მთავარი,სიახლეები

მიმართვა ტურისტებსა და ბათუმელებს  – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება”

21.08.2020 • 1504
მიმართვა ტურისტებსა და ბათუმელებს  – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება”

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, “ახალგაზრდა მწვანეების” წევრებმა და ბათუმელმა აქტივისტებმა „რივიერა ბათუმის“ მშენებლობა და ბათუმის ჩაბეტონება გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა საგანგაშო სირენების ფონზე ქალაქში ჩამოსულ დამსვენებლებს მიმართეს – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება…”

“სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ხდება ბეტონის ქალაქი და მალე აქ შეუძლებელი იქნება ცხოვრება თუ დასვენება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრმა, მარიამ ვაწაძემ ბათუმში ჩამოსულ, მათ შორის, ევროპის მოედანზე გამოსულ დამსვენებლებს. – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმს ადგება გამოუსწორებელი ზიანია. სანაპიროზე, ბათუმი რივიერაზე შენდება ხუთი უზარმაზარი ცათამბჯენი, კაზინოები, იახტკლუბი და სასტუმროები. ბათუმი რივიერას პროექტი ჩაკეტავს ზღვაზე გასასვლელს… ბათუმს აღარ ექნება მწვანე სივრცე, სულ მალე ბათუმში არც ხეები დარჩება და არც საჯარო სივრცეები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დასვენება. ახლა სანამ თქვენ ისვენებთ, სანამ ტკბებით ბათუმით, ბათუმი ბეტონდება”.


“პერფორმანსი ევროპის მოედანზე იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს სივრცე დატვირთულია რესტორნებით, კაფეებით. გვინდოდა დინამიკებიდან საგანგაშო სირენა ჩაგვერთო და დამსვენებლებისთვის მიგვემართა, აქ რომ ჩამოდიან და ბედნიერად ისვენებენ – ჭამენ, ცათამბჯენებში იაფად ქირაობენ ბინებს. რეალურად უნდა იცოდნენ, რომ მათ ხარჯზე ეს ქალაქი ნადგურდება და როცა ჩვენ პროტესტი გვაქვს, ისინი გვიშლიან ხელს. იმიტომ აშენებენ, რომ დამსვენებელი ჰყავთ. ძალიან ცუდია, როცა ბათუმი რივიერაზე, ისტორიულ ნაწილში, კონცხზე ასეთი მონსტრების აშენებას აპირებენ და აქ ჩამომსვლელს/დამსვენებელს ეს არ აწუხებს. ხალხს ჰგონია, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება და ასე შემდეგ…” – ამბობს “ახალგაზრდა მწვანეების” წევრი მიშო ჯიბლაძე. – “პერფორმანსი დაანონსების გარეშე იმიტომ გავაკეთეთ, რომ აქციის გაკეთებას ზოგჯერ აზრი არ აქვს, მოდის ცოტა ადამიანი… ზოგს არ აწუხებს იმიტომ, რომ მართლა სჯერათ, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება… ამიტომაც შევახსენეთ დღეს, რომ შევაწუხებთ ყველას – რამდენიც არ უნდა ვიყოთ”.

პერფორმანსის მონაწილე, ბათუმელი აქტივისტი აზა გაბუნია ამბობს, რომ დღევანდელი პერფორმანსი აჭარის მთავრობას და ცალკე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესაც მიემართებოდა: “კიდევ ერთხელ შევახსენეთ, სად არის, ვინ არის, ვისი არჩეულია და რა მოვალეობები აკისრია მას. ის, რაც ხდება, ეს წარმოუდგენელია, ქალაქი ჩაბეტონებულია, არ გვაქვს სივრცეები, მიიტაცეს ყველა სივრცე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქს აღარ აქვს გამწვანება, ჰაერი დამძიმებულია. ბათუმმა, როგორც ზღვისპირა ქალაქმა – დაკარგა იდენტობა, მას მოეშალა სახე”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: