მთავარი,სიახლეები

ვისაც ჰგონია, რომ ტელეფონით გვარდება საქმე, ვერ გამომიყენებს – მუნიციპალური ინსპექციის უფროსი

20.06.2020 • 3692
ვისაც ჰგონია, რომ ტელეფონით გვარდება საქმე, ვერ გამომიყენებს – მუნიციპალური ინსპექციის უფროსი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის  უფროსი არჩილ კონცელიძე, რომელიც ბათუმის მერიის სტრუქტურაში პოლიციიდან მოვიდა, ამბობს, რომ მოახერხებს ბათუმში უკანონო აშენება, მიშენება, დაშენება გააკონტროლოს. ერთი მხრივ, მას აქვს ამბიცია, რომ ქალაქში ინსპექციის გავლენები გაიზარდოს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ უკანონო მშენებლობა შეიძლება კანონიერად იქცეს: ყოფილი პოლიციელის კონტროლის პირობებში მოახერხებს თუ ვერა გავლენიანი პირი ქალაქში უკანონო 8 სართულის აშენებას, რაც ბათუმში უკვე ორჯერ დაფიქსირდა? – ამ და სხვა კითხვებზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო არჩილ, დავიწყოთ იმით, თუ როგორ გახდით მუნიციპალური ინსპექციის უფროსი – მერმა შემოგთავაზათ ეს პოზიცია, თქვენ შესთავაზეთ საკუთარი კანდიდატურა, თუ ვინმე სხვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. 2014 წლიდან ხელვაჩაურის რაიონის ურეხის სამმართველოს განყოფილების უფროსის პოზიციაზე ვიყავი. 2019-ის ბოლოს შემომთავაზეს, რომ ქალაქს სჭირდებოდა ჩემი კანდიდატურა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის პოზიციაზე. ქალაქის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო გადმოვედი. თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ სამსახური დიდი იყო და საქმეც შრომატევადი. თუმცა, ჩემი წინა სამსახურიდან გამომდინარე რთულად მისაღწევი მიზნები ჩემთვის უცხო არ არის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ქალაქს ჩვენი კვალი დაეტყობა. დიახ, უშუალოდ მერისგან მივიღე შემოთავაზება.

  • როგორც პოლიციელი უფრო მეტ დარღვევას ხვდებოდით ყოველდღიურად თუ ახლა, როცა მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობთ?

სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რასთან მექნებოდა საქმე. პოლიციური თვალსაზრისით ინტენსიურად შევხვედრივარ პრობლემებს, თუმცა პოლიციაში სულ სხვა პრობლემებია, მუნიციპალურ ინსპექციაში – სულ სხვა. ზოგადად, პრობლემის სირთულეს მიჩვეული ვარ. ეს პრობლემა იქ 12-წლიანი მუშაობის პერიოდში შესწავლილი მქონდა, აქ კიდევ ნელ-ნელა ვსწავლობ და უკვე ვიცი, რომელ პრობლემას რა მხრივ უნდა ვებრძოლოთ. ყველაზე მთავარი რაც არის, გვერდში მიდგას გუნდი, ჩემი თანამშრომლები და დარწმუნებული ვარ, ერთად ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ, რაც ჩვენ წინაშე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დადგება.

  • მერმა თქვა, რომ უნდოდა პოლიციაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი მოეყვანა ინსპექციაში, რადგან ისინი დარღვევას პირდაპირ დანაშაულად აღიქვამენო. ჩვენ ვიცით, რომ ჩინოვნიკებს და მათთან დაკავშირებულ პირებსაც აქვთ სამშენებლო ბიზნესი. თქვენი მიდგომა ყველას მიმართ ერთგვაროვანი იქნება?

თქვენ  ნახეთ ვიდეო, სადაც მე ველაპარაკები მშენებელს, რომ თუ საკუთარი ძალებით არ მოშლის  უნებართვო მშენებლობას, მაშინ  ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება. შემდეგ დემონტაჟი მოხდა და შენობა ახლა პროექტთან შესაბამისობაშია. ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ნებისმიერ ადამიანთან, მიუხედავად მისი რანგისა, ზუსტად იგივე მიდგომა იქნება – კანონიერი, რა თქმა უნდა.

  • ანუ არ გვექნება შერჩევით მიდგომის მაგალითები?

ამ ექვსი თვის განმავლობაში გსმენიათ ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი მაგალითი, თუნდაც ჭორის დონეზე?

  • მაინტერესებს, მაგალითად, როგორ გადაწყდება შპს „ძმების სახლის“ უკანონოდ აშენებული 2 სართულის საკითხი, გქონდათ რეაგირება და ჩვენ არ ვიცით?

შპს „ძმების სახლის“ მიერ უნებართვოდ დადგმულ 2 სართულთან დაკავშირებით რეაგირება ყველა ეტაპზე გვქონდა. გამოტანილია დადგენილება მშენებლობის იძულებით შეჩერებაზე და მშენებლობა შეჩერებულია. ამის შემდეგ მივმართავთ აღსრულებას და განხორციელდება დემონტაჟი. ოღონდ ეს პროცედურები რა ვადებთან იქნება დაკავშირებული, ვერ გეტყვით.

  • უკვე შესწავლილი გექნებათ რა პრობლემები ახლავს აღსრულებას. ამ დრომდე მერიაში გვეუბნებოდნენ, რომ რეაგირება ჰქონდათ, მაგრამ შედეგი არ დგება. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ინიციატივა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? 

მე აღსრულების კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, რაც არ უნდა ინიციატივა ან სურვილი მქონდეს. ეს სულ სხვა სამსახურია… ჩვენ ნებისმიერი კუთხით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ შედეგი დაგვიდგეს, თუნდაც დროში გაწელილი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ – რას ვაკეთებთ კონკრეტულად? ახლა საუბარს მირჩევნია, რომ გავაკეთებთ, მერე ვისაუბროთ.

  • ყველაზე რთული რომელია იმ მიმართულებებიდან, რაც თქვენ გაბარიათ და რატომ?

მარტივი არც ერთი არ არის, თუმცა შედარებით რთული სამშენებლო მიმართულებაა. თქვენც ინტერვიუს განმავლობაში მხოლოდ ამაზე მესაუბრებით… თუმცა ჩვენთან იმდენად ძლიერი კადრებითაა დაკომპლექტებული სწორედ ეს მიმართულება, რომ არ გვიჭირს ქალაქის მასშტაბით კონტროლი.

2019 წლის 25 დეკემბერს დაარსდა ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია. ამ პერიოდში დაგვემთხვა ეს ვერაგი პანდემია – დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენი სამსახური მოწყვეტილი იყო თავის ძირითად ვალდებულებებს, გადასული ვიყავით საკოორდინაციო საბჭოს მითითებების შესრულებაზე. ამ ფონზე, სამშენებლო მიმართულებით უკვე 232 სამართალდარღვევაა გამოვლენილი, საიდანაც 60 დაჯარიმდა, 90-ის მიმართ საქმისწარმოება შეწყდა, ანუ გამოასწორეს სამართალდარღვევა – პროექტიდან გადახვევა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და ა.შ. ვფიქრობ, მარტივია ნებისმიერი მოქალაქისთვის ქალაქში შეამჩნიო, რა გააკეთა ინსპექციამ ამ ექვს თვეში.

მშენებლობებს თუ შეხედავთ, 90-95%-ს ვიზუალურად ეტყობა, რომ უსაფრთხოების ნორმები უკვე  მოწესრიგებული აქვთ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მე პირადად მახსოვს, რომ ეს სფერო სრულიად  დაუცველი იყო. დღეს იშვიათად ნახავთ შენობას, რომელსაც არ აქვს მოწესრიგებული უსაფრთხოების ნორმები. ვისაც არ აქვს, მათთანაც ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, ექვს თვეში, ამხელა ქალაქში, ძალიან რთულია ყველაფერი გააკეთო. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოს, ძირითადი ამოცანა – დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, 90%-ით ჩვენმა გუნდმა უკვე შეასრულა.

  • ვიცით შემთხვევები, როცა უკვე შემოწმებულ ობიექტზე მალევე გამოვლინდა ხარვეზები უსაფრთხოების მიმართულებით. მშენებლებს აქვთ განცდა, რომ სერიოზულად დაზარალდებიან ამ წესების დარღვევისთვის?

ეს იყო 2020 წლამდე, ამ 232 შემთხვევიდან ძირითადი ნაწილი უსაფრთხოების ზომების დარღვევა გვქონდა. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა მივეცით მშენებელს მითითება – დათქმულ ვადაში გამოასწორა ხარვეზი, მაგრამ რამდენიმე დღის მერე რომ ჩავიარეთ, ისევ იმ მდგომარეობაში იყო ობიექტი. მასალა, რითაც მოაწესრიგა უსაფრთხოების ნაწილი, თურმე ითხოვა ჯარიმის შიშით. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ, დავიწყეთ საქმის წარმოება და ამის შემდეგ თავისი სამშენებლო მასალით მოაწესრიგა ობიექტი. ჯარიმის ოდენობა, მოგეხსენებათ, გაიზარდა და 30 000 ლარია.

ჩვენთვის არ არის მთავარი, რამდენ ჯარიმას დავწერთ, მთავარია, განცდა გაჩნდეს მშენებლებში, რომ არ შეიძლება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობა. ამაზე მუნიციპალური ინსპექცია უმკაცრესად და სწრაფად რეაგირებს.

  • მოქალაქეებს კანონით გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა შენდება ჩვენს უბანში ან ქალაქში, რა მასშტაბის მშენებლობისთვის შემოიღობა ტერიტორია, ვინ აშენებს და რას. თუმცა, სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც აქვთ დიდი ბიუჯეტი, მასშტაბური პროექტები, ზოგჯერ საინფორმაციო დაფასაც კი არ აწესრიგებენ. ამაზე რას გვეტყვით?

აქამდე არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ გეუბნებით, 2020 წლის იანვრიდან როგორ არის და ამის შემდეგ, როგორ იქნება. თუ ვინმეს საინფორმაციო დაფა არ აქვს გამოკრული სამშენებლო მოედანზე…  მე მინდა აქვე, თქვენი საშუალებით ყველას ვთხოვო, უკვე არსებობს ცხელი ხაზი [0 800 000 810], არსებობს ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელში,  ნებისმიერი კომენტარი, მიმოწერა, ზარი ჩვენგან აღქმული იქნება, როგორც ქალაქის სიყვარული. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეგვატყობინოს დარღვევის შესახებ და თუ ჩვენ უსწრაფესი რეაგირება არ გვექნება, ამის შესახებაც დაწეროს, სადაც უნდა და როგორც უნდა. მიმართოს შესაბამის ინსტანციებს, რომ შევატყობინე და რეაგირება არ ჰქონდათო.

ბათუმის ტერიტორია დაყოფილია სექტორებად, ადმინისტრაციულ ერთეულებად. ერთი თანამშრომელი სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებიდან და ერთიც სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებიდან მიმაგრებული გვყავს კონკრეტულ სექტორზე. იმ სექტორში უსაფრთხოების ზომების დარღვევაზე თუ უნებართვო მშენებლობებზე ეს ორი ადამიანია პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, უნებართვო მშენებლობა დაფიქსირდება თუ უსაფრთხების ზომების დარღვევა, ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ მათ. ეს აძლიერებს თანამშრომლების პასუხისმგებლობას.

  • თუ თქვენთან მოქალაქეებისგან ან არასამთავრობო სექტორისგან, შემოვა შეტყობინება მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე, დაინტერესდებით ხომ არ არის რამე დარღვევა ან თუნდაც დანაშაულის ნიშნები?

ჩვენ ვაკონტროლებთ უნებართვო მშენებლობებს. ნებართვას გასცემს მერიის შესაბამისი სამსახური. აქედან გამომდინარე, მე არანაირი უფლება არ მაქვს… თუ მოსახლეობამ ეჭვის თვალით შეხედა ნებართვას, განცხადებით უნდა მიმართოს მერიას, შესაძლებელია სამართალდამცავ ორგანოებს. ამიტომ, ჩემი ჩართულობა იქ, სადაც ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული. როგორ ჩავერიო სხვის კომპეტენციაში? – ეს გამორიცხულია. ნებისმიერ მოქალაქეს თუ მოქალაქეთა  ჯგუფს აქვს ნებისმიერ ინსტანციაში განცხადებით მიმართვის უფლება, თუ რამეში ეჭვი შეეპარებათ.

  • აქამდე თუ გქონიათ ზარი ლოიალობის გამოჩენის თხოვნით კონკრეტულ დარღვევაზე?

ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დავასრულეთ და ხუმრობაზე გადავედით? – ახლა რომ გითხრათ არა-მეთქი, დამიჯერებთ? მე სანამ ამ სამსახურში გადმოვიდოდი, კარგად გავიაზრე, სად მოვდიოდი – ის, რომ ბათუმი პატარაა, ის, რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი „დახმარება“ დასჭირდება და ამისთვის მომმართავს… ეს პირდაპირ დამანგრეველი იქნება ჯერ არჩამოყალიბებული რეპუტაციისთვის, რომელიც  ჩვენს სამსახურს ძალიან სჭირდება. მცდელობა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ამ მცდელობას ხორცს შევასხამთ თუ არა, ეს იქნება მთავარი. ბათუმი ხომ ძალიან პატარაა, ყველგან ხმები ვრცელდება და გავრცელდება, რომ არაფერი არ გააკეთა რაც ვთხოვეო, ვერაფერში ვერ გამოიყენებო… ჩემი მიზანია ვერაფერში გამომიყენონ იმ ადამიანებმა, ვისაც ჰგონია, რომ ტელეფონით გვარდება საქმეები, სამაგიეროდ კვალი დაეტყოს ბათუმს და რეპუტაცია ამაღლდეს ახალშექმნილი სამსახურისა.

  • თუ ისეთი პრინციპული იქნება მუნიციპალური ინსპექციის შეფი, როგორზეც თქვენ ახლა საუბრობთ, შეიძლება  გავლენებით „მეორე კაცად“ იქცეთ ბათუმში, მერის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს თქვენი შედეგი ამ წლის ბოლოს?

ჩემი გავლენა არსად არასდროს არ გაიზრდება, გაიზრდება მუნიციპალური ინსპექციის გავლენა, როგორც სამსახურის. ამ ქალაქში არსებობს იერარქიები, რომლებსაც ვემორჩილებით ყველა. ამიტომ, მერამდენე კაცი უნდა იყო… მე მირჩევნია პირველი სამსახური იყოს მუნიციპალური ინსპექცია, იმის მიუხედავად, მე ვიქნები ხელმძღვანელი თუ არა. ძალიან კომპეტენტური და პატიოსანი კადრებით არის დაკომპლექტებული ჩვენი სამსახური – ეს 180 ადამიანი ქმნის ამინდს და არა ხელმძღვანელი.

  • როცა თქვენ ამას ამბობთ, გააზრებული გაქვთ ისიც, რომ ბათუმში უკანონოდ აშენებული 8 სართული [მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირება, თავის ნაწილში, ამოწურული ჰქონდა] უკვე რეესტრშია დარეგისტრირებული – ითვალისწინებთ ამას?

კი ბატონო, ვითვალისწინებ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ამ მშენებლობის დაწყებამდე ჰქონდა რეაგირება ზედამხედველობის სამსახურს – ძალიან ბევრი რეაგირება იყო ამ 8 სართულთან დაკავშირებით, მშენებლობის დასრულებამდე. უბრალოდ, არ ვიცი, რატომ და რანაირად, ჩემი კომპეტენცია არც არის, რომ დავიწყო მაგის გარკვევა. მე ვიცი, რომ 2020 წლამდე არაერთხელ მისწერა [საჯარო რეესტრს] როგორც ზედამხედველობის სამსახურმა, ასევე მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომ არ დაერეგისტრირებინათ უნებართვო მშენებლობა.

  • ამ შემთხვევაში არ გაქვთ განცდა, რომ ვერ გააკეთეთ ის, რაც გინდოდათ?

არა. ამასთან დაკავშირებით უკვე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იქედან გამომდინარე, რომ შენობა უნებართვოა და არ უნდა იდგეს იქ, დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო სამსახურები ზუსტად იმ შედეგს დადებენ, რაც სჭირდება ჩვენს სამსახურს, ქალაქის კეთილდღეობას და რაც მთავარია, რაც კანონიერი იქნება.

  • თქვენი აზრით, უკანონო მშენებლობა უნდა იყოს სისხლის სამართლით დასჯადი?

უკანონო მშენებლობა არ არსებობს. სამშენებლო სამართალის ტერმინია უნებართვო მშენებლობა. ნებისმიერი უნებართვო მშენებლობა შეიძლება გახდეს ნებართვიანი მშენებლობა თუ, რა თქმა უნდა, სამშენებლო რეგულაციებით მას ხელი არ ეშლება. ამიტომ, სამართალდამრღვევი მოსაკრებლის და ჯარიმის სახით იხდის თანხას და ამის შემდეგ, თუ სამშენებლო სამართალი ხელს არ შეუშლის, შეიძლება გახდეს ნებართვიანი. უფრო გრანდიოზული უნებართვო მშენებლობები სწორედ სამშენებლო სამართალის გავლენით ვეღარ იღებენ კოეფიციენტებს და ამიტომ უწევთ უნებართვოდ აშენება. რა თქმა უნდა, იქ, სადაც კანონი არ გვაძლევს საშუალებას, ნებართვას ვერავინ მოიპოვებს შესაბამის სამსახურებში.

  • უკან იხევთ ბატონო არჩილ?

უკან არსად არ ვიხევ, მაგრამ განსხვავება მინდა დავინახოთ – ადამიანს, რომელმაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა და, უბრალოდ, არ იცოდა, რომ ამას ნებართვა სჭირდებოდა, მოუწევს ჯარიმების გადახდა – პროექტს შეიტანს არქიტექტურის სამსახურში და ეს შენობა გახდება ნებართვიანი. მაგრამ, როცა მრავალსართულიანი ობიექტი შენდება, მიუხედავად დანიშნულებისა და მას უკვე მაქსიმალურად აქვს ათვისებული კოეფიციენტი, თუ უნებართვოდ დაადგამს სართულებს, აქ უკვე კანონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მშენებლობა გახდეს ნებართვიანი. იმას სხვა მიდგომა აქვს, ამას – სხვა.

  • მაინც უნდა გკითხოთ, გამორიცხავთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში მოახერხებს ვიღაც 8-სართულის უკანონოდ აშენებას?  

მაგ კონკრეტულ შემთხვევაზე, დაწყებული პირველი სართულიდან მერვე სართულის ჩათვლით, რამდენიმე ჯარიმაა გამოწერილი. ზედამხედველობის სამსახურს და არც მუნიციპალურ ინსპექციას, არ გვაქვს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია ყველა სამართალდარღვევაზე რეაგირება. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ჯარიმების გამოწერის ფონზე მშენებლობა გრძელდებოდა. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერია და ზედამხედველობა არაფერს აკეთებს. ჩვენ ვმუშაობთ რეპუტაციაზე, რომ მშენებელმა და მოქალაქემ, ბათუმის მკვიდრმა, თავს შთააგონოს, რომ არ გაუვა უნებართვო მშენებლობა. საკმაოდ გამარტივებულია ნებართვის მოპოვება, ამიტომ არავის სჭირდება ზედმეტი ჯარიმის გადახდა. მუნიციპალური ინსპექცია, როგორც სამსახური, უნებართვოდ აშენების უფლებას არ მისცემს. მიმართოს შესაბამის სამსახურს, აიღოს ნებართვა და მაგ შემთხვევაში ჩვენ, როგორც მუნიციპალური ინსპექციის სამსახური, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუ რამე შეგვეძლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: