მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ნენია – სოფელი თამბაქოს პლანტაციებში

01.10.2020 •
ნენია – სოფელი თამბაქოს პლანტაციებში

ნენია ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე, შუახევის პატარა სოფელია. მთაგორიანი გზებით, ფერდობებზე შეფენილი ხის სახლებით და შემოდგომაზე მწკრივებად აცმული თამბაქოს ფოთლების შრიალით. სიტყვა „ნენია“ საგალობელს ნიშნავს.

ხელისგულისოდენა სოფელში დაახლოებით 220 ოჯახი ცხოვრობს. პატარა გორაკებზე ხის კოხტა სახლები დგას მზის გულზე. აივნებზე ძაფზე აცმული თამბაქოს მწკრივები შრება, ნალიებზე წითელი წიწაკა და სიმინდის ტაროები გაუფენიათ.

თამბაქოს ნედლ ფოთლებს ძაფზე აცვამენ და მზეზე აშრობენ

სიმინდის ტაროები აივანზე

როცა დაზამთრდება და აჭარის მთებში გათოვდება, ნენიელები შეშის ღუმელს მიუსხდებიან, დროდადრო დაფიფქულ მთებს მიაცქერდებიან და ჩიბუხებს საკუთარი თამბაქოთი შეაკეთებენ. თუმცა ნენიის თამბაქოს ადგილობრივებისთვის მხოლოდ ეს დანიშნულება არ აქვს, თამბაქო მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

ახლა, სექტემბრის მიწურულს, ვენახის და სიმინდის ყანების გვერდით ნენიაში იისფრად ყვავის თამბაქო.

ნენიელი რომან მიქელაძე ყვება, როგორ მოჰყავთ თამბაქო სოფელში, როგორ აშრობენ, უვლიან და ამზადებენ გასაყიდად.

სათბურებში ჯერ ჩითილი გამოჰყავთ. აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ნაკვეთში რგავენ, რწყავენ, უვლიან და პირველად ფოთლებს ორთვენახევრის შემდეგ აცლიან. მცენარის ღეროზე რაც უფრო დაბლაა შეცლილი ფოთოლი, მითუფრო მაღალი ხარისხის თამბაქო მზადდება. ზედა, მეექვსე მწკრივის ფოთლები კი ნაკლებხარისხოვანია.

აუცილებელია თამბაქოს „მწიფე“ ფოთლების დაკრეფა და კარგად გამოშრობა. ძაფზე აცმულ თამბაქოს მზიან და ქარიან, მშრალ ადგილზე ფენენ, რომ კარგად გამოშრეს, ამისთვის 15-20 მზიანი და მშრალი დღეა საჭირო. გამშრალ თამბაქოს ფოთლებს აუცილებლად აცლიან ღერებს. ამ დროს პროდუქტის 30% იკარგება.

გამშრალ ფოთლებს სპეციალური დანადგარით ჭრიან, ხალავენ და სარეალიზაციოდ ამზადებენ.

„თამბაქო ჩვენთან დიდი ხანია მოჰყავთ, მაგრამ საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო გაყიდვა. კოლექტივი არსებობდა და მას უნდა გაეყიდა, შენ არ გაგაყიდინებდნენ.

სულ 6 ვაჭარი იყო აჭარაში, ბაზრის კუთხეში იდგნენ თურმე ჩემოდნით. არ იმჩნევდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ისინი თამბაქოთი მოვაჭრები იყვნენ.

ნენია აჭარის სხვა სოფლებივით მცირემიწიანი სოფელია, მაგრამ 50-100 კილო თამბაქო აქ ყველა ოჯახს მოჰყავს. ერთი კილო თამბაქოს ფასი 25-დან 100 ლარამდეა, გააჩნია თამბაქოს ხარისხს. ტრაპიზონისა და სამსუნის ჯიშებია აჭარაში გავრცელებული“ – ამბობს ნენიელი რომან მიქელაძე.

რომანმა გვითხრა, რომ ნენიაში ყოველწლიურად მზარდია ტურისტების რაოდენობა. შუახევის ცენტრიდან 7 კილომეტრით დაშორებულ სოფელს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ. რომ არა პანდემია, რომან მიქელაძის აზრით, ეს ტენდენცია არ შეფერხდებოდა და მომავალშიც სოფელში ტურიზმის შეუქცევად განვითარებას ვეღარაფერი შეაჩერებს.

რომან მიქელაძემ გადაწყვიტა საოჯახო სასტუმრო და მარანი მოაწყოს. მართალია, ჯერ არც მარანია დასრულებული და არც სასტუმრო, მაგრამ ფინანსების მოძიების პროცესშია და ამბობს, რომ ჩანაფიქრს აუცილებლად აქცევს რეალობად.

რომანს საფერავის, ცოლიკაურისა და ჩხავერის ვენახი აქვს, როცა მარანი ექნება, ეტიკეტირებული ღვინის ჩამოსხმასაც გეგმავს.  აჭარაში მოყვანილ საფერავს განსაკუთრებული გემო აქვს. ძალიან ცოტა უნდა დააგემოვნო, ზომიერად და ნება-ნება. ამ ღვინით თრობა არ შეიძლება.

ნენიის საფერავისგან დამზადებული ღვინო.

„მარანში სამომავლოდ ტურისტებს გავუმასპინძლდები, თან ეს იქნება ჩემი და ჩემი თაობის ადამიანებისთვის ნენიაში სიბერის შეკრების ადგილი, სადაც ბუხართან დავსხდებით, ჩვენსავე ღვინოს მივირთმევთ და ვისაუბრებთ-ხოლმე“ – ამბობს რომან მიქელაძე.

მის საოჯახო სასტუმროში მოხვედრილ სტუმარს აჭარული და ზოგადად ქართული კერძების ნამდვილი დღესასწაული ელის.

სადილი რომან მიქელაძის საოჯახო სასტუმროში.

რომან მიქელაძე ამბობს, რომ ნენიიდან მას შეუძლია ტურისტებს დაათვალიერებინოს ბევრი სხვადასხვა ადგილი: ჩირუხი, მთა ღომა, გოდერძი, გომარდული და ა.შ. თავად სოფელშიც არაერთი ადგილია, რასთანაც სოფლის ლეგენდებია დაკავშირებული: მთავარანგელოზის მთა, ნაჭურევი, ნავენახევი და ა.შ.

ნენიაში თითქმის ყველას აქვს ოჯახისთვის სამყოფი ხილი და ბოსტნეული. რძელი ზამთრისთვის საკმარისი მარაგი რომ ჰქონდეთ სათბურებსაც აკეთებენ. მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, ბულგარული და ცხარე წიწაკა, ყაბაყი თუ ბადრიჯანი. შოთა მიქელაძეს ნენიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათბური აქვს. დიდ ვენახში რამდენიმე ჯიშის ყურძენს უვლის და რომან მიქელაძის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ პანდემიის შემდეგ ნენიაში ამოსულ ტურისტებს ოჯახის ღვინოს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს შესთავაზებს.

წიწაკა შოთა მიქელაძის სათბურიდან

ნენიაში ულამაზეს, 120 წლის ხის მეჩეთს ნახავთ. მუხისგან ნაგებს, სიძველისგან ფიცრებგაშავებულს და შიგნიდან ათასფერადად მოხატულს. მეჩეთში ლოცვები არ აღევლინება, შენობა დაზიანებულია და უმოქმედო.

ნენიას მეჩეთის მთავარი შესასვლელი.

120 წლის მეჩეთის ინტერიერი სოფელ ნენიაში.

ნენიას მეჩეთი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: