Batumelebi |  ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ  ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ – Batumelebi
RU | GE  

 ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ

ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დროს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა, ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს ამოქმედდა. ამავე დადგენილებით, საქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის.

აღნიშნული დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი პუნქტები:
  • „…ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი“.
  • „ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის, კერძოდ, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების ან/და დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განახლება განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.“.
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების თაობაზე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უშუალოდ ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების  დახმარებით უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო/საინფორმაციო ღონისძიებები.“


„დღესდღეობით აქტიური მონიტორინგი გვაქვს და უკვე დაჯარიმებულია 100-ზე მეტი ობიექტი. იქიდან გამომდინარე, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ საჭირო ზომებს და იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები, შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი — იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება, მოახდინოს ობიექტის დახურვა“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 20 აგვისტოს. 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com