მთავარი,სიახლეები

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

21.08.2020 • 2468
პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის პირველ მაისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და გადასახადის გადაუხდელობისთვის გათვალისწინებული საურავისგან, თუ ისინი 2021 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფენ ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას; აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსების შესაბამისად, მიიჩნევა დაუძლეველ ძალად;

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია),

აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან;

აგრეთვე, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისგან, თუ იგი 2021 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან მისი რეექსპორტის განხორციელებას.“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ეს ბრძანება ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:

[checklist]

  • ტრაქტორები;
  • ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით;
  • მსუბუქი ავტომობილები და დანარჩენი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი ძირითადად ადამიანების გადასაყვანად, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილ-ფურგონებისა და სარბოლო ავტომობილების ჩათვლით;
  • ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად;
  • სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრების ან ტვირთის გადასაზიდად გამოსაყენებლების გარდა (მაგალითად, სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით);
  • მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით) და ველოსიპედები დაყენებული დამხმარე ძრავით, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები;
  • მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები; დანარჩენი არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალებები; მათი ნაწილები.

[/checklist]

ამ ბრძანების ამოქმედებამდე მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შემოტანილი აქვთ 2020 წლის პირველ მაისამდე, მათი განბაჟება ჯარიმის გადახდის გარეშე, 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. სწორედ ეს ვადა გახანგრძლივდა 2021 წლის პირველ მარტამდე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: