მთავარი,სიახლეები

ქალი ინტერნეტით გავიცანი, ახლა საკუთარ სახლში აღარ მიშვებს – 61 წლის კაცი

16.09.2020 • 1544
ქალი ინტერნეტით გავიცანი, ახლა საკუთარ სახლში აღარ მიშვებს – 61 წლის კაცი

„ჩემს საკუთარ სახლში აღარ მიშვებს ქალი, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიყავი 3 წელი,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. ის 61 წლისაა და სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რაც ექიმის დიაგნოზით დასტურდება. ალექსანდრეს თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ხიდის ქვეშ ან ავტობუსის გაჩერებაზე უწევს ღამის გათევა. მას საკუთარი სახლი შემაკავებელი ორდერის საფუძველზე დაატოვებინეს.

ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ახლა თვითონაა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ პოლიციას ამის დანახვა არ სურს.

„ის 2017 წლის დეკემბერში ინტერნეტით გავიცანი, მაშინ თურქეთში ცხოვრობდა,“ – გვიყვება ალექსანდრე ნიკოლაიშვილი ქალის შესახებ, რომელიც ახლა საკუთარ სახლში აღარ უშვებს. -„შეხვედრის შემდეგ დავუახლოვდი და შევიფარე, ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად, შემდეგ ჩამოიყვანა მისი სრულწლოვანი ბიჭი… ეს ქალი ჩემი კანონიერი მეუღლე არ არის, მაგრამ ჩემი ნებართვით ჩემს მისამართზე აღრიცხვის უფლება მივეცი… შემდეგ დაიწყო კონფლიქტები, გამოიძახეს პოლიცია და ჩემ წინააღმდეგ გაფორმდა შემაკავებელი ორდერი. ამ ორდერის ვადა 2 აგვისტოს ამოიწურა, მაგრამ სახლში ვეღარ შევდივარ, საკეტებიც გამოცვალეს. პოლიცია მეუბნება, შედიო, მაგრამ რანაირად? თუ არ გიშვებენ, სასამართლოს მიმართეო. სასამართლოსთვის მიმართვის ხარჯი არ მაქვს, ავად ვარ, თანაც ამას ბევრი დრო დასჭირდება,“ – გვითხრა ალექსანდრემ.

კანონის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი განსაკუთრებულ შემთხვევებში მოძალადის სახლიდან იძულებით გამოყვანის შესაძლებლობას იძლევა იმის მიუხევად, თუ ვინაა მესაკუთრე – მსხვერპლი თუ მოძალადე. შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი გამოსცემს და მისი ვადა ერთი თვეა. იურისტების განმარტებით, ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოძალადედ მიჩნეულ პირს ისევ პოლიციისთვის უნდა მიემართა, თუკი საკუთარ სახლში აღარ უშვებენ და ეს ეკონომიკური ძალადობადაც შეფასდებოდა. ასეთ შემთხვევაში პოლიციის ვალდებულება იქნებოდა მესაკუთრის საკუთარ სახლში დაბრუნება.

რაც შეეხება პირის იძულებით გამოსახლებას – ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო.

„მივმართე კახაბრის პოლიციას, რომ ჩემს სახლში შემიშვან, მაგრამ არაფერი, არავინ დამეხამარა… არ ვიცი, შემაფასეს თუ არა მსხვერპლად, ეს არის ეკონომიკური ძალადობა ჩემზე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.

რა რეაგირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან ალექსანდრე ნიკოლაიშვილის მიმართვას? – კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე გამოკითხვებით ალექსანდრე ნიკოლაიშვილის მიმართ ოჯახში ძალადობა არ დასტურდება.

ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ მის წინააღმდეგ შემაკავაბელი ორდერის გამოცემის დროს ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ანუ ოჯახში ძალადობისთვის ის უკვე მსჯავრდებული პირია. იმის მიუხედავად, რომ შემაკავებელი ორდერიც არ გაუსაჩივრებია, მოქალაქე მიიჩნევს, რომ არავის ჰქონდა მისთვის სახლის წართმევის უფლება.

„მანამდე მიჩივლა, ხელი გამარტყაო… აღიარება მომიხდა. ასეც რომ იყოს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სახლი წამართვა?“ – კითხულობს მოქალაქე.

„იმედი მაქვს, რომ ვცხოვრობ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სოციალურ სახელმწიფოში და ჩემი უფლებები იქნება დაცული,“ – წერს ალექსანდრე ნიკოლაიშვილი წერილში, რომელიც მან უკვე გაუგზავნა პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და სახალხო დამცველს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: