განათლება,მთავარი,სიახლეები

ვიქირაოთ ბინა თბილისში? ონლაინსწავლა აბსურდია – ბათუმელი სტუდენტების თავსატეხი

01.10.2020 •
ვიქირაოთ ბინა თბილისში? ონლაინსწავლა აბსურდია – ბათუმელი სტუდენტების თავსატეხი

19 ოქტომბრიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება, გარდა აჭარისა, სადაც სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში. 19 ოქტომბრამდე კი უმაღლეს სასწავლებლებში ონლაინსწავლება მიმდინარეობს.

როგორია მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე აჭარიდან დედაქალაქში ჩარიცხული სტუდენტების მდგომარეობა, მოსთხოვენ თუ არა მათ PCR ტესტის პასუხს აუდიტორიებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე და როგორ ართმევენ თავს სტუდენტები ონლაინსწავლებას? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ თბილისის სამ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტებს დაუკავშირდა.

ანა მარკოიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე წელს ჩაირიცხა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან ბინის ქირაობა საწყის ეტაპზე არ დასჭირდა და დროებით ნათესავთან იცხოვრებს, მაგრამ მისი თქმით, რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად წასულმა მისმა ნაცნობებმა არ იციან, ღირს თუ არა ბინის დაქირავება, რადგან ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და სტუდენტებს ეჭვი აქვთ, რომ მიუხედავად ოფიციალური განცხადებისა, სწავლა აუდიტორიებში მართლაც 19 ოქტომბრიდან გაგრძელდება ან შენარჩუნდება სემესტრის ბოლომდე. 

„შინ ერთი კომპიუტერი გვაქვს, რომლითაც ჩემი ოჯახის წევრიც მუშაობს დისტანციურად. ჩემი და პირველკლასელია, სკოლამ მისცა კომპიუტერი, მაგრამ ვერ ერთვება მარტივად ონლაინგაკვეთილზე, სულ პრობლემაა. მე მობილურით ვერთვები ონლაინლექციებზე. ძალიან მოუხერხებელია. მართალია, სხვადასხვა ოთახში ვსხედვართ სახლში, მაგრამ ოთახები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა და მორიგეობით ვლაპარაკობთ  მე და ჩემი უმცროსი და. დავალებებსაც მობილურით ვასრულებ, ძალიან რთულია. ონლაინლექციებზე ინტერნეტკავშირი ხან ლექტორს უწყდება, ხან სტუდენტებს, ყველა სხვადასხვა ქალაქიდან ვერთვებით, ყველას სხვადასხვა ხარისხის ინტერნეტი გვაქვს. ეს ჩართვა-გამორთვები უამრავ დროს გვაკარგვინებს“, – ამბობს ანა მარკოიძე.

ანა მარკოიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.

ანას ონლაინლექციები 21 სექტემბრიდან დაეწყო. თბილისში ორჯერ მოუწია ჩასვლა. „როცა ვეუბნებოდი ბათუმიდან ვიყავი, თავი შორს ეჭირათ და კონტაქტისგან თავს იკავებდნენ“, – ამბობს ანა.

 „თბილისში ავტობუსშიც ხშირად მოისმენთ, რომ ბათუმში ხალხი აქტიურად მიდი-მოდიოდა და ასე გაავრცელეს ეპიდემია. თითქოს ვინმეს ბრალი იყოს ეპიდსიტუაციის გაუარესება“, – ამბობს პირველკურსელი.

მაგდა კახაბერიძე ტექნიკურ უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხა – არქიტექტურის ფაკულტეტზე. ამჯერად ონლაინსწავლებას გადის. მაგდა ამბობს, რომ სწავლების ამ ფორმით უკმაყოფილოა, რადგან საკუთარ თავს ასე ვერ გამოხატავს და უჭირს კომუნიკაციის დამყარება უცნობ თანაკურსელებსა და ლექტორებთან.

მაგდა კახაბერიძე. ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი.

„ლექციებზე აურზაურია. მოუხერხებელია პროცესი. იმედია, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი.

როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა ჩავსულიყავი თბილისში, მითხრეს, რომ PCR ტესტის პასუხი უნდა მქონოდა აუცილებლად. მერე დოკუმენტების ელექტრონულად გადაგზავნაც გახდა შესაძლებელი. პირველკურსელი რომ ხარ, ერთი სული გაქვს დაიწყოს სწავლა აუდიტორიაში,“ – ამბობს მაგდა.

ამირან დოლიძეც პირველკურსელია  საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების  ფაკულტეტზე. ამირანი გვეუბნება, რომ 19 ოქტომბრისთვის თბილისში ჩასვლისას მასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაკეთებული PCR ტესტი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შეუერთდეს აუდიტორიაში კურსელებს, თუ ტესტი უარყოფითი იქნება.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ონლაინსწავლებით კმაყოფილი არ ვარ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. სტუდენტების უამრავი გვერდია, სადაც ამ მეთოდის არაეფექტურობაზე წერენ.

ზუმის პროგრამა გაუმართავია საქართველოში. ყველას ეშლება ხელი სწავლაში. ამბობენ, რომ ონლაინ და დისტანციური სწავლება საქართველოში ეფექტურია, ეს ხომ აბსურდია.

28 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე ჰქონდათ სხვადასხვა უნივერსიტეტის  სტუდენტებს აქცია თბილისში, სადაც ნახავდით ტრანსფარანტებს წარწერით: „ჩემი განათლება ჭედავს“. სტუდენტების მოთხოვნა ონლაინლექციების შეწყვეტა და აუდიტორიებში დროულად დაბრუნება იყო. თუნდაც ერთი თვე, როცა ქირურგიას ონლაინგასწავლიან, აბსურდია.

სულ მცირე 25 სტუდენტი ვართ ხოლმე ონლაინლექციებზე. სტუდენტების ხმა ლექტორისას ფარავს, ლექციის პროდუქტიულობა იკლებს“, – ამბობს პირველკურსელი.

ამირან დოლიძე. საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების  ფაკულტეტის პირველკურსელი.

საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ამირანი ჩაირიცხა, 19 ოქტომბრიდან სწავლა შერეული ფორმით აღდგება, ლექციების ნაწილი აუდიტორიებში ჩატარდება, ნაწილი კი – ონლაინ. ამჯერად ამირანი ბათუმიდან ერთვება ონლაინლექციებზე, 19 ოქტომბრიდან კი საცხოვრებლად თბილისში მოუწევს გადასვლა, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გამწვავდება და აუდიტორიებში სწავლის დაწყების თარიღი არ გადაიწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: