შსს: თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ბათუმში ხუთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინიტროს განმარტებით გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ -სთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, 1983 წელს დაბადებულ ო.კ – ს, თბილისში, მისსავე დროებით საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ცივი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს.

ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ო.კ. გადასვეს გ.ქ.-ს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც აღნიშნული ავტომობილი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი – გ.გ., კ.ს., გ.ქ. და გ.გ. ადგილზე, ხოლო ა.მ. რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა ორივე ავტომობილი, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბათუმში ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ 4 პირს შეეჯახა

ბათუმში, გორგასლისა და მელიქიშვილის კვეთაზე, ავტოავარიის გამო დაშავდა ოთხი ადამიანი. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები ტრიტუარზე გადააგილდებობდნენ. ორი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში, ორი კი მედცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ორი მანქანა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ფოტო: გია სურმანიძე

შემთხვევა გუშინ, 21 აგვისტოს, ღამით მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები ტურისტები არიან.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი ფოტო: გია სურმანიძე

 

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი – 22 აგვისტო

გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 1100 ლაბორატორიული კვლევის შედეგად აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 2 პირს. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, მათ კლინიკა დატოვეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან, ერთი გახლავთ ქობულეთში გუშინ, 21 აგვისტოს, გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი, ხოლო მეორე იმყოფებოდა კარანტინში. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

სამინისტროს ინფორმაციით, გუშინვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სამკურნალოდ გადმოვიდა კიდევ ერთი პაციენტი თავისი სურვილით(რადგან ბათუმელია).

22 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბათუმის კოვიდ ცენტრში [რესპუბლიკურ საავადმყოფოში] მკურნალობას გადის 26 პაციენტი.

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 – სამედიცინო პერსონალი, 3 – შემოტანილი შემთხვევა, ხოლო ერთის წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

სამთავრობო პორტალ StopCov.ge-ს მონაცემების თანახმად, ამ დრომდე საქართველოში ჯამში, კორონავირუსის 1394 შემთხვევაა დაფიქასირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1132 პაციენტი და გარდაიცვალა 17.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტი რჩება.

როგორ აისახა კორონავირუსი ბავშვთა სიღარიბეზე – unicef-ის ახალი კვლევა

„მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დღეს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშში მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენაა წარმოდგენილი.

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელი. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.

ანგარიშში წარმოდგენილი სიმულაციური მოდელის შედეგების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოსახლეობის სიღარიბის დონე [თვეში 166 ლარი ზრდასრულ ადამიანზე] შესაძლოა გაიზარდოს 21.7-დან 24 პროცენტამდე დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე – საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე – ძლიერი შოკის შემთხვევაში.

„შოკის შედეგად სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად, ხოლო უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება…“ – აღნიშნულია ანგარიშში.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშით, 18 წლამდე ბავშვებისთვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობის და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.

„ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება… ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე  პირებისათვის. მაგალითად, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ფულადი დახმარების შედეგად შესაძლებელია სიღარიბის შემცირება მოსალოდნელი 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელების არსებობა, რათა ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად არ აღმოჩნდნენ სიღარიბეში,“ – აღნიშნავს ღასან ხალილი, საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელმა.

მიკრო სიმულაციაში მონაცემების ძირითად წყაროდ გამოყენებულია საქართველოში 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა. ამ კვლევის  შერჩევა მოიცავს 4697 შინამეურნეობას, რომელიც რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს განახორციელონ შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფისა და ანტიკრიზისული სტრატეგიების გასაძლიერებლად.

როგორ გეგმავენ სწავლის დაწყებას სკოლის დირექტორები – მოსწავლეები ონლაინ და კლასებში

2020 – 2021 სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეკომენდაციები ამოქმედდა. როგორ შეძლებენ სკოლები ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას, იძლევა თუ არა საშუალებას საკლასო ოთახების სივრცე განთავსდეს მერხები 1 მეტრიანი დისტანციით, იქნება თუ არა საჭირო დამატებით ახალი მასწავლებლების მიღება სკოლაში და დაწესდება თუ არა შაბათი სასწავლო დღედ – ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებული კითხვებით „ბათუმელებმა“ ბათუმის ოთხი სკოლის დირექტორს მიმართა.

[toggle title=”ნახეთ განათლების სამინისტროს რეკომენდაციები”]მერხებს შორის დისტანცია უნდა იყოს 1 მეტრი

მოსწავლის გარდა შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის აუცილებელია პირბადის ტარება

აუცილებელია შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლა, მხოლოდ თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ

სველი წერტილები სანიტარულად უნდა დამუშავდეს ყოველი დასვენების შემდეგ

ცვლებს შორის უნდა იყოს ნახევარ-საათიანი შესვენება, რა დროსაც საკლასო ოთახები და სკოლის საერთო სარგებლობის ფართები უნდა დასუფთავდეს და განიავდეს

სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახი უნდა გამოიყოს

გაკვეთილებს შორის დასვენებებზე ოთახები უნდა განიავდეს, ხშირად შესახები ზედაპირები უნდა დამუშავდეს სანიტარულად.

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში ყოფნისა და გადაადგილებისას ყველას, გარდა მოსწავლეებისა, უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.[/toggle]

დირექტორები გვიყვებიან, როგორ აპირებენ 15 სექტემბრამდე სასწავლო პროცესი მოარგონ განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. ოთხივე სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რომ რეკომენდაციების გასათვალისწინებელი საკითხები სკოლაში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მაგრამ არის საკითხები, რაზეც სკოლები უკვე შეთანხმდნენ, მაგალითად, ჩვენს მიერ გამოკითხული ოთხივე დიდი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო დღედ შაბათის გამოყენება მათ სკოლებში არ იგეგმება, რადგან ამის საჭიროება არ დგას. ასევე ყველა მათგანმა გვითხრა, რომ დამატებითი მასწავლებლების მოყვანა სკოლაში არ იქნება საჭირო, რადგან მათთან ცვლების რაოდენობა არ იზრდება.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლა

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ სკოლაში ისეც ორი ცვლაა და კიდევ ერთი ცვლის დამატება შეუძლებელი იქნება. მეორე სკოლას დიდი აუდიტორიები აქვს, რადგან ეს ძველი, არასტანდარტული შენობაა, სადაც თითო საკლასო ოთახი 60 კვადრატულ მეტრამდეა და იძლევა საშუალებას განთავსდეს მერხები 1 მეტრიანი დისტანციით.

დირექტორის განმარტებით, მეორე სკოლაში აპირებენ გამოიყენონ სწავლების შერეული მეთოდი: ონლაინსწავლება და სწავლება კლასში.

„შესაძლოა გადაიხედოს გაკვეთილების ხანგრძლივობის საკითხიც, რომ ცვლებს შორის დაგვრჩეს საკმარისი შუალედი სასკოლო სივრცის დასასუფთავებლად. ვფიქრობ, თუ სწორად დავგეგმავთ სასწავლო პროცესს, მაშინ შაბათის, როგორც სასწავლო დღის დამატება საჭირო არ იქნება.

რაც შეეხება პირბადეების, სანიტაიზერებისა და სხვა საჭირო ხსნარების მომარაგების საკითხს: ჩვენი სკოლის ბიუჯეტი საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარია ყოველწლიურად, რაც სრულიად საკმარისია შევიძინოთ ამ ყველაფრის მარაგები“, – ამბობს მეორე სკოლის დირექტორი.

მეორე სკოლაში 1973 მოსწავლეა.

სამინისტროს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, სკოლაში დამლაგებლების შრომა თითქმის ორმაგდება (სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ცვლებს შორის ნახევარ-საათიანი შესვენებისას საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება და ა.შ.)

ამ რეკომენდაციის სრულყოფილად შესასრულებლად სკოლებს შესაძლოა დამატებით კიდევ დასჭირდეს დამლაგებლები. მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ მეორე სკოლას 8 დამლაგებელი ჰყავს, მაგრამ არ არის გამორიცხული დასჭირდეთ დაიმატონ დამლაგებლები. დირექტორის თქმით, სკოლას ამის ფინანსური საშუალება აქვს. მისივე თქმით, არ იგეგმება რომელიმე საგნის დამატებითი მასწავლებლის მოყვანა სკოლაში.

პირველი საჯარო სკოლა

როგორც სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე გვეუბნება, სასწავლო პროცესისთვის გამოიყენება სკოლის ორი კორპუსი. სკოლის თითო აუდიტორია კი დაახლოებით 60 კვადრატული მეტრია და დირექტორის თქმით, დისტანციის დაცვის პრობლემა აქაც არ შეიქმნება.

„ვაპირებთ ასევე სააქტო დარბაზისა და რამდენიმე დერეფნის აუდიტორიად გამოყენებას. ორი ცვლა გვაქვს. მესამე ცვლას ვერ დავამატებთ, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. კლასებს ვერ გავყოფთ, ასეთი რეკომენდაცია არ გვაქვს.

საკლასო ოთახებად გადაიქცევა ასევე ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორიები და ტრენინგების ოთახები, რომელსაც არ ვიყენებდით ყოველდღიურად.

პირველ ცვლაში გვსურს შევამციროთ გაკვეთილების ხანგრძლივობა 5 წუთით, რაც ჯამში მოგვცემს  ზუსტად 6 გაკვეთილის ხარჯზე 30 წუთს. ამის ხარჯზე პირველსა და მეორე ცვლას შორის იქნება შუალედი 40 წუთი, საკმარისი დრო და დალაგდება საკლასო ოთახები“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

პირველი სკოლის დირექტორის თქმით, იგეგმება მათი სკოლის იმ მასწავლებლების გადამზადება, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ ონლაინ სწავლების უკეთ წარმართვაში.

მისივე თქმით, მარტიდან ივნისამდე კარანტინის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაზოგა სკოლამ და აქვთ საშუალება შეიძინონ თერმოსკრინინგის აპარატები, პირბადეების, სანიტაიზერებისა და სპეციალური ხსნარების მარაგები.

სწავლების შერეულ მოდელზე პირველ სკოლაში მე-11 და მე-12 კლასები გადავა.

ნატალია მგელაძე მიიჩნევს, რომ პირველ სკოლაში დამლაგებლების რაოდენობის გაზრდა საჭირო არ იქნება, არც მასწავლებლების:

„სანიტარული ნორმების დაცვას მხოლოდ დამლაგებლებს ვერ მივანდობთ:

დამლაგებელთან ერთად დამრიგებლებს შეუძლიათ დასვენების პერიოდში გაანიავებინონ მოსწავლეებს კლასები. დამრიგებელმა, რომელიც დალაგებულ ოთახში შეიყვანს ბავშვებს, დასვენების დროს უნდა უთხრას ბავშვებს, რომ მათ შესვენებებზე თავად დაწმინდონ საკუთარი მერხების ზედაპირები.

თუ მოსწავლეებსაც არ გავაგებინეთ, რომ მათი სასწავლო სივრცის დასუფთავება ნაწილობრივ თავადაც ევალებათ, ისე არაფერი გამოვა“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მეცხრე საჯარო სკოლა

1730 მოსწავლეა მე-9 სკოლაში, სადაც დირექტორის, ნუგზარ სურმანიძის თქმით, 25 ოთახზე მეტია 50 კვადრატული მეტრი მოცულობის. მისი თქმით, ასეთ აუდიტორიებში 25, 30 მოსწავლით დაკომპლექტებული კლასის განთავსება თავისუფლადაა შესაძლებელი დისტანციის დაცვით.

სკოლაში 7 ოთახია 62 კვადრატული მეტრი მოცულობის, სადაც იმ კლასებს განათავსებენ, რომელშიც 30 მოსწავლეზე მეტია. სკოლაში 5, 6 ოთახია 35-დან 50-მდე კვადრატული მეტრი მოცულობის.

დირექტორის თქმით, სივრცესთან დაკავშირებული პრობლემები სკოლას ნაწილობრივ შეექმნება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოიყენებენ შერეული სწავლების მეთოდს, თუმცა გამოიყენებენ თუ არა ონლაინ სწავლების მეთოდს, დაზუსტებით  საკითხი მე-9 სკოლას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

ზემოთ ხსენებული სკოლების მსგავსად მე-9 სკოლაშიც ორი ცვლაა.

„სკოლას 7 დამლაგებელი ჰყავს. შეიძლება დაგვჭირდეს დამლაგებლის დამატება, მაგრამ სკოლას ამის ფინანსური რესურსი აქვს. სველი წერტილები, ხელსაბანები, საიზოლაციო ოთახები ჩვენ ჯერ კიდევ  გაზაფხულიდანვე მოვაწყეთ.

რომ არ ველოდით ისე აუღეთ ალღო მასწავლებლების უმრავლესობამ დისტანციურ სწავლებას. თითო-ოროლა ყველგანაა, რომ ვერ აუღო ალღო, მაგრამ საშუალო დონეზე ყველას შეუძლია ასწავლოს დისტანციურად“, – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

ოცდამეორე საჯარო სკოლა

სკოლის დირექტორის თქმით, 22-ე სკოლის ტექპერსონალი სკოლაში უნიფორმებითა და სადეზინფენქციო ხალათებით იქნება შემოსილი. გიორგი რუხაძე გვეუბნება, რომ სკოლას უკვე შეძენილი აქვს თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერი, ხსნარები და ჯანდაცვის რეკომენდაციების შესასრულებლად მუდმივი შეხვედრები იმართება სკოლაში.

პირველ ცვლაში, დირექტორის თქმით, მეექვსე-მეთორმეტე კლასები ისწავლიან. მეორე ცვლაში იქნება პირველი-მეხუთე კლასები.

უკვე განსაზღვრულია, რომ დილის ცვლაში იქნება 30 კლასი, მეორე ცვლაში კი 33 კლასი.

დაწყებით კლასებს 22-ე სკოლაში მეორე ცვლაში მოუწევთ სწავლა.

სკოლას დირექტორის ინფორმაციით, 83 პედაგოგი ჰყავს და რომელიმე საგნის მასწავლებლის დამატების საჭიროება არ დგას. ამ სკოლაში თითოეული მასწავლებელი საშუალო 20 გაკვეთილს ატარებს.

„დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებას ვგეგმავთ იმ შემთხვევაში, თუ დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, ისიც მხოლოდ მაღალ კლასებში შეიძლება ნახევრად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეთ.

არ ვგეგმავთ 40 წუთიანი გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირებას. მეორე ცვლაში სწავლას დავიწყებთ 14:20 საათზე ან სამის ნახევარზე და დაახლოებით შვიდის ნახევარზე დამთავრდება სწავლა. ცვლებს შორის დასასუფთავებლად დრო გვრჩება თავისუფლად.

7 დამლაგებელი გვყავს სკოლაში, რა თქმა უნდა სამუშაო მათ დაემატათ, მაგრამ ეს სამუშაო გასაკეთებელი ჰქონდათ ისეც. ვაპირებთ არამხოლოდ დამლაგებლებს მივანდოთ ოთახების განიავება, კლასის ხელმძღვანელებიც მიეხმარებიან ჩემს დამლაგებლებს.

თუ საჭირო იქნება, შეგვიძლია გავზარდოთ დამლაგებელთა რაოდენობა ან წახალისების ფონდიდან დამლაგებლებს მივცეთ დანამატი, რადგან ანაზღაურება შრომას უნდა შეეფერებოდეს“, – ამბობს 22-ე სკოლის დირექტორი.

პეტრას ციხის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ლიფტებს დაამონტაჟებენ

ქობულეთში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. ძეგლთან, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 5 ლიფტის შეძენა-მონტაჟისთვის, სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარია.

პეტრას ციხესთან 2 ცალი დახურული და 3 ცალი ღია ტიპის ლიფტი დამონტაჟდება. პირველი ორი – პეტრას ციხის ადმინისტრაციულ შენობასა და ეზოში, ხოლო დანარჩენი სამი – პეტრას ციხის მიმდებარედ არსებულ ლიმონარიუმის იარუსებზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და პირველ სექტემბერს დასრულდება.

ლიფტების მონტაჟი კი, 2020 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

2020 წლის პირველ დეკემბრამდეა დაკეტილი პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის. ციხე 2019 წლის 12 აგვისტოს დაიკეტა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მიზეზი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ დაიკეტა პეტრას ციხე – პროექტი, რომელშიც 1 750 000 ლარი დაიხარჯება

რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი, 21 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში დარეგისტრირებულია 3047 პირველკლასელი, რაც შარშანდელზე გაცილებით მეტია: 2019-2020 სასწავლო წელს ბათუმის საჯარო სკოლებში 2800-მდე პირველკლასელი იყო დარეგისტრირებული, 2018-2019 სასწავლო წელს კი 2587 პირველკლასელი.

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, 189 პირველკლასელი დარეგისტრირდა და აქ 7 პირველი კლასი იქნება. პირველ საჯარო სკოლაში სულ 2180 მოსწავლეა. 

მე-9 საჯარო სკოლაში, დირექტორ ნუგზარ სურმანიძის თქმით, 193 პირველკლასელი დაარეგისტრირეს. პირველი სკოლის მსგავსად აქაც პირველკლასელთა 7 პარალელური კლასი შეიქმნება.

„22-ე საჯარო სკოლაში კი უკვე 163 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ამ სკოლაში პირველკლასელებისგან 6 პარალელური კლასი შეიქმნება”, – ამბობს სკოლის დირექტორი, გიორგი რუხაძე.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში სულ 1975 მოსწავლეა. წელს აქ 150 პირველკლასელი ეყოლებათ, მათგან 6 კლასს დააკომპლექტებენ.

ოთხივე ზემოთ ხსენებული, დიდი საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ პირველკლასელები მეორე ცვლაში ისწავლიან.

რაც შეეხება კერძო სკოლებში დარეგისტრირებულ პირველკლასელებს, მათი რიცხვი რესურსცენტრის ინფორმაციით, დაზუსტებული ჯერ არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბათუმის კერძო სკოლებში დაახლოებით 500 პირველკლასელი ისწავლის 2020-2021 სასწავლო წელს.

პირველკლასელთა რეგისტრაცია ისევ გრძელდება და 31 აგვისტომდე გასტანს. როგორც 1-ლი, მე-2, მე-9 და 22-ე სკოლის დირექტორები ამბობენ, დარეგისტრირებულ პირველკლასელთა ზემოთ ხსენებული ციფრები მხოლოდ ძალიან მცირედით შეიძლება გაიზარდოს 31 აგვისტომდე – რეგისტრაციის დასრულებამდე, რადგან კლასებში ადგილები თითქმის ყველგან სრულადაა შევსებული.

20 წელი აქ ვცხოვრობთ და მიწას არ გვირეგისტრირებენ – 6 ოჯახი გონიოდან

გონიოში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე  მცხოვრები 6 ოჯახი საცხოვრებლის დარეგისტრირებას უკვე წლებია ითხოვს. ისინი აქ 20 წელზე მეტია ცხოვრობენ და ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას შესაბამისი მოთხოვნით ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ყოფილი სამხედრო ბაზის ერთსართულიან შენობაში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს. აქედან სამმა, როგორც მეზობლები ამბობენ, ფართობის საკუთრებაში დარეგისტრირება მოახერხა, ექვს ოჯახს კი უარი უთხრეს.

„ჩვენ ზურაბ პატარაძე დაგვპირდა და დაგვირეგისტრირა სამ ოჯახს, დანარჩენებისთვისაც უნდა დაერეგისტრირებინათ, მაგრამ შემდეგ ის გადააყენეს და საქმე გაჩერდა“, – გვითხრა აქ მცხოვრებმა შალვა დავითაძემ.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ [2020 წლის 20 ივლისს #445 დადგენილება] თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება დაამტკიცა, გონიოს ყოფილ სამხედრო ბაზაზე მცხოვრებლებს იმედი გაუჩნდათ, რომ წლების განმავლობაში გაწელილი პროცედურა ახლა მაინც დასრულდებოდა და ისინი საცხოვრებლებს საკუთრებაში დაირეგისტრირებდნენ, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მათ მაინც უარი უთხრა.

„ჯერ გვითხრეს, ყველაფერი რიგზეა – გიკანონებთო, მიგვატანინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, შემდეგ მოგვწერეს, თქვენი სახლი განაშენიანებაში არ ჯდება და ვერ დაგიკანონებთო. ჩვენ ეს ფართობი 23 წლის წინ მივიღეთ, ჩემი მეუღლე აქ ყარაულად მუშაობდა“, – გვითხრა თინა დავითაძემ.

მისი მეზობლის, ლეილა შაქარაძის თქმით კი, ფართობი, რომელში ცხოვრობენ, დიდი ხნის წინ რუსი ოფიცრისგან ისე იყიდეს, რომ მისგან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მიუღიათ:

„ჩვენ ამ სახლის ძველი ორდერი გვქონდა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ჩავაბარეთ, მაშინ როცა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ხელვაჩაურის საზღვრებში შედიოდა.“

თინა დავითაძე და რევაზ ბერიძე

მთავრობის დადგენილებით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს მოქალაქეს [მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს], რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს [სარგებლობს]. ფიზიკურ პირს [მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს], თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე [ დადგენილება ძალაში 2020 წლის 20 ივლისს შევიდა].

გონიოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით, საცხოვრებლის რეგისტრაციის არქონა მათ დამატებით პრობლემას უქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ  სახლებში ბუნებრივი აირის მიყვანას, ელექტროენერგიას კი მეზობლების დახმარებით სარგებლობენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია სამომავლოდ დაგეგმილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, ამიტომაც სამინისტრო მოქალაქეებს ამ ნაკვეთს არ დაუკანონებს.

გამომდინარე იქედან, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებისათვის ან სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ქონებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების ფაქტობრივი მფლობელთათვის, “საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, არ გაიცა დადებითი რეკომენდაცია“, – ეს არის სამინისტროს ოფიციალური პასუხი, რომელიც წერილობით მოგვაწოდეს.

საიას იურისტის მირზა მამულაძის განმარტებით „იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის N445 დადგენილება ვრცელდებოდეს ამა თუ იმ ურთიერთობაზე, აუცილებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ირიცხებოდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება არ დგინდება, რაც გამორიცხავს ამ დადგენილების გავრცელებას განსახილველ შემთხვევაზე“.

ოფიციალური წერილით კი, რომლითაც კომისიამ მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს მიმართა [2019 წლის 8 ნოემბერს, #18], გაუქმდა ადრე [2017 წლის 18 აგვისტოს] გაცემული დადებითი რეკომენდაცია:

 

თუმცა, მირზა მამულაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადრე გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოქალაქეებმა განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება [მაგალითად, ააშენეს სახლი, მიაშენეს ფართობს ან გაარემონტეს ის] სახეზე გვაქვს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული კანონიერი ნდობის პრინციპი:

შენობა, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ, მაგრამ სახელმწიფომ მათ ამ ქონების საკუთრებაში გადაცემაზე უარი უთხრა

„ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება“.

იურისტის განმარტებით, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების რაობას კოდექსი არ განსაზღვრავს, თუმცა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ასეთ ქმედებად უნდა მივიჩნიოთ პირობითად სახლის აშენება ან უძრავი ქონების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა და ა.შ. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი [ამ შემთხვევაში ადრე გაცემული დადებითი რეკომენდაციები], რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, კანონიერი ნდობის პრინციპის არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

კითხვაზე, რა ელით სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიას მთავრობა ინვესტორზე გაასხვისებს, სამინისტროს დაზუსტებული პასუხი ჯერ არ აქვს: „საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას, აღნიშნული მოქალაქეების შესახებ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ

 

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია გრძელდება

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში უკვე ასამდე აქტიურმა მომხმარებლემა მიიღო ფულადი პრიზები. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი შემოგვიერთდეთ და მიიღოთ დამატებითი სარგებელი.

აქციის პირობა შემდეგია: თუ 15 სექტემბრამდე აიღებთ საკრედიტო ლიმიტს და გამოიყენებთ თანხის მინიმუმ ნახევარს, ავტომატურად ჩაერთვებით აქციაში. ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ყოველთვე გამოავლენს და მათ საჩუქრად ანგარიშზე 100 ლარამდე თანხა დაუბრუნდება!

აქციის პირობები ასევე ვრცელდება მომხმარებლებზე ვისაც უკვე აქვს ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი.

ფინკა ბანკის ეს პროდუქტი უნიკალურია ბაზარზე. პროდუქტის უნიკალურობა იმაშია, რომ სტანდარტული საკრედიტო ბარათისაგან განსხვავებით საკრედიტო ლიმიტის ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია, არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე: მომხმარებელი ყოველთვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა.

საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარია, თანხა ბარათზეა და ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში მომხმარებელი თანხას მარტივად განკარგავს.

საკრედიტო ლიმიტი გაიცემა შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირებზე (შემოსავლების ოფიციალურად დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენა არ არის საჭირო).

საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი აქ ან დაგვირეკეთ *4949

მიმართვა ტურისტებსა და ბათუმელებს  – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება”

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, “ახალგაზრდა მწვანეების” წევრებმა და ბათუმელმა აქტივისტებმა „რივიერა ბათუმის“ მშენებლობა და ბათუმის ჩაბეტონება გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა საგანგაშო სირენების ფონზე ქალაქში ჩამოსულ დამსვენებლებს მიმართეს – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება…”

“სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ხდება ბეტონის ქალაქი და მალე აქ შეუძლებელი იქნება ცხოვრება თუ დასვენება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრმა, მარიამ ვაწაძემ ბათუმში ჩამოსულ, მათ შორის, ევროპის მოედანზე გამოსულ დამსვენებლებს. – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმს ადგება გამოუსწორებელი ზიანია. სანაპიროზე, ბათუმი რივიერაზე შენდება ხუთი უზარმაზარი ცათამბჯენი, კაზინოები, იახტკლუბი და სასტუმროები. ბათუმი რივიერას პროექტი ჩაკეტავს ზღვაზე გასასვლელს… ბათუმს აღარ ექნება მწვანე სივრცე, სულ მალე ბათუმში არც ხეები დარჩება და არც საჯარო სივრცეები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დასვენება. ახლა სანამ თქვენ ისვენებთ, სანამ ტკბებით ბათუმით, ბათუმი ბეტონდება”.


“პერფორმანსი ევროპის მოედანზე იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს სივრცე დატვირთულია რესტორნებით, კაფეებით. გვინდოდა დინამიკებიდან საგანგაშო სირენა ჩაგვერთო და დამსვენებლებისთვის მიგვემართა, აქ რომ ჩამოდიან და ბედნიერად ისვენებენ – ჭამენ, ცათამბჯენებში იაფად ქირაობენ ბინებს. რეალურად უნდა იცოდნენ, რომ მათ ხარჯზე ეს ქალაქი ნადგურდება და როცა ჩვენ პროტესტი გვაქვს, ისინი გვიშლიან ხელს. იმიტომ აშენებენ, რომ დამსვენებელი ჰყავთ. ძალიან ცუდია, როცა ბათუმი რივიერაზე, ისტორიულ ნაწილში, კონცხზე ასეთი მონსტრების აშენებას აპირებენ და აქ ჩამომსვლელს/დამსვენებელს ეს არ აწუხებს. ხალხს ჰგონია, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება და ასე შემდეგ…” – ამბობს “ახალგაზრდა მწვანეების” წევრი მიშო ჯიბლაძე. – “პერფორმანსი დაანონსების გარეშე იმიტომ გავაკეთეთ, რომ აქციის გაკეთებას ზოგჯერ აზრი არ აქვს, მოდის ცოტა ადამიანი… ზოგს არ აწუხებს იმიტომ, რომ მართლა სჯერათ, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება… ამიტომაც შევახსენეთ დღეს, რომ შევაწუხებთ ყველას – რამდენიც არ უნდა ვიყოთ”.

პერფორმანსის მონაწილე, ბათუმელი აქტივისტი აზა გაბუნია ამბობს, რომ დღევანდელი პერფორმანსი აჭარის მთავრობას და ცალკე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესაც მიემართებოდა: “კიდევ ერთხელ შევახსენეთ, სად არის, ვინ არის, ვისი არჩეულია და რა მოვალეობები აკისრია მას. ის, რაც ხდება, ეს წარმოუდგენელია, ქალაქი ჩაბეტონებულია, არ გვაქვს სივრცეები, მიიტაცეს ყველა სივრცე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქს აღარ აქვს გამწვანება, ჰაერი დამძიმებულია. ბათუმმა, როგორც ზღვისპირა ქალაქმა – დაკარგა იდენტობა, მას მოეშალა სახე”.

ლევან ანთაძე: გაუქმდეს უაზრო კარანტინი და გაიხსნას საზღვრები მწვანე ქვეყნებთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ დღეს, 21 აგვისტოს, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა პანდემიას წინასაარჩევნო პერიოდში სათავისოდ იყენებს, რაც საბოლოოდ ქვეყნის ბიუჯეტზე და, შესაბამისად, ეკონომიკაზე ცუდად აისახება.

ლევან ანთაძე კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის  ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრია. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ბათუმში, მარტი-ივლისის პერიოდში, სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობდნენ.

ლევან ანთაძე ხელისუფლებას სთხოვს გახსნას საზღვრები ,,მწვანე ქვეყნებთან“ უსაფრთხოების მაქსიმალური წესების დაცვით, როგორც ამას აკეთებენ ბალტიისპირეთის და სხვა ევროპული ქვეყნები, რომ ბოლომდე არ ჩამოიშალოს ეკონომიკა და არ გაკოტრდეს ტურიზმის სექტორი.

„დღეს 215 ქვეყნიდან საქართველო კოვიდთან ბრძოლის ფრონტზე გავრცელების კუთხით 58-ე ადგილზეა (იგულისხმება შემთხვევათა რაოდენობა 1 მლნ პოპულაციაში), ხოლო გარდაცვალების მიხედვით 55-ე ადგილზე. როგორც ცნობილია, 15 ივნისიდან ლატვიამ და ბალტიის  სხვა ქვეყნებმა გახსნეს საზღვრები და გააუქმეს იძულებითი კარანტინი, თუ შევადარებთ საქართველოს და ლატვიის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ჩვენთან დატოვებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა ვერ გამოიღო შედეგი, პირიქით ჩვენთან სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესებულია ლატვიასთან შედარებით.“

ამას გარდა, ლევან ანთაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სავალდებულო კარანტინი უნდა გააუქმოს და ისევე როგორც ევროპის ქვეყნებშია, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით:

„დღეის მდგომარეობით, კარანტინში იმყოფება საქართველოს 6 903 მოქალაქე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ერთი დღე  უჯდება დაახლოებით 414 000 ლარი და დღემდე ჯამში  ათეულობით მილიონი ლარია დახარჯული. სახეზეა, როგორ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება პანდემიას  და თითქოს მზრუნველი მამის როლში ევლინება ჩვენს მოქალაქეებს, რეალურად კი ციხეში ამყოფებს საქართველოს მოქალაქეებს და ანგრევს ეკონომიკას.“

დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ანთაძემ არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, შეაფასონ პანდემიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ფაქტები.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ანთაძემ საქართველოსა და ლატვიაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკა წარუდგინა, მონაცემები 15 ივლისის შემდგომ პერიოდს ასახავს:

„ალო ჰიგიენას“ აქცია გრძელდება – სახლის, სამუშაო ადგილის და ავტომანქანების უსაფრთხო დეზინფექცია 

კომპანია „ალო ჰიგიენა“ აგრძელებს აქციებს სხვადასხვა მომსახურების სფეროში!

მანქანების იდეალური ქიმწმენდა, რბილი ავეჯის ნახევრად მშრალი მეთოდით დასუფთავება, ხალიჩებისა და ლეიბების, მინებისა და გარე ფასადის დასუფთავება.

კომპანია ასევე გთავაზობთ, სახლის, სამსახურის, მანქანებისა და მსგავს საყოფაცხოვრებო ადგილებში დეზინფექციის ჩატარებას.

კომპანიის მუშაობს პროდუქციით, რომელიც არის ახალი თაობის, 100 %-ით ორგანული ბიო სადეზინფექციო ფორმულით დამზადებული. არ ტოვებს ნარჩენებს, არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აღმოფხვრის ვირუსებსა და ბაქტერიებს, უზრუნველყოფს სრულ დაცვას და ჰიგიენას.

დეზინფექციის ჩატარებისას არ არის საჭირო ტერიტორიის დაცლა.

„ალო ჰიგიენა“ იყენებს სანდო, პირველი კლასის პროდუქციას, რომელსაც აქვს ყველა ნებართვა და სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკული FDA-ის მიერ.

დაგვიკავშირდით: 

ტელ: 514 20 00 40 ქართული

ტელ: 558 67 19 79 ინგლისური, თურქული

მისამართი: ჰ.აბაშიძის 66/ბათუმი

www.alohigiena.ge

instagram

facebook

ალო ჰიგიენა – დასუფთავების საუკეთესო სამსახური ბათუმში, ადგილზე მისვლით

ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 

ადვოკატმა ა. მ.-მ, ვისაც ყოფილი ცოლი ოჯახში ძალადობას ედავებოდა, სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააუქმა ადვოკატ ა. მ.-ს წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც 26 აპრილს ბათუმის პოლიციის პირველმა განყოფილებამ გამოსცა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ა.მ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიციას დასახმარებლად თავად მიმართა, პოლიციელებმა კი, შემაკავებელი ორდერი მის წინააღმდეგ გამოსცეს. მოსამართლეს ადვოკატმა ა.მ.-მ უთხრა, რომ მასზე ყოფილი ცოლი ხშირად ძალადობს ფსიქოლოგიურად შვილების თანდასწრებით. ადვოკატი ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს საერთო სახლში.

„…ა.მ.-ს აქვს დაინფიცირების შიში ვირუსის თავიდან ასაცილებლად, იგი იღებს ყველა ზომას და ითვალისწინებს რეკომენდაციებს. ამის საწინააღმდეგოდ, ყოფილი მეუღლე – მ. ხ. იქცევა სრულიად უპასუხისმგებლოდ, გამოხატავს აშკარა გულგრილობას ვირუსთან მიმართებით, არ ითვალისწინებს არანაირ მოწოდებას და ასეთივე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს შვილებსაც, რაც მოსარჩელისთვის ყოვლად მიუღებელია… ვირუსის თავიდან ასაცილებლად წესების დაცვასა და გათვალისწინებასთან დაკავშირებით, მ.ხ. რეაგირებს უარყოფითად, მოსარჩელეს მიმართავს სალანძღავი სიტყვებით, აბრალებს, რომ არის მშიშარა და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, როგორც მოსარჩელის პოზიცია.

სასამართლოში ადვოკატის ინტერესებს, რომლის წინააღმდეგაც პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, ადვოკატი ლელი ბჟალავა იცავდა.

საქმის მასალების მიხედვით, ადვოკატმა ა.მ.-მ 24 აპრილს მიმართა პოლიციას დასახმარებლად. 25 აპრილს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი ადვოკატის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ გამოსცა. 26 აპრილს ადვოკატის ყოფილი ცოლი შვილებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მისულა და უთქვამს, რომ კონფლიქტის საგანი კორონავირუსი კი არა, არამედ ისაა, რომ ადვოკატი ტელევიზორს არ სცილდება.

„…მ.ხ. აღნიშნავდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე სისტემატურად, უწყვეტად უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, რაც ოჯახის დანარჩენი წევრთათვის მიუღებელი იყო,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ადვოკატის ყოფილმა ცოლმა პოლიციელებს ასევე უთხრა, რომ კონფლიქტი ხშირად იყო საკვების მომზადებასთან დაკავშირებით.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ თავის დასაბუთებაში აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პოლიციას თავდაპირველად ადვოკატმა მიმართა, ხოლო მისი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ წარსულშიც იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

ფერეიდნელი ქართველების ფერადი ჩანთების ბიზნესი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ფერადი ჩანთების ერთი პატარა მაღაზიაა. ხელჩანთები, ზურგჩანთები, პატარ-პატარა საფულეები თუ მაგიდის სუფრები სხვადასხვა ორნამენტით ხელით მოუქარგავთ და ფერეიდნიდან ჩამოუტანიათ. მაღაზიაში ფერეიდნელი ქართველები მუშაობენ.

„საიდი მუყადასი მერქვა, მაგრამ უკვე 4 წელია ბათუმში ვცხოვრობ და ახლა ლუკა სეფიაშვილი ვარ, ეს ჩემი ძირძველი გვარია, ბათუმელი ვარ, აჭარელი და,“ – აჭარული აქცენტით ასრულებს წინადადებას ლუკა და გაცნობის შემდეგ მიყვება, როგორია მისი ცხოვრება ბათუმში. ჩანთების მაღაზიაში ძირითადად მისი მეგობარი – ონისე მამულაიშვილი მუშაობს. ლუკა სეფიაშვილი კი, სამშენებლო მასალების ბიზნესშია ჩართული. მასალები ირანიდან შემოაქვს, თუმცა ამბობს, რომ პანდემიის დროს მუშაობა გაჩერდა.

„არ ვიცი, რატომ, მაგრამ აქ ვგრძნობ თავს, როგორც სახლში,“ – იღიმის ონისე და მერე, როცა ჩანთების ორნამენტების ფილოსოფიას მიხსნის, აღნიშნავს: სამი წელია ბათუმში ვცხოვრობ და ქართული კარგად მაინც ვერ ვისწავლე, ძალიან რთული ენაა, მირჩევნია ისევ ინგლისურად გესაუბროთ“.

ლუკა სეფიაშვილი, ფერეიდნელი ქართველი

„ეს იმის ბრალია, რომ ონისეს ოჯახი ისპაჰანში ცხოვრობს, მე კი – პატარა ფერეიდანში,“ – მიხსნის ლუკა და მაღაზიის შესასვლელთან ჩერდება, საუბრის პარალელურად ქუჩას რომ ადევნოს თვალი. „ფერეიდანში, ქართულ ოჯახში სირცხვილად ითვლება სპარსულად ლაპარაკი, ანუ შინაურობაში. ჩემს დედას ახლაც უჭირს სპარსული… დედამ და მამამ ქართულად წერა არ იციან, მაგრამ ისინიც ჩემსავით კარგად საუბრობენ ქართულად. ონისეს ოჯახი კი დიდ ისპაჰანში ცხოვრობს. დიდი ქალაქის წესები ასეა,“ – მიყვება ლუკა სეფიაშვილი.

„ბათუმში პირველად ხუთი წლის წინ ჩამოვედი, როგორც ტურისტი….“ – საუბარს განაგრძობს ონისე. – „ირანში როცა დავბრუნდი, ვეღარ მოვისვენე, ვიგრძენი, რომ აქ უნდა ვყოფილიყავი. ჩანთების ბიზნესი გვაქვს იქ და ბათუმში ანალოგიური მაღაზიის მოწყობა გადავწყვიტეთ მეგობრებმა. ჩანთებს იქედან მიგზავნიან, ამ ფერად თეფშებსაც… ზოგჯერ აქ ჩემი ხელით ვამზადებ ჩანთებს იმ ბინაში, სადაც ვცხოვრობ… ბევრი მუშაობა უნდა ამას, ბევრი,“ – ამბობს ონისე და ისევ იწყებს ჩანთების გადალაგებას.

ლუკა სეფიაშვილი კი ცოლთან და შვილთან ერთად მესამე წელია ცხოვრობს ბათუმში. ლუკა ჰყვება, რომ საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა მისი შვილის სკოლაში წასვლის დრო დადგა.

„არ მინდოდა, ჩემს გოგოსაც იქაურ სკოლაში ესწავლა… როცა მე სკოლაში წავედი, სპარსული არ ვიცოდი, მიჭირდა სწავლა. რაღაც პერიოდი ფერეიდანში გაჭირვება იყო, ქართული წიგნებიც აკრძალული იყო, წერა-კითხვის სწავლა პრობლემა იყო… მე მაინც მოვახერხე ქართულად წერის სწავლაც, წიგნებიდან ჩემით ვისწავლე. როცა სკოლა დავამთავრე, მეც ვასწავლიდი ფერეიდანში ქართულ ენას ბავშვებს.

ონისე მამულაშვილი, ფერეიდნელი ქართველი

მახსოვს, სახლში „ვეფხისტყაოსანი“ გვქონდა, მამა ამბობდა, ეს საუკეთესო წიგნი არისო… მე უფროსი სამი ძმა მყავს, ისინი იქ არიან, მე – აქეთ. პირველად 26 წლის ვიყავი, როცა აქ ჩამოვედი ავტობუსით და ბათუმიდან შემოვედით საქართველოში. ძალიან მომეწონა აქაურობა. ბავშვობაში სულ ვიცოდი, რომ მე გურჯისტანიდან ვარ. მერე სულ ვფიქრობდი, როგორია მაინც ეს საქართველო? სად არის? როგორიც წარმომედგინა, იმაზე უკეთესი ყოფილა. ჩემი მოგვარეები კახეთში ცხოვრობენ, მაგრამ მე ბათუმი უფრო მომეწონა. ბათუმი განსაკუთრებით მიყვარს, სხვა სითბოა ხალხში. ფერეიდანშიც ხალხი თბილია, მაგრამ აქ კიდევ მეტია,“ – გვიყვება ლუკა სეფიაშვილი.

ონისე და ლუკა იმ დღეზე ოცნებობენ, როცა საკუთარ მშობლებს ჩამოიყვანენ საქართველოში – ისინი საქართველოში არასდროს ყოფილან.

„სულ გეგმავენ და ახლა ამ პანდემიამ მოგვისწრო… იქ როცა ჩავდივართ, არა მარტო ისინი, ყველა გვეკითხება, რა ხდება საქართველოში, როგორია საქართველო, როგორი ხალხია?“ – ასრულებს ლუკა.

ქობულეთში covid 19 სასტუმროს მესაკუთრეს დაუდგინდა – 18 პირი კარანტინში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირება დღეს, 21 აგვისტოს, ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მესაკუთრეს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ის თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება და PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ინფიცირებული 60 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.

რუსუდან შავიშვილის თქმით, ახალი შემთხვევის გამო ქობულეთში 18 კონტაქტირებული პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, 2 – თვითიზოლაციაშია. ამ დროისთვის სულ 26 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ასევე დაიწყებენ ბათუმში კაფეებისა და კლუბების თანამშრომლების PCR ტესტირებას.

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1370, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 1108, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება – 6903 ადამიანი.

ვინ [ვერ] დაირეგისტრირებს მიწას გომისმთაზე – საჯარო რეესტრის განმარტება

გომისმთაზე საკუთრების რეგისტრაცია რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, მათ შორის, გათვალისწინებულია შემთხვევა, როცა უძრავი ქონების მფლობელად ტექნიკური ინვენტარიზაციის ცნობა არქივშია დაცული 2004 წლის 4 ოქტომბრამდე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 17 აგვისტოს დაიწყო. საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესის შესახებ.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია რეგისტრაციისთვის საჭირო  დოკუმენტების ფართო ჩამონათვალი. კერძოდ, ეს დოკუმენტებია:

    • მიღებაჩაბარების აქტი;
    • სასამართლოს (არბიტრაჟისკანონიერ ძალაში შესული აქტი;
    • გარიგება
    • 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობადახასიათება;
    • საკომლო წიგნიდან ამონაწერი; მებაღის წიგნაკი;
    • სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია.
    • საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტები (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე.

საჯარო რეესტრი აპირებს ფაქტობრივი ფლობის და თვითნებურად მიწის ნაკვეთის დაკავების გათვალისწინებასაც.

„სისტემური რეგისტრაციის ფარგლებშითვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაშირომელზეც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება, საკუთრების უფლების აღიარებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს,“ – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან.

უწყების ინფორმაციით, ამ შემთხვევაში აღიარების საფუძველს წარმოადგენს ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც უნდა დადასტურდეს ის, რომ დაინტერესებული პირი კონკრეტული მიწის ნაკვეთს 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფლობდა და ახლაც ფლობს. 2007 წლის 20 სექტემბერს ამოქმედდა კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში [სარგებლობაში] არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“.

საჯარო რეესტრი უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს თვითნებურად დაკავებულ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა.

ორივე შემთხვევაში, სახლი აქვს თუ არა მოქალაქეს, ადგილზე დათვალიერების ოქმში მონაწილეობენ და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მფლობელი.

„ამასთანსაველე სამუშაოების წარმოებისას დასაშვებია მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი დადგინდეს შემდეგი დოკუმენტებითაცსასამართლოს აქტიორთოფოტო (აეროფოტოგადაღებააბონენტად აყვანის დოკუმენტიკომუნალური გადასახადების გადახდის ქვითარიმუნიციპალიტეტის ცნობა ან და სხვა დოკუმენტიმიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება,“ – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან. 

რა ხდება მაშინ, თუკი ფაქტობრივი ფლობა არ დგინდება?

„იმ შემთხვევაში, თუ უტყუარად არ დადგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა [აშენებული, მშენებარე ან დანგრეული] განთავსებული იყო 2007 წლის 20 სექტემბრამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა,“ – აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

მიწების რეგისტრაციის პროცესი გომისმთაზე ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. ნოემბრამდე საჯარო რეესტრის თანამშრომლები სისტემური რეგისტრაციისთვის საკადასტრო სამუშაოებს აწარმოებენ.

„უსასყიდლოდ შესრულდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია“, – აღნიშნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ამ თემაზე:

გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

 

როგორი ამინდი იქნება ჯაზფესტივალზე ბათუმში 21-23 აგვისტოს

21, 22 და 23 აგვისტოსბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით. რაც შეეხება ამინდს, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამ დღეებში ბათუმში უმეტესად მოღრუბლულობა იქნება; მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმაც.

ფესტივალს დღეს, 21 აგვისტოს, გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ-ი, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project-ით წარდგება.

22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს კი, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება.

21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ელვა-ჭექა, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით ზოგან შესაძლოა 17-22მ/წმ-დე გაძლიერდეს.

შაბათს, 22 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი,
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო;

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი,
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო.

ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალს, კვირას, 23 აგვისტოს, Young Georgian Lolitaz-ი და ჯგუფი Moku Moku დახურავენ.

სინოპტიკოსები 23 აგვისტოს და 24 აგვისტოს ღამით დროგამოშვებით წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში კი, უმეტესად უნალექო და ღრუბლიანი ამინდი იქნება. 24 აგვისტოს დღისით და მომდევნო დღეებში [25 და 26 აგვისტოს] ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის პროგნოზი:

21-23 აგვისტოს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ზოგან 17-22მ/წმ-ში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ელვა-ჭექა; ტალღის სიმაღლე 15-20დმ(4-5 ბალი);

ზღვის წყლის ტემპერატურა +27  გრადუსი იქნება.

ჯაზფესტივალის შესახებ კი, მეტი ინფორმაცია მიიღეთ აქ:

21-23 აგვისტოს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ქობულეთში – 21 აგვისტო

ქობულეთში კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. 60 წლის კაცი ქობულეთიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადმოიყვანეს. პაციენტს, ექიმების თქმით, მაღალი სიცხე არ აქვს. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე.

კაფე „ჰავანაში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. ის „ჰავანაში“ მისულ სტუმრებს ტემპერატურას უზომავდა. მეორე დღეს მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს, რომელათგან კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა.

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1370, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1108, გარდაიცვალა 17, კარანტინში იმყოფება 6903 ადამიანი.

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციისთვის კომპანიების დირექტორებს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფფასიანი პროდუქტით.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის განცხადებით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის პირველ მაისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და გადასახადის გადაუხდელობისთვის გათვალისწინებული საურავისგან, თუ ისინი 2021 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფენ ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას; აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსების შესაბამისად, მიიჩნევა დაუძლეველ ძალად;

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია),

აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან;

აგრეთვე, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისგან, თუ იგი 2021 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან მისი რეექსპორტის განხორციელებას.“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ეს ბრძანება ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:

[checklist]

  • ტრაქტორები;
  • ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით;
  • მსუბუქი ავტომობილები და დანარჩენი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი ძირითადად ადამიანების გადასაყვანად, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილ-ფურგონებისა და სარბოლო ავტომობილების ჩათვლით;
  • ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად;
  • სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრების ან ტვირთის გადასაზიდად გამოსაყენებლების გარდა (მაგალითად, სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით);
  • მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით) და ველოსიპედები დაყენებული დამხმარე ძრავით, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები;
  • მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები; დანარჩენი არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალებები; მათი ნაწილები.

[/checklist]

ამ ბრძანების ამოქმედებამდე მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შემოტანილი აქვთ 2020 წლის პირველ მაისამდე, მათი განბაჟება ჯარიმის გადახდის გარეშე, 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. სწორედ ეს ვადა გახანგრძლივდა 2021 წლის პირველ მარტამდე.

 

 

ყაჩაღობის ბრალდებით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დააკავეს

დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა ყაჩაღობაში ბრალდებული 19 წლის კაცი. ყაჩაღობა გუშინ, დილის 9 საათზე მოხდა ბათუმში – სავალუტო ჯიხურის მფლობელს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე უცნობი პირი თავს დაესხა. ჯიხურის მესაკუთრემ თქვა, რომ მას თავდამსხმელმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია თავდამსხმელის დაკავების შესახებ.

ბრალდებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილია. „მე თვითონ მივიყვანე. თუ დამნაშავეა, უნდა იჯდეს ციხეში. ჩემი შვილია, იმის შვილია, მე არ ვიცი. კანონის წინაშე ყველა ერთნაირი ვართ“, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

____

19 წლის კაცი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს

ბათუმის ორ სკვერში საპირფარეშო ფასიანი იქნება – მერიის ხელახალი აუქციონი

ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს.

მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. ხელახალი აუქციონი მერიამ დღეს, 20 აგვისტოს, გამოაცხადა. აუქციონი 2 სექტემბერს დასრულდება.

იჯარის პირობები ამჯერად უცვლელია:

საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – 200 ლარი;

მომავალი მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია: უზრუნველყოს საპირფარეშოს გამართული მუშაობა ყოველდღიურად 10 საათიდან 24 საათამდე; მომსახურების ღირებულება (ფასი) კი შეინარჩუნოს არაუმეტეს 60 თეთრის ოდენობით.

დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

მერია ორ სკვერში საპირფარეშოებს იჯარით გასცემს – სარგებლობა ფასიანი იქნება

ფირუზ წულუკიძე: წულუკიანი ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს – საარჩევნოდ ზონდერჯგუფის შექმნის საქმე

“…მე იქ ახლობელს მივაკითხე და გზად შევესწარი ჩხუბს, გაწევ-გამოწევა იყო, დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა… მანქანა გავაჩერე და გავაშველე,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე დავით ნაგერვაძემ. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და 27 აპრილს ბათუმში მომხდარ ჩხუბს შეესწრო.

საუბარია ბათუმში აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს და ვაჟა კონცელიძეს [ეს უკანასკნელი გირაოთი გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან] გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ გვითხრა, რომ მათ იუსტიციის მინისტრმა არაპირდაპირ შესთავაზა ის, რასაც აქამდე თორნიკე რიჟვაძის მამა სთავაზობდა.

“…დაახლოებით 10 დღის წინ თეა წულუკიანი შეხვდა ქუთაისში ჯემალ ჭელიძეს. ის ჩვენი ახლობელია… მას მინისტრმა უთხრა, რომ წინასაარჩევნოდ უნდა დავხმარებოდით და მოლაპარაკება შედგება, ჩვენ მასთან მოლაპარაკებაზე უარი ვთქვით,” – ამბობს ფირუზ წულუკიძე.

ჯემალ ჭელიძე და თეა წულუკიანის უწყების პრესცენტრიც შეხვედრას ქუთაისში ადასტურებენ, თუმცა თეა წულუკიანი საუბარს წულუკიძე-ანთაძის საქმესთან გამორიცხავს.

„მე მას შევხვდი, როგორც ორგანიზაცია შშმ პირთა კავშირის თავმჯდომარე, ჩვენ ვილაპარაკეთ ამ თემის პრობლემებზე… შემდეგ მე თეა წულუკიანს ვესაუბრე ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებით, რომელმაც წლების წინ ბიზნესი წამართვა. ასევე ვისაუბრეთ წულუკიძე-ანთაძის საქმეზე, რაზეც მან თქვა, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის. სხვა დეტალებს ახლა ვერ გეტყვით… ამ შეხვედრას პარლამენტის წევრი, რატი იონათამაშვილიც ესწრებოდა,“ – გვითხრა ჯემალ ჭელიძემ სატელეფონო საუბრის დროს. ის დეტალებზე საუბარს სხვა დროისთვის დაგვპირდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ შეხვედრა ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კუთხით შეცვლილ კანონმდებლობას ეხებოდა და მინისტრი იქ შეკრებილ ადამიანებს მხოლოდ ამ თემაზე ესაუბრა. უწყების პრესცენტრში ხაზი გაუსვეს იმას, რომ თეა წულუკიანს ჯემალ ჭელიძესთან ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და რეზო ანთაძის შესახებ არ უსაუბრია.

_____

წულუკიძე-ანთაძის საქმეზე ბათუმში რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები. ბრალდებულების ახლობლები მიიჩნევენ, რომ პატიმრობა უკანონოა, რადგან ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დაჭრეს, დაპირისპირებულ მხარეს მყოფი პირებიდან კი არავინ დაუკავებიათ.

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, ბრალდებულების ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ მოთხოვნისთანავე მთავრობიდან  „სოციალური დახმარება” – 2-2 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

ამ თემაზე:

ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში

მეგობარმა ჭამის დროს ესროლა კანონიერ ქურდ „ლოტუ გულს“, ის დაიღუპა – ანადოლუ

თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ანტალიაში მოკლეს კანონიერი ქურდი „ლოტუ გული“, იგივე ნადირ სალიფოვი. გამოცემის ინფორმაციით, კანონიერ ქურდს მეგობარმა მაშინ ესროლა თავში, როდესაც ის სასტუმროში საჭმელს მიირთმევდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელი „გულისთან“ ერთად ვახშმობდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი გასროლის შემდეგ მიიმალა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს.

ვინ არის „ლოტუ გული“

თავად „ლოტუ გული“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ანადოლუ“ წერს, რომ თურქმა სამართალდამცავებმა „ლოტუ გულის“ მკვლელობის მცდელობა 2020 წლის 2 თებერვალსაც აღკვეთეს. მაშინ რუსული მაფიის 16 წევრი დააკავეს ლიდერთან ერთად. თურქული მედია ლიდერად გურამ ჩიხლაძეს მოიხსენიებს.

„ლოტუ გული“/ნადირ სალიფოვი საქართველოს მოქალაქეც იყო, ის დმანისში დაიბადა და გაიზარდა. მის სახელთან ბევრი სისხლიანი გარჩევა იყო დაკავშირებული როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ის განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა ქურდულ სამყაროში.

___

მთავარი ფოტო: ანადოლუ

თიბისის მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა

ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა. საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას  ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება.

„ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს.

„ჩვენს მხარეში კონკურენცია დღითიდღე მატულობს, ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა, ბევრიც ამჟამად შენდება. ჩვენ ვეცდებით, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ შეღავათიან ფასად.  გათვლა გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე, ვისაც სურს, რომ ბიუჯეტურად დაისვენოს,“ – ამბობს „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებელი სტეფანე წიკლაური.

სასტუმროში 13 ნომერი განთავსდება და 30-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სტუმრებს გიდის მომსახურებას და საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. სამომავლოდ კი, დაგეგმილი აქვთ საკონფერენციო სივრცის მოწყობა, რათა კორპორატიული კლიენტების მომსახურებაც შეძლონ.

„ყაზბეგი ჯგუფი“ მშენებლობის პროცესს 2 თვეში დაასრულებს, ზამთრის სეზონზე კი სასტუმრო პირველ სტუმარს მიიღებს.

აჭარაში 258 ფერმერი ბიუჯეტის ვალს აღარ გადაიხდის – მთავრობამ 207 ათასი ლარი ჩამოწერა

ფერმერებს, რომლებმაც აჭარაში თანადაფინანსებით ნივრის სათესლე (სარგავი) მასალა, სასუქები და ჰერბიციდები მიიღეს და ფული დღემდე ვერ გადაიხადეს, ამ ვალს აღარ გადაახდევინებენ. ფერმერები არც დარიცხულ პირგასამტეხლოს გადაიხდიან. ეს ვალები აჭარის მთავრობამ ჩამოწერა. შესაბამისი კანონი 2020 წლის 19 აგვისტოს შევიდა ძალაში.

„აჭარის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში ნივრის სათესლე (სარგავი) მასალის, სასუქებისა და ჰერბიციდების თანაგადახდისათვის გათვალისწინებული ჯამური დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 194 609,67 ლარს, ამასთან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე წლის 23 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 13 155,62 ლარს. ამდენად, 2020 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, დავალიანება სულ შეადგენს 207 765,29 ლარს“, – აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „შესყიდულ იქნა სასუქი და ჰერბიციდი, რომელიც გაცემულ იქნა 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდულ 48 000 კილოგრამ „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სათესლე (სარგავ) მასალასთან ერთად. ქვეპროგრამების ფარგლებში 259 ბენეფიციართან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, მათ შორის, 258 ფიზიკური პირია და 1 კოოპერატივი. დღეის მდგომარეობით ქვეპროგრამებით განსაზღვრული თანაგადახდისთვის გათვალისწინებული თანხა გადახდილი აქვს 50 ბენეფიციარს, ხოლო ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებიდან გადმოგზავნილი განცხადებების თანახმად, 209 ბენეფიციარი ვერ ახერხებს დავალიანების და პირგასამტეხლოს დაფარვას“.

„პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვნად აისახა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე… ამდენად, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისათვის, არსებული არც თუ ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასაკომპენსირებლად, შეიქმნას შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იქნას მათზე დახმარების გაწევა ზემოაღნიშნული – დავალიანების ჩამოწერის – ფორმით, ამასთან, სავარაუდოდ, აღნიშნული თანხები მეტწილად მიმართული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

„ნივრის პროგრამა“ 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა, რომლის მიხედვითაც, აჭარის ბიუჯეტიდან ამ პროგრამის ფარგლებში 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. გარდა ამისა, აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილო იყო“.

აუდიტის დასკვნით, 48 000 კგ „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სარგავი მასალის შესყიდვაზე ტენდერში, ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში, გაიმარჯვა შპს „ქართულმა მოცვმა“, რომლის შეთავაზებულმა ფასმა დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 620 208 ლარი.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიმწოდებლის [„ქართული მოცვის“] სრულმა დანახარჯმა აღნიშნული საქონლის შესყიდვაზე შეადგინა 440 774 ლარი. შესაბამისად, ფასნამატმა შეადგინა 40.7% [179 433.8 ლარი]. ზემოაღნიშნული მკაფიოდ მიუთითებს შესყიდვის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რამაც ბიუჯეტიდან არაეკონომიური ხარჯი გამოიწვია“, – აღნიშნული იყო აუდიტის დასკვნაში.

ამ თემაზე:

არაეკონომიური ხარჯი აჭარის ბიუჯეტიდან და ნიორი წალკაში – აუდიტი პროგრამის არაეფექტურობაზე

 

 

19 წლის კაცი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ვ. ტ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 19 აგვისტოს, მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით გრძელდება.

 

ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ

ბათუმსა და ქობულეთში დღეს, 20 აგვისტოს, კარვები გაიშლება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნებაყოფლობით კორონავირუსზე უფასოდ შემოწმება შეეძლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ვირუსის წყარო უცნობი დარჩა.

კარვები ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან, ასევე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ, სანაპიროს მხრიდან გაიშლება. ტესტირებას ჩაატარებენ ქობულეთშიც, აქ კარავს ქობულეთის პარკში გაშლიან. ტესტირებისთვის ნიმუშების ჩაბარება საღამოს 5 საათიდან იქნება შესაძლებელი 10 საათამდე.

„შესაძლოა, ეს დრო შეიცვალოს და ეს დამოკიდებული იქნება ხალხის ნაკადზე… აქამდე ჩვენ დიაგნოსტიკას ძირითადად მიზნობრივ ჯგუფებში ვატარებდით, ცხელების და სხვა სიმპტომები მქონე პაციენტებში…  მიზანშეწონილად ჩაითვალა გაფართოებული ტესტირების ჩატარება, რომელიც იქნება უფასო მოსახლეობისთვის… ეს კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის დასვენება იყოს უსაფრთხო და ყველა შესაძლო შემთხვევა იყოს იდენტიფიცირებული,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მოქალაქეს კარავში ნიმუშს აუღებენ და PCR ტესტირება ჩატარდება. მოქალაქეს 24 საათში აცნობებენ პასუხს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი ჩაუტარდა 1235 პირს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID დადებითი 25 პაციენტი.

დღეს, 20 აგვისტოს, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საინფორმაციო პორტალის, stopcov.ge-ს მონაცემების თანახმად ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის სულ 1370 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1108 პაციენტი, გარდაიცვალა – 17.

 ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ

ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დროს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა, ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს ამოქმედდა. ამავე დადგენილებით, საქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის.

აღნიშნული დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი პუნქტები:

[checklist]

  • „…ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი“.
  • „ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის, კერძოდ, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების ან/და დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განახლება განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.“.
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების თაობაზე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უშუალოდ ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების  დახმარებით უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო/საინფორმაციო ღონისძიებები.“

[/checklist]


„დღესდღეობით აქტიური მონიტორინგი გვაქვს და უკვე დაჯარიმებულია 100-ზე მეტი ობიექტი. იქიდან გამომდინარე, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ საჭირო ზომებს და იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები, შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი — იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება, მოახდინოს ობიექტის დახურვა“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 20 აგვისტოს. 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

20 აგვისტო: აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი აჭარაში ჩაუტარდა 1235 პირს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID დადებითი 25 პაციენტი.

19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირების წყარო დადგენილი არ იყო. ეს პირი კაფე „ჰავანას“ კლასტერთან არ იყო დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ინფიცირების წყარო კვლავ დაუდგენელია.

ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის ქობულეთსა და ბათუმში დღეს, 20 აგვისტოს, კარვებს დადგამენ.

საქართველოს მასშტაბით კი, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემების თანახმად ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის სულ 1370 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1108 პაციენტი და გარდაიცვალა 17.

 

გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაკვეთილების ორგანიზება/ჩატარება შესაძლებელია სკოლის ეზოში/ღია სივრცეში, ოღონდ შესაბამისი დისტანციის დაცვით.

რაც შეეხება გაკვეთილების კაბინეტებში ჩატარებას, სკოლებმა უნდა შეზღუდონ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; თუმცა ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება.

ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი, უნდა განიავდეს საკლასო ოთახი, მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას საჭიროა ხელის ჰიგიენა.

ადმინისტრაციამ სკოლის მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1 მეტრი);

რეკომენდაციების მიხედვით, სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები.

მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრავალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშავონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.

სკოლამ თითოეულ მოსწავლეს უნდა მისცეს რეკომენდაცია სკოლაში ატაროს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი [ამასთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის  ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; „წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში].

2020-2021 სასწავლო წელი, არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლებაც შესაძლებელი იქნება V-XII კლასებში, გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში კი, სავალდებულოა.

განათლების სამინისტრომ რეკომენდაციების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ ის „აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის [15 სექტემბრიდან] არსებული ეპიდვითარებით“.

რეკომენდაციები სკოლებისთვის სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

„ჩვენ არ დავეხმარებით ბელორუსიის სახელისუფლებო ძალებს, მაგრამ მილიონი ევროთი დავეხმარებით ხელისუფლებისგან რეპრესიებისა და ძალადობის მსხვერპლებს, სამოქალაქო სექტორს.

50 მილიონი ევრო ბელორუსიის ჯანდაცვის სისტემისთვის გამოიყოფა, საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად, ასევე სოციალური სამსახურებისთვის – ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად”, – განაცხადა დღეს, 19 აგვისტოს, სპეციალურ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენები იყო. სხდომა დახურული ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბელორუსიის მოსახლეობას ცვლილებები სურს, ბელორუს ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი ნება და აჩვენოს, თუ ვინ სურს პრეზიდენტად.

მისივე თქმით, ევროკავშირი უახლოეს მომავალში გამოსცემს სანქციებს ბელორუსში ძალადობრივი და რეპრესიული გარემოს შემქმნელებისთვის – კონკრეტული პირებისთვის.

„გაოცებულები ვართ ბელორუსი ხალხის სიმამაცით, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივად გამოდიან ქუჩებში უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით. გვსურს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაში მხილებულები დაისაჯონ. ხალხის თქმით, ეს არჩევნები უსამართლოდ წარიმართა. ევროკავშირი მხარს უჭერს ბელორუს ერს, ხალხს, რომლებიც საკითხების დემოკრატიულად გადაჭრის გზებს ირჩევენ”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მასთან ერთად სპეციალური სამიტის დასასრულს პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმაც.


2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. ლუკაშენკო 26 წელია მართავს ბელორუსიას.

საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტად მიღებას. არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.


ამავე თემაზე:

51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

მთავრობა და მერია წინასაარჩევნოდ „ღვაწლმოსილ პიროვნებებს“ ასაჩუქრებს, მათ შორის, ფულითაც

პანდემიის გამო ბიუჯეტში დაკარგული შემოსავლების ფონზე, აჭარის მთავრობამ 48 ათასი ლარი გამონახა საპატიო მოქალაქეების დასაჯილდოებლად, ბათუმის მერიამ კი „დამსახურებულ მოღვაწეებს“ ქალაქის ცენტრში ოფისისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართობი გადასცა.

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N6-ში, 67კვ.მ ფართობი ბათუმის მერიამ ორი წლით, უსასყიდლოდ ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემიას“ გადასცა. მერიის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 13 აგვისტოს დაამტკიცა.

მერიიდან საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

როგორც მერიის განმარტებით ბარათშია აღნიშნული: „ბათუმის სახალხო აკადემია არის ა[ა]იპ. იგი ადრეც და ამჟამადაც ღებულობს მონაწილეობას ბათუმისა და აჭარის ყველა იმ ღონისძიებაში, რომელსაც მოაქვს დადებითი თვისებები ხალხის კეთილდღეობისთვის“.

თუმცა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ახალი ა[ა]იპ-ის დასარეგისტრირებლად „სახალხო აკადემიელებმა“ საჯარო რეესტრს 2020 წლის 18 ივლისს მიმართეს და 30 ივლისს დაარეგისტრირეს. ამ საზოგადოების საქმიანობის მიზნები წესდებით ასეა განსაზღვრული: „1. ბათუმის ღვაწლმოსილი პიროვნებების დაფასება/დაჯილდოვება; 2. ქალაქ ბათუმის განვითარებაში წვლილის შეტანა“.

განსაკუთრებული წვლილისთვის, ოღონდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე, გარკვეულ პირებს საპატიო წოდებებს წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მიანიჭებს. ამ კუთხით მთავრობის თავმჯდომარე ჯილდოებსაც გასცემს და თანხასაც.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 18 აგვისტოს მიიღო კანონი, რომელიც „ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებსა და  საპატიო წოდებებს იმ პირთა დასაჯილდოებლად, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში“.

პირი ჯილდოვდება/საპატიო წოდება ენიჭება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

კანონით, რომელიც 2020 წლის 31 აგვისტოდან ამოქმედდება, ჯილდოსთან და  საპატიო წოდებასთან ერთად, პირს ეძლევა ერთჯერადი თანხა:

[checklist]

  • ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენოსანს – 5 000 ლარი;
  • ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენოსანს – 4 000 ლარი;
  • ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენოსანს – 3 000 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალოსანს – 2 000 ლარი;
  • საპატიო წოდებისათვის – 1000 ლარი.

2020 წლამდე მსგავსი კონონი აჭარის ავტონომიაში არ არსებობდა.

[/checklist]

კანონში აღნიშნულია, რომ შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან სპეციალურად ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გაიცემა. აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის გამო ცვლილებები პირველად აპრილში შეიტანეს. იმ დროს ბიუჯეტში ჯილდოებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იყო.

2020 წლის 8 აგვისტოს მორიგი ცვლილებების დროს კი, ბიუჯეტში გაჩნდა გრაფა – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ფინანსური უზრუნველყოფა“, რისთვისაც 48 ათასი ლარია განსაზღვრული.

[toggle title=”დაჯილდოების/საპატიო წოდებების მინიჭების პირობები და წესი ნახეთ აქ“]

მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების პირობები

1. ტბელ აბუსერისძის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში – მმართველობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, განათლების, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. ტბელ აბუსერისძის ორდენი სამი ხარისხისაა:

ა) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამორჩეული საქმიანობისათვის;

ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის;

გ) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ღირსეული სამსახურისათვის.

3. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ხელოვნების, სპორტის ან საზოგადოებივი ცხოვრების სხვა სფეროში მოღვაწე პირს შესაბამისი სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4. ამ მუხლით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება დაჯილდოვდეს არაუმეტეს 3-3 პირი.

5. საპატიო წოდება კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 6 პირს.

მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების წესი

1. პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საპატიო წოდება ენიჭება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად.

2. ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და საპატიო წოდება ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და საპატიო წოდება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი აჯილდოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. პირს საპატიო წოდებას ანიჭებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის, მუნიციპალიტეტის მერის ან/და სხვა თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე.

4. პირს, რომელიც ჯილდოვდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდო, ხოლო პირს, რომელსაც ენიჭება საპატიო წოდება გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სამკერდე ნიშანი.

5. დაჯილდოებულ პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს და შესაბამის მოწმობას, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს საპატიო წოდებას და სამკერდე ნიშანს საზეიმოდ გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე, ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

6. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ მიენიჭოს საპატიო წოდება, თუ კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საპატიო წოდების მინიჭების შემთხვევაში ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და შესაბამისი მოწმობის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდების მოწმობისა და სამკერდე ნიშნის აღწერილობებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

[/toggle]

ამავე კანონით, ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „დაჯილდოებული პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოზე წარმდგენი თანამდებობის პირის შუამდგომლობით“.

ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ნიმუშებს ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე. ამასთან, აჭარის მთავრობამ/მთავრობის თავმჯდომარემ 2020 წლის 31 აგვისტომდე უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა და ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე

დღეს სპეციალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენები იყო. სხდომა დახურული ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 აგვისტოს, დილით, ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ ჩაწერა ევროკავშირის სამიტისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც ის  სამიტს მოუწოდებს, არ ცნონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად.

პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ბელორუსიაში არჩევნების შედეგებს.

„ბელორუსები ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატად, ქუჩაში მუშები, სტუდენტები, ოჯახები დგანან. ამ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობამ შოკი გამოიწვია. ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისუფლად გააშუქონ მიმდინარე მოვლენები. ყველა, ვინც გამოხატავს დემოკრატიული გზით საკუთარ პროტესტს, უნდა იყოს დაცული, საქმე ეხება მოქალაქეთა უფლებებს. ბელორუსი ხალხის უმთავრესი უფლებაა აირჩიონ ყველაზე თავისუფალი გზით საკუთარი მმართველები, საკუთარი ბედი.

ევროკავშირი უახლოეს მომავალში აამოქმედებს სანქციებს არჩევნების ფალსიფიკატორების წინააღმდეგ, ბელორუსებზე ძალადობის, რეპრესიების პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ბელორუსის მთავრობას, იპოვონ მშვიდობიანი გზა ძალადობის შესაჩერებლად და დაიწყონ დიალოგი. ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული მშვიდობიანი გზების ძიებით.  ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას, მზად ვართ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

გვსურს მივმართოთ ბელორუს ხალხს: ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სურვილს გქონდეთ მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავალი”, – განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა.


2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. ლუკაშენკო 26 წელია მართავს ბელარუსს.

საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტად მიღებას. არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.


ამავე თემაზე:

51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

 

500 ჩინელი სპეციალისტი ავტობანის მშენებლობაზე მოიწვიეს, ისინი კარანტინს გაივლიან – დეპარტამენტი

ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს  ჩამოვლენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინო ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ.

საუბარია რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი  პერსონალის ჩართვაზე.

„საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე  ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს. სავალდებულო კარანტინის ხარჯებს სრულად დაფარავენ კონტრაქტორი კომპანიები“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

„საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიებმა, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში  საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი  რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან  ჩამოყვანა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთი თვის წინ გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი [თურქი სპეციალისტები] 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით  ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე“.

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

 

მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შშმ ქალი, რომელიც მშენებლობაზეც მუშაობდა – ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება

„…დღეს, მაგალითად, უფასო სასადილოდან ლობიო წამოვიღე და ნახევარი პური მომცეს, მაგრამ ლობიოს სუნელები საერთოდ არ აქვს. მე სუნელებით მიყვარს ლობიო. სუნელების ფულიც არ მქონდა, რომ მეყიდა,“ – გვიყვება ლელა ოსეფაშვილი. ის თბილისში, ნაქირავებ ოთახში მარტო ცხოვრობს.

ლელა ოსეფაშვილი 50 წლისაა. როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს, სოციალურ შემწეობას, უფასო სასადილოთი სარგებლობს და ოთახის ქირას თბილისის მერია უხდის. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა სოციალური სერვისით სარგებლობს, ლელა ამბობს, რომ ნახევრად მშიერია და ამას ვეღარ უძლებს.

ლელამ თავისი მდგომარეობის შესახებ ღიად საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან მისი სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

„შშმ პირის პენსიას ვიღებ, თვეში 140 ლარია, მაგრამ წლების წინ, როცა ქირის ფულს არავინ მიხდიდა, იძულებული გავხდი, სესხი ამეღო… ახლა პენსიიდან ბანკი 40 ლარს იტოვებს და 100 ლარს ვიღებ. სოციალური დახმარება 50 ლარია. სულ ესაა ჩემი შემოსავალი, მაგრამ რამდენი რამე გინდა ადამიანს არსებობისთვის? მარტო ჰიგიენურ საშუალებებში არ გეყოფა ეს ფული.

ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება. ამას წინათ, ხილი მომინდა, ისე მომინდა, რომ აი, სასწაულად…“ – ამბობს ლელა.

ლელა წლების წინ მშენებლობაზე მუშაობდა. სამშენებლო ობიექტზე მიღებული ტრავმის შემდეგ ლელას მეტყველება დაერღვა და მას მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს.

„სულ ვირივით მუშაობა მიწევდა – ჯერ ფერმაში, მერე თბილისში ჩამოვედი და ყარაულიც ვიყავი, არაფერს ვთაკილობდი, ოღონდაც ჩემი ლუკმა-პური მეშოვა. მერე სანზონაში საკანალიზაციო არხების თხრაზე ვიყავი, ბინების დასუფთავებაზეც დავდიოდი, მშენებლობებზე რამდენიმე წელი ვმუშაობდი. ყველას უკვირდა, ქალი მშენებლობაზეო?

ერთ დღესაც ხარაჩოებიდან ჩამოვვარდი. იქ გავიარე, სადაც არ უნდა გამევლო. ჩემი ბრალი იყო, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ მეტყველება დამიზიანდა… ეტყობა, ტვინმა ვეღარ გაუძლო ამდენს.

ერთოთახიანი ბინა მქონდა თბილისში, მისი გაყიდვა მომიხდა. ახლა ჩემი ოცნება ისაა, რომ ჩემი ბინა მქონდეს. ეს ბინა დაბზარულია, ერთ ოთახშია საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, ჩემი აბაზანაც…

დაოჯახებული არ ვარ და არც ვყოფილვარ. მცხეთაში ვცხოვრობდი, მერვე კლასი დავამთავრე და მეტი აღარ მისწავლია, სოფლიდან წამოვედი, წარსულზე საუბარი აღარ მინდა,“ – გვითხრა ლელა ოსეფაშვილმა.

სოციალურად დაუცველის ცხოვრება დღითიდღე რთულდება და ძვირდება. ლელა ამბობს, რომ ბოლო პერიოდამდე თავისი პენსიით და სოციალური შემწეობით თავი გაჰქონდა. ახლა კი, ამ თანხით რის შეძენაც წინა წლებში შესაძლებელი იყო, ამავე ოდენობის საკვებ პროდუქტებს ვეღარ ყიდულობს.

„ყველაფერი ძვირდება, ადრე რასაც ყიდულობდი, იმას ახლა ვეღარ ყიდულობ, მაგრამ ხშირად კეთილი ადამიანები, ძირითადად მეზობლები მეხმარებიან, ესენი რომ არა…“ – ასრულებს საუბარს ლელა.

Exit mobile version