მთავარი,სიახლეები

ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაღებეს

12.06.2020 • 2470
ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაღებეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის კედელზე, სადაც ხშირად ნახავთ მხატვრობით გამოხატულ პროტესტს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, ახალი ინსტალაცია – Black Lives Matter [შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] გაჩნდა, თუმცა ინსტალაციის სლოგანი განთავსებიდან 2 საათში წაშალეს შავი საღებავით.

ინსტალაციის თავდაპირველი სახე

ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით. როგორც BIIMO-მ „ბათუმელებს“  უთხრა, ამ ინსტალაციების მიზანი მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა.

BIIMO მიიჩნევს, რომ რასიზმი არ არის მხოლოდ აშშ-ის პრობლემა და ის ყველგან გვხვდება, მათ შორის, საქართველოშიც.

„სამწუხაროდ საქართველოშიც გვაქვს რასიზმის და დისკრიმინაციის ფაქტები, რასაც, ვფიქრობ, სათანადო ყურადღება არ ეთმობა ან გადაფარულია სხვა თემებით.  მეც შევსწრებივარ რასიზმის შემთხვევებს საჯარო სივრცეში, კიდევ უფრო სამწუხაროდ – ახალგაზრდების მხრიდან.

ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ ინსტალაციის  განთავსებიდან 2 საათში წარწერა – Black Lives Matter შავი საღებავით გადაფარეს. იმედი მაქვს, რამდენიმე დღე მაინც გაჩერდება ეს წარწერა კედელზე, თუმცა სანამ ბათუმში ვიქნები, წარწერას განვაახლებ,“-გვითხრა BIIMO-მ.

წარწერა -Black Lives Matter, შავი საღებავით გადაფარეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ანონიმი ავტორი მიიჩნევს, რომ რასიზმის პრობლემაზე ღიად უნდა ვისაუბროთ.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია  ხელისუფლებამ ღიად დააფიქსიროს, რომ რასიზმი და დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით არის დაუშვებელი, აწარმოოს კამპანიები ცნობიერების ამაღლებისთვის და მოახდინოს ეფექტური რეაგირება სხვადასხვა ფაქტებზე“- ამბობს BIIMO.

აზრის გამოსახატად BIIMO ხშირად მიმართავს მულტიმედიურ საშუალებებს – ქანდაკებებს, სტრიტ არტს, კომპიუტერულ ხელოვნებას და მუსიკას.

____________________________

მასობრივი გამოსვლები აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სლოგანით – შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია/ Black Lives Matter-აფროამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს. დაკავებისას ოფიცერს მუხლი ჯორჯის ყელზე ჰქონდა მიბჯენილი. დაკავებული ჯორჯ ფლოიდი, რომელიც ძირს იწვა, ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა.

როგორც აუტოფსიამ დაადგინა, პოლიციის ოფიცრის დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელები ვინც ფლოდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის ბრალი წარედგინა.

ფლოიდის სიკვდილს რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა აშშ-ს 50-ივე შტატის ქალაქებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში.

ინსტალაცია  Black Lives Matter, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: