ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში 258 ფერმერი ბიუჯეტის ვალს აღარ გადაიხდის – მთავრობამ 207 ათასი ლარი ჩამოწერა

20.08.2020 • 2084
აჭარაში 258 ფერმერი ბიუჯეტის ვალს აღარ გადაიხდის – მთავრობამ 207 ათასი ლარი ჩამოწერა

ფერმერებს, რომლებმაც აჭარაში თანადაფინანსებით ნივრის სათესლე (სარგავი) მასალა, სასუქები და ჰერბიციდები მიიღეს და ფული დღემდე ვერ გადაიხადეს, ამ ვალს აღარ გადაახდევინებენ. ფერმერები არც დარიცხულ პირგასამტეხლოს გადაიხდიან. ეს ვალები აჭარის მთავრობამ ჩამოწერა. შესაბამისი კანონი 2020 წლის 19 აგვისტოს შევიდა ძალაში.

„აჭარის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში ნივრის სათესლე (სარგავი) მასალის, სასუქებისა და ჰერბიციდების თანაგადახდისათვის გათვალისწინებული ჯამური დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 194 609,67 ლარს, ამასთან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე წლის 23 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 13 155,62 ლარს. ამდენად, 2020 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, დავალიანება სულ შეადგენს 207 765,29 ლარს“, – აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „შესყიდულ იქნა სასუქი და ჰერბიციდი, რომელიც გაცემულ იქნა 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდულ 48 000 კილოგრამ „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სათესლე (სარგავ) მასალასთან ერთად. ქვეპროგრამების ფარგლებში 259 ბენეფიციართან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, მათ შორის, 258 ფიზიკური პირია და 1 კოოპერატივი. დღეის მდგომარეობით ქვეპროგრამებით განსაზღვრული თანაგადახდისთვის გათვალისწინებული თანხა გადახდილი აქვს 50 ბენეფიციარს, ხოლო ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებიდან გადმოგზავნილი განცხადებების თანახმად, 209 ბენეფიციარი ვერ ახერხებს დავალიანების და პირგასამტეხლოს დაფარვას“.

„პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვნად აისახა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე… ამდენად, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისათვის, არსებული არც თუ ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასაკომპენსირებლად, შეიქმნას შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იქნას მათზე დახმარების გაწევა ზემოაღნიშნული – დავალიანების ჩამოწერის – ფორმით, ამასთან, სავარაუდოდ, აღნიშნული თანხები მეტწილად მიმართული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

„ნივრის პროგრამა“ 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა, რომლის მიხედვითაც, აჭარის ბიუჯეტიდან ამ პროგრამის ფარგლებში 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. გარდა ამისა, აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილო იყო“.

აუდიტის დასკვნით, 48 000 კგ „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სარგავი მასალის შესყიდვაზე ტენდერში, ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში, გაიმარჯვა შპს „ქართულმა მოცვმა“, რომლის შეთავაზებულმა ფასმა დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 620 208 ლარი.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიმწოდებლის [„ქართული მოცვის“] სრულმა დანახარჯმა აღნიშნული საქონლის შესყიდვაზე შეადგინა 440 774 ლარი. შესაბამისად, ფასნამატმა შეადგინა 40.7% [179 433.8 ლარი]. ზემოაღნიშნული მკაფიოდ მიუთითებს შესყიდვის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რამაც ბიუჯეტიდან არაეკონომიური ხარჯი გამოიწვია“, – აღნიშნული იყო აუდიტის დასკვნაში.

ამ თემაზე:

არაეკონომიური ხარჯი აჭარის ბიუჯეტიდან და ნიორი წალკაში – აუდიტი პროგრამის არაეფექტურობაზე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: