განათლება,მთავარი,სიახლეები

რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა ბათუმის საჯარო სკოლებში

21.08.2020 • 1352
რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი, 21 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში დარეგისტრირებულია 3047 პირველკლასელი, რაც შარშანდელზე გაცილებით მეტია: 2019-2020 სასწავლო წელს ბათუმის საჯარო სკოლებში 2800-მდე პირველკლასელი იყო დარეგისტრირებული, 2018-2019 სასწავლო წელს კი 2587 პირველკლასელი.

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, 189 პირველკლასელი დარეგისტრირდა და აქ 7 პირველი კლასი იქნება. პირველ საჯარო სკოლაში სულ 2180 მოსწავლეა. 

მე-9 საჯარო სკოლაში, დირექტორ ნუგზარ სურმანიძის თქმით, 193 პირველკლასელი დაარეგისტრირეს. პირველი სკოლის მსგავსად აქაც პირველკლასელთა 7 პარალელური კლასი შეიქმნება.

„22-ე საჯარო სკოლაში კი უკვე 163 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ამ სკოლაში პირველკლასელებისგან 6 პარალელური კლასი შეიქმნება”, – ამბობს სკოლის დირექტორი, გიორგი რუხაძე.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში სულ 1975 მოსწავლეა. წელს აქ 150 პირველკლასელი ეყოლებათ, მათგან 6 კლასს დააკომპლექტებენ.

ოთხივე ზემოთ ხსენებული, დიდი საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ პირველკლასელები მეორე ცვლაში ისწავლიან.

რაც შეეხება კერძო სკოლებში დარეგისტრირებულ პირველკლასელებს, მათი რიცხვი რესურსცენტრის ინფორმაციით, დაზუსტებული ჯერ არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბათუმის კერძო სკოლებში დაახლოებით 500 პირველკლასელი ისწავლის 2020-2021 სასწავლო წელს.

პირველკლასელთა რეგისტრაცია ისევ გრძელდება და 31 აგვისტომდე გასტანს. როგორც 1-ლი, მე-2, მე-9 და 22-ე სკოლის დირექტორები ამბობენ, დარეგისტრირებულ პირველკლასელთა ზემოთ ხსენებული ციფრები მხოლოდ ძალიან მცირედით შეიძლება გაიზარდოს 31 აგვისტომდე – რეგისტრაციის დასრულებამდე, რადგან კლასებში ადგილები თითქმის ყველგან სრულადაა შევსებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: