მთავარი,სიახლეები

ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 

21.08.2020 • 1817
ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 

ადვოკატმა ა. მ.-მ, ვისაც ყოფილი ცოლი ოჯახში ძალადობას ედავებოდა, სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააუქმა ადვოკატ ა. მ.-ს წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც 26 აპრილს ბათუმის პოლიციის პირველმა განყოფილებამ გამოსცა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ა.მ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიციას დასახმარებლად თავად მიმართა, პოლიციელებმა კი, შემაკავებელი ორდერი მის წინააღმდეგ გამოსცეს. მოსამართლეს ადვოკატმა ა.მ.-მ უთხრა, რომ მასზე ყოფილი ცოლი ხშირად ძალადობს ფსიქოლოგიურად შვილების თანდასწრებით. ადვოკატი ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს საერთო სახლში.

„…ა.მ.-ს აქვს დაინფიცირების შიში ვირუსის თავიდან ასაცილებლად, იგი იღებს ყველა ზომას და ითვალისწინებს რეკომენდაციებს. ამის საწინააღმდეგოდ, ყოფილი მეუღლე – მ. ხ. იქცევა სრულიად უპასუხისმგებლოდ, გამოხატავს აშკარა გულგრილობას ვირუსთან მიმართებით, არ ითვალისწინებს არანაირ მოწოდებას და ასეთივე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს შვილებსაც, რაც მოსარჩელისთვის ყოვლად მიუღებელია… ვირუსის თავიდან ასაცილებლად წესების დაცვასა და გათვალისწინებასთან დაკავშირებით, მ.ხ. რეაგირებს უარყოფითად, მოსარჩელეს მიმართავს სალანძღავი სიტყვებით, აბრალებს, რომ არის მშიშარა და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, როგორც მოსარჩელის პოზიცია.

სასამართლოში ადვოკატის ინტერესებს, რომლის წინააღმდეგაც პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, ადვოკატი ლელი ბჟალავა იცავდა.

საქმის მასალების მიხედვით, ადვოკატმა ა.მ.-მ 24 აპრილს მიმართა პოლიციას დასახმარებლად. 25 აპრილს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი ადვოკატის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ გამოსცა. 26 აპრილს ადვოკატის ყოფილი ცოლი შვილებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მისულა და უთქვამს, რომ კონფლიქტის საგანი კორონავირუსი კი არა, არამედ ისაა, რომ ადვოკატი ტელევიზორს არ სცილდება.

„…მ.ხ. აღნიშნავდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე სისტემატურად, უწყვეტად უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, რაც ოჯახის დანარჩენი წევრთათვის მიუღებელი იყო,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ადვოკატის ყოფილმა ცოლმა პოლიციელებს ასევე უთხრა, რომ კონფლიქტი ხშირად იყო საკვების მომზადებასთან დაკავშირებით.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ თავის დასაბუთებაში აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პოლიციას თავდაპირველად ადვოკატმა მიმართა, ხოლო მისი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ წარსულშიც იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: