მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბათუმში საჭიროების მქონე ბავშვები ფიზიკური თერაპიის გარეშე დარჩნენ

01.10.2020 • 1302
ბათუმში საჭიროების მქონე ბავშვები ფიზიკური თერაპიის გარეშე დარჩნენ

ბათუმში კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ შეაფერხა იმ სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები მკურნალობენ. ცენტრები დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ვერ სრულდება ფიზიკური თერაპიის ნაწილი, რაც ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. მშობლები შიშობენ, რომ თვეების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამ შეფერხების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აჭარაში 2500-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურებით.

აჭარაში სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც განვითარების შეფერხების მქონე, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის და ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის სარეაბილიტაციო პროგრამებს ახორციელებენ, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც პროგრამით გათვალისწინებულ თერაპიას დისტანციურად უტარებენ ბენეფიციარებს, თუმცა ფიზიკური თერაპიის ნაწილი ამ ფორმატში ვერ ხორციელდება, რადგან მას უშუალოდ სპეციალისტის ჩართვა სჭირდება.

ბათუმელი ნონა გურგენიძის 4 წლის შვილს ბგერების წარმოთქმა უჭირს და ლოგოპედის დახმარება სჭირდება. ნონამ შვილი ბათუმის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში წელს, გაზაფხულზე მიიყვანა და ამბობს, რომ პროგრესი შესამჩნევი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მას დისტანციურად მუშაობა შესთავაზეს, ნონა იძულებული გახდა რეაბილიტაციის პროგრამაზე დროებით უარი ეთქვა.

„შეუძლებელია დისტანციურად ლოგოპედთან მუშაობა. ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ 4 წლის ბავშვი ასე ტელეფონის ეკრანთან არ ჩერდება, იქ უჯერებდა მასწავლებელს, შედეგიც ჰქონდა, ახლა მეშინია, რომ ყველაფერი დაავიწყდება და თავიდან იქნება ეს პროცესი დასაწყები“, – ამბობს ნონა.

ბათუმში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრი „ჯიქის” ხელმძღვანელი ნინო კუპრაძე ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში, როცა პირველად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე, დახლოებით 40-მა მშობელმა თქვა უარი თერაპიის ამ ფორმატში გაგრძელებაზე. მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს უჭირდათ ეკრანებთან გაჩერება და მუშაობა.

„ამ დროს მშობლების უნარებზეც ბევრია დამოკიდებული, რადგან სპეციალისტები მათი დახმარებით მუშაობენ ბავშვებთან. არ აქვთ შესაბამისი ოჯახური პირობებიც…  ახლაც გვყავს მშობლები, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ მიზეზებით ონლაინ მუშაობას. არის ალბათ ათამდე მშობელი, რომლებიც ინტერნეტთან წვდომის გამო ვერ ერთვებიან ონლაინ თერაპიებში, ეს ეხება ხულოსა და შუახევის მაცხოვრებლებს. ასევე არიან ბათუმელი ბენეფიციარები, რომლებიც სოფელში წავიდნენ და მესმის, რთულია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავში ბინაში გააჩერო, სოფელში გაცილებით ლაღად გრძნობენ თავს, როცა ბუნებასთან არიან შეხებაში” – ამბობს ის.

აქვს თუ არა შედეგი დისტანციურ თერაპიას? – ნინო კუპრაძე მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგისა თუ ლოგოპედის ონლაინ სეანსები ნამდვილად არ არის ცოცხალი კომუნიკაციის ტოლფასი:

„რთულია ნამდვილად, მაგრამ სხვა გზა არ არის. რა თქმა უნდა, ონლაინ ფორმატში თერაპია ნამდვილად არ არის ცენტრში ჩატარებულ პროცედურასავით ეფექტური, მაგრამ ვართმევთ თავს. რთული პერიოდია, მაგრამ ეს მხარდაჭერაც რომ არ ჰქონდეთ ბენეფიციარებს, ძალიან გაუჭირდებოდათ სრულ იზოლაციაში” – ამბობს ის.

ნინო კუპრაძე განმარტავს, რომ ძირითადად მშობლებს აძლევენ დავალებებს, თუ რა უნდა გააკეთოს ბავშვმა.  „ისინი აკეთებინებენ ბავშვებს, შემდეგ გვიგზავნიან დავალებებს, იღებენ შენიშვნებს და ასე შემდეგ, გვაქვს პირდაპირი ჩართვები“ – ამბობს „ჯიქის“ ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვებისთვის, რომელშიც 300-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციის გარდა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს და ელექტროფორეზს, რაც სპეციალისტის გარეშე არ ხერხდება. ამ პროგრამით ბენეფიციარებს წელიწადში ორი კურსი უფინანსდებათ, ერთი კურსი კი მინიმუმ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებას მოიცავს.

„ეს პროგრამა დისტანციურად ვერ ჩატარდება. არასასიამოვნოა იმ მხრივ, რომ რაღაც ეტაპზე ეს დახმარება რომ ვერ ხერხდება, შესაძლოა ამან ცოტა შეანელოს საბოლოო შედეგის მიღწევა” – ამბობს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ინდირა ნაკაიძე. მისი თქმით, ე.წ. სქოლიოზის პროგრამაში სამკურნალო ფიზკულტურის ნაწილიც შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თუმცა სამკურნალო მასაჟს სპეციალისტი სჭირდება.

ინდირა ნაკაიძე ამბობს, რომ ადრეული განვითარების პროგრამაში ფიზიკური თერაპია ძირითადად ნატიფი მოძრაობების დასახვეწადაა მიმართული და სპეციალისტის მეთვალყურეობით ეს სავარჯიშოები სახლშიც შეიძლება გაკეთდეს. მისივე თქმით, ასევე ნაკლებად არის ფიზიკური სავარჯიშოები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში. რაც შეეხება ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამას, იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვთ, სჭირდებათ ფიზიკური თერაპია:

„გააჩნია იქ ხელის დამბლაა, ფეხის, ოთხივე კიდურის ნაწილის… ამას მშობელი ვერ გააკეთებს, სპეციალისტმა უნდა იმუშაოს, თუმცა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართული სხვა ბავშვებიც, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეთ ფიზიკური პრობლემა, იგივე ბცდ-ს, შესაძლოა ჰქონდეთ უფრო მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის სამუშაო პროცედურა, აი, ამათი ჩატარება შესაძლებელია. ანუ მთლად სრულყოფილად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ რომ ჩატარდეს ვაუჩერით გათვალისწინებული ღონისძიებები, ეს შესაძლებელია, თუმცა ფიზიკურ თერაპიაზე, სამწუხაროდ, ახლა შეზღუდული ვართ”.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებშიც ბენეფიციარები მუნიციპალიტეტებიდანაც არიან ჩართულები, ბათუმის მერიის პროგრამებით მხოლოდ ბათუმში მცხოვრები ბენეფიციარები სარგებლობენ. ბათუმის მერიის ადრეული განვითარების პროგრამაში 500-მდე ბენეფიციარია ჩართული, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში კი – დაახლოებით 300 ბენეფიციარი.

ბათუმის მერიის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი სოფო მიქელაძე ამბობს, რომ ბენეფიციარების ჩართულობა დისტანციური მუშაობის პირობებშიც ხდება:

„პანდემიის დასაწყისშიც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ, ასევე, დისტანციურ მუშაობაზე ვიყავით გადასული, შესაბამისად ასეთი გამოცდილება უკვე აქვთ სარეაბილიტაციო ცენტრებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინით ხდება მართვა. ადრეულში ძირითადად ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპევტის მომსახურებაა, ამიტომაც არის დისტანციურად მუშაობის საშუალება. სერვისცენტრების ინფორმაციით ინტერნეტთან წვდომის მხრივ პრობლემა თითქმის არ არის, ჩართულობა მაღალია. ადრეული განვითარების პროგრამაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების გადამზადებას და ამ მხრივ გამართულად მუშაობს პროგრამა”, – ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს აჭარის მასშტაბით 15 სარეაბილიტაციო ცენტრი, ბათუმის მერიის პროგრამებს კი ქალაქის მასშტაბით 9 სარეაბილიტაციო ცენტრი ახორციელებს.

„ფანშეტი“ ბათუმში მდებარე კიდევ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის პროგრამებს ახორციელებს და პროგრამებით მოსარგებლე 60 ბენეფიციარს ემსახურება. ცენტრში გვითხრეს, რომ პანდემიის პირობებში, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დაცვისა, მისვლას მაინც ერიდებოდნენ მშობლები.

ბენეფიციარები, რომელთაც ონლაინ თერაპიაზე უარის თქმა ბავშვის ქცევის სირთულის გამო მოუწიათ, “ფანშეტშიც” არიან:

„გვქონია შემთხვევა, როცა ბავშვი არ ჩერდება უშუალოდ  ლეპტოპთან, ტელეფონთან… ძირითადად ეს აუტისტური სპექტრის ბავშვებს ეხებათ და ამის გამო უთქვამს უარი რამდენიმეს, თუმცა ძირითადი ნაკადი ეთანხმება ონლაინ მუშაობას” – ამბობს მალვინა ფარტენაძე, „ფანშეტის“ მენეჯერი.

სარეაბილიტაციო ცენტრის, „ჯიქის“ ფსიქოლოგი ირმა დიდმანიძე ამბობს, რომ ჩართულობა ონლაინრეჟიმზე გადასვლის შემდეგაც მაღალია, თუმცა რამდენიმე ბენეფიციარი მაინც გამოეთიშა პროცესს, იმ მიზეზით, რომ მშობელი ვერ ახერხებდა:

„დისტანციურად პანდემიის დასაწყისშიც ვიმუშავეთ, შესაძლოა ისეთი ხარისხიანი არ იყო თერაპიები, როგორც ცენტრში, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავეს მშობლებმაც. რა თქმა უნდა, რთული იყო ჩვენთვისაც, მაგრამ პროგრამას არ ავცდით და თამაშები/სავარჯიშოები მოვარგეთ იმ უნარებს, რაზეც ვმუშაობდით ცენტრში. საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ გავართვით თავი”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: