მთავარი,სიახლეები

20 წელი აქ ვცხოვრობთ და მიწას არ გვირეგისტრირებენ – 6 ოჯახი გონიოდან

21.08.2020 • 1179
20 წელი აქ ვცხოვრობთ და მიწას არ გვირეგისტრირებენ – 6 ოჯახი გონიოდან

გონიოში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე  მცხოვრები 6 ოჯახი საცხოვრებლის დარეგისტრირებას უკვე წლებია ითხოვს. ისინი აქ 20 წელზე მეტია ცხოვრობენ და ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას შესაბამისი მოთხოვნით ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ყოფილი სამხედრო ბაზის ერთსართულიან შენობაში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს. აქედან სამმა, როგორც მეზობლები ამბობენ, ფართობის საკუთრებაში დარეგისტრირება მოახერხა, ექვს ოჯახს კი უარი უთხრეს.

„ჩვენ ზურაბ პატარაძე დაგვპირდა და დაგვირეგისტრირა სამ ოჯახს, დანარჩენებისთვისაც უნდა დაერეგისტრირებინათ, მაგრამ შემდეგ ის გადააყენეს და საქმე გაჩერდა“, – გვითხრა აქ მცხოვრებმა შალვა დავითაძემ.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ [2020 წლის 20 ივლისს #445 დადგენილება] თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება დაამტკიცა, გონიოს ყოფილ სამხედრო ბაზაზე მცხოვრებლებს იმედი გაუჩნდათ, რომ წლების განმავლობაში გაწელილი პროცედურა ახლა მაინც დასრულდებოდა და ისინი საცხოვრებლებს საკუთრებაში დაირეგისტრირებდნენ, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მათ მაინც უარი უთხრა.

„ჯერ გვითხრეს, ყველაფერი რიგზეა – გიკანონებთო, მიგვატანინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, შემდეგ მოგვწერეს, თქვენი სახლი განაშენიანებაში არ ჯდება და ვერ დაგიკანონებთო. ჩვენ ეს ფართობი 23 წლის წინ მივიღეთ, ჩემი მეუღლე აქ ყარაულად მუშაობდა“, – გვითხრა თინა დავითაძემ.

მისი მეზობლის, ლეილა შაქარაძის თქმით კი, ფართობი, რომელში ცხოვრობენ, დიდი ხნის წინ რუსი ოფიცრისგან ისე იყიდეს, რომ მისგან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მიუღიათ:

„ჩვენ ამ სახლის ძველი ორდერი გვქონდა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ჩავაბარეთ, მაშინ როცა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ხელვაჩაურის საზღვრებში შედიოდა.“

თინა დავითაძე და რევაზ ბერიძე

მთავრობის დადგენილებით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს მოქალაქეს [მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს], რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს [სარგებლობს]. ფიზიკურ პირს [მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს], თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე [ დადგენილება ძალაში 2020 წლის 20 ივლისს შევიდა].

გონიოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით, საცხოვრებლის რეგისტრაციის არქონა მათ დამატებით პრობლემას უქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ  სახლებში ბუნებრივი აირის მიყვანას, ელექტროენერგიას კი მეზობლების დახმარებით სარგებლობენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია სამომავლოდ დაგეგმილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, ამიტომაც სამინისტრო მოქალაქეებს ამ ნაკვეთს არ დაუკანონებს.

გამომდინარე იქედან, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებისათვის ან სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ქონებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების ფაქტობრივი მფლობელთათვის, “საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, არ გაიცა დადებითი რეკომენდაცია“, – ეს არის სამინისტროს ოფიციალური პასუხი, რომელიც წერილობით მოგვაწოდეს.

საიას იურისტის მირზა მამულაძის განმარტებით „იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის N445 დადგენილება ვრცელდებოდეს ამა თუ იმ ურთიერთობაზე, აუცილებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ირიცხებოდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება არ დგინდება, რაც გამორიცხავს ამ დადგენილების გავრცელებას განსახილველ შემთხვევაზე“.

ოფიციალური წერილით კი, რომლითაც კომისიამ მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს მიმართა [2019 წლის 8 ნოემბერს, #18], გაუქმდა ადრე [2017 წლის 18 აგვისტოს] გაცემული დადებითი რეკომენდაცია:

 

თუმცა, მირზა მამულაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადრე გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოქალაქეებმა განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება [მაგალითად, ააშენეს სახლი, მიაშენეს ფართობს ან გაარემონტეს ის] სახეზე გვაქვს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული კანონიერი ნდობის პრინციპი:

შენობა, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ, მაგრამ სახელმწიფომ მათ ამ ქონების საკუთრებაში გადაცემაზე უარი უთხრა

„ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება“.

იურისტის განმარტებით, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების რაობას კოდექსი არ განსაზღვრავს, თუმცა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ასეთ ქმედებად უნდა მივიჩნიოთ პირობითად სახლის აშენება ან უძრავი ქონების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა და ა.შ. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი [ამ შემთხვევაში ადრე გაცემული დადებითი რეკომენდაციები], რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, კანონიერი ნდობის პრინციპის არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

კითხვაზე, რა ელით სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიას მთავრობა ინვესტორზე გაასხვისებს, სამინისტროს დაზუსტებული პასუხი ჯერ არ აქვს: „საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას, აღნიშნული მოქალაქეების შესახებ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/290380/?fbclid=IwAR0is_KYyuWwPpdJcvODbbh8UyauTTsz5w4A6StI8rVDcpIYKqD9afHSlSA

 

გადაბეჭდვის წესი