათა კლების ტენდენცია.

როიტერსი წერს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტის სესიაზე დღეს, 22 აპრილს, განაცხადა, სადაც მან დეპუტატებს ესპანეთის საგანგებო მდგომარეობის 9 მაისამდე გაგრძელება სთხოვა. სანჩესმა თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვები მოიხსნება არა ერთიანად, არამედ შემსუბუქდება ნელა და თანმიმდევრულად.

შეზღუდვები ესპანეთში 14 მარტს დაწესდა. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 204 178-ია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 687 456, გარდაიცვალა – 21 282 ადამიანი.

დილის 6-დან 8-მდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე გადაადგილება ავტომობილით დაშვებულია – მთავრობა

საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება გადაადგილება დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.

ამის შესახებ დღეს, 22 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს არ შეექმნათ პრობლემები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მათ ექნებათ საშუალება რეგიონში დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ.

ეს შეზღუდვა გამოიყურება ასე:

მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეუძლიათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს ექვსი საათიდან 7 საათამდე დაბრუნდნენ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და საკოორდინაციო საბჭოებზე,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორ აისახება ნავთობის გაუფასურება პუტინის რეჟიმზე – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიომ მოძრაობა შეწყვიტა, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ფასი ამ დღეებში „ნეგატიურიც“ კი გახდა, რაც სპეციალისტების განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ მწარმოებელი უხდის თანხას მყიდველს, რათა საცავები არ გადაეტვირთოს.

ნავთობის ისტორიული ფასის ვარდნას რუსეთისთვის უბრალო ეკონომიკურ პრობლემად არ აღიქვამს  საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. იგი ამბობს, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, საითკენაც მიდის რუსეთი – „რონდელის ფონდის“ მკვლევარი მიიჩნევს, რომ რუსეთი იმ პოლიტიკურ სპირალში შევიდა, რომლის დასასრულიც ჩვენ წარსულიდან ვიცით.

როგორ აისახება ნავთობის ფასის ვარდნა რუსეთზე, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში?  – „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ვალერი, თქვენი აზრით, როგორ აისახება რუსეთზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა? 

ნავთობის ფასის ვარდნა გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით: ესაა პანდემია, გაჩერდა მსოფლიოში მოძრაობა და ფასები დაეცა. მეორე ფაქტორია რუსეთის უარი ოპეკი პლიუსის შეთანხმებაზე, როგორც ჩანს, ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო. რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა – იგორ სეჩინმა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მან დაარწმუნა პუტინი, რომ ნავთობზე ფასის ვარდნა არის დროებითი მოვლენა და ეს ბოლოს მოუღებდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნავთობის წარმოებას, მაგრამ ეს იყო მცდარი გათვლა…

რუსეთის ამ უარის შემდეგ გაცილებით უფრო აგრესიული გახდა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე საუდის არაბეთი და ჯერ კიდევ მაშინ დაეცა დრამატულად ფასები. ახლა, როცა უარყოფით ნიშნულამდეა ფასი, ეს ნავთობმომპოვებელი ყველა ქვეყნისთვის არის დარტყმა, განსაკუთრებით – რუსეთისთვის, ვინაიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ფორმირდება ნავთობის და გაზის ექსპორტის შედეგად.

  • რა ჩანს, რამდენად აქვს რუსეთს რესურსი, გაუმკლავდეს ამ კრიზისს? 

რუსეთი პრინციპულად არ არის მზად, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ვინაიდან არ აქვს არანაირი ხედვა საკუთარი სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის. როგორც იყო ათეულობით წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რუსეთი ახლაც, ძირითადად, დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. ხედვების არარსებობაა მთავარი პრობლემა რუსეთში და არა საკუთრივ ის, რომ ნავთობზე ფასი ეცემა.

პანდემიამ ნათლად გამოაჩინა ის სტრუქტურული პრობლემები, რაც რუსეთის ეკონომიკას აქვს… არაბეთის ქვეყნები მკვეთრ ფასდაკლებებს სთავაზობენ ევროპისა და აზიის ქვეყნებს. შესაბამისად, რუსულ „იურალს“ ეკარგება პერსპექტივა, რადგან ის ხარისხშიც მნიშვნელოვნად აგებს არაბეთის ნავთობთან.

უახლოესი ორი-სამი თვე ეს ვითარება გაგრძელდება. ამის შემდეგაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, საუდის არაბეთი გააგრძელებს თამაშს დაბალ ფასზე, ვინაიდან არაბებმა გაითავისეს ახალი რეალობა – გლობალურად ნავთობის და გაზის ერა მთავრდება, ჩვენ შევდივართ აბსოლუტურად ახალ სამყაროში, ახალ ეკონომიკაში, სადაც წიაღისეულს აღარ იქნება იმდენად დიდი მნიშვნელობა… ქვეყნებს, რომლებსაც ნავთობის დიდი მარაგი აქვთ, შესაძლოა, აღმოჩნდნენ არალიკვიდური ნავთობის პირობებში… ამიტომაც აგრესიულ გაყიდვებს მიმართა საუდის არაბეთმა და იგი ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

  • თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორი აისახება ეს ეკონომიკური კრიზისი რუსულ პოლიტიკაზე? 

რუსეთი ახლა შედის ძალიან რთულ სპირალში, რადგან დაემთხვა რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა კორონავირუსი, რაზეც 6 თვის წინ წარმოდგენა არ გვქონდა, ნავთობის ფასების ვარდნა… რუსული პოლიტიკის მართვა არ გამოირჩევა ეფექტურობით, რადგან ვიცით, რომ რუსეთი არის ცენტრალიზებული სახელმწიფო, ფინანსური რესურსების 80 პროცენტი მოსკოვშია კონცენტრირებული და მოსკოვში დაწერილი ინსტრუქციებით ცდილობს პუტინი აცხოვროს მთელი ქვეყანა -კალინგრადიდან ვლადივასტოკამდე. თავის დროზე ამის გამო დაინგრა მეფის რუსეთი და შემდეგ – საბჭოთა კავშირი… ახლა ნათლად ჩანს სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ბუნებრივად ახასიათებს რუსეთის ეკონომიკას და რომლის გადაწყობაზეც არ უფიქრია რუსეთის ხელისუფლებას.

თუ დავაჯამებთ რუსეთის ეროვნული ბანკის რეზერვებს, „ეროვნული კეთილდღეობის ფონდში“ აქვთ 150 მილიარდი დოლარი და 550 მილიარდი დოლარია ეროვნული ბანკის რეზერვში. მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, თან იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზულად არის გაზრდილი რუსეთის საგარეო დავალიანება, ეს რეზერვი შესაძლოა ამოიწუროს სულ რაღაც ერთ წელიწადში. ამიტომაცაა, რომ ვერ ბედავს პუტინი ამ ფონდების გამოყენების დაწყებას… რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს რუსეთი ამ კრიზისიდან. ამიტომაც, ყველა ახალი მოქმედება აუარესებს და ძველ წერტილთან აბრუნებს ხელისუფლებას.

  • რა შეიძლება იყოს ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც თქვენ სპირალს უწოდებთ? 

ამ სპირალის ლოგიკური ბოლო იქნება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება, დაიწყება მასობრივი გამოსვლები რეგიონებში, რაც საბოლოო ჯამში რუსეთს მიიყვანს ტრანსფორმაციის აუცილებლობასთან. როგორი იქნება ეს დასასრული: მშვიდობიანი თუ აგრესიული, რთული სათქმელია, მაგრამ ამ პრობლემების კასკადიდან რუსეთი დანაკარგების გარეშე  ნამდვილად ვერ გამოვა.

პუტინი უკვე 20 წელია ხელმძღვანელობს ამ სახელმწიფოს. თუ მას სურდა სტრუქტურული რეფორმების გატარება, ის ამას დღემდე გააკეთებდა. არ უნდა ველოდოთ პუტინის გარდაქმნას, ან მისი მსოფლმხედველობის შეცვლას. მთელი მსოფლიო იცვლება რუსეთის ირგვლივ, ხოლო რუსეთი განაგრძობს საკუთარ პოლიტიკას, როგორც ამას აკეთებდა მე-19 ან მე-20 საუკუნეში, ამას აკეთებს რუსეთი ძველი ბერკეტებით. რუსეთი ჩამორჩა თანამედროვე დინებებს. ეს უფროა დიდი ტრაგედია რუსეთისთვის. რუსეთი ახლა იმავე ციკლში მოექცა, რომელშიც თავის დროზე მოექცა რუსეთის მეფის იმპერია და შემდეგ საბჭოთა კავშირი.

  • რა იცვლება საქართველოსთვის ამ პროცესში, მათ შორის, ნავთობის ფასზე, რომელიც ხშირად ხდება პროტესტის საგანი? 

ჩვენ ვართ ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა და რაც უფრო დაბალი იქნება ნავთობზე ფასები, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ამ კუთხით რუსეთზე დამოკიდებული არ ვართ არანაირად, რადგან ეს არის გლობალური პროდუქტი და ვაჭრობაც ხდება გლობალურ პლატფორმებზე. ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ნავთობი ნებისმიერი მიმართულებით: შავი ზღვის პორტებიდან, აზერბაიჯანიდან ან თურქეთის გავლითაც შეგვიძლია შემოვიტანოთ.

უფრო სხვა გამოწვევების წინაშე ვართ – ჩვენ უნდა ვიპოვით ადგილი ახალ მსოფლიოში, რომელიც უკვე ყალიბდება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ კორონავირუსის შემდეგ ჩვენ გვექნება ახალი მსოფლიო. ჩვენ არ ვიცით და ვერ ვხედავთ, რა მსოფლიო იქნება ეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ისეთ საფრთხეებთან ბრძოლა, როგორიც არის კორონავირუსი, ითხოვს მთელი საერთაშორისო ძალების კონსოლიდაციას.

ამ თვალსაზრისით, ერთი მხრივ, გლობალიზაციის ტენდენციები ძლიერდება მსოფლიოში, მეორე მხრივ, ყველა დარწმუნდა, რომ უნდა შეინარჩუნოს ნაციონალური ეკონომიკის ავტონომიურობა: საკვების წარმოება, წყლით უზრუნველყოფა, ანუ ეს სისტემები უნდა იყოს გადალაგებული და აქ ოქროს შუალედის მონახვა – ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დგას საქართველოს წინაშეც.

კონკრეტულ საათებში ავტომანქანით გადაადგილება აჭარაში დაშვებული არ არის 

გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებმა დილის 6-დან 8-მდე, ასევე, საღამოს 6-დან 7 საათამდე ავტომანქანით გადაადგილება დაუშვეს.

ამ ეტაპზე უცნობია, 27 აპრილამდე, სანამ ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია, დაუშვეს თუ არა სხვა მუნიციპალიტეტმა კონკრეტულ საათებში ავტომანქანით გადაადგილება.

რაც შეეხება აჭარას, აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და, შესაბამისად, მითითებულ საათებში ავტომობილით გადაადგილება დაშვებული არ არის.

მაგალითად, ქობულეთის, ბათუმისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები მერიებს მიმართავენ და სპეციალური საშვი გაიცემა.

ლევან გორგილაძე, ქედის მერი: „ჩვენ მოგვმართავს მოქალაქე კონკრეტული საჭიროებით და ვაწვდით მონაცემებს პოლიციას. მას შემდეგ, როცა პოლიციის ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება მოქალაქე, მას შეუძლია ავტომანქანით გადაადგილება კონკრეტული დროით. სხვა ტიპის გადაწყვეტილება არ მიგვიღია“.

რა სამართლებრივი საფუძვლით მიიღეს თელავისა და გურჯაანის მერიებმა ავტომანქანებით გადაადგილების განსხვავებული წესი? – კითხვაზე პასუხის მისაღებად ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ცხელ ხაზზე დავრეკეთ, თუმცა არავინ გვიპასუხა. ამ მუნიციპალიტეტების მერიების ფეისბუქგვერდებზე ოფიციალური გადაწყვეტილებები არ იძებნება, თუმცა ნახავთ პოსტებს, სადაც აღნიშნულია, რომ „გადაადგილება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის“.

როგორ აფასებს მთავრობა ცალკეული მუნიციპალიტეტის მიერ შეცვლილ საგანგებო მდგომარეობის წესებს? – მთავრობის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ დაკავებული არიან და კითხვა უნდა მივწეროთ. კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

რადგან თელავისა და გურჯაანის მერიები ამ გადაწყვეტილების მიღებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით ხსნიან, ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დავუკავშირდით. აქ გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ კონკრეტულ საათებში გადაადგილების დაშვების შესახებ არაფერი იციან.

„თელავის ან გურჯაანის მუნიციპალიტეტი კონსტიტუციურ უფლებაზე – გადაადგილების თავისუფლებაზე განსხვავებულ წესს ვერ დაადგენს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. იურისტი განმარტავს, რომ პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის დროს მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილებები.

Covid 19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი – 68 წლის კაცი ბოლნისის კლასტერიდან

დღეს, 22 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში Covid 19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი.

იგი 68 წლის კაცი იყო ბოლნისის კლასტერიდან. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი აპარატზე იყო შეერთებული და მას დაინფიცირებამდე მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში ორი კვირის წინ სხვადასხვა გართულებით მიიყვანეს.

„გულის უკმარისობითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები აღენიშნებოდა, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკით განვითარდა სეფსისი. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“,- აღნიშნა ტურძელაძემ.

22 აპრილის [12:20 სთ] მონაცამებით კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 411
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 98
  • მათ შორის გარდაცვლილი – 5
  • კარანტინის რეჟიმში – 5160
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3

სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამა GLOBE დაინერგება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება.

პროგრამას განათლების სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებენ.

პროგრამა საპილოტეა, რომლის ფარგლებშიც ხუთი სკოლა უნდა შეირჩეს, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 10 სკოლა გადამზადდება GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა GLOBE-ის ადმინისტრირება გლობალურ დონეზე NASA-ს მიერ ხორციელდება. საერთაშორისო ქსელი აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საფეხურის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მეცნიერებს გლობალური გარემოს შესასწავლად. პროგრამა მოიცავს სწავლას, ეკოლოგიური კვლევებისა და დაკვირვების განხორციელებას და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ერთმანეთთან და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

„სასწავლო მოდულებისა და ქართულ ენაზე თარგმნილი სასწავლო მასალების გამოყენება ნებისმიერ მსურველ მასწავლებელს შეეძლება,“ – ამბობს სამინისტრო.

„GLOBE-ის არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების წარმატებული საერთაშორისო პლატფორმის დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს სამეცნიერო და სასწავლო პრაქტიკის ფართო შესაძლებლობების შექმნას საჯარო და კერძო სკოლებში, წარმატებული სკოლებისა და ადამიანების დაკავშირებას საერთაშორისო პროგრამებთან, ახალი აკადემიური ცოდნის შექმნასა და საინფორმაციო მასალების მომზადებას და მოსახლეობის ინფორმირებას გლობალური თუ ადგილობრივი გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა GLOBE ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის/Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

ბათუმში ასი ლაბორატორიული ანალიზის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში  ასი პირის ლაბორატორიული ანალიზი COVID 19-ზე უარყოფითია, მათ შორის, 35 ნიმუში ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

საერთო ჯამში, აჭარაში Covid 19-ზე გამოკვლეულია 530 პირი – აქედან 330 ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული, ასევე, მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებმაც ე.წ. ცხელების ცენტრებს მიმართეს.

დღეს, 22 აპრილს კი, აჭარაში, ცხელების ცენტრებში ლაბორატორიულ ანალიზზე პასუხს 38 პირი ელოდება.

ამ დრომდე ჯამურად აჭარაში საკარანტინო სივრცე დატოვა 3300-ზე მეტმა პირმა, ხოლო კანატინში რჩება 1500- მდე პირი.

თვითიზოლაციაში ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით  250 პირი იმყოფება.

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, დღეის მდგომარეობით 35 ინფიცირებული მკურნალობს, ამას ემატება ის ორი პირიც, რომელთა ანალიზის პასუხებიც COVID-19-ზე უკვე უარყოფითია, თუმცა ისინი მკურნალობენ პნევმონიის გამო.

აშშ-ში, თეთრი სახლის წინ, Covid19-ით გარდაცვლილი მედდების სახელები წაიკითხეს

„ჩვენ ვიბრძვით ჯოჯოხეთში სიცოცხლისთვის” – ამბობს აშშ-ის მედდების გაერთიანების წევრი, მელოდი ჯონსი, რომელმაც თეთრი სახლის წინ სამშაბათს, 21 აპრილს, კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლი მედპერსონალის სახელები წაიკითხა სხვა მედდებთან ერთად.

საპროტესტო აქციაზე  წაიკითხეს ნიუ იორკში, ალაბამაში, პუერტო რიკოში, ნევადაში, კალიფორნიაში, მიჩიგანში, ფლორიდაში, მერილენდსა და ნიუ ჯერსში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 45-მდე მედდის სახელი.

აშშ-ში 9000-ზე მეტი მედპერსონალი დაინფიცირდა სამუშაო გარემოში ახალი კორონავირუსით. ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში გაცილებით მეტი ექიმი და მედდაა ინფიცირებული, მაგრამ ამის გამოვლენა ვერ ხდება – ბევრ შტატში არ აქვთ ტესტების საკმარისი რაოდენობა.

სამშაბათის აქციაზე მედდები ითხოვდნენ თავდაცვის საშუალებებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფას სახელმწიფოს მხრიდან.

აშშ-ის მედდების გაერთიანება, მედპერსონალი საავადმყოფოებიდან, პოლიკლინიკებიდან, მოხუცთა თავშესაფრებიდან, შინ მოვლის დაწესებულებებიდან და სარეაბილიტაციო ცენტრებიდან რამდენიმე კვირაა ხელისუფლებას და საკანონმდებლო ორგანოებს სთხოვენ უზრუნველყონ ვირუსთან ბრძოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვის საშუალებები და აღჭურვილობა: ნიღბები, ხელთათმანები, სკაფანდრები და ა.შ.

ქვეყანაში რამდენიმე კვირაა ტრამპისგან ითხოვენ, რომ შეიმუშავოს კანონი ქვეყანაში აღჭურვილობის დამატებითი მარაგების წარმოების აუცილებლობაზე, ამავე თხოვნით ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილმა და მედპერსონალმა უკვე კონგრესსაც მიმართა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში 825 306 ადამიანია ინფიცირებული Covid19-ით. მათგან 75 673 გამოჯანმრთელდა, 45 075 კი გარდაიცვალა.

 

ხულოს მაღალმთიან სოფლებში გათოვდა [ფოტო]

დღეს, 22 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარის სიმაღლე 3-4 სმ-ია.

ხულოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, თოვლი ძირითადად მაღალმთიან სოფლებშია. ნალექს მოსახლეობისთვის სირთულეები არ შეუქმნია.

გაზაფხულის თოვლი, სოფელი მთისუბანი ფოტო: ირმა ჯაყელიძე

 

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 411

22 აპრილის [10:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.

ინფიცირებული 411 პირიდან გამოჯანმრთელდა 98 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5015 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 573

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

__________________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

დადგინდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები

განათლების სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

კერძოდ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.

სამინსიტროს ცნობით, წარსადგენ დოკუმენტებში არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შეიცვალა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი.

რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები:
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპზეც ასევე იცვლება რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დაამტკიცებენ საქმისწარმოების ახალ წესს, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

სამინისტრო აფრთხილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მათ უნდა იხელმძღვანელონ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

მოსწავლის პირველკლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

___________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

6 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის 100 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 21 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 540 553 შემთხვევაა დადასტურებული. მსოფლიოს 185 ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 479 ადამიანი, გარდაიცვალა – 175 621.

  • ამერიკის შეერთებულ შტატებშია ინფიცირებული ყველაზე მეტი, 810 561 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 74 856 ადამიანი, გარდაიცვალა – 43 796.
  • ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 204 178 ადამიანი. აქედან 82 514 პირი გამოჯანმრთელდა, 21 282 კი – გარდაიცვალა.
  • იტალია მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით. ქვეყანაში სულ 183 957 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 51 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 24 648.
  • საფრანგეთში ინფიცირების 156 522 შემთხვევაა  დადასტურებული. აქედან 39 818 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, ხოლო 20 825 – გარდაიცვალა.
  • გერმანიაში დადასტურებულია კორონავირუსის 148 024 შემთხვევა. მათგან, 95 200 გამოჯანმრთელდა, 4 961 კი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით გერმანიას მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 130 172 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან, 17 378 კი – გარდაიცვალა.

ასევე, 100 000 დადასტურებულ შემთხვევას უახლოვდება თურქეთი. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირებულია 95 591 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 14 918 ადამიანი, 2 259 კი – გარდაიცვალა.

________________

ნიუ იორკი, აშშ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JUSTIN LANE

უჯრედული თერაპია – ისრაელში კომპანია covid 19-ის სამკურნალო ახალ მეთოდს წარმოადგენს 

ისრაელში მოქმედი კომპანია Pluristem Therapeutics-ი აპირებს COVID 19-ით ინფიცირებულთა პლაცენტის უჯრედებით მკურნალობა დანერგოს. კომპანია მშობიარობის შემდგომი პლაცენტის ღეროვან უჯრედებს ამუშავებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ისრაელში მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, ერთი პლაცენტის საშუალებით კორონავირუსით ინფიცირებული  20 000 პაციენტის განკურნებაა შესაძლებელი. პირველივე პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ამ მეთოდით უმკურნალეს, საგრძნობლად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც იდეის ავტორი კომპნიის, Pluristem Therapeutics-ის აქციების ფასი წარმოუდგენლად გაიზარდა.

Pluristem Therapeutics-ი პლაცენტას იყენებს „ჭკვიანი უჯრედების“ წარმოსაქმნელად და აპროგრამებს მათ, რომ ინფიცირებულთა ორგანიზმში თერაპიული ცილები წარმოიქმნას.

ამ მეთოდით პირველად ისრაელში Covid 19-ით ინფიცირებულ ამერიკის ერთ და ისრაელის 7 მოქალაქეს  უმკურნალეს. ყველა მათგანი გადარჩა.

აქედან სამი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, ერთ-ერთს კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პლაცენტით მკურნალობის შედეგად მათ სუნთქვის აპარატი აღარ დასჭირდათ და მდგომარეობა შეუმსუბუქდათ.

ცალკეული პაციენტების მკურნალობა მეთოდის კლინიკური ცდის პერიოდად არ მიიჩნევა, მაგრამ Pluristem Therapeutics-ის პრეზიდენტი იაკი იანი ამბობს, რომ მეთოდის გამოცდა მალე დაიწყება და შესაძლოა ოფიციალური ნებართვა მათ მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიიღონ, რის შემდეგაც, მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება პლაცენტას უჯრედების საშუალებით ათასობით ადამიანის სწრაფად მკურნალობა.

იაკი იანის თქმით, ინოვაციური მეთოდით კრიტიკულად მძიმე პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებაა შესაძლებელი და შედეგად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გათავისუფლდება ადგილები სხვებისთვის.

„ვფიქრობ, ეს მეთოდი ბევრ რამეს შეცვლის, რადგან ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილების დეფიციტია, ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ პაციენტები ფილტვის ვენტილაციის აპარატებიდან და გავიყვანოთ ისინი რეანიმაციიდან,“ – ამბობს ის.

ამ მეთოდით მკურნალობისთვის მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვას ელოდებიან.

ინოვაციური მეთოდი გულისხმობს ღეროვანი უჯრედების 15-მილილიტრიანი დოზის ინექციას კუნთში. სხეულში მოხვედრის შემდეგ უჯრედები ერთგვარ პატარა ფაბრიკად იქცევა, რომელიც თერაპიულ ცილებს გამოიმუშავებს. თერაპიული ცილები კი ორგანიზმს რეგენერაციისკენ უბიძგებენ.

უჯრედები გამოყოფენ ორი ტიპის ცილებს – ერთი ამცირებს ანთებით პროცესს, მეორე ერთვება იმუნური სისტემის რეგულირებაში. სამედიცინო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ იმუნომამოდულირებელ ცილებს, როგორც მათ უწოდებენ, შეუძლიათ იმუნიტეტის შენარჩუნება. კორონავირუსით ინფიცირებულ კრიტიკულ პაციენტებს კი სწორედ იმუნიტეტი უქვეითდებათ სწრაფად და საგრძნობლად.

იმუნომამოდულირებელი ცილები ხელს უშლიან ორგანიზმს საკუთარ ორგანოებზე იერიშის მიტანაში. კრიტიკული პაციენტები ძირითადად მწვავე რესპირატორული ავადობით იღუპებიან ძლიერი ანთებით, როცა იმუნური სისტემა მთელი ძალით ესხმის თავს – ძირითადად ფილტვებს.

აქამდე Pluristem-ის ეს ტექნოლოგია ძირითადად იმ პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ვისაც ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის პრობლემა ჰქონდა, თუმცა მეცნიერებმა პლაცენტას უჯრედები ამჯერად კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას მოარგეს.

„ჩვენ პლაცენტიდან ვიღებთ უჯრედებს და შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რის საშუალებითაც ამ უჯრედების რაოდენობას ძალიან ბევრჯერ ვზრდით ადამიანის იმიტირებული ორგანიზმის გარემოში. ამ ტექნოლოგიით ერთი პლაცენტით 20 000 ადამიანის მკურნალობაა შესაძლებელი.

მეცნიერთა ჯგუფი „აპროგრამებს“ უჯრედებს, რომლებსაც შემდეგ ცილების ფართო სპექტრი აქვთ და მათი გამოყოფა შეუძლიათ. უჯრედები არამხოლოდ ცილებს გამოყოფენ, არამედ არეგულირებენ სეკრეციის დონეს ორგანიზმისგან მიღებული სიგნალების მეშვეობით,“ – ამბობს Pluristem Therapeutics-ის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ოფიციალური ნებართვის მიღებამდე კომპანია Pluristem-ი აგრძელებს ახალი მეთოდით იმ პაციენტების მკურნალობას, რომლებიც ინდივიდუალურად თანხმდებიან ინოვაციურ მიდგომას.

„ნებართვის მიღების შემდეგ ვფიქრობთ მეთოდის დანერგვას ვირუსისგან დაზარალებულ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა მულტინაციონალური კლინიკური კვლევების დაწყებაა და ვიმედოვნებთ, რომ „უჯრედული თერაპია“ ეფექტური საშუალება იქნება რთული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ორგანოებს აზიანებენ,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ისრაელში Covid 19-ის 13 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 4 353 პაციენტი, გარდაიცვალა – 181.

_______________________________________

წყარო: The Times Of Israel; The Jerusalem Post

ფოტო: the Israel Times

 

ბათუმში 215 ბავშვი ჯანდაცვის მომსახურების გარეშეა დარჩენილი

ბათუმში 215 ბავშვი მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ბათუმის მერიის ორივე პროგრამა, რომლითაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები სარგებლობენ, ასევე ადრეული განვითარების პროგრამა, შეჩერებულია.

„ბათუმელებს“ აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ზუსტი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა ბავშვებთან.

სპეციალისტის თქმით, ამ დრომდე მხოლოდ არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ იმის თაობაზე, რომ თუკი სპეციალისტები ბავშვებთან არ იმუშავებენ, ვერც ანაზღაურებას მიიღებენ.

„როგორ გვითხრეს, მერია ეუბნება სამედიცინო ცენტრებს, რომ არ გაანაღდებს ვაუჩერებს, თუ სახლში არ მივაკითხავთ ბავშვებს და წინააღმდეგი არიან დისტანციური მომსახურების. შემდეგ მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს პროგრამის განმახორციელებელი კლინიკები მანიპულირებენ თანამშრომელთა ხელფასებით“, – გვითხრა სპეციალისტმა, რომლის სახელსა და გვარს, მისი სურვილიდან გამომდინარე, არ ვწერთ.

სპეციალისტის თქმით, ამის გამო ბავშვები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ მომსახურებას. „აუტიზმის პროგრამაში არის 15 სამუშაო საათი, ადრეული განვითარების პროგრამაში – 8 სამუშაო საათი. ფაქტობრივად, ერთი სრული კურსი ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს ჩაუვარდათ. მერია კი იმ შემთხვევაში იძლევა ვაუჩერს, თუ სრული კურსი ჩატარდება“, – ამბობს აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი.

რატომ ამბობს უარს ბათუმის მერია სპეციალისტების მუშაობაზე და აანაზღაურებენ თუ არა გამოტოვებულ კურსებს? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილებას მივმართეთ.

როგორც ამ განყოფილების უფროსმა მარინა რუხაძემ გვითხრა, ისინი არ არიან წინააღმდეგი პროგრამის განხორციელება დაიწყოს დისტანციურად, მაგრამ ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებოდნენ.

„აუტისტური სპექტრისა და ადრეული განვითარების პროგრამები არ მუშაობს, თუმცა მაისიდან ვაპირებთ დისტანციურზე გადასვლას. ამისთვის გვჭირდება საკრებულოს ნებართვა, რომ პროგრამაში შევიდეს ცვლილება“, – გვითხრა მარინა რუხაძემ.

მისი თქმით, იყო საუბარი იმაზეც, რომ პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებს სახლებში გაეგრძელებინათ ბავშვებთან მუშაობა, სრული ეკიპირებით, თუმცა ამაზე ოჯახებმა უარი თქვეს კარანტინიდან გამომდინარე.

„სრულფასოვანი, ბუნებრივია, ვერ იქნება დისტანციური ფორმით მომსახურება, რადგან ამის პრაქტიკა არ არსებობდა. მით უმეტეს, აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობა სპეციფიკურია, მაგრამ პროგრამის ჩაგდებას ნამდვილად სჯობს. მენტალური განვითარების ცენტრს დავუკავშირდით, სწორედ მათ გატესტეს  დისტანციური სწავლება და მაისიდან დავიწყებთ. ფაქტობრივად, ეს იქნება მშობლების გადამზადება, რადგან მათ უნდა ისწავლონ ბავშვებთან მუშაობის მეთოდები და ამაში მათ ქცევითი თერაპიის სპეციალისტები დაეხმარებიან“.

როგორც მარინა რუხაძე ამბობს, სპეციალისტების ანაზღაურება ვაუჩერზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვაუჩერი იყოს გამოყენებული ბენეფიციარის მიერ.

„სწორედ ამიტომ გვინდა შევიდეს პროგრამაში ცვლილება, რადგან თუ კურსი არ ექნებათ ჩატარებული, ისე ავანსის სახით დაფინანსებას ვერ მივცემთ“, – ამბობს მარინა რუხაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა უფრო ადრე ცვლილება, მარინა რუხაძე განმარტავს, რომ ისინი ელოდნენ როგორც დისტანციური მუშაობის გატესტვას, ასევე ჯანმოს რეკომენდაციებს, რომელიც აპრილში მოვიდა.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში ბათუმში ათი კლინიკაა ჩართული.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

Exit mobile version