Batumelebi | ბათუმში 6 ადგილას ფასიან პარკირებას მოაწყობენ ბათუმში 6 ადგილას ფასიან პარკირებას მოაწყობენ – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში 6 ადგილას ფასიან პარკირებას მოაწყობენ

ბათუმში 6 ადგილას ფასიანი პარკირება მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 312 021 ლარია.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების და სასიგნალო მოწყობილობები ავტოსადგომებისთვის – თანმდევი მომსახურება, მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება/მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 27 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

ფასიანი პარკირების ადგილი ბათუმში, როგორც „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, დღეს მხოლოდ თბილისის მოედანზეა მოწყობილი. აქ 1 საათით ავტომანქანის გაჩერება 1 ლარი ღირს. „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ვტომანქანის გაჩერების ტარიფი ახალ ადგილრბზეს იგივე იქნება – 1 საათით 1 ლარი.

ფასიანი პარკირება ბათუმში მოეწყობა შემდეგ ადგილებზე:

  • ბაქოს ქუჩაზე – კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ [ამ ადგილზე დღეს ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები დგას. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ვინაიდან აქ ტრანსპორტის გაჩერება ფასიანი იქნება, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქობულეთის მიკროავტობუსები ამ ადგილზე, მოლაპარაკების საგანიც შეიძლება იყოს]
  • გოგებაშვილის ქუჩაზე – რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ
  • რუსთაველის ქუჩაზე – საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ
  • თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [ახალ სკვერთან მოწყობილი ავტოპარკინგის ადგილზე]
  • ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [ასევე ახალ სკვერთან მოწყობილი პარკინგი];
  • ესენინის ქუჩაზე – „პლაზას“ მიმდებარედ [ეს არის წერეთლის ქუჩის მხრიდან „პლაზას“ მარჯვნივ მდებარე ტერიტორია]

ამ ადგილებზე პარკირება ისედაც მოწყობილია, თუმცა „ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფასიანი პარკირების მოწყობის მიზანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება და პარალელურად, ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდაა. ეს ადგილები კი, სადაც ფასიანი პარკირებები მოეწყობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

ბათუმში პარკირება, ზოგადად, ფასიანია. პარკირების გადასახადი კი არის:

1 დღე – 10 ლარი;
7 დღე – 20 ლარი;
30 დღე – 30 ლარი;
182 დღე – 45 ლარი;
365 დღე – 60 ლარი.

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლასაც გეგმავს:

ბათუმში გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ავტობუსის სავალ ნაწილს [Bus lane] დახაზავენ. სამუშაო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს:

როგორ შეცვლის ავტობუსის ხაზი მოძრაობას ბათუმის ქუჩებზე

 

მთავარი ფოტო: ფასიანი პარკირება თბილისის მოედანზე ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com