მთავარი,სიახლეები

გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

18.08.2020 • 3385
გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

გომის მთის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად შენიშნავთ დიდ ტრაფარეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას წელს რომ გამოუკრავს. „უკანონო მშენებლობა დაჯარიმდება“ – წერია აქ. თუმცა გომის მთაზე ჯერ არავის დაუდგენია, რა არის კანონიერი და რა – უკანონო. თვალის მოვლება საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ თუკი ყველგან სახლი აშენდება, სადაც ახლა რკინის ბოძებია ჩასხმული, ნისლებზე ყურებას ან ღრუბლებს ზემოდან ყოფნით ტკბობას ვერავინ ვეღარ შეძლებს.

გომის მთაზე მშენებლობები წელს ნაწილობრივ შეჩერდა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მთის აღმართის დასაწყისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ და აღარ ატარებენ მანქანებს, რომლებსაც მთისკენ სამშენებლო მასალები მიაქვთ. თუმცა მოაგარაკეები ჰყვებიან, რომ „შემოვლითი გზები“ დარჩა გავლენიანი ადამიანებისთვის. მთაში ახლა იმაზეც საუბრობენ, რომ აქაურობით ივანიშვილები დაინტერესდნენ, ბერა ივანიშვილიც იყო მთაზე ასული და შეკვეთილიდან პირდაპირ გომის მთის ნისლებში ამოატარებენ საბაგიროსო.

ვეტექიმი, ექიმი, ტელეფონი – რა აწუხებს ხალხს

გომის მთაზე დაკეტილი სახლი უკვე იშვიათობაა. აქაურობას მოიალაღეებიც დაუბრუნდნენ, მოაგარაკეები და ისინიც, რომლებსაც გომის მთაზე ტურისტული ბიზნესის წამოწყება სურთ. პრობლემაც სხვადასხვაა. მოიალაღეებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ ვეტექიმი ადგილზე არ არის, ასევე არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. მოაგარაკეები კი, აუცილებლად გკითხავენ, როდის და როგორ მოხერხდება საკუთრების რეგისტრაცია. ჯერ კიდევ ბევრია საერთო პრობლემები: ტელეფონი, რომელიც მთის წვერზე იჭერს, ისიც კონკრეტულ ადგილებში, გზა, წყალი და შუქი, რომელიც ზოგიერთ დასახლებაში ისევ ხელმიუწვდომელია. პრობლემაა საკანალიზაციო სისტემის არარსებობაც, რომელზეც ახლა უკვე ახლო-ახლო აშენებული სახლების მეპატრონეები შემოგჩივლებენ.

„…მე აღარ მახსოვს, იმდენი წელია დავდივარ აქ,“ – გვიყვება რევაზ ჯაყელი. ის ხარიათაღზე ცხოვრობს, სადაც, ძირითადად, მოიალაღეები ცხოვრობენ და ზაფხულობით აქ საქონელი ამოჰყავთ.

„როგორც მომთაბარე კაცი, გეტყვით, რომ გვიჭირს ვეტექიმი. პირუტყვს აცრა სჭირდება, დაავადება რომ არ შემოვიდეს, ტურისტი უკვე ბევრია მოაგარაკეების მხარეს, აქეთ გადმოდიან და რძის ნაწარმს ყიდულობენ… ბევრჯერ საჭირო გახდა ვეტექიმი და შუახევიდან ამოვიყვანეთ. ახლობელი იყო და იაფად გამოვედით, თორემ ისე პრობლემაა. აუცილებლად საჭიროა ექიმიც. ამას წინათ, მშენებლობაზე გადაიჭრა კაცმა ხელი, სამი საათი სჭირდება ოზურგეთიდან ან შუახევიდან აქ სასწრაფოს ამოსვლას… კიდევ კარგი, დამსვენებლებში ერთი ექიმი აღმოჩნდა და იმან შეუჩერა სისხლდენა, თორემ ვერ ვუჩერებდით სისხლს. როცა ამდენი ადამიანი ცხოვრობს, ექიმიც საჭიროა,“ – გვითხრა რევაზ ჯაყელმა.

რევაზ ჯაყელი

„…პრობლემაა ტელეფონზე ლაპარაკი, გორაზე იჭერსო, ამბობენ. ავდივარ ზოგჯერ, არ არის… არც ტელევიზორი აჩვენებს. აქ რომ ივნისში ამოვდივართ, სექტემბრის 10-ის მერე ვბრუნდებით უკან, ხომ უნდა გავიგოთ ამბავი?“- კითხულობს ნოდარ დავითაძე.

ნოდარ დავითაძე

გზების კეთილმოწყობაზე და კანალიზაციის სისტემის არარსებობაზე გვესაუბრა ცოლ-ქმარი: ილია ბალაძე და სელვა ნაკაშიძე. მათი თქმით, რადგან მშენებლობები უსისტემოა, სამეზობლო დავებმაც იმატა. სელვა და ილია წელსაც ფეხით ამოსულან გომის მთაზე. ფეხით შუახევიდან გომის მთამდე დაახლოებით 35 კილომეტრია.

„…როცა საქონელი ბევრი გყავს, უკეთესია, თუ ფეხით წამოიყვან, ტრანსპორტი წყენს საქონელს, ცოდვაა… ადრე დილას ვდგებით და მოვდივართ, რამე არ არის,“ – ღიმილით გვიყვება ილია და შეშის ღუმელთან ახლოს ჯდება. ზაფხულია, მაგრამ ზოგჯერ გომის მთაზე ცივა.

„რამე არა ჰო,“ – საუბარში სელვა ერთვება, ღუმელზე შემომდგარ ქვაბში ნადუღს ხის კოვზს ურევს და მიყვება, – „ცოლად რომ გავყევი, ნამყოფი არ ვიყავი გომის მთაზე, მითხრა, დილას მივდივართო. წამოვედით და გზაში ამბობს, ახლა მოვა მანქანა, ახლა მოვაო და ასე ამოვედით ფეხით…“ – გულიანად იცინის.

სელვა ნაკაშიძე

სელვას მას შემდეგ არც ერთი წელი ჩაუგდია. ზურგს უკან ნახატს გვაჩვენებს, ეს ილიას ნამუშევარია, ახალგაზრდობაში ხატავდაო.

„ვხატავდი კი, მეშვიდე კლასიდან, ეს გოგონებია, ზღვაზე არიან, იატაკის ჩვეულებრივი საღებავებით დავხატე და მოეწონათ… არა, გამოფენა არ მომიწყვია, ახლა აღარ ვხატავ,“ – გვიყვება ილია.

„აქ რომ ამოვდივარ, წამალი აღარ მჭირია… იქ, ბარში წამალიო, გადასხმებიო, მერე აქაც მომაქვს ყველაფერი, მაგრამ აქ ხანდახან წნევის წამალს თუ დავლევ, ისაა,“ – დასძინა სელვამ.

ილია ბალაძე

გომის მთაზე ატარებს არდადეგებს მეშვიდეკლასელი ლიზი ჭაღალიძეც. ამბობს, რომ თავდაპირველად ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე ცხოვრებასთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ბავშვებთან ერთად გაერთო, ბებიას კაიმაღის გამოხდასა და აჭარული ყველის ამოყვანაში ეხმარება.

„იცით, ნისლში თუ დაიკარგებით, ძროხას უნდა გაყვეთ უკან, ბაბუა დაკარგულა მასე ადრე ბავშვობაში და მერე ძროხას მოუყვანია სახლში,“ – იცინიან ბავშვები და წრეში ბურთის თამაშს იწყებენ.

ვის ეკუთვნის საკუთრება გომის მთაზე? – რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 

საჯარო რეესტრმა გომის მთაზე საკუთრების უფლების აღიარების სისტემური რეგისტრაცია გუშინ, 17 აგვისტოს დაიწყო. სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ამზადებს ან გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტს საჯარო უწყებებიდან, რაც რეგისტრაციისთვისაა საჭირო. ამ ეტაპზე საკუთრება დაბა გომის მთაზე არავის აქვს დარეგისტრირებული.

რა პირობით არის შესაძლებელი საკუთრების მიღება? – საჯარო რეესტრის პრესცენტრში გვითხრეს, რომ უნდა არსებობდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე გათვალისწინებული იქნება ფაქტობრივი ფლობა.

რამდენწლიანი ფაქტობრივი ფლობა უნდა დადასტურდეს და რა ფორმით? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ სახლი უკვე აშენებულია? – საჯარო რეესტრის პრესსამსახურში გუშინ, 17 აგვისტოს დაგვპირდნენ დეტალური პასუხის მოწოდებას, თუმცა დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას აღარ უპასუხეს.

ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, „ბათუმელებისთვის“ ვერც ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მოიცალეს. ოზურგეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით კი, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დაბა გომის მთაზე აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყეს და საკუთრებას ის მიიღებს, ვინც საარქივო დოკუმენტით დაადასტურებს, წინაპარი რომ ფლობდა საკუთრებას გომის მთაზე.

„თუ იქნება ახალი სახლი იმაზე მეტი, რაც მის წინაპარს ჰქონდა, იგი მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა… ასევე გათვალისწინებულია ფაქტობრივი ფლობა, თუმცა როგორ და რა პირობით, ამას საჯარო რეესტრმა უნდა უპასუხოს,“ – გვითხრეს ოზურგეთის მერიის პრესცენტრში.

ოზურგეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოქტომბერში დაიწყება ოზურგეთი-გომისმთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, გზა მოასფალტდება და ამისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ნიუ როუდი“ შეასრულებს. ოზურგეთის მერიაში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოეწყობა კანალიზაციის სისტემა კურორტზე. კურორტზე ასევე დასამთავრებელია სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები, რაზეც ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.

„გზა როცა მოეწყობა, შემდეგ მოეწყობა ამბულატორია და სხვა ობიექტები, ჯერ ტენდერი გამოცხადებული არ არის,“ – დასძინეს ოზურგეთის მერიის პრესცენტრში.

გომის მთის ცენტრში გამოკრული განცხადების მიუხედავად, ოზურგეთის მერს ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებია. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა უკანონოდ დაწყებული მშენებლობების შეჩერება შეძლო.

და ბოლოს – საბაგირო გზა შეკვეთილიდან გომის მთამდე – ოზურგეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: