ცხოველების ქომაგი ინგლისურის მასწავლებელი [ვიდეო]

თეონა ყურშუბაძე ინგლისურის მასწავლებელია ბათუმიდან. 21 წელია, რაც მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. თეონას ცხოვრება თანაბრად არის დაკავშირებული ბავშვებთან და ძაღლებთან.

„ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი და ცხოველებისადმი არის ერთნაირი. ერთნაირად მიყვარს ორივე – ბავშვებიც და ცხოველებიც. ბავშვებიც დაცვას და მზრუნველობას საჭიროებენ. ისევე, როგორც  ცხოველები“, – ამბობს თეონა.

დაახლოებით 200 მიუსაფარი ძაღლი და კატა ჰყავს გაჩუქებული. ცდილობს ქუჩაში ნაპოვნ ცხოველებს ოჯახები მოუძებნოს. მისთვის მიუსაფარი ცხოველების დახმარება ცხოვრების მთავარ გამოწვევად იქცა.

„გვარი მაქვს ყურშუბაძე. მთელი ცხოვრება სკოლაში ზედმეტსახელი მერქვა ყურშა. დღემდე ჩემი კლასელები და მასწავლებლები რომ მხვდებიან, არავინ სახელით არ მომმართავს – ყველა მეძახის ყურშას. ეს რაღაცა სიგნალივით მგონია და კოდირებული მგონია. რომ მივაღწიე 37-38 წელს, მივხვდი, რომ რაღაცას საჭიროებდნენ ჩემგან ოთხფეხა მიუსაფარი ცხოველები. მე მათ დასახმარებლად რაიმე უნდა გამეკეთებინა.

დედაჩემი სულ ამბობს, რომ ჩვენი გვარი იყო ცხოველთა მოყვარული. მამაჩემსაც ძალიან უყვარდა. მახსოვს პატარაობაში ერთი პატარა ლეკვი გვყავდა, მამაჩემი გიჟდებოდა. ასაკი რომ მომემატა და გავაცნობიერე, რომ დამოუკიდებლად შემიძლია რაღაცების გაკეთება, მერე  ამ ყველაფერს სერიოზულად მოვკიდე ხელი. თუმცა ისე, რომ არც რაიმე ორგანიზაციას წარმოვადგენ, არც არანაირ პროექტებში არ მაქვს მონაწილეობა მიღებული. მე, ჩემი მეგობრების დახმარებით [საკმაოდ ფართო წრე მყავს სამეგობრო და აღმოჩნდა ბევრია ცხოველთმოყვარული], თითო ლარობით და ხანდახან სოლიდური თანხითაც, წვლილი შეგვაქვს და რაღაცით მაინც ვეხმარებით მიუსაფარ ცხოველებს.

მე ვერ ვჩერდები, ვარ ჰიპერაქტიური ადამიანი, რომელმაც არ უნდა იფიქროს, უნდა იმოქმედოს. ამაში ეს გარე აქტივობები მეხმარება, რაც ქველმოქმედებას და მიუსაფარი ცხოველების დახმარებაში გამოიხატება.

თეონა ყურშუბაძე და ბათურა

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ფეისბუქზე შემთხვევით ვიპოვე პოსტი, რომ მერაბის და ინგას თავშესაფარს სჭირდება დახმარება. თავიდან თანხას ვრიცხავდი. მერე აღმოჩნდა, რომ საკვები იყო პრობლემა, მერე მედიკამენტების პრობლემა ჰქონდათ.

ჩემი ერთი მეგობარი მუშაობს საბავშვო ბაღში. იქ ყოველთვის რჩება საჭმელი – ნარჩენ საჭმელზე მაქვს საუბარი. მივედი, გამგეს დაველაპარაკე. ვთხოვე, თუ არის შესაძლებელი ნარჩენი, რომელიც ბავშვმა თეფშზე დატოვა, ნუ გადამისხამთ და შემინახეთ. რა თქმა უნდა, ამაზე დამთანხმდნენ და ამით  დაიწყო. ყველა დღე, პანდემიამდე, საღამოს ათ საათზე მივდიოდი ამ ბაღში. დიდ ქილებში გამზადებული მხვდებოდა საჭმელი, რომელსაც ვტოვებდი ერთ ადამიანთან და შემდეგ მერაბის მიჰქონდა თავისი თავშესაფრისთვის.

ცხოველების მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. მერაბის თავშესაფარში ძირითადად დაავადებული ცხოველები არიან. ქუჩაში რომ დაინახავს, მიჰყავს თავის თავშესაფარში და ქველმოქმედების მხარდაჭერით ცდილობს ამ ცხოველებს დაეხმაროს.

ეს იყო ჩემი პირველი აქტივობა. შემდეგ ფეისბუქში დაიდო პოსტი, რომ სანაპიროსთან, ბენზეს ტერიტორიაზე, ძაღლმა გააჩინა ცხრა ლეკვი და ცხრავე იყო ბიჭი. ძალიან შევწუხდი, ისეთი ლამაზი ლეკვები იყო, ვერ მოვითმინე, დავდე პოსტი და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს, მივხვდი, რომ შეიძლებოდა ამ გზით ცხოველებს დავხმარებოდი. მაშინ არ მქონდა საკუთარი გვერდი შექმნილი. ფაქტობრივად, აქედან დავიწყე ცხოველების გაჩუქებაზე ზრუნვა,“ – იხსენებს თეონა თავის პირველ ნაბიჯებს აქტივიზმში.

მას შემდეგ, რაც ფეისბუქის ძალა დაინახა, თეონამ  საკუთარი ჯგუფი შექმნა – „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“. ჯგუფში სამი ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. თეონა და მისი მეგობრები ამ ჯგუფის დახმარებით უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას მიუსაფარი ცხოველების შესახებ. ამ ჯგუფშივე აგროვებენ თანხას ცხოველების დასახმარებლად. თეონა ამბობს, რომ ყველა თეთრის დახარჯვის ანგარიშს აბარებს ჯგუფის წევრებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისთვის თანხას რიცხავენ.

პირველ ორ ძაღლს, რომელიც საზღვარგარეთ გააჩუქა, ზარა და ზარიფი ერქვათ. სუფთა სისხლის პოინტერის ჯიშის ძაღლები ქუჩაში იყვნენ. ახლა კი უკრაინაში, ლვოვში ცხოვრობენ. ლვოვში პირველი ზარა წავიდა, ზარიფი კი მოგვიანებით, პანდემიის დროს გაამგზავრეს. თეონა ამბობს, რომ ძაღლების გაჩუქებაში მისი მეგობარი ირინა ოვჩარენკო და თავშესაფრის ხელმძღვანელი დაეხმარნენ.

„ძაღლების გაჩუქების პროცესში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. „აიბოლიტის“ თანამშრომლები, აქეთ ირინა ოვჩარენკო და მე, კიევიდან ის გოგონები, რომლებმაც ძაღლის აყვანის სურვილი გამოთქვეს. ბათუმიდან გავამგზავრეთ თბილისში, სადაც დახვდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი, ბელა ჩიქოვანი. თბილისიდან გადაფრინდა კიევში, კიევიდან ლვოვში. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა – დრო და ხარჯი. მოწმდება საბუთები, ამიტომ ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი, რომ ძაღლი არ დაიბლოკოს. ეს არ ჯდება მცირე თანხა, მაგრამ ძაღლის აყვანის მსურველი ვინც არის, ის იხდის. ჩვენ ჩვენს დროს და ენერგიას ვდებთ იმაში, რომ ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვოს,“ – გვიხსნის თეონა.

სეტერი, რომელიც ფრენების განახლებას ელოდება

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჯგუფში დაიდო პოსტი ერთ სეტერზე, რომელიც იმყოფებოდა მახოს ხიდთან, ავტობუსის გაჩერებაზე. ერთი თვის განმავლობაში იყო ეს ძაღლი იმ ადგილას. როგორც ჩანს, იქ გადმოსვეს და იქედან არსად მიდიოდა.

პოსტი კი დავდე, მაგრამ ვდარდობდი. ძალიან დიდი ძაღლი იყო და ამას ვინ წაიყვანს-მეთქი. გაზრდილი ძაღლის გაჩუქება ძალიან რთულია, მაგრამ სეტერი რომ იყო, უფრო გულზე მომედო, სეტერის და პოინტერის ჯიშის ძაღლები კარგად ნადირობენ და ვიფიქრე, რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს. ეს პოსტი რომ დავდე, შემეხმიანა ერთი ქალი ამერიკიდან, რომელიც არის ძველი ბათუმელი და აქაურობის ყველაფერი იცის. მან მითხრა, რომ ჩემი პოსტი წაიღო, მეგობრებს გაუზიარა და დაინტერესდა ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ მუშაობს სეტერების გადარჩენაზე. ამ ორგანიზაციას სურს ეს სეტერი წაიყვანოს დიდ ბრიტანეთში. ეს რომ მომწერა, ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ამ სიხარულის მიღმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო – როგორ? რანაირად? კიევი შეიძლება აქვეა, მაგრამ დიდ ბრიტანეთში მახოდან როგორ გავაგზავნოთ ძაღლი, რომელიც უკვე დაახლოებით 5-6 წლისაა?

მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს ირინა ოვჩარენკოს. ის უფრო გათვიცნობიერებულია საბუთების მოწესრიგებაში. პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მოვძებნეთ დროებითი შემფარებელი, რომელთანაც სეტერი იქნება ბრიტანეთში გამგზავრებამდე. ორგანიზაცია ამ ადამიანს უხდის ძაღლის კვების და მოვლის ფულს. ძაღლი გადის ყველანაირ შემოწმებას. დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე მზად გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავუმზადოთ და თურქეთში გადავიდეს ძაღლი. იქ დახვდება სხვა ჯგუფი ცხოველთმოყვარულების და თურქეთიდან გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.

ჩვენ, ქართველებმა, რაც ვერ დავაფასეთ და გამოვაგდეთ გარეთ, სექტემბერში ეს ძაღლი აღმოჩნდება დიდ ბრიტანეთში, იპოვის ოჯახს და ცხოვრების ბოლომდე იქნება მათთან“.

პანდემია და ქუჩის ძაღლები

კორონავირუსის პანდემიამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა. ადამიანებზე არანაკლებ რთულ დღეში აღმოჩნდნენ მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც საკვების გარეშე დარჩნენ. თეონა იხსენებს, რომ კარანტინის დროს ფარნავაზ მეფის ქუჩიდან ლეონიძემდე ფეხით ჩადიოდა, ხელში საკვები პარკებით და ისე აჭმევდა ძაღლებს.

რატომ ხვდებიან ჯიშიანი ძაღლები ქუჩაში

„ბათუმის თავშესაფარში ძალიან ხშირად ხვდებიან ცხოველები, რომლებიც არიან სუფთა სისხლის, არ არიან არც მეტისები და არც ნაჯვარი. თავშესაფარი არ არის მუდმივი საცხოვრებელი. აქ უკეთდებათ კასტრაცია, სტერილიზაცია და შემდეგ ბრუნდებიან ქუჩაში. ჩვენ ვცდილობთ, როდესაც ჯიშიანი ძაღლი ხვდება თავშესაფარში, სანამ მისი თავშესაფარში ყოფნის ვადა ამოიწურება, მანამდე მოვუძებნოთ ახალი პატრონი. რატომ ხვდებიან თავშესაფარში? – თავიდან ყველას გვინდა ლეკვი. გავერთოთ და ვითამაშოთ. ლეკვს ტრადიციულად იყვანენ ერთი თვის ასაკში. ერთი თვის ლეკვი ვერასდროს გაჩვენებს როგორია –  წყნარია, მშვიდია თუ გადარეულია. როგორც კი ეს ძაღლი ხდება ორი თვის, იწყებს შპალერების ჩამოხევას, სკამის ფეხების დაღრღნას, რაღაცების გაფუჭებას, მოსაქმებას სახლში. რაც მთავარია გვინდა იმიტომ, რომ მოდაშია. ქუჩაში რომ გავალთ თავი მაღლა უნდა გვეჭიროს – აი, რა ჯიშიანი ძაღლი მყავს. გადავიხდით კოლოსალურ თანხას, ან განვადებით აგვყავს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც დრო გადის, ამ ძაღლს ასაკობრივი აღზრდა სჭირდება. აღმოჩნდება მერე – უი, სამ თვეში ერთხელ უნდა დავამუშაო ჭიაზე? უი, წელიწადში ერთხელ უკეთდება აცრები? ჰგონიათ, ერთხელ რომ გაუკეთებენ აცრას ორი თვის ასაკში, მორჩა, მერე არაფერი აღარ სჭირდებათ. აცრა ძაღლს ყოველ წელს სჭირდება. ყოველ სამ თვეში სჭირდება ჭიაზე და რწყილებზე დამუშავება. მოვლა უნდა. ზრუნვა უნდა ცხოველს, როდესაც აგყავს“.

თეონა და მარგარიტა

თეონას სახლში ერთი კატა ჰყავს. ქუჩიდან აყვანილი მარგარიტა.

„ერთ დღეს გავაღე კარი და ვხედავ დგას ჩემი შვილი გულზე მიხუტებული კნუტით ხელში. გოგოაო. ამიტომ დავარქვით მარგარიტა, მაგრამ რომ გახდა ოთხი თვის, აღმოჩნდა, რომ იყო ბიჭი. მე მარგარიტას ვეღარ ვეძახი, ჩემთვის ფისოა, დედაჩემი სიმბას ეძახის, ჩემი შვილი ისევ მარგარიტას და აი, ასეთი არეული სახელი ჰქვია,“ – ამბობს თეონა.

მარგარიტას გარდა, თეონას ერთი ძაღლი ჰყავს შეკედლებული – ბათურა. ფარნავაზ მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კუთხეში, შავი ლამაზი ძაღლი თუ შეგინიშნავთ, აი, ის არის სწორედ ბათურა. ძაღლს ქუჩის კუთხეში თავისი სახლიც აქვს. თეონა ამბობს, რომ ადამიანებმა, ძაღლებთან საერთო ენა უნდა გამონახონ, მეტი სიკეთე გამოიჩინონ მიუსაფარი ცხოველების მიმართ.

რამდენად რეალურია თურქეთის ნაცვლად კახეთში დასაქმება, რაც მინისტრმა თქვა 

საქართველოს მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ალტერნატივად კახეთის რეგიონში მუშაობას სთავაზობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მთავრობის შეთავაზებას არანაირი პროგრამის თუ პროექტის სახე არ აქვს და დასაქმების გარანტიას არ იძლევა. ხელისუფლებამ ადამიანებს უბრალოდ უთხრა, რომ კახეთში ამ ეტაპზე დამატებითი მუშახელი სჭირდებათ. მოქალაქეებმა კი, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ვეღარ გადადიან, სამუშაო, ამ შემთხვევაში კახეთში, თავად უნდა ეძებონ – დაეკონტაქტონ დამსაქმებლებს, ინდივიდუალურად გაარკვიონ მათთან სამუშაოს პირობები, ანაზღაურება და ა.შ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 21 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთში სეზონური დასაქმება შესაძლოა ჩანაცვლდეს საქართველოში, სოფლის მეურნეობაში შექმნილი სამუშაო ადგილებით: „ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთში მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება.“

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით აჭარიდან კახეთში ჩაყვანილი 50 კაციდან, ადგილზე სამუშაოდ მხოლოდ 30 დარჩა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გადაამოწმა. მორიგი „მობილიზაცია“ სამინისტროებს აღარ „გამოუცხადებიათ“.

„ჩვენს თავზე ამჯერად ორგანიზება და ამ ხალხის კახეთში, კერძოდ, გურჯაანში ტრანსპორტირება ავიღეთ. იქ, ვისაც პირობები მოეწონებოდა დარჩებოდა, ვისაც არ მოეწონებოდა, დაბრუნდებოდა უკან. აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სურვილი მხოლოდ ხულოსა და ქედაში გამოთქვეს. 50 ადამიანი წავიყვანეთ და უმეტესობა დარჩა სამუშაოდ, მოეწონათ პირობები, მაგრამ ზოგმა სიცხეა ძაანო, ვერ გავუძლებო… როგორაა იცით, შეიძლება რამდენიმე დღე იმუშაოს ადამიანმა და ორი დღე გაჩერდეს. ამ ორი დღის შემდეგ კი სხვამ წაიყვანოს, ზოგს ასეთი პირობა არ მოეწონა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მინისტრის თქმით, მაგალითად, გურჯაანში სამუშაოს პოვნის ასეთი სქემაა: „იქ არის დასაქმების ბირჟა ადგილზე, მიდიხარ, რეგისტრირდები და იქვე ელოდები სამუშაოს; შესაძლებელია ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართო და მიიღო ინფორმაცია, სად სჭირდებათ მუშახელი; ან არის კიდევ მესამე ვარიანტი – ძირითადად სამეგრელოდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩადიან, დგანან და ელოდებიან დამსაქმებელს, რომ სამუშაოდ აიყვანონ. ისეთი თემა არის, როგორც მაგალითად, ბათუმში ჩამოდიან და დგანან პუშკინის ქუჩაზე. ეს ადრეც ასე იყო კახეთში, მაგრამ ჩვენგან დიდად არ ინტერესდებოდნენ, რადგან თურქეთში დადიოდნენ სეზონურ სამუშაოზე“.

ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ახლა ატმის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა, მაგრამ მოდის ვაშლატამას, ქლიავის კრეფისა და შემდეგ რთველის სეზონი. ამ დროს გურჯაანში მკრეფავები, საწყობებში დამატებითი მუშახელი, სამაცივრეებში მტვირთავები და ა.შ. ყოველთვის სჭირდებათ. დამსაქმებლები კი ძირითადად კომპანიები არიან.

„პირობები  როგორია გეტყვი: ღამისთევა – საერთო ოთახებია [ცალკე ინდივიდუალური ოთახები არ არის] და ერთ ღამეში იხდი დაახლოებით 3 ლარს. თუ მოშორებით არის სამუშაო, 1 ლარი უჯდება გადაადგილება. ახლა რომ იყვნენ ჩასულები 35 ლარი შესთავაზეს ხელზე დღეში, 8- საათიან სამუშაოში, დამატებით ერთი საათი მუშაობა კი 5 ლარი ღირს. 9-10 საათის მუშაობაში გამოუდის 40-45 ლარი, კვებაც მათია და 10-საათიან სამუშაოში დღეში სადღაც 25 ლარი რჩებათ დღეში. იყო ისეთებიც, ვინც 60 ლარიც გამოიმუშავა დღეში. ეს არის უკვე კერძო პირობები, რასაც უშუალოდ დამსაქმებლებთან არკვევენ. მოეწონება მოეწონება, არ მოეწონება, სხვა დამსაქმებელს ნახავენ. ეს წლების განმავლობაში არის ასე, მიღებული პრაქტიკაა იქ. უბრალოდ, აჭარა ახლა ჩაერთო. სამუშაო არის. მთავარია, ვის, როგორ მოელაპარაკებიან“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

რაში გამოიხატება ადამიანების დასაქმებაში სამინისტროს ჩართულობა? სახელმწიფო უწყებების კოორდინირება? ვის უნდა დაუკავშირდეს, მაგალითად აჭარაში მცხოვრები, თუ მას აქვს სურვილი იმუშაოს კახეთში? – ამ კითხვებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავუკავშირდით.

„ყველა მსურველს, ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს ამ დასაქმებაში, უნდა მიმართოს თვითმმართველობის ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აჭარაში კი შეუძლიათ მიმართონ, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. როცა თვითმმართველობა უკავშირდება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, იქ ეუბნებიან, თუ სად არის საჭირო მუშახელი. მაგალითად სამეგრელოდან კახეთში 1000-ზე მეტი ადამიანია ჩასული, აჭარიდანაც არიან“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურში.

„ეს იყო პირველი ეტაპი. გვინდოდა ორგანიზებულად ჩაგვეყვანა ადამიანები და იქ ინდივიდუალურად მოელაპარაკებოდნენ დამსაქმებლებს. ვისაც პირობები მოეწონებოდა,  დარჩებოდნენ. შუახევიდან და ხელვაჩაურიდან არ წამოვიდა არავინ. კახეთში კი სჭირდებათ მუშახელი, მაგრამ ახლა ეს ჩვენთვის ურთულესი თემაა, ვინაიდან იქ, დამსაქმებლებთან, ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს. თან დამსაქმებელს შეიძლება დღეს სჭირდება მუშახელი, მაგრამ ხვალ არ დასჭირდეს. ის ხომ არ დაელოდება ვთქვათ, აჭარიდან როდის ჩავა მუშახელი. იქ ჩასულია, როგორც მითხრეს სამეგრელოდან დაახლოებით 2 ათას კაცამდე, გამოვა დამსაქმებელი, ნახავს ბირჟაზე და აიყვანს, ანუ იქ უნდა იყო რეალურად. ასე ორგანიზებულად ჩავიყვანოთ ხალხი, არ გამოვა. მაგალითად, მომავალში საერთოდ არ დასჭირდებათ ჩვენი დახმარება, ვინც ჩავიყვანეთ და არიან ახლა იქ. მოეწონებათ – მომავალში თავისით ჩავლენ… იციან უკვე, გაარკვევენ კონტაქტებს“, – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იმასაც ამბობს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აჭარაში მუნიციპალიტეტებს, სამინისტროსაც და კონტაქტებს მიაწვდიან, თუ ვის დაუკავშირდნენ კახეთში. ანუ მოქალაქეებმა მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან თავად უნდა აწარმოონ და თავისი ხარჯებით ჩავიდნენ კახეთში,

„თუ ჩვენ გვეტყვიან, რომ სჭირდებათ გარკვეული მუშახელი და იქნება ბევრზე მოთხოვნა, გავუკეთებთ ორგანიზებას ტრანსპორტირებას, მაგრამ, შემდგომ რა ხდება იცით? – ზოგს ერთი კვირა მუშაობა აწყობს და შემდეგ წამოსვლა, რაც არ აწყობს დამსაქმებელს, ეს ინდივიდუალური მოლაპარაკების თემებია, რაშიც ჩვენ ვეღარ ჩავერევით“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

მაშინ, როცა მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ერთჯერადად [300 ლარის ოდენობით] კომპენსაციას სთავაზობს და ურჩევს სეზონურ სამუშაოებზე საქართველოში დასაქმდნენ, ბათუმსა და სარფში აქციები საზღვრის გახსნის მოთხოვნით იმართება. აქციის მონაწილეები საზღვრის გახსნამდე კომპენსაციასაც ითხოვენ.

მთავარი ფოტო: ქალების საპროტესტო აქცია თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით

ამ თემაზე:

ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

 

მთავარი ფოტო: თურქეთში დასაქმებულთა აქცია სარფში / 1.07.2020 / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

„ვამბობდი, რომ სპორტსკოლა არ დაინგრეოდა“ – შეწყვეტილი ინტერვიუ მუხრან ვახტანგაძესთან

პარლამენტში მუშაობის ოთხი წლისთავზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად, რასაც მან ხელი მოაწერა. დეპუტატს ვკითხეთ, კანონის მიღების მიუხედავად, რატომ უარესდება სპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქში, ან რატომ ვერ შესრულდა მისი დაპირება, როცა თქვა, რომ ბათუმში სპორტსკოლა არ დაინგრეოდა.

„ბათუმელები“ მუხრან ვახტანგაძეს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში დეპუტატმა გვითხრა, რომ ჩვენი ხმა აღარ ესმოდა. სატელეფონო ინტერვიუს შეწყვეტის შემდეგ ჩვენ მასთან დაკავშირება ხელახლა რამდენჯერმე ვცადეთ და მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე შევთავაზეთ ინტერვიუს გაგრძელება სოციალური ქსელის ვიდეო ზარით, თუმცა მან მოგვწერა, რომ სოფელშია და ინტერნეტს უჭირს. ამ პასუხის შემდეგ მან ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

ინტერვიუ ბოლომდე რომ შემდგარიყო, მას აუცილებლად ვკითხავდი ინტერნეტის პრობლემაზეც სოფლად, რის დაპირებასაც ხელისუფლება წლებია და მუდმივად გასცემს, ათასობით ბავშვი კი განათლების ხელმისაწვდომობის მიღმა რჩება…

  • ბატონო მუხრან, რას გამოარჩევდით თქვენი საქმიანობიდან – 4 წელია თქვენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ პარლამენტში. 

გამორჩევით ვერაფერს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი – ჩემთან მოსული კაცი ჩემი ოლქის, თუ სხვა ოლქის წარმომადგენელი, არც ერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ დამიტოვებია… ჩემი მიზანი იყო, რომ მწვრთნელებისთვის პედაგოგის სტატუსი მიგვენიჭებია, არაერთხელ გვქონდა შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით. ქალბატონი მარიამ ჯაშიც კი ჩართული იყო, ყველაფერი გავაკეთეთ მაგისთვის, მაგრამ მწვრთნელის პედაგოგის სტატუსის მინიჭება განათლებასთან შესაბამისობაში ვერ მოვიდა. ეს არის ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი, რის გაკეთებაც ვერ შევძელი.

  • რა შეძელით, მაგალითად, სპორტის მიმართულებით? თქვენ სპორტსმენი ხართ და ამომრჩეველს ალბათ ამ მიმართულებით ჰქონდა განსაკუთრებული მოლოდინი. 

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, საერთოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა რა კანონპროექტებიც წარმოადგინა, ნებისმიერ კანონპროექტში ვიმუშავე, რაზეა საუბარი.

  • რომელი იყო ისეთი, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა სპორტული ცხოვრება, ან სპორტის კონკრეტული მიმართულება განავითარა? 

ნებისმიერი კანონპროექტი, რაც სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტმა წარმოადგინა, აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ მე გამოვყოფდი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, რომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

  • თქვენი მოვალეობა იყო მთავრობის კონტროლიც. თქვენი ინფორმაციით, რამ შეუშალა ხელი იმას, რომ იგივე მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობის კუთხით რამე გაუმჯობესებულიყო? მაგალითად, ბათუმში წლების წინ მოწყობილი ველოპარკი, დღეს საერთოდ აღარ მუშაობს. 

აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაში არაა. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სპორტი იყოს უმაღლეს დონეზე განვითარებული, აბსოლუტურად ყველაფერს… რომელი ერთი დაგისახელოთ აბა? – სტადიონი, სპორტის სასახლე, ბათუმი რომ სპორტის მექაა, ამაზე, მგონი, ორი აზრი არ არსებობს.

  • გაიგებდით, რომ ბათუმის სპორტსკოლა იშლება – ის აუქციონზე გაყიდეს. თქვენ ამბობდით, რომ არ დაინგრეოდა სპორტსკოლა…

მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ სპორტსკოლა ვერ დაინგრევა, სანამ სპორტის ყველა სახეობა არ იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალურ დონეზე. გაცილებით უკეთეს პირობებში ივარჯიშებენ ჩვენი სპორტსმენები. ვერც ერთი სპორტის სახეობა გარეთ ვერ დარჩება. პირიქით, ათჯერ უკეთესი პირობები ექნება ყველას. არ დაინგრევა მანამ, სანამ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი. მე ვიქნები ამ ყველაფრის წინამძღოლი, თუ იქნება ეს საჭირო. არა მგონია, რომ ეს საჭირო გახდება. მე, როგორც ვიცი, ხელშეკრულებაში უდევთ ეგ, რომ არ დაინგრევა სპორტსკოლა, სანამ არ იქნება სპორტის ნებისმიერი სახეობა დაკმაყოფილებული…

973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია – კლინიკაში 10 პაციენტი რჩება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან არცერთც არ აქვს სიცხე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ დაუფიქსირდა ორ პაციენტს ტემპერატურა, რის გამოც გაუკეთდათ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ანთებითი პროცესი არ აღმოჩნდა, მათ სიმპტომური მკურნალობა დაენიშნათ და დღეს აღარ აქვთ სიცხე. რამდენიმე დღეში პაციენტებს განმეორებით ჩაუტარდება PCR ტესტირება, რის შემდეგაც გვეცოდინება გამოჯანმრთელების მაჩვენებელი,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ.

დღეს, 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 2 სამედიცინო პერსონალია.

25 ივლისისთვის საქართველოში კოვიდ 19 ინფიცირების სულ 1117 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 917 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა – 16.

შსს: ოზურგეთში ქალი დაჭრეს და დააყაჩაღეს

ოზურგეთში სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ყაჩაღობის დროს გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

შემთხვევა გუშინ, 24 ივლისს მოხდა. ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოძიების ვერსიით ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გუშინვე ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში დააკავეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მ.ლ.-ს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1-ელ აგვისტომდე შეუძლიათ

როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე [31 ივლისის ჩათვლით] აქვთ. საქართველოში თვითდასაქმებულების რეგისტრაციის ბოლო ვადა 1-ლი ივლისი, საზღვარგარეთ დასაქმებულთათვის კი – 15 ივლისი იყო.

რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე რომ გაგრძელდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს განაცხადა, თუმცა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 24 ივლისს გამოქვეყნდა და ამავე დღეს ამოქმედდა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ის 2020 წლის 15 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

კომპენსაციის [300 ლარი] მიღების უფლება აქვს საზღვარგარეთ თვითდასაქმებულს, რომელსაც 2019 წელს უფიქსირდება საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.

პირველ აგვისტომდე გაუგრძელდათ ასევე რეგისტრაციის ვადა „ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან“.

ასევე, 2020 წლის 1 აგვისტომდე, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირებულ პირებს არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალებაც ექნებათ.

მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს მთავრობის წინაშე და მას საბოლოო ანგარიშს წარუდგენს.

რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე.

იმ მოქალაქეებმა კი, რომლებთაც რეგისტრაციასთან ან კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ, უნდა დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, ან დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოს, ელექტრონული ფოსტის საშუალებთ: infosesa@moh.gov.ge

როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე  

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით: 

  • 2020 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული.
  • მათგან 121 520 პირმა უკვე მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი.
  • რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს.

ამ თემაზე:

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ

საქართველოში პანდემიამდე წელიწადში დაახლოებით 261, 324 ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი იყიდებოდა. პანდემიის პირობებში თერმომეტრის მოხმარების მაჩვენებელი, ცხადია, გაიზარდა. ხელმისაწვდომი ფასის გამო საქართველოში უმეტესად შუშის თერმომეტრს მოიხმარენ, რომელშიც სახიფათო ნივთიერება ვერცხლისწყალია მოთავსებული. ასეთი თერმომეტრები ადვილად იმსხვრევა და ვერცხლისწყალიც ღია სივრცეში იფრქვევა.

ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი გაგიტყდათ, როგორ უნდა შევაგროვოთ უსაფრთხოდ ვერცხლისწყალი და არსებობს თუ არა სახელმწიფოში ასეთი სახიფათო ნარჩენების უტილიზაციის წესი.

ვერცხლისწყალი ჩვეულებრივ პირობებშიც კი, მუდმივად ორთქლდება. სწორედ ეს ორთქლია მომწამვლელი. ორთქლი დღის შუქზე უხილავია. განსაკუთრებით ინტენსიურია აორთქლება, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია. სწორედ ამ ორთქლის შესუნთქვამ შესაძლოა მოწამლოს ადამიანი – დააზიანოს ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმლები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ყველაზე ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

იმის მიუხედავად, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ მინამატას კონვენციას, რომელიც ჯერ რატიფიცირებული არ არის, მოქალაქეებს ვერცხლისწყლის უსაფრთხოდ უტილიზაცია არსად შეუძლიათ. ეს კონვენცია მოითხოვს ვერცხლისწყლის, როგორც პროდუქტის, ასევე ნარჩენის რეგულირებას.

“მინამატას კონვენციის ხელმოწერით საქართველომ დაადასტურა ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის დასანერგად საჭირო ღონისძიებების გატარების სურვილი. თუმცა, ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიცირებამდე, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება”, – ვკითხულობთ გარემოს დაცვის სამინისტროს 2017-2021 წლის პროგრამაში. კონვენციას საქართველო ხელი 2017 წელს მიუერთდა, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული სისტემა, რომლის შედეგადაც მოქალაქეები გატეხილი თერმომეტრებიდან დაღვრილ ვერცხლისწყალს არა უბრალო ნაგავსაყრელზე, არამედ სპეციალურ შემგროვებელ პუნქტში, გარემოსთვის უსაფრთხო წესით მოათავსებენ.

“ვერცხლის წყალი მიეკუთვნება სახიფათო ტოქსიკურ ნარჩენებს. რა თქმა უნდა, მუნიციპალურ დეტონატორზე და ნაგავსაყრელზე მისი განთავსება არის ყოვლად დაუშვებელი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სისტემა არ არის აწყობილი, შეიძლება ვერცხლისწყალი 1100 ლიტრიან მუნიციპალურ კონტეინერში მოხვდეს. ამას ვერავინ გააკონტროლებ”, – ამბობს გარემოსდაცვითი მმართველი კახა გუჩმანიძე.

“მისი ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემდეგ, ის იჟონება ნიადაგში, რაც აბინძურებს გარემოს, ბინძურდება შიდა წყლები. ერთი თერმომეტრით კატასტროფა არ მოხდება, მაგრამ საზიანოა. როცა გროვდება დეტონირებული სხვადასხვა ნარჩენი, შემდეგ მიდის ე.წ. წვის, ანუ ჟანგვის პროცესი, ამ პროცესში გამოიყოფა მეთანი და სხვა მავნე ნაერთები… რა თქმა უნდა, დაბინძურებული ნიადაგი, შიდა წყლები და შემდეგ ჰაერი ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება”.

კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ ასეთი სახიფათო ტიპის ნარჩენების გაუვნებელყოფისთვის, წესით სპეციალური პუნქტები უნდა არსებობდეს, სადაც მოქალაქეები მიიტანენ ნარჩენებს. ეს პასუხისმგებლობა შეუძლია აიღოს სანდასუფთავების სამსახურმაც. “ჩვენთან ასეთი პუნქტები არ არსებობს, მოქალაქეს თუ უნდა, რომ უსაფრთხოდ მოიშოროს ასეთი ნარჩენი, სპეციალურ ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდეს, მაგრამ ასეთი მცირე ნარჩენისთვის, საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს”, – ამბობს ის.

ბათუმის სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება/უტილიზაციას ახორციელებენ, მაგრამ მოსახლეობიდან ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვება მათი ვალდებულება არ არის, პასუხი არც 112-ზე აქვთ. სპეციალისტებმა იმ ორგანიზაციებთან გადაგვამისამართეს, რომლებიც სახიფათო ნარჩენების გატანასა და მათ უსაფრთხო უტილიზაციაზე მუშაობენ.

ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა ეკომედი, სადაც გვითხრეს, რომ მათი კონტრაქტორები ძირითადად არიან ორგანიზაციები, რომელთაც მუშაობის პროცესში ვერცხლისწყლისშემცველი და სხვა სახიფათო ტიპის ნარჩენები წარმოექმნებათ. ეკომედის დირექტორის, კახაბერ ხუბუას თქმით, სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის საწვავი და შემდეგ მათი უტილიზაცია ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ერთეულ მოქალაქეებთან მისვლა არ იქნება ხარჯეფექტური. ამ ტიპის ნარჩენების ტრანსპორტირება და უტილიზაცია, ზოგჯერ კილოგრამობით ითვლება, ზოგჯერ ცალობით. მაგალითად, კილოგრამის განადგურების ფასი 15-22 ლარია, ცალობით 1.80-2.20 ლარი. “პირობითად, 10 თერმომეტრი რომ მოგროვდეს, ეს საწვავის ხარჯსაც ვერ დაფარავს”, – ამბობს კახაბერ ხუბუა. მისივე აზრით, საამისოდ საჭიროა ამ ტიპის ნარჩენების შეგროვების უფრო მასშტაბური ორგანიზება, მაგალითად მუნიციპალურ დონეზე.

“2014 წელს საქართველოში სულ 4,200 კგ. Hg/წ ვერცხლისწყალი გამოიყო. ყველაზე მაღალი რაოდენობის ვერცხლისწყალი (1,898 კგ. Hg/წ ყველა გარემოსდაცვით კომპონენტში) ლითონის პირველადი წარმოების შედეგად გამოიყო (ინდუსტრიული ოქროს მოპოვებისა და თუჯის წარმოების ჩათვლით). ვერცხლისწყლის გამოყოფის მთავარი წყაროა ასევე ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების მოხმარება და განკარგვა. მათი საერთო რაოდენობაა 1,165 კგ. Hg/წ, სადაც ყველაზე დიდი ინდივიდუალური წილი ამომრთველებსა და თერმომეტრებზე მოდის“, – მინამატას პირველადი შეფასების ანგარიში [2017].

მინამატას პირველადი შეფასების ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2017 წლის მონაცემებით, წყალში მოხვედრილი ვერცხლისწყლის საერთო რაოდენობა დაახლოებით არის 240 კგ. Hg/წ, რისი მთავარი წყაროც ჩამდინარე წყლის სისტემა/გაწმენდა, ასევე ვერცხლისწყლის შემცველი ისეთი პროდუქტების მოხმარება და განკარგვაა, როგორიცაა თერმომეტრები, ლაბორატორიული, ქიმიური ნივთიერებები და საზომი აპარატები. ვერცხლისწყლის წყალში ჩადინების მნიშვნელოვანი წყაროა სპონტანური ნაგავსაყრელებიც – განსაკუთრებით ციცაბო ფერდობებსა და სოფლებში, სადაც ნარჩენების შეგროვების ოფიციალური სისტემა ან არასრულფასოვანია, ან საერთოდ არ არსებობს.

ვერცხლისწყლის ორთქლით მწვავე მოწამვლა ვლინდება მოწამვლიდან რამდენიმე საათში. მისი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი ყლაპვის დროს, პირღებინება, ფაღარათი, მეტალური გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი. ამასთან ვლინდება სხეულის კანკალი, შესაძლებელია ხველა და ქოშინი. ვერცხლისწყლით მოწამვლის შემთხვევაში დაზარალებული, პირველ რიგში, უნდა გაიყვანონ შენობიდან სუფთა ჰაერზე. ვერცხლისწყლის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი და ხანგრძლივი კუჭის ამორეცხვა.

კატეგორიულად არ შეიძლება: ვერცხლისწყლის ბურთულების შესაგროვებლად მტვერსასრუტისა და ცოცხის გამოყენება; ვერცხლისწყლის საკანალიზაციო მილში ჩაშვება ან სანაგვეში გადაგდება; ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეკომენდაციები, როგორ მოვიქცეთ თუ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გატყდა:

  • ოთახში უნდა გაიღოს ყველა გარეთ გამავალი ფანჯარა და კარი და განიავდეს ოთახი;
  • ოთახიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს ყველა, განსაკუთრებით – ბავშვები;
  • გამოირთოს გათბობისა და კონდიცირების სისტემები

ვერცხლისწყლის წვეთები უნდა მოაგროვოთ და შეინახოთ უსაფრთხოდ. სანამ ვერცხლისწყლის შეგროვებას დაიწყებთ, მოამზადეთ შუშის ქილა ჰერმეტული სახურავით და აავსეთ წყლით. ამ ქილაში უნდა შეგროვდეს ვერცხლისწყალი და თერმომეტრის ნამსხვრევები.

შეგროვებისას სასუნთქი ორგანოები დაიცავით სველი ნიღბით, ხელები – რეინის ხელთათმანებით.

ვერცხლისწყლის ბურთულები უნდა შეაგროვოთ წებოვანი ლენტით, ქაღალდით ან მუყაოთი. დასველებული ბამბის ტამპონით, პატარა ნაწილაკები შეიძლება შევაგროვოთ სამედიცინო შპრიცით ან პიპეტით. მას შემდეგ, რაც ვერცხლისწყალს მთლიანად შეაგროვებთ, ადგილი, სადაც იგი დაიღვარა, უნდა მოიწმინდოს სველი ტილოთი. იატაკი უნდა დამუშავდეს რამდენჯერმე. შეკრებილი ვერცხლისწყალი, ტილოები, ხელთათმანები, დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩააწყვეთ პარკში და თავი ჰერმეტულად მოუკარით. ოთახი, სადაც ვერცხლისწყალი დაიღვარა, სულ მცირე 24 საათის განმავლობაშ უნდა განიავდეს.

“შვილების გადასარჩენად” – აქცია ევროპის მოედანზე

“მკვლელი სისტემა”, “ნუ მომკლავ” – ამ და სხვა ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე იმართება. აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის”. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებენ კრიმინალური შემთხვევების გახშირებას და თვლიან, რომ ხელისუფლების მუშაობა კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტურია.

“ეს არის სოლიდარობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც არის ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი, უსამართლობის და გახშირებული კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლი… ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მაღალკვალიფიციური კადრებით საგამოძიებო ორგანოების და სამართალდამცავი სტრუქტურების დაკომპლექტება, არ უზრუნველყო სამართლიანობის განცდის გაძლიერება,” – გვითხრა თამარ ბუთირიშვილმა. ის “ლელოს” ბათუმის ქალთა საბჭოს კურატორია.

“ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი, ყველაფერი კარგად ჩანს… ასე გამოდის, ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტები აკეთებენ გამოძიებას,” – გვითხრა ნონა ხაზარაძემ.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს.

აქციაზე გააპროტესტეს უგზო-უკვლოდ დაკარგულების მაჩვენებელიც.

ნუ მომკლავ – აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს

___

წელს საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, 20 პირს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა ახალი სტადიონი დაათვალიერეს

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ბათუმის დინამოს ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ვუმასპინძლეთ.

სტუმრებს მინდვრის საფარი, გასახდელები, საშხაპეები და სხვა დასრულებული სამშენებელო სამუშაოები დავათვალიერებინეთ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაში დამატებით თურქი სპეციალისტები ჩაერთნენ – დეპარტამენტი

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოში თურქეთის  საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, შემოვლითი გზის პროექტის განმახორციელებელმა თურქულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხების დაცვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრა.

საქართველოს საზღვარზე PCR ტესტის გავლის შემდეგ, თურქულმა კომპანიამ უზრუნველყო თავის სპეციალურ საკარანტინო ზონაში გადაყვანა. 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, თურქმა სპეციალისტებმა განმეორებით გაიარეს ტესტირება და ექიმის დასკვნის საფუძველზე პროექტებზე მუშაობას შეუდგნენ“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში  საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის  ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი  რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან  ჩამოყვანა. ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად,  დამატებითი თანამშრომლები საქართველოში მოქმედი ყველა აუცილებელი წესის დაცვით ჩამოვიდნენ“.

ამ თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ვადა გადაიწევს 

 

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი მრავლობითი მოტეხილობით კლინიკებში გადაიყვანეს

ბათუმში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებული სამი მოქალაქე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი კი  -კლინიკა „ბრაზერში“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 14, 15 და 17 წლის მოზარდებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს ღია ჭრილობა აღენიშნება.

ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა.

 

სილქ როუდ ჯგუფის განცხადება უცხოელი ბიზნესპარტნიორების ვიზიტთან დაკავშირებით

კომპანია სილქ როუდ ჯგუფის პარტნიორი, ყაზახი ინვესტორი ბატონი ერკინ ტატიშევირომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში ჩვენი ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო  პროექტის, ბათუმისსილქ თაუერის“, შესახებ შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. ბატონი ტატიშევის ვიზიტი შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი ვიზიტების დაშვებას ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით

ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ რეგლამენტირებული ყველა შესაბამისი წესის და პროცედურის დაცვით, რაც გაწერილია მთავრობის დადგენილებით.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, სათანადო ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

უცხოელი ვიზიტორები ჩამოფრინდნენ ჩარტერული რეისით და შესაბამისი პროცედურის თანახმად, თითოეულ მათგანს ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი (საკუთარი ხარჯებით). სანამ ტესტის შედეგები ცნობილი გახდებოდა, მთელი ჯგუფი მოთავსებული იყო საკარანტინო სივრცეში. მათ სასტუმროში გადაინაცვლეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ლაბორატორიული კვლევით ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. ამას გარდა, პროცედურა ითვალისწინებს თითოეული მათგანის საკუთარი სახსრებით PCR ტესტირებას ყოველ 72 საათში, რაც ასევე მკაცრად არის დაცული.

შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა 

ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. „ახლა მივედით ადგილზე“, – გვითხრეს უწყებაში.

განახლება

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ავარია ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე

უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს

უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას  უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია  ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ: თორნიკე მჟავანაძეს, რამაზ გოლომანიძეს და ზურაბ გოლიაძეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ორ-ორი კანდიდატურა, სულ ექვსი პირი წარადგინა, რომლებიც კონკურსის წესით შეარჩიეს.

ირაკლი გვარჯალაძე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობდა, მარიამ გუგუნავა უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მეუღლე.

უსკოს წევრი გახდა ნოდარ მელაძეც. იგი აქამდე ხულოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე იყო. ნოდარ მელაძე პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის შვილის მამამთილია.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასი თვეში 3300 ლარია, თუმცა იმ წელს, როცა არჩევნები ტარდება, ეს ხელფასი ორმაგდება. უსკოს თავმჯდომარის ხელფასი 5 ათასი ლარია, მოადგილის – 4 ათასი.

დაბალი ფასები და ხარისხიანი პროდუქტი – ფარნავაზ მეფის N139-ში მარკეტი „ფარფური“ გაიხსნა

ახალი, რიგით მეორე მარკეტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის 139 ნომერში მდებარეობს. „ფარფური“ მომხმარებელს თავს პროდუქციის ხარისხითა და დაბალი ფასებით ამახსოვრებს.

მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ ხილი და ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები და ყველაფერი, რაც მარკეტზე ფიქრისას თავში გაგიელვებთ. 

„ფარფურის“ მარკეტები იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ღარიბებს პურს უფასოდ აძლევენ. საყოველთაო იზოლაციის დროს, მარკეტებმა 70 ათასამდე პური გასცეს. 

თუმცა, ეს არაა ერთადერთი სოციალური პასუხისმგებლობის აქტი, რომელსაც კომპანია „ფარფური“ დამფუძნებლის, მერაბ ფარტენაძის ინიციატივით ეწევა.

[checklist]

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კარანტინის პერიოდში, დაკეტილი სოფლების მოსახლეობას 3000 ცალი პური უფასოდ დაურიგდა
  • 2000 ცალი პური, გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული გადასცეს საჩუქრად „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობას
  • 35 სასაჩუქრე კალათა გადაეცა მერიას, შეჭირვებული მოსახლეობისთვის დასარიგებლად
  • მოსახლეობისთვის დასარიგებლად 30 სასაჩუქრე კალათა გადაეცა აეროპორტის დასახლების მერიის სტრუქტურულ ერთეულს
  • 45 შშმ ბავშვს გადაეცა სასაჩუქრე პროდუქტისა და ტკბილეულის კალათები
  • აეროპორტის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას კომპანია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ეხმარება პროდუქტით, გამაგრილებელი სასმელებით და სხვა.

[/checklist]

„პანდემიის პირობებში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე კომპანია მოგებას არ არიცხავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ, ასაღებ ფასად ვყიდით. მოსახლეობას პირადად ვპირდები, რომ ფასები არც გაიზრდება“  – ამბობს მერაბ ფარტენაძე, „ფარფურის“დამფუძნებელი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მაღაზია ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიხსნება. ქსელი გაფართოებას გააგრძელებს ბათუმშიც:

„ჩვენი მომხმარებელი პროდუქციის ხარისხითა და ფასებით კმაყოფილია. მაღაზიების გახსნამდე კარგი საწყობი გავაკეთეთ, სადაც პროდუქცია სათანადო პირობებში ინახება. სურსათის უვნებლობის სააგენტომ რამდენჯერმე შეგვამოწმა და შენიშვნა ან მითითება არ ჰქონიათ“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

მერაბ ფარტენაზე (შუაში) მეგობრებთან ერთად.
მერაბ ფარტენაძე (შუაში) მეგობრებთან ერთად.

„ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მაღაზიაში ახალი და ჯანსაღი პროდუქციაა, ხოლო ფასები – დაბალი. მფლობელსაც ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ ფასები არ გაიზარდოს,“ – ამბობს მოქალაქე რუსუდან თავბერიძე, რომელმაც გახსნისთანავე გადაამოწმა მარკეტში არსებული ფასები.

კომპანიის დირექტორის, დავით ბუქიძის თქმით, „ფარფური“ მუდმივად ზრუნავს სურსათის უვნებლობასა და ხარისხის კონტროლზე:

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს. ამჟამად მარკეტებში 75 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომლებად ავიყვანეთ მუშაობით დაინტერესებული ადამიანები განურჩევლად ასაკისა და სქესისა და შანსი მივეცით გამხდარიყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. მათი დიდი ნაწილი სტუდენტია და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სწავლისა და მუშაობის შეთავსებაში. თავდაპირველად გვაქვს მოკლევადიანი სტაჟირება, რომელიც ასევე ანაზღაურებადია,“- ამბობს დავით ბუქიძე.

„ფარფურის“ რიგით პირველი ფილიალი ბათუმში, აეროპორტის გაზატკეცილზე N228-ში მდებარეობს.

გვეწვიეთ და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენთან ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია!


როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26-27 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

იპოვეს 15 წლის მოზარდი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ

15 წლის მოზარდი ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თბილისში ცოცხალი იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

15 წლის მოზარდი გუშინ ღამე იპოვეს. მანამდე მოზარდის მამამ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ შვილის გაუჩინარების შესახებ მოზარდის დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთხმად ცნო დამნაშავედ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მკვლელობის ადგილზე და დანაშაულის იარაღზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური და დაქტილოსკოპიური კვალი.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი

covid 19-ით ინფიცირება ბათუმში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის თურქი მძღოლია. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის, ხოლო ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი.

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 596 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

დღეს, 24 ივლისს, კორონავირუსი საქართველოში კიდევ 19 პირს დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში არის 1104, გარდაიცვალა – 16, გამოჯანმრთელდა – 912.

8 ახალი შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა ერთი პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი 19 შემთხვევიდან 8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 შემთხვევა უკავშირდება გაჩიანის კლასტერს, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია. ასევე, ინფიცირებულია ერთი სამედიცინო პერსონალი, სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო კი ჯერ უცნობია.

დღეის მონაცემებით, 214 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.

სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა – 912, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.

საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დღეს საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

ვინ და როგორ აშენებს მომავლის “ოცნების ქალაქს”

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დასახლება „ოცნების ქალაქში“ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლებს, უმეტესად, რამდენიმე კვადრატული მეტრი ფიცრებისა და თუნუქის ფირფიტებისგან შეკრული შენობები წარმოადგენს. „ოცნების ქალაქი” მჭიდროდაა დასახლებული.

Google earth-ით დანახული “ოცნების ქალაქის” ტერიტორია

აქ მცხოვრები ადამიანები წლებია ითხოვენ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. მათ შორისაა მაია ბოლქვაძე.

მაია ბოლქვაძე, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები: „მარტოხელა, მრავალშვილიანი დედა ვარ, მყავს ხუთი შვილი, უფროსი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, ტყუპები კი შვიდი წლისანი არიან. მალე 9 წელი გავა, რაც აქ ვცხოვრობ. არ მქონდა ქირის გადახდის საშუალება და აქ შემოვსახლდი. დღემდე თავი გამაქვს სოციალური დახმარების წყალობით, ბავშვების გამო მუშაობას ვერ ვახერხებ“.

მაია ბოლქვაძე “ოცნების ქალაქიდან”

აქ იყო გაუსაძლისი პირობები, არ იყო დენი, წყალი, დღემდე არ არის კანალიზაცია, მოუწესრიგებელია გზები. უიმედო წლების შემდეგ ახლა დაიწყო კორპუსების მშენებლობა და ყველა ასაკის აქ მცხოვრებ ადამიანს გაუჩნდა იმედი, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრებს და ექნება სახლი. ახალ კორპუსში, როგორც ამბობენ, თეთრი კარკასი იქნება. ყველას ძალიან უხარია.

ოცნების ქალაქი

„ოცნების ქალაქში“ დაახლოებით 1000 ბავშვი ცხოვრობს. მჯერა, პროცესები ისე წარიმართება, რომ ყველა ის მხარე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, ბავშვებს არ დატოვებს სახლის გარეშე“, – ამბობს მაია.

„ოცნების ქალაქში“ ამჟამად საცხოვრებელ სახლებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აშენებს. მისი წარმომადგენელის, თამუნა ჩხეტიას თქმით, კომპანიისთვის საამაყოა ამ პროექტში მონაწილეობა.

„582 ბინაზე გათვლილი, სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, ბათუმში. სახლები გათვლილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.

მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

დასაქმებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, ამ დროისათვის დაახლოებით 200-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივია. სამუშაოებში პერიოდულად „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანებიც ერთვებიან.

მშენებლობა წლის დასაწყისში დაიწყო და მომდევნო წლის ზაფხულში ვგეგმავთ ჩაბარებას. ნამდვილად ძალიან საამაყოა, როცა იცი, რომ აშენებ კორპუსებს, რომლებშიც ის ადამიანები იცხოვრებენ, ვისაც ბინა არ აქვთ“.

სამშენებლო კომპანია დაგი 2003 წელს დაარსდა და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი.

კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 300-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს საოფისე ფართობების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს.

კომპანია მუდმივად ცდილობს, მიჰყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. კომპანიას 2012 წლიდან მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან კი  – OHSAS სერტიფიკატი. ასევე, კომპანია 2012 წლის 18 ივნისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში”, ამ სიაში მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ხვდებიან.

„დისტანცირება“ სამარშრუტო ტაქსიში კორონავირუსის პანდემიისას [ფოტოამბავი]

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა ცალკეულ სამარშრუტო ხაზზე ბათუმში შეხვდებით ამ რეგულაციის დარღვევის ფაქტს, განსაკუთრებით ხელვაჩაურის მიმართულებით.

ეს სამარშრუტო ტაქსი „ბათუმელებმა“ დღეს, 24 ივლისს გადაიღო.

გარდა ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის აკრძალვისა, მიკროავტობუსში არ დაიშვება მგზავრი პირბადის გარეშე, იკრძალება კონდიციონერის გამოყენებაც, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია უნდა იყოს.

ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

სოფელ ყარაჯალარში კარანტინი გამოაცხადეს – კოვიდ 19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

„სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

სამართალდამცველები აკონტროლებენ სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც, რომელთაც მუდმივად ამონიტორინგებენ მობილური ჯგუფები“, – აცხადებს შსს.

ამავე წყაროს ცნობით, გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფები იყენებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებს.

„სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აცხადებენ შს სამონს-ში.

ბოლო მონაცემებით, საქარველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა მთლიანობაში გამოვლენილი. დღეს, 24 ივლისს, კორონავირისის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.

„შვილების გადასარჩენად“ – ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით, ქვეყანაში გახშირებულ საგანგაშო კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით, დღეს, 24 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება სოლიდარობის აქცია: “შვილების გადასარჩენად”.

ფაქტია, რომ ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სრულყოფილად არ მუშაობს ხელისუფლების არც ერთი რგოლი, არც ერთი უწყება. ეს მდგომარეობა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პროფესიონალ და წესიერ ადამიანებსაც კი აღარ უტოვებს შესაძლებლობას შეცვალონ ძალადობრივი გარემო ჩვენს ქვეყანაში და ამის ფასს ჩვენი შვილები საკუთარი სიცოცხლით იხდიან.

მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით ქალებს, დედებს ახალგაზრდებს  შემოგვიერთდით, რათა ყველამ ერთად გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არსებულ ვითარებას და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან არა მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადოს ძალადობის წინააღმდეგ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა დანაშაული, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციისა და მისი აღმოფხვრისკენ, არამედ დროულად დააყენოს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ ან არ ასრულებს კანონით მასზე ნაკისრ ვალდებულებებს.

 

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა – 24 ივლისის მონაცემები

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 1 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, 214 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.

სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა – 912, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში.

___________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

რას ამბობს მინისტრი ტიტე აროშიძე თავისი მოადგილის გადაყენებაზე

ჯამბულ ხოზრევანიძე მეორე მოადგილეა, რომელმაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი ისე დატოვა, რომ განმარტება არ გაუკეთებია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მამუკა თურმანიძემ, რომელმაც მოადგილის პოსტი უფრო ადრე დატოვა, თავად დაწერა განცხადება, ხოლო ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა.

ჯამბულ ხოზრევანიძემ დღეს თქვა, რომ არ იცის, რატომ გაათავისუფლეს. მანამდე კი „ლელოში“ გაწევრიანებაზე განაცხადა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის განმარტებით კი, ჯამბულ ხოზრევანიძე „აცდენილი იყო გუნდის ხედვებს“ და მასთან სტრატეგიულ-პრინციპულ გადაწყვეტილებებზე ვერ თანხმდებოდნენ.

„როდესაც ადამიანი საჯარო სამსახურშია, ის უფრო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს საჯარო ფუნქციების განხორციელებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. ის, რომ რეალურად აცდენილი იყო და საჯარო სამსახურის რესურსებს იყენებდა პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, ეს დღეს უკვე გამოჩნდა. მით უმეტეს სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სკრუპულოზური გადაწყვეტილებები, პლუს ამას სკრუპულოზური ხედვა თავიდან ბოლომდე იმ აქტივობებში, რასაც ვახორციელებთ. იქ სანერგეებია, მავნებლებთან ბრძოლაა, სხვადასხვა ტიპის სეზონებია – თხილის იქნება, ციტრუსის თუ სხვა, პოლიტიკური მიზნებით მანიპულირება საჯარო სამსახურში ჩემთვის მიუღებელია. საბოლოოდ გუნდი შევთანხმდით, რომ ეს არ იყო ის ხედვა, რომელიც ჩვენ გუნდს გვქონდა და ამას ჯამბულ ხოზრევანიძე ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ვერანაირად ვერ ემთხვეოდა ჩვენი ხედვები. კონკრეტული მიზეზების ჩამოთვლა, როდის რა იყო, სწორად არ მიმაჩნია“, – განმარტა ტიტე აროშიძემ.

მინისტრს ვკითხეთ, რას ფიქრობს მინისტრების ჩართულობაზე სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიზიტებზე პარტიის ოფისში წინასაარჩევნოდ. ამ კითხვის პასუხად ტიტე აროშიძემ გვითხრა, რომ „ეს ხდება მხოლოდ არასამუშაო საათებში ან უქმეებზე“ და ეს საჯარო უწყებებში მკაცრად გაკონტროლებულია:

„ამაზე ძალიან მკაცრად ვთხოვ მე აქ სხვებსაც პასუხს. აქ არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მისი [ჯამბულ ხოზრევანიძის] პოლიტიკური ხედვები არ ემთხვეოდა ჩვენს ხედვებს. ზოგადად, არასწორ, მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებდა, რაც არ შეესაბამებოდა არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არც ჩვენი გუნდის პრინციპულ ხედვებს. მინისტრის მოადგილე, რომელიც სამუშაო პერიოდში ახდენს გასვლას მოსახლეობაში და ამას იყენებს იმისთვის, რომ აგიტაცია გასწიოს პირობითად, „ლელოს“ კამპანიაზე, ეს უკვე ჩემთვის მიუღებელია. როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადაგაქვს და საუბრობ „ლელოს“ ამოცანებსა და პროგრამებზე, რაც დადასტურდა და დამალულიც არ არის – დღეს უკვე მან დაადასტურა თავისი ეს ხედვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოადგილე როდესაც იყენებს საჯარო სამსახურის რესურსს – ეს არის სამუშაო დრო, სამსახურის ავტომანქანა, ის საქმეს უნდა აკეთებდეს და ორიენტირებული იყოს სოფლის მეურნეობაზე“.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გაათავისუფლა თანამდებობიდან. აქ გაეცანით, რას ამბობს მინისტრის ყოფილი მოადგილე მის გათავისუფლებაზე.

რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

 

როგორ დაიწყო ქედელმა კაცმა ბიზნესი ფეისბუქით, პანდემიის დროს [ფოტო]

„აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითში, არაჩვეულებრივი ბიჭი აღმოვაჩინე – რესან ჟოჟაძე, რომელიც ხისგან აი, ასეთ ნივთებს ამზადებს. ბაბუა დურგალი ჰყოლია და დღემდე მისი დანატოვარი იარაღებით მუშაობს…“ –  ეს პოსტი „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ნინო კვაჭანტირაძემ გამოაქვეყნა და ამ ჭურჭლის ფოტოებიც თან დაურთო.

რესანის ნამუშევრები

ნინომ  მეგობრებს ურჩია დაინტერესდნენ ამ ნივთებით, რადგან ჭურჭელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და უსაფრთხოა.

მოწონებების რაოდენობას და კომენტარების შინაარსს თუ გადავხედავთ, რესანის მიერ ფეისბუქში შექმნილ გვერდსაც დიდი გამოხმაურება აქვს. ის ამ გვერდზე საკუთარი ნამუშევრების ფოტოებს ათავსებს. ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ თებერვალში შექმნილი გვერდი უკვე საკმაოდ პოპულარულია.

რესანის თქმით, ხეზე მუშაობის შესწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო, ბაბუა ხეზე მუშაობდა, ძირითადად კარ-ფანჯრებს ამზადებდა და რესანმაც მისგან აითვისა ხის დამუშავება. შემდეგ კი ამ საქმეში მრავალფეროვნების საჭიროება დაინახა – თავისუფალ დროს ხის ჭურჭლისა და ჭაღების დამზადება დაიწყო. მისი დამზადებული ნივთებიდან განსაკუთრებული ინტერესი ხის მაჯის საათმა გამოიწვია.

„პირველად მაჯის საათი დავამზადე ხისგან, მექანიკური ელემენტებით ავამუშავე, შემდეგ დავიწყე ჭაღების, ჭურჭლის და სხვადასხვა ნივთის დამზადება – ნივთები ბევრს მოეწონა და უამრავი შეკვეთა მივიღე, მოთხოვნა არის“, – გვიყვება ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში ცხოვრობს.

რესანის ნამუშევარი

ამ ეტაპზე რესანი ცდილობს მოიპოვოს დაფინანსება, რომლითაც თანამედროვე დანადგარებს შეისყიდის: „მე მაქვს მხოლოდ ბაბუას ნაქონი რუსული წარმოების დაჟანგული დანადგარები. თანამედროვე დანადგარებით მინდა ისეთი დახვეწილი ნივთები დავამზადო, რომ ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთ გავიტანო“, – გვიყვება რესანი საკუთარ გეგმებზე.

რესანის თქმით, დაახლოებით 10 000 ლარი სჭირდება იმისათვის, რომ თანამედროვე დანადგარები შეიძინოს და შექმნას ისეთი სახელოსნო, სადაც სხვებსაც დაასაქმებს.

რესანის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ ამის გამო ვერ შეძლო ოცნების ასრულება – უმაღლესი განათლების მიღება. პანდემიამდე, ჩაის კრეფის სეზონზე, რესანი ოჯახთან ერთად თურქეთში დადიოდა სამუშაოდ. პანდემიამ კი მის ოჯახს შემოსავლის ეს წყაროც გადაუკეტა.

სწორედ კორონავირუსის პერიოდში დაიწყო ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე სერიოზული ფიქრი. თურქეთში გამომუშავებული ფულით ორი „ჩარხი“ შეაკერინა ბათუმში, მოიწყო ელემენტარული სამუშაო გარემო და შეუდგა თავისი ახალი გეგმის განხორციელებას. შემდეგი ეტაპი კი ფეისბუქში სპეციალური გვერდის შექმნა იყო, სადაც საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფოტოები გამოაქვეყნა…

რესანისთვის მოულოდნელად გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.

ახლა ოჯახი სოციალური დახმარებით და რესანის მიერ დამზადებული ნივთებისგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს.

რესან ჟოჟაძის ხელნაკეთი ჭურჭელი

რესანი გვიყვება, რომ სამუშაო მასალად ხშირად შეშას იყენებს: „შეშად ვყიდულობ წაბლს და რაღაც ნაწილს ვიყენებ, როგორც სამუშაო მასალას.“

რესანის თქმით, დამუშავებულ მასალას ხარშავს და შემდეგ ზეითუნის, თაფლის ან ფორთოხლის ზეთით ამუშავებს.

„ვცდილობ სხვადასხვა ფორმა მოვიფიქრო, სახელოსნოში ვარ დილიდან საღამომდე, ზოგჯერ ღამის 12 საათამდეც, მოთხოვნა არის და მინდა დავაკმაყოფილო“.

ვკითხეთ გაყიდვების შესახებაც. გვითხრა, რომ დაკვეთებს ძირითადად ფეისბუქის საშუალებით იღებს. დამკვეთის მოთხოვნებს ითვალისწინებს და იწყებს ნივთის შექმნას. რამდენიმედღიანი დაუზარელი შრომის შემდეგ ნივთიც მზადაა. მერე უკვე ნივთს ადრესატთან ფოსტით აგზავნის.

რესან ჟოჟაძის ხელნაკეთი ნივთი
რესანის ნამუშევარი

რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო ჯამბულ, რა არის თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

არ ვიცი, არ უთქვამთ. ჯობია მათ ჰკითხოთ ამის შესახებ. მე თვითონაც ველოდები, რომ გავიგო რა არის მიზეზი.

  • ამის მიზეზი ხომ არ გახდა თქვენი „ლელოსთან“ კავშირი?

რა თქმა უნდა არა. მოდით ასე ვთქვათ – ჩემი ლელოსთან კავშირი იყო დღეს და არა გუშინ, ეს მე გადაწყვეტილი არ მქონდა. ყველამ რომ იცოდეს, ალბათ გახსოვთ 2016 წელს მე ღიად განვაცხადე ჩემი დამოკიდებულების შესახებ იმ ადამიანების მიმართ, ვინც წინა ხელისუფლებას ემორჩილებოდა მონურად, ყველაფერს ასრულებდნენ უსიტყვოდ და შემდეგ გადმოპორტირდენ „ქართულ ოცნებაში“.

ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. მე, რომელმაც დავტოვე პოსტი და ვიბრძოლე, 2012 წლამდე ყველა წნეხი გადავიტანე, დამიჭირეს, ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს 2008 წელს. მაშინ ეს ადამიანები მოსკუპულები იყვნენ იქ და ტაშს უკრავდნენ, რა ლამაზი და კარგი რეჟიმიაო. რომ გვიჭერდნენ და „უპრაგონოდ“ გვაჯარიმებდნენ, მაშინ არ ამოუღია ხმა ამ ხალხს. დღემდე მე კიდევ მქონდა იმედი… არამხოლოდ მე – მათ, ვინც 26 მაისს, 7 ნოემბერს მონაწილეობდა აქციებში, ყველგან ვიყავი და დღესაც მაქვს ნაიარევი. ისინი ამ დროს წამოსკუპულები იყვნენ კაბინეტებში და ზემოდან დაგვყურებდენ.

2012 წლის ბეშუმის ინციდენტი გახსოვთ ალბათ – ყველაფერი სახეზეა. რამდენი ჩამოვთვალო? – მე მქონდა შეხვედრა პარტიულ ხელმძღვანელობასთან, ეს ყველამ იცოდა, მათ შორის ჩემმა მინისტრმაც, მე მათ მიმართ რა დამოკიდებულებაც მქონდა.

  • ანუ თქვენ აპროტესტებდით წინა ხელისუფლების კადრების „ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ ხომ 2017 წლიდან მინისტრის მოადგილე ხართ?

რა თქმა უნდა. 9 წელი „ნაცების“ დროს და 8 წელი ჩვენ დროს, ზემო აჭარაში თუ ერთი გამორჩეული ადამიანი ვერ ვნახეთ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია.

  • ანზორ ბოლქვაძეს გულისხმობთ?

დიახ, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ანზორ ბოლქვაძე, ეს ჩემი დამოკიდებულება არ არის, ყველა იყო გაოცებული მისი დასახელებით. დანარჩენს, თუ რატომ გამათავისუფლეს, ამაზე პასუხს მე თავადაც ველოდები. მე არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ვფიქრობ, რომ ვიყავი მინისტრის წარმატებული მოადგილე. ამის ბევრი ფაქტი არსებობს, 2019 წელს მათ შორის ენჯეოებმა მაღიარეს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოხელე. ახლა თუ რაღაცის მიბმა უნდათ, მე ეგ არ მაინტერესებს. სხვა რაიმე კონფლიქტი არ მქონია. შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც გათავისუფლებაზე არ გეუბნებიან პირველი პირები და გეუბნება შუამავალი. მე ეს არ დამიმსახურებია, ვემსახურებოდი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას.

  • თქვენ გაღიზიანებთ ანზორ ბოლქვაძის კიდევ ერთხელ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება, იმის მიუხედავად, რომ ის „ოცნების“ დეპუტატია მთელი ეს წლები? 

თავიდან დავიწყო? – მე მაგას ვაპროტესტებდი 2014 წელსაც, როცა ამირჩიეს [ხულოს] საკრებულოს თავმჯდომარედ. არავითარი კონტაქტი მაგ ადამიანთან არ მქონდა. უბრალოდ, მე, როგორც კარგ ოჯახში აღზრდილი, მას არასდროს ვეკამათებოდი ქუჩაში, რადგანაც იყო „ქართული ოცნების“ რაღაც ჯგუფის წევრი. 2016 წელს ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 2016 წლიდან – 2020 წლამდე ყველამ იცოდა, რომ ჩვენ გვინდოდა სამართლიანობის აღდგენა, კითხვას ვსვამ – თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუ შეიძლება ანზორ ბოლქვაძის შემობრუნება, რატომ არ შეიძლება სხვა „ნაცების“ შემობრუნება? – მოვიყვანოთ მაშინ ისინიც. პიროვნულად ბატონი ანზორის არაფერი მაინტერესებს, პოლიტიკურად ის არის ჩემთვის მიუღებელი. პიროვნულად კარგი კაცია, კარგი ოჯახი აქვს და ღმერთმა გაუმარჯოს. კაცი, რომელიც გუშინ სააკაშვილს აღმერთებდა, „ქართულ ოცნებას“ ქვებს ესროდა… ლოგიკა სად არის?

  • ამბობთ, რომ თქვენი ამას ღიად აფიქსირებდით და ამის გამო დაგატოვებინეს თანამდებობა? 

სხვათა შორის, არ ვაფიქსირებდი არასდროს ღიად. გუნდის წევრებს შორის ვაფიქსირებდი ყველა დონეზე.

  • მითხარით თქვენს თანხვედრაზე „ლელოსთან“?

ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, გვქონდა ერთი ფასეულობები, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იქ არის. როგორ ფიქრობთ, მე მეგობრებისა და თანამოაზრეების გარეშე მივიღებდი გადაწყვეტილებას? – ძალიან დიდ ხანს ჩვენ ვმსჯელობდით ამაზე, მაგრამ ოფიციალურად ვერავინ დაგიდასტურებთ იმას, რომ მე ეს გუნდის გარეთ გავიტანე. როგორც ჩანს, მათთვის უფრო ღირებული ის ადამიანია. მე არ ვარ კომფრომისტი, ვერ ჩავღუნავ თავს იმიტომ, რომ სკამი მაქვს. ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც ახლა არ უნდა ვთქვა. არავითარი კავშირი არ აქვს ჩემს გათავისუფლებას ჩემს გადაწყვეტილებასთან, ეს შეგიძლიათ ჩემს ხელმძღვანელს ჰკითხოთ.

  • თქვენ უშვებდით, რომ „ლელოში“ წახვიდოდით და თანამდებობაზეც დარჩებოდით? 

ჩემი „ლელოში“ წასვლის მიზეზი არის ჩემი პოლიტიკური შეხედულებები – ისევ ძველი სახეები გუნდში, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში.

  • მაგრამ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება  თქვენ ხომ არ მიგიღიათ?

ეს სხვა თემაა, ეს მათ ჰკითხეთ, მე ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ველოდები გავიგო, რა უწერიათ ბრძანებაში, მაინტერესებს. გასაღები დავტოვე მანქანაზე და წავედი თბილისში ოჯახთან.

ჯარას თაფლი ევროკავშირის ბაზარზე – 4 მეფუტკრე აჭარიდან, რომლებმაც ბიოსერტიფიკატი მოიპოვეს

ჯარას თაფლის მწარმოებელმა 18-მა ქართველმა მეფუტკრემ ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ. საქართველოში ჯარას მეფუტკრეებმა ბიოსერთიფიკატი პირველად მოიპოვეს.  ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ, „ბათუმელები“ ოთხ მათგანს ესაუბრა.

ჯარას თაფლი ძირითადად აჭარაში აწარმოებენ. წელს მეფუტკრეები 24 კასრიდან 3 ტონამდე ბიოთაფლს ელიან.

ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს.

53 წლის მაყვალა სურმანიძე ჯარას მეფუტკრეა. ის ხულოს მაღალმთიან სოფელში, ფუშრუკაულში ცხოვრობს. მაყვალა პროფესიით მასწავლებელია, იგი 14 წელია მეფუტკრეა.

„ჩემი მამამთილი აწარმოებდა ადრე ბიოთაფლს, თითქმის 71 წელი, ბოლო 14 წელი კი მეც მეფუტკრე გავხდი. სოფელი გოდერძის უღელტეხილთან 14 კილომეტრითაა დაშორებული და გარემოც გვიწყობს ხელს, რომ ბიოთაფლი ვაწარმოოთ“, – ამბობს მაყვალა.

ჯარას თაფლის უპირატესობა ისაა, რომ თაფლის წარმოება მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში, ადამიანის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

„ერთადერთი, რაშიც ჩვენ ხელს ვუწყობთ ფუტკარს, არის ის, რომ ვაკეთებთ ჯარას და ფუტკარს ვუშვებთ შიგნით. თაფლის წარმოება, ფიჭის დამზადება და ყველა სხვა პროცესი მიდის ბუნებრივად“.

მაყვალა სურმანიძე მეფუტკრე/ ფოტო: ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ბიოთაფლის მწარმოებლები არ იყენებენ საკვებ დანამატებს ფუტკრის გამოსაკვებად და არც აკრძალულ შხამქიმიკატებს – მავნე მწერებისგან დასაცავად.

ჯარას ბიოთაფლი მაყვალა სურმანიძის ოჯახიდან/ფოტო: ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ჯარას თაფლის უპირატესობაზე გვესაუბრება გენადი დოლიძეც, რომელიც ქედაში, სოფელ ნამონასტრევში ცხოვრობს. მისი თქმით, ჯარაში არ არის ხელოვნური ფიჭა და მას ფუტკარი ბუნებრივად ამზადებს. სწორედ ასეთი ფიჭიანი თაფლი გააქვთ საზღვარგარეთ გასაყიდად.

„გარდა იმისა, რომ ჯარაში ბიოთაფლი მზადდება, ტკიპებისგან დასაცავადაც ბიოწამალს ვიყენებთ. ყველა სტანდარტს ვიცავთ და მასზე მოთხოვნაც მაღალია“, – გვეუბნება გენადი დოლიძე.

მას ჯარა სოფლიდან 16 კილომეტრში აქვს განთავსებული. გენადის ოჯახს 40 სკაც აქვს. მეფუტკრეობას მისი ოჯახი წლებია მისდევს და აპირებს, რომ წარმოება კიდევ უფრო გაზარდოს.

გენადი დოლიძე, მეფუტკრე ქედიდან/ფოტო: ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ჯარას თაფლს აწარმოებს რამინ ჯიჯავაძეც, რომელიც ასევე ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს.

„ჩემი ოჯახი ისტორიულად ჩართულია მეთაფლეობაში. ჯარას თაფლი ადრე უფრო მივიწყებული იყო, ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ, თუმცა დღეს ყველაზე მოთხოვნადი ბიოთაფლია და ფუტკრის ოჯახებსაც ვამრავლებთ.

ჯარაში ძალიან ბუნებრივად ცხოვრობს ფუტკარი, თავისი გუნება-განწყობით აშენებს სათლს და ამზადებს თაფლს. ტკიპაზეც მხოლოდ ბუნებრივი პრეპარატებით ვწამლავთ ჯარას“, – ამბობს რამინ ჯიჯავაძე.

რამინ ჯიჯავაძე მეფუტკრე/ფოტო: ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ჯარა მეფუტკრეა ჯემალ ბერიძეც. ის შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში ცხოვრობს და 20 წელია რაც მეფუტკრეობას ეწევა. ჯემალ ბერიძე ჯარას თავადაც ამზადებს ხოლმე და როგორც გვეუბნება, დაახლოებით ერთი სრული დღე მაინც სჭირდება მის დამზადებას.

„სასურველია წიფლის ხისგან დამზადდეს ჯარა, თუმცა ამ ხის მოჭრაზე შეზღუდვაა და ნებართვას ხშირად ვერ ვიღებთ. ამ დროისთვის 22 ჯარა მაქვს დამზადებული, შარშან 120 კილოგრამი თაფლი ავიღე, წელს – ვნახოთ“, – გვეუბნება ის.

ჯემალ ბერიძემ ბიოსერტიფიკატი წელს პირველად მიიღო. ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემს ბიოთაფლის წარმოების გაზრდაზეც იფიქროს.

ასლან შაქარაძე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე და, ასევე, საწარმო „აგრო ქედას“ გამგეობის წევრია. სწორედ ეს ასოციაცია ეხმარება ბიოთაფლის მწარმოებლებს სტანდარტების დაცვაში და თაფლის რეალიზაციაშიც.

„წელს 18-მა მეფუტკრემ აიღო ბიოსერტიფიკატი, აგვისტოში კი კიდევ 6 მეფუტკრე ელოდება ბიოსერტიფიკატს გერმანიიდან. წელს სულ ცოტა 3 ტონამდე ბიოთაფლს ველოდებით 24 ჯარადან. იზრდება წარმოება, რადგან ბუნებრივ თაფლზე გაიზარდა მოთხოვნა“, – ამბობს ის.

ჯარადან თაფლის ამოღების პროცესს ასლან შაქარაძე უშუალოდ აკვირდება:

„ადგილზე ხდება დაფასოება, დანომვრა, კოდის მინიჭება და მწარმოებლის სახელი და გვარი იწერება. შემდეგ ეს პროდუქცია გადმოგვაქვს საწარმოში, რომელიც ასევე აგვისტოში მიიღებს ბიოსერტიფიკატს, აქედან კი თაფლის ადგილობრივ თუ ევროპულ ბაზარზე გატანაში კომპანია  „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გვეხმარება, რომელმაც 2018 წელს დაიწყო ბიოთაფლის შეგროვება კომერციული მიზნით“.

ჯარა, სადაც ფუტკარი ბიოთაფლს ამზადებს/ფოტო: ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ასლან შაქარაძის თქმით, 2020 წლის თებერვალში ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ ჯარას თაფლის ნიშანი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში დაარეგისტრირა.

„ჯარას თაფლი წარმოდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჯარაზე და აჭარაზე მომზადებულმა დოკუმენტურმა ფილმმა – „ჯარა“ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა და შეიქმნა ჯარა თაფლის საპრომოუშენო გვერდიც“.

შაქარაძის თქმით, იმისათვის, რომ ბიოთაფლი დამზადდეს, სკაში არ უნდა იყოს გამოყენებული ჟანგვადი მასალა, აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი ფიჭა და არა პარაფინნარევი.

როგორც ასლან შაქარაძე ამბობს, დღეს ქვეყანაში ბიოსანთლის წარმოების პრობლემაა, სწორედ ამიტომ იყენებენ ხელოვნურ ფიჭას სკებში.

„ფაქტობრივად, ბიოცვილი არ არსებობს ბაზარზე, მაგრამ თუკი ჯარასა მეფუტკრეებისგან შეგროვდება ბუნებრივი ცვილი, დროთა განმავლობაში შევძლებთ ბიოფიჭის დამზადებასაც. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ბიოფიჭა რომ დაბეჭდო, საბეჭდიც უნდა აკმაყოფილებდეს ბიო მოთხოვნებს“.

დღეს ერთი კილოგრამი ჯარას ბიოთაფლის ფასი 25 ლარიდან იწყება, თუმცა შესაძლოა ფასი ისევ გაიზარდოს.

________________________________________

მთავარ ფოტოზე: ჯემალ ბერიძე, ჯარას მეფუტკრე შუახევიდან.

რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?

კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა.

რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს იკვეთება, რომ პარტიების ნაწილი შეთანხმების რესურსს ამ თემაზე უკვე ამოწურულად თვლის, ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებლად საკუთარი კანდიდატით უნდა მივიდეს ამომრჩეველთან, ნაწილი კი ელის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას საერთო კანდიდატებზე შეთანხმება მოუწევს.

„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები აჭარის სამივე ოლქში ექვსივე პოზიციაზე, ანუ პარლამენტისთვის და უმაღლესი საბჭოსთვის… როცა პოლიტიკურმა პარტიებმა კონსულტაციები დაიწყეს, მაშინ თქვეს, რომ თბილისში შეთანხმდებოდნენ და რეგიონებში ეცდებოდნენ ამას. ცოტა რთულია ამდენმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწიოს… კარგია, რომ თბილისში შედგა ეს შეთანხმება,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელია.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მას არ სმენია და, შესაბამისად, არც ჩართული ყოფილა პარტიების საერთო შეხვედრებში, სადაც რეგიონებში საერთო მაჟორიტარების შეთანხმებაზე იქნებოდა საუბარი. ჩვენ მას ასევე ვკითხეთ: რატომ შეიძლება ეს არ აწყობდეს ოპოზიციურ პარტიებს, როცა ამით სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსი იზრდება?

„თბილისში იყო უფრო ეს საჭირო, სხვა დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ ოლქია, პოლიტიკური მნიშვნელობა მეტია… რა თქმა უნდა, სასურველი იყო დიდ ქალაქებშიც მომხდარიყო ეს შეთანხმება, მაგრამ ეს ურთულესი საკითხია… აჭარაში ეს შეთანხმება არ იყო იოლად მისაღწევი, რადგან აქ უმაღლესი საბჭოს არჩევნებიცაა,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აზრით, აჭარის მაღალმთიანეთში, რომელიც ახლა უკვე ერთი სამაჟორიტარო ოლქია, უმჯობესია ოპოზიციას ცალ-ცალკე კანდიდატები ჰყავდეს, რადგან იქ რამდენიმე მუნიციპალიტეტია. გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს ამომრჩევლის ქცევაზე – მისი დაკვირვებით, „პროპორციულზე მისაღები ხმები ხშირად მიბმულია მაჟორიტარი კანდიდატის რეიტინგზე. თბილისში 8-დან 6 დავთმეთ, იმ ექვსში არ იქნება მარტივი მუშაობა „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ როცა არ გყავს კანდიდატი,“ – განმარტავს გიორგი კირთაძე.

გიორგი კირთაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ თვლის, რომ შეთანხმება და კონსენსუსი არ შედგა. იგი მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ ოპოზიცია, თუკი მეორე ტურამდე მივიდა საქმე, ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, ოპოზიცია შეთანხმდა ერთიანი ძალისხმევით საარჩევნო ხმების დაცვაზე.

„…იგივე წარმატებით შეიძლებოდა შემდგარიყო შეთანხმება გურიაში და სადღაც შესაძლოა შედგეს, სადღაც ვერა, ოღონდ კავშირში არაა ეს კოალიციის ჩამოყალიბებასთან. ჩვენ შევთანხმდით საერთო რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი საფრთხე ქვეყნისთვის და დროზეა გასაშვები. ჩვენ ერთიანი სტრატეგია გვქონდა ასევე პროპორციული სისტემით საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით,“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“.

ოპოზიციურ ძალებთან საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას საერთოდ გამორიცხავენ პოლიტიკურ მოძრაობაში – „ლელო საქართველოსთვის“. ეს პოლიტიკური ძალა არც თბილისზე შეუთანხმდა ოპოზიციურ პარტიებს. გამონაკლისი მხოლოდ ვაკის ოლქია, სადაც „ლელო“ არ აპირებს საკუთარი კანდიდატი დაუსახელოს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს – ელენე ხოშტარიას.

„ლელოს“ ყველა სამაჟორიტარო ოლქში ეყოლება „ლელოელი“ კანდიდატი… სხვა ტიპის შეთანხმება ჯერჯერობით არ არის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი კუპრაძე, რომელიც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერია აჭარაში. ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ ამომრჩევლის დაახლოებით 60 პროცენტთან საკუთარი კანდიდატით მივა, ანუ ე.წ. „გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან“ და დაარწმუნებს, რომ ის „ოცნებას“ არ წარმოადგენს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.

ირაკლი კუპრაძე

„ლელო საქართველოსთვის“ უნდა იყოს, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა. შესაბამისად, უცნაური და რთული იქნება სხვა ტიპის შეთანხმებაზე წასვლა… ამომრჩევლის დაახლოებით 60 პროცენტს არ უნდა არც წარსული ძალა და არც თანამედროვე… ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ოლქებში დავამარცხოთ, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, პირველ რიგში,“ „ოცნების“, რადგან ის არის სახელისუფლებო პარტია,“ – აღნიშნავს ირაკლი კუპრაძე.

„სასურველია კი არა, საჭიროა, რომ ოპოზიცია შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე…“ – კატეგორიულია პეტრე ზამბახიძის პოზიცია. იგი „ევროპული საქართველოს“ ლიდერია აჭარის რეგიონში. პეტრე ბუნებრივად უყურებს იმას, რომ ყველა პარტიას საკუთარი კანდიდატის დასახელება სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს რეგიონებშიც მოძებნიან.

„მე მაქვს მოლოდინი საღი აზრი იმის, რომ დასავლური ღირებულებების პარტიები შეძლებენ, მათ შორის ჩვენს რეგიონში, ისეთი საერთო კანდიდატების დასახელებას, რომლებიც შეძლებენ სახელისუფლებო კანდიდატების დამარცხებას… აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე პარტია, რომელიც ამას დასთანხმდება. კამპანია როცა დაიწყება, ნახავენ ვის რა რეიტინგი აქვს… ისინი დაინახავენ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ერთიანი კანდიდატები. ადრე თბილისზეც ამბობდნენ, რომ არ გამოვიდოდა შეთანხმება, მაგრამ ხომ გამოვიდა? ვადა როცა მოდის, მაშინ რა პოზიციები ექნებათ, ამას ექნება არსებითი მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს პეტრე ზამბახიძე.

პოლიტიკურ პარტიებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეუძლიათ. „ევროპულ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ სწორედ ამ პერიოდამდე, ანუ სექტემბრის ბოლომდე შედგება ამ თემაზე აქტიური მოლაპარაკებები, მანამდე კი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის კანდიდატებსაც დააკვირდებიან.

პეტრე ზამბახიძე

„ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება სჭირდება კონკრეტული კანდიდატის ცნობადობა, რეპუტაცია, პრინციპულობა, რომ ჩვენ ესა თუ ის ადამიანი დავასახელოთ ამ ნიშნით… „ევროპული საქართველო“ მზადაა დრო და ენერგია დახარჯოს, რომ რეგიონების დონეზე შევჯერდეთ კანდიდატებზე. მე, პირადად, ვიტოვებ იმედს, რომ სწორად მიიღებს ოპოზიცია გადაწყვეტილებას და შეძლებას ისეთი რეალური კანდიდატების მხარდაჭერას, რომელიც საერთო ჯამში ოპოზიციას მოუტანს გამარჯვებას,“ – გვითხრა პეტრე ზამბახიძემ.

პეტრე ზამბახიძე თვლის, რომ კონსენსუსი საერთო კანდიდატებზე იქნება გზავნილი საზოგადოებისთვისაც, რომ ეს პოლიტიკური ძალები კოალიციურ რეჟიმში მუშაობას შეძლებენ, თუკი ამომრჩეველი მათ ნდობას გამოუცხადებს.

„ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, ძნელია განსაკუთრებით ისეთი პარტიებისთვის, რომელსაც მეტი რეიტინგი გვაქვს, მაგრამ ჩვენ პარტიის მზაობა ამის მიმართ არსებობს,“ – დასძინა პეტრე ზამბახიძემ.

ანალოგიურად ფიქრობენ ახლადდაარსებულ პარტიაში „მოქალაქეები“. ეს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ დაფუძნებული პარტიაა. ეს პარტიაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას უახლოეს დღეებში აპირებს, თუმცა აქ თვლიან, რომ შეთანხმება საჭიროა და მოლაპარაკების პროცესი კანდიდატების დასახელების შემდეგ დაიწყება.

გენრი დოლიძე

„…აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამის სურვილი აქვს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. ჩვენ სურვილია კანდიდატებზე შეჯერება. ეს დამოკიდებული იქნება ძლიერ კანდიდატზე, რომელიც რეალურად მოიგებს,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ, პარტია „მოქალაქეების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ლიდერმა აჭარაში.

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა. „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს.

აუქციონის მთავარი პირობით, „ორბი ჯგუფი ბათუმი“ ვალდებულია:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში უზრუნველყოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული შენობის/ნაგებობის (მრავალფუნქციური კომპლექსის, რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს) ექსპლუტაციაში მიღება/ამოქმედება;
  • პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია;
  • სასტუმროს ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წელი შეინარჩუნოს სასტუმროს პროფილი.

გაყიდული ტერიტორიის ნაწილი – 3 022 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სასპორტო სკოლის შენობის გარეშე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა [აუქციონზე საწყისი ფასი მაშინ 1,3 მილიონი ლარი იყო]. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე დარეგისტრირდა.

2018 წელს კი, სამინისტრომ „მწვანე ხეივანთან“ ხელშეკრულება გააუქმა და ეს ტერიტორია შემდეგ იჯარით „ორბი ჯგუფ ბათუმს“ გადასცა.

ამ შეწყვეტილი ხელშეკრულების მიხედვით, სასპორტო სკოლის გვერდით 130 [±7] მეტრი სიმაღლის მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აშენებულიყო. კომპლექსი მოიცავდა:

  • სასტუმროს – არანაკლებ 100 ნომერს;
  • საცხოვრებელ აპარტამენტებს;
  • არანაკლებ 160 ავტომანქანაზე გათვლილ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომს;
  • სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით;
  • საცურაო აუზს, კომერციულ ფართობებს, დედათა და ბავშვთა გასართობ ცენტრს, სუპერმარკეტს;
  • საზოგადოებრივ კვების ობიექტებს და ა.შ.

აღნიშნულ პროექტში ინვესტორს არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

დღეს დასრულებული აუქციონის პირობის მიხედვით, „ორბიმ“ სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის დაწყებამდე, ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას უსასყიდლოდ უნდა გადასცეს ეს შენობა სარგებლობაში.

შენობის დემონტაჟს „ორბი“, აჭარის მთავრობის თანხმობით, მას შემდეგ შეძლებს, რაც დასრულდება ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებული სპორტის სასახლის ექსპლუატაციაში მიღება-აღჭურვა და ის ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას გადაეცემა სარგებლობაში.

პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობით “ბე“-ს გამოკლებით) „ორბი“ გადაიხდის შემდეგნაირად:

  • 2020 წლის 20 დეკემბრამდე – არანაკლებ 5 %-ს;
  • 2021 წლის 20 დეკემბრამდე – არანაკლებ 25 %-ს;
  • 2022 წლის 30 ივნისამდე – დარჩენილ საფასურს სრულად.

ამ თემაზე:

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა – მის ბრძანებას გაასაჩივრებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. მის მიერ გამოცემული ბრძანება 23 ივლისით თარიღდება, თუმცა მერიის აპარატის უფროსი, ნუკრი დეკანაძე განმარტავს, რომ მერის მრჩეველთა საბჭოს მერის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტისთანავე ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტია.

„მერს უფლებამოსილება შეუწყდა, მეორე დღიდან ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ამ საბჭოსაც“, – გვითხრა ნუკრი დეკანაძემ. აპარატის უფროსმა განმარტებისას თვითმმართველობის კოდექსსა და საბჭოს დებულებაზე მიუთითა.

არჩილ ჩიქოვანის [მოვალეობის შემსრულებელი] ბრძანების მიხედვით, საბჭო 2018 წლის 5 თებერვალს ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს. ამ ბრძანების მესამე მუხლში ნათქვამია, რომ საბჭოს უფლებამოსილების ვადად  განისაზღვრება მერის უფლებამოსილების ვადა.

ლაშა კომახიძეს, რომელიც 16 ივლისს გადადგა [„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას გადადგომა აიძულეს], უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა. შესაბამისად, ბუნდოვანია არჩილ ჩიქოვანს თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ვადით უნდა ეხელმძღვანელა, თუ კონკრეტული გადამდგარი მერის – ლაშა კომახიძის უფლებამოსილების ვადით.

გუშინ, 22 ივლისს ანუ ამ ბრძანების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, საბჭოსგან რეკომენდაციები მიიღო. საბჭო მერის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქში არსებულ რიგ პრობლემებზე ატყობინებდა და საკითხის შესწავლას სთხოვდა.

დათხოვნილი საბჭო აპირებს მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საბჭოს წევრებმა დაუდასტურეს.

მერის მრჩეველთა საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იყო დაკომპლექტებული. ამ საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ არჩილ ჩიქოვანი კრიტიკულად განწყობილი საბჭოს ნაცვლად, მის მიმართ კეთილგანწყობილი საბჭოს შეკრებას აპირებს.

ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა

დღეს, 23 ივლისს, ჩაქვის გვირაბთან ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი სამგზავრო იყო. ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრი – ახალგაზრდა კაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კიდევ სამ მგზავრს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც ქართული ოცნება ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ.

“ამ 8 წლის განმავლობაში არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილში წავიდა. ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ყველა მიმართულებით კრიზისია. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია იმ ადამინების იმედგაცრუება და პროტესტი, რომლებიც ერთ დროს “ოცნების” აქტიური წევრები იყვნენ.

დღეს ჩვენ გვიერთდება ჯამბულ ხოზრევანიძე, გუშინდელ დღემდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დღეს უკვე “ლელოს” აქტიური თანამებრძოლი, რომელთანაც ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყნის დასავლური კურსი იქნას შენარჩუნებული და გავაგრძელებთ ქვეყნის აღორძინებას,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” ახალი გუნდის წევრი ჯამბულ ხოზრევანიძე აცხადებს, რომ ის თავის ახალ გუნდთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის იმედია დაბრუნებას აქტიურად შეეცდება.

“2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. 2020 წელსაც იგივე მეორდება, იმ ადამიანებს ვხედავ ამ ხელისუფლებაში, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს შექმნეს რეჟიმი და ახლა ამ რეჟიმის გაუარესებას ცდილობენ. ესენი არიან ფეოდალები, რომლებიც მაგალითისთვის ვიტყვი და აჭარას ამუხრუჭებენ.

მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის და სამწუხაროდ, ამ ასაკში ისევ უკუსვლით მიწევს წინა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს. მე მწამს, რომ “ლელოსთან” ერთად ადამიანებს დავუბრუნებთ იმ იმედს, რაც სჭირდებათ,”- განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.

ჯამბულ ხოზრევანიძის “ლელოს” რიგებში გაწევრიანებას გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც.

“დღეს “ლელოს” გუნდი ძლიერდება მებრძოლი ადამიანით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე ყოფნის დროს აფიქსირებდა თავის ღირსეულ პოზიციას. მაშინ, როდესაც საჭირო იყო ბრძოლა ქუჩაში თუ აუდიტორიაში, ის იბრძოდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს ამ ადამიანს ვხედავთ “ლელოს” ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად და დასაყრდენად აჭარაში. ჩვენი მიზანია, დაფასდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის წინსვლისთვის,”- ირაკლი კუპრაძე.

გააქირავე მარტივად rent.myhome.ge-ს დახმარებით

Myhome-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი პლატფორმა შექმნა rent.myhome.ge, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებს და ტურისტებს დაეხმარება მარტივად იპოვონ ერთმანეთი.

ვებგვერდზე გამქირავებელს შეეძლება მარტივად განათავსოს სახლი, ბინა, ოთახი, გესთჰაუსი თუ სასტუმრო, უმასპინძლოს ტურისტებს და მიიღოს დამატებით შემოსავალი.

მასპინძლები შეძლებენ სრულყოფილად წარმოაჩინონ შეთავაზება: განთავსების პირობები, კვება თუ სხვა დამატებითი მომსახურებები, ონლაინ დაჯავშნითა და გადახდის შესაძლებლობით.

განმთავსებლებისთვის ჯავშნების პროცესის მარტივად სამართავად პლატფორმაში ინტეგრირებულია სპეციალური კალენდარი. Ამასთანავე შესაძლებელი იქნება აირჩიონ გადახდის ფორმა: ონლაინ გადახდა თუ ადგილზე ანგარიშსწორება. პლატფორმით სარგებლობა ნოემბრამდე საკომისიოს გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.

განთავსებული შეთავაზებები გამოჩნდება Myhome-ის დღიურად გაქირავების მოდულში, სადაც 2019-წლის ზაფხულში 125,000-მა უნიკალურმა მომხმარებელმა მოძებმა სასურველი საკურორტო ქონება.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი სრულყოფილი პლატფორმა ქართული უძრავი ქონების გაქირავებისთვის, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებს. rent.myhome.ge დაეხმარება შიდა ტურიზმსა და ადგილობრივი სერვისების განვითარებას”- მადონა კაჭკაჭაშვილი Myhome-ის Product Owner.

სასურველი ქონების დასამატებლად შეგიძლია ეწვიო: rent.myhome.ge-ს ან მოგვწერო Facebook-ზე https://www.facebook.com/MyHome.My.Ge/

პროექტი ხორციელდება Myhome-ისა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობივ ბიზნესებს მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.

 

მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 239 805 შემთხვევა.

ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 623 658 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 143 190 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 82 771 – ბრაზილიაში და 45 586 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 3 970 908 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 227 514 ინფიცირებული და  ინდოეთი – 1 238 798 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 8 656 734 ადამიანი.

Exit mobile version