ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მთავრობა და მერია წინასაარჩევნოდ „ღვაწლმოსილ პიროვნებებს“ ასაჩუქრებს, მათ შორის, ფულითაც

19.08.2020 • 1629
მთავრობა და მერია წინასაარჩევნოდ „ღვაწლმოსილ პიროვნებებს“ ასაჩუქრებს, მათ შორის, ფულითაც

პანდემიის გამო ბიუჯეტში დაკარგული შემოსავლების ფონზე, აჭარის მთავრობამ 48 ათასი ლარი გამონახა საპატიო მოქალაქეების დასაჯილდოებლად, ბათუმის მერიამ კი „დამსახურებულ მოღვაწეებს“ ქალაქის ცენტრში ოფისისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართობი გადასცა.

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N6-ში, 67კვ.მ ფართობი ბათუმის მერიამ ორი წლით, უსასყიდლოდ ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემიას“ გადასცა. მერიის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 13 აგვისტოს დაამტკიცა.

მერიიდან საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

როგორც მერიის განმარტებით ბარათშია აღნიშნული: „ბათუმის სახალხო აკადემია არის ა[ა]იპ. იგი ადრეც და ამჟამადაც ღებულობს მონაწილეობას ბათუმისა და აჭარის ყველა იმ ღონისძიებაში, რომელსაც მოაქვს დადებითი თვისებები ხალხის კეთილდღეობისთვის“.

თუმცა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ახალი ა[ა]იპ-ის დასარეგისტრირებლად „სახალხო აკადემიელებმა“ საჯარო რეესტრს 2020 წლის 18 ივლისს მიმართეს და 30 ივლისს დაარეგისტრირეს. ამ საზოგადოების საქმიანობის მიზნები წესდებით ასეა განსაზღვრული: „1. ბათუმის ღვაწლმოსილი პიროვნებების დაფასება/დაჯილდოვება; 2. ქალაქ ბათუმის განვითარებაში წვლილის შეტანა“.

განსაკუთრებული წვლილისთვის, ოღონდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე, გარკვეულ პირებს საპატიო წოდებებს წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მიანიჭებს. ამ კუთხით მთავრობის თავმჯდომარე ჯილდოებსაც გასცემს და თანხასაც.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 18 აგვისტოს მიიღო კანონი, რომელიც „ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებსა და  საპატიო წოდებებს იმ პირთა დასაჯილდოებლად, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში“.

პირი ჯილდოვდება/საპატიო წოდება ენიჭება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

კანონით, რომელიც 2020 წლის 31 აგვისტოდან ამოქმედდება, ჯილდოსთან და  საპატიო წოდებასთან ერთად, პირს ეძლევა ერთჯერადი თანხა:

[checklist]

  • ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენოსანს – 5 000 ლარი;
  • ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენოსანს – 4 000 ლარი;
  • ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენოსანს – 3 000 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალოსანს – 2 000 ლარი;
  • საპატიო წოდებისათვის – 1000 ლარი.

2020 წლამდე მსგავსი კონონი აჭარის ავტონომიაში არ არსებობდა.

[/checklist]

კანონში აღნიშნულია, რომ შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან სპეციალურად ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გაიცემა. აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის გამო ცვლილებები პირველად აპრილში შეიტანეს. იმ დროს ბიუჯეტში ჯილდოებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იყო.

2020 წლის 8 აგვისტოს მორიგი ცვლილებების დროს კი, ბიუჯეტში გაჩნდა გრაფა – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ფინანსური უზრუნველყოფა“, რისთვისაც 48 ათასი ლარია განსაზღვრული.

მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების პირობები

1. ტბელ აბუსერისძის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში – მმართველობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, განათლების, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. ტბელ აბუსერისძის ორდენი სამი ხარისხისაა:

ა) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამორჩეული საქმიანობისათვის;

ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის;

გ) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ღირსეული სამსახურისათვის.

3. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ხელოვნების, სპორტის ან საზოგადოებივი ცხოვრების სხვა სფეროში მოღვაწე პირს შესაბამისი სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4. ამ მუხლით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება დაჯილდოვდეს არაუმეტეს 3-3 პირი.

5. საპატიო წოდება კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 6 პირს.

მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების წესი

1. პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საპატიო წოდება ენიჭება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად.

2. ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და საპატიო წოდება ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და საპატიო წოდება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი აჯილდოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. პირს საპატიო წოდებას ანიჭებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის, მუნიციპალიტეტის მერის ან/და სხვა თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე.

4. პირს, რომელიც ჯილდოვდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდო, ხოლო პირს, რომელსაც ენიჭება საპატიო წოდება გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სამკერდე ნიშანი.

5. დაჯილდოებულ პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს და შესაბამის მოწმობას, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს საპატიო წოდებას და სამკერდე ნიშანს საზეიმოდ გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე, ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

6. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ მიენიჭოს საპატიო წოდება, თუ კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საპატიო წოდების მინიჭების შემთხვევაში ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და შესაბამისი მოწმობის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდების მოწმობისა და სამკერდე ნიშნის აღწერილობებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

ამავე კანონით, ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „დაჯილდოებული პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოზე წარმდგენი თანამდებობის პირის შუამდგომლობით“.

ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ნიმუშებს ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე. ამასთან, აჭარის მთავრობამ/მთავრობის თავმჯდომარემ 2020 წლის 31 აგვისტომდე უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა და ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე:
დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“
დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“
„კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ
„კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ
რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას
რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას
ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს
ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს