მთავარი,სიახლეები

აჭარაში ისევ იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია მეწყრული პროცესები – ამინდის პროგნოზი

02.10.2020 • 1184
აჭარაში ისევ იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია მეწყრული პროცესები – ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, 2 ოქტომბერს, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსის, რუსუდან დიასამიძის თქმით, აჭარის რეგიონში დღესაც იქნება პერიოდულად ძლიერი წვიმა და ელვა-ჭექა.

„წვიმა იქნება ამაღამ ელ-ჭექის ხასიათის, სინოპტიკური სიტუაცია არ მიუთითებს, რომ გუშინდელი პროცესები ისევ განმეორდება, თუმცა, ფაქტია, არც გუშინ იყო მოსალოდნელი ასეთი რამ.

გუშინ ბათუმში ერთ საათში მოვიდა მაქსიმუმ 23 მილიმეტრი ნალექი. ეს არის დიდი მაჩვენებელი. მაგალითისთვის რომ გითხრათ, საშიშ მოვლენად ითვლება, როდესაც ერთ საათში მოვა 80 მილიმეტრი“, – ამბობს რუსუდან დიასამიძე და დასძენს, რომ საუბარია მხოლოდ ბათუმში მოსულ ნალექზე, რადგან  აჭარის ჰიდრომოტეოროლოგიურ ობსერვატორიას ბათუმის გარდა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სადგური არ აქვს.

იგი ასევე ამბობს, რომ ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, როგორც ჩანს, ნიადაგი უკვე მზად იყო მეწყრული პროცესისთვის და წვიმამ ეს პროცესი დააჩქარა.

ამინდის პროგნოზი დღეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გამოაქვეყნა. ამ პროგნოზის თანახმად, დღეს, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 3 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან – ძლიერი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – წერს სააგენტო.

რუსუდან დიასამიძის თქმით, ხვალ, 3 ოქტომბერს, მთელი დღე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამით ისევ იწვიმებს, ხოლო შემდეგი 3-4 დღე აჭარაში გამოიდარებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: