განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ გეგმავენ სწავლის დაწყებას სკოლის დირექტორები – მოსწავლეები ონლაინ და კლასებში

21.08.2020 • 2712
როგორ გეგმავენ სწავლის დაწყებას სკოლის დირექტორები – მოსწავლეები ონლაინ და კლასებში

2020 – 2021 სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეკომენდაციები ამოქმედდა. როგორ შეძლებენ სკოლები ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას, იძლევა თუ არა საშუალებას საკლასო ოთახების სივრცე განთავსდეს მერხები 1 მეტრიანი დისტანციით, იქნება თუ არა საჭირო დამატებით ახალი მასწავლებლების მიღება სკოლაში და დაწესდება თუ არა შაბათი სასწავლო დღედ – ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებული კითხვებით „ბათუმელებმა“ ბათუმის ოთხი სკოლის დირექტორს მიმართა.

დირექტორები გვიყვებიან, როგორ აპირებენ 15 სექტემბრამდე სასწავლო პროცესი მოარგონ განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. ოთხივე სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რომ რეკომენდაციების გასათვალისწინებელი საკითხები სკოლაში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მაგრამ არის საკითხები, რაზეც სკოლები უკვე შეთანხმდნენ, მაგალითად, ჩვენს მიერ გამოკითხული ოთხივე დიდი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო დღედ შაბათის გამოყენება მათ სკოლებში არ იგეგმება, რადგან ამის საჭიროება არ დგას. ასევე ყველა მათგანმა გვითხრა, რომ დამატებითი მასწავლებლების მოყვანა სკოლაში არ იქნება საჭირო, რადგან მათთან ცვლების რაოდენობა არ იზრდება.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლა

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ სკოლაში ისეც ორი ცვლაა და კიდევ ერთი ცვლის დამატება შეუძლებელი იქნება. მეორე სკოლას დიდი აუდიტორიები აქვს, რადგან ეს ძველი, არასტანდარტული შენობაა, სადაც თითო საკლასო ოთახი 60 კვადრატულ მეტრამდეა და იძლევა საშუალებას განთავსდეს მერხები 1 მეტრიანი დისტანციით.

დირექტორის განმარტებით, მეორე სკოლაში აპირებენ გამოიყენონ სწავლების შერეული მეთოდი: ონლაინსწავლება და სწავლება კლასში.

„შესაძლოა გადაიხედოს გაკვეთილების ხანგრძლივობის საკითხიც, რომ ცვლებს შორის დაგვრჩეს საკმარისი შუალედი სასკოლო სივრცის დასასუფთავებლად. ვფიქრობ, თუ სწორად დავგეგმავთ სასწავლო პროცესს, მაშინ შაბათის, როგორც სასწავლო დღის დამატება საჭირო არ იქნება.

რაც შეეხება პირბადეების, სანიტაიზერებისა და სხვა საჭირო ხსნარების მომარაგების საკითხს: ჩვენი სკოლის ბიუჯეტი საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარია ყოველწლიურად, რაც სრულიად საკმარისია შევიძინოთ ამ ყველაფრის მარაგები“, – ამბობს მეორე სკოლის დირექტორი.

მეორე სკოლაში 1973 მოსწავლეა.

სამინისტროს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, სკოლაში დამლაგებლების შრომა თითქმის ორმაგდება (სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ცვლებს შორის ნახევარ-საათიანი შესვენებისას საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება და ა.შ.)

ამ რეკომენდაციის სრულყოფილად შესასრულებლად სკოლებს შესაძლოა დამატებით კიდევ დასჭირდეს დამლაგებლები. მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ მეორე სკოლას 8 დამლაგებელი ჰყავს, მაგრამ არ არის გამორიცხული დასჭირდეთ დაიმატონ დამლაგებლები. დირექტორის თქმით, სკოლას ამის ფინანსური საშუალება აქვს. მისივე თქმით, არ იგეგმება რომელიმე საგნის დამატებითი მასწავლებლის მოყვანა სკოლაში.

პირველი საჯარო სკოლა

როგორც სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე გვეუბნება, სასწავლო პროცესისთვის გამოიყენება სკოლის ორი კორპუსი. სკოლის თითო აუდიტორია კი დაახლოებით 60 კვადრატული მეტრია და დირექტორის თქმით, დისტანციის დაცვის პრობლემა აქაც არ შეიქმნება.

„ვაპირებთ ასევე სააქტო დარბაზისა და რამდენიმე დერეფნის აუდიტორიად გამოყენებას. ორი ცვლა გვაქვს. მესამე ცვლას ვერ დავამატებთ, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. კლასებს ვერ გავყოფთ, ასეთი რეკომენდაცია არ გვაქვს.

საკლასო ოთახებად გადაიქცევა ასევე ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორიები და ტრენინგების ოთახები, რომელსაც არ ვიყენებდით ყოველდღიურად.

პირველ ცვლაში გვსურს შევამციროთ გაკვეთილების ხანგრძლივობა 5 წუთით, რაც ჯამში მოგვცემს  ზუსტად 6 გაკვეთილის ხარჯზე 30 წუთს. ამის ხარჯზე პირველსა და მეორე ცვლას შორის იქნება შუალედი 40 წუთი, საკმარისი დრო და დალაგდება საკლასო ოთახები“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

პირველი სკოლის დირექტორის თქმით, იგეგმება მათი სკოლის იმ მასწავლებლების გადამზადება, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ ონლაინ სწავლების უკეთ წარმართვაში.

მისივე თქმით, მარტიდან ივნისამდე კარანტინის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაზოგა სკოლამ და აქვთ საშუალება შეიძინონ თერმოსკრინინგის აპარატები, პირბადეების, სანიტაიზერებისა და სპეციალური ხსნარების მარაგები.

სწავლების შერეულ მოდელზე პირველ სკოლაში მე-11 და მე-12 კლასები გადავა.

ნატალია მგელაძე მიიჩნევს, რომ პირველ სკოლაში დამლაგებლების რაოდენობის გაზრდა საჭირო არ იქნება, არც მასწავლებლების:

„სანიტარული ნორმების დაცვას მხოლოდ დამლაგებლებს ვერ მივანდობთ:

დამლაგებელთან ერთად დამრიგებლებს შეუძლიათ დასვენების პერიოდში გაანიავებინონ მოსწავლეებს კლასები. დამრიგებელმა, რომელიც დალაგებულ ოთახში შეიყვანს ბავშვებს, დასვენების დროს უნდა უთხრას ბავშვებს, რომ მათ შესვენებებზე თავად დაწმინდონ საკუთარი მერხების ზედაპირები.

თუ მოსწავლეებსაც არ გავაგებინეთ, რომ მათი სასწავლო სივრცის დასუფთავება ნაწილობრივ თავადაც ევალებათ, ისე არაფერი გამოვა“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მეცხრე საჯარო სკოლა

1730 მოსწავლეა მე-9 სკოლაში, სადაც დირექტორის, ნუგზარ სურმანიძის თქმით, 25 ოთახზე მეტია 50 კვადრატული მეტრი მოცულობის. მისი თქმით, ასეთ აუდიტორიებში 25, 30 მოსწავლით დაკომპლექტებული კლასის განთავსება თავისუფლადაა შესაძლებელი დისტანციის დაცვით.

სკოლაში 7 ოთახია 62 კვადრატული მეტრი მოცულობის, სადაც იმ კლასებს განათავსებენ, რომელშიც 30 მოსწავლეზე მეტია. სკოლაში 5, 6 ოთახია 35-დან 50-მდე კვადრატული მეტრი მოცულობის.

დირექტორის თქმით, სივრცესთან დაკავშირებული პრობლემები სკოლას ნაწილობრივ შეექმნება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოიყენებენ შერეული სწავლების მეთოდს, თუმცა გამოიყენებენ თუ არა ონლაინ სწავლების მეთოდს, დაზუსტებით  საკითხი მე-9 სკოლას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

ზემოთ ხსენებული სკოლების მსგავსად მე-9 სკოლაშიც ორი ცვლაა.

„სკოლას 7 დამლაგებელი ჰყავს. შეიძლება დაგვჭირდეს დამლაგებლის დამატება, მაგრამ სკოლას ამის ფინანსური რესურსი აქვს. სველი წერტილები, ხელსაბანები, საიზოლაციო ოთახები ჩვენ ჯერ კიდევ  გაზაფხულიდანვე მოვაწყეთ.

რომ არ ველოდით ისე აუღეთ ალღო მასწავლებლების უმრავლესობამ დისტანციურ სწავლებას. თითო-ოროლა ყველგანაა, რომ ვერ აუღო ალღო, მაგრამ საშუალო დონეზე ყველას შეუძლია ასწავლოს დისტანციურად“, – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

ოცდამეორე საჯარო სკოლა

სკოლის დირექტორის თქმით, 22-ე სკოლის ტექპერსონალი სკოლაში უნიფორმებითა და სადეზინფენქციო ხალათებით იქნება შემოსილი. გიორგი რუხაძე გვეუბნება, რომ სკოლას უკვე შეძენილი აქვს თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერი, ხსნარები და ჯანდაცვის რეკომენდაციების შესასრულებლად მუდმივი შეხვედრები იმართება სკოლაში.

პირველ ცვლაში, დირექტორის თქმით, მეექვსე-მეთორმეტე კლასები ისწავლიან. მეორე ცვლაში იქნება პირველი-მეხუთე კლასები.

უკვე განსაზღვრულია, რომ დილის ცვლაში იქნება 30 კლასი, მეორე ცვლაში კი 33 კლასი.

დაწყებით კლასებს 22-ე სკოლაში მეორე ცვლაში მოუწევთ სწავლა.

სკოლას დირექტორის ინფორმაციით, 83 პედაგოგი ჰყავს და რომელიმე საგნის მასწავლებლის დამატების საჭიროება არ დგას. ამ სკოლაში თითოეული მასწავლებელი საშუალო 20 გაკვეთილს ატარებს.

„დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებას ვგეგმავთ იმ შემთხვევაში, თუ დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, ისიც მხოლოდ მაღალ კლასებში შეიძლება ნახევრად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეთ.

არ ვგეგმავთ 40 წუთიანი გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირებას. მეორე ცვლაში სწავლას დავიწყებთ 14:20 საათზე ან სამის ნახევარზე და დაახლოებით შვიდის ნახევარზე დამთავრდება სწავლა. ცვლებს შორის დასასუფთავებლად დრო გვრჩება თავისუფლად.

7 დამლაგებელი გვყავს სკოლაში, რა თქმა უნდა სამუშაო მათ დაემატათ, მაგრამ ეს სამუშაო გასაკეთებელი ჰქონდათ ისეც. ვაპირებთ არამხოლოდ დამლაგებლებს მივანდოთ ოთახების განიავება, კლასის ხელმძღვანელებიც მიეხმარებიან ჩემს დამლაგებლებს.

თუ საჭირო იქნება, შეგვიძლია გავზარდოთ დამლაგებელთა რაოდენობა ან წახალისების ფონდიდან დამლაგებლებს მივცეთ დანამატი, რადგან ანაზღაურება შრომას უნდა შეეფერებოდეს“, – ამბობს 22-ე სკოლის დირექტორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: