მთავარი,სიახლეები

კოვიდი დაგვიდასტურდა, 2 დღეა სასწრაფოს ველით და არ მოდის – მოქალაქე ბათუმიდან

16.09.2020 • 2991
კოვიდი დაგვიდასტურდა, 2 დღეა სასწრაფოს ველით და არ მოდის – მოქალაქე ბათუმიდან

ბათუმში მცხოვრები არჩილ გოგუაძე ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და 12 სექტემბერს კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა. დაიტესტა მისი მეუღლე, სალომე სულაბერიძეც. გუშინ, 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან შეატყობინეს, რომ კოვიდდადებითი იყვნენ. თუმცა ამ დრომდე, ის და მისი მეუღლე სასწრაფოს არ გადაუყვანია. მათ ჰყავთ პატარა შვილი, რომელიც, ცხადია მათთან ერთად ცხოვრობს და მას ტესტირება არ ჩატარებია. მათთან ერთად ცხოვრობენ მშობლებიც.

„ხუთი დღის წინ გავიკეთე PCR ტესტი, სიცხე მქონდა, გაცივებული ვიყავი და ამიტო გავიკეთე. მეოთხე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს გამოგიგზავნით ბრიგადას და გადაგიყვანთო. ველოდებით მას შემდეგ. ახლა მე და ჩემი მეუღლეც უსიმპტომოდ ვართ, მაგრამ თუ ინფიცირებულები ვართ, ხომ უნდა ვიცოდეთ ზუსტად? შესაძლოა ტესტი შეცდა, რადგან სიმპტომები არ გვაქვს“, – ამბობს არჩილ გოგუაძე.

არჩილ გოგუაძის თქმით, არა თუ არ გადაიყვანეს, არც კი მოუკითხია არავის მისი მდგომარეობა. „თავადვე დავრეკე და რომ მოვიკითხე ამბავი, მითხრეს შენით უნდა დაგერეკა და მოსულიყავიო.

არჩილ გოგუაძე ამბობს, რომ მან მართლაც დაურეკა შესაბამისი სამსახურს.

არჩილ გოგუაძეს და მის მეუღლეს ნამდვილად რომ შეეყარათ კორონავირუსი, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც ადასტურებენ.

„მე შეტყობინება გავაკეთე, გუშინაც გადავეცი ინფორმაცია და დღეს კიდევ შევახსენე სასწრაფოს და ვუთხარი, რომ ელოდებიან. რატომ არ აკითხავს, ვერ გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევაა და ვერ აუდიან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთევან მშვიდობაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი.

მისი თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პირი კლინიკაში სასწრაფომ უნდა გადაიყვანოს და მას თვითდინებით მისვლის უფლება არ აქვს.

„სასწრაფომ უნდა მიაკითხოს, თვითდინებით ვერ შევლენ, რადგან ორივე ინფიცირებული არიან მშობლები და ბავშვიც უნდა გატესტილიყო. რადგან კერძო სახლში ცხოვრობენ, დასუფთავების სამსახურიც გამოვიძახე დეზინფექციის ჩასატარებლად“, – ამბობს მშვიდობაძე. მისი თქმით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.

„ბათუმელები“ სასწრაფო დახმარების სამსახურსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ გადაჰყავთ ინფიცირებული პირები კლინიკაში ან რა ვადებში უნდა მიაკითხოს ბრიგადამ. აქ გვითხრეს, რომ პაციენტები პრიორიტეტის მიხედვით გადაჰყავთ.

„დაყოვნება უწევთ პაციენტებს იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება. სიმძიმის მიხედვით ხდება პაციენტების გადაყვანა კლინიკებში“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

ამით ხომ იზრდება კონტაქტში მყოფი პირების ინფიცირების რისკები? – ამ კითხვაზე სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ ეს საკითხი უშუალოდ მათ სამსახურს არ მიემართება.

ამ ეტაპზე არ არის ძალაში შესული მთავრობის ინიციატივა, რომელიც კოვიდ 19-ით ინფიცირებულების სახლში მკურნალობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ პაციენტის გადაყვანის დრო არ არის გაიდლაინში დაზუსტებული. „იცით ალბათ ხომ როგორი მდგომარეობაა და გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობაც“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


მთავარი ფოტო: არჩილ გოგუაძის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: