ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს ჩამოვლენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინო ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ.
საუბარია რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი პერსონალის ჩართვაზე.
„საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს. სავალდებულო კარანტინის ხარჯებს სრულად დაფარავენ კონტრაქტორი კომპანიები“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
„საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიებმა, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთი თვის წინ გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი [თურქი სპეციალისტები] 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე“.
ამ თემაზე: