მთავარი,სიახლეები

შესაძლოა ახლო კონტაქტებს შორის ინფექციის მატება ისევ დაფიქსირდეს – მინისტრის გაფრთხილება

02.10.2020 • 1515
შესაძლოა ახლო კონტაქტებს შორის ინფექციის მატება ისევ დაფიქსირდეს – მინისტრის გაფრთხილება

დღეს, 2 ოქტომბერს, აჭარაში 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ახალი ანტირეკორდია – რეგიონში დადასტურდა 297 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 228 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიუხედავად აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდილი რაოდენობისა, ეს შემთხვევები გამოვლენილია უკვე დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტებს შორის და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კორონავირუსის ყველა შემთხვევა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა კლინიკებსა და კოვიდკარანტინებში.

„ხდება დაუყოვნებლივ ყველა კონტაქტთან ინფორმაციის მიწოდება, რომ ისინი 12 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ იზოლაციის რეჟიმში და რაიმე საეჭვო ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ ცხელების კლინიკას. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში არის ცხელების კარანტინიც, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების ახლო კონტაქტებს ჩივილების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მიმართონ, მათ აუღებენ PCR ტესტს და ისინი დაყოვნდებიან სასტუმროში, ტესტის პასუხის მიღებამდე, არაუგვიანეს 24 საათისა.

„ჩვენ ახალი პროტოკოლების მეშვეობით შევძელით საწოლზე ბრუნვის დაჩქარება, ის პაციენტი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურება, მოხვდება სტაციონარში, შედარებით მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს შეუძლიათ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკარანტინში გააგრძელონ მკურნალობა“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

2 სექტემბრის მდგომარეობით, აჭარაში კარანტინში არის დაახლოებით 800 პირი, ონლაინმეთვალყურეობის ქვეშ – 100 ადამიანი.

„ვინაიდან სიტუაცია გვაქვს ეპიდემიურად დაძაბული, შესაძლოა ახლო კონტაქტებს შორის ინფექციის მატება ისევ დაფიქსირდეს, ამიტომ კატეგორიულად ყველას ვაფრთხილებთ, აუცილებელია ყველანაირი კონტაქტი, კომუნიკაცია იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, გარდა აუცილებელი საჭიროებებისა. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, დავიცვათ ხელის ჰიგიენა და დისტანცია, გავუფრთხილდეთ უნდა ჩვენს უფროს თაობას“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: