მთავარი,სიახლეები

რატომ ეჭვიანობს ბავშვი ახალშობილ და/ძმაზე – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

17.09.2020 • 2484
რატომ ეჭვიანობს ბავშვი ახალშობილ და/ძმაზე – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ხანდახან ბავშვებს ძალიან უჭირთ ახალშობილი დის ან ძმის მიღება, პირველი ბავშვი ეჭვიანობს ოჯახში ახალ წევრზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მატებას მშობლების მეტი ყურადღება მიაქვს. ბავშთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ეჭვიანობის თავიდან ასაცილებლად ბავშვი ჯერ კიდევ ორსულობამდე უნდა შევამზადოთ ამ სიახლისთვის.

  • ქალბატონო ირმა, როგორ მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია, რომ მალე მას პატარა ძმა ან და ეყოლება?

საერთოდ, ბავშვს სასურველია წინასწარ მივაწოდოთ მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარა არსება სახლში ძალიან საყვარელი და სასაცილოა. მაგალითად, როცა ქუჩაში ვხედავთ ვიღაცას ჩვილით ხელში,  დავანახოთ ბავშვს, თუ როგორ თამაშობს ჩვილი ჩხარუნათი, ყურადღება გავუმახვილოთ იმაზე, თუ როგორი საყვარელი შეიძლება იყოს სახლში ასეთი პატარას ყოლა. თუ პროტესტი  გაუჩნდა – „არ მინდა, იმიტომ, რომ იტირებს”, აუხსენით, რომ სამაგიეროდ ხშირად ეთამაშება, გააცინებს და დიდ სიხარულს მოუტანს. გარდა ამისა, ჩავურთოთ ბავშვს ინტერნეტში მოკისკისე ახალშობილების ვიდეოები. აუცილებლად უნდა დავანახოთ ისიც, რომ  ბავშვი ზოგჯერ ტირის და ისიც უნდა ავუხსნათ, თუ რატომ ტირის.

Შეიძლება ავიღოთ პატარა თოჯინა, ვეთამაშოთ, Რომ გვყავს სახლში პატარა და მას ფრთხილად უნდა მივექცეთ, ნაზად ავიყვანოთ ხელში, თუ ეუხეშა, თოჯინის ნაცვლად ვიტიროთ, მოვეფეროთ და ვაჩვენოთ ჩვენი ემპათია.

არასწორია ბავშვს ყველაფერი ვარდისფერ ფერებში და პოზიტიურად დავუხატოთ – ცრუ მოლოდინების გამო ის ახალშობილისგან მხოლოდ სიცილს და თამაშს მოელის, ამასობაში მოვა პატარა, რომელსაც გაზები აწუხებს, მუცელი სტკივა და ტირის. ბავშვისთვის ეს შოკისმომგვრელი ხდება, ძალიან ისტრესებიან ამ დროს.  როცა დედას მუცელი ეზრდება და მშობიარობის პროცესი ახლოვდება, უკვე  ფაქტის წინაშე უნდა დავაყენოთ ბავშვი და ვუთხრათ, რომ გვეყოლება ოჯახის ახალი წევრი, იმიტომ, რომ ეს არის ნორმა, შენც ასე მოხვედი და გახდი ახალი წევრი ჩვენი ოჯახისთვის.

  • ასაკთან მიმართებაში რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

ეს ძალიან ინდივიდუალური მომენტია, შეიძლება ერთსა და იმავე  ასაკში ეს სიახლე ერთი ბავშვისთვის იყოს დამანგრეველი და ძალიან დიდი სტრესის საფუძველი, მეორესთვის კი პირიქით – იყოს ძალიან დიდი საჩუქარი, რადგან მის ცხოვრებაში ჩნდება არსება, რომელთანაც  ძალიან მხიარულად და ბედნიერად ატარებს დღეებს. აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს მშობლის პოზიციას – თუ ინფორმაციას სწორად მივაწოდებთ ბავშვს, იმდენად მტკივნეულად შეიძლება ვერ აღიქვას ეს სიახლე, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

  • როგორია ბავშვის მოსამზადებელი ეტაპი?

ბავშვის ფსიქოლოგიური მზადება ოჯახის ახალი წევრის მისაღებად ჯერ კიდევ დედის ორსულობის პერიოდში იწყება. ვიწყებთ იმით, რომ თუნდაც მუცლადყოფნის პერიოდში, როცა ნაყოფი მოძრაობს, ხელის შეხებით შევაგრძნობინოთ ბავშვს, რომ  იქ ვიღაც მოძრაობს, ის ცოცხალი არსებაა, ოღონდ ეს ხდება ახსნის, მოფერების, ჩახუტების შემდეგ, რომ ეს მისთვის არ იყოს მოულოდნელი.

ამ პერიოდში უფროსი ბავშვისთვის ყველაზე სტრესულია ის, რომ  ოჯახის ახალი წევრის დაბადების/გაჩენის გამო, პირველად მის ცხოვრებაში, დედას უწევს მისი დატოვება რამდენიმე დღით. საუბარია ბავშვებზე, რომლებიც არ არიან შეჩვეული ბაღს – რადგან ბავშვები, რომლებიც ბაღში დადიან, მიჩვეულნი არიან დედისგან განცალკევებას რამდენიმე საათით. უცებ დედა მშობიარობის გამო მიდის სახლიდან და მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ბავშვი წყდება მას. ამ დროს, რაც არ უნდა თავს ევლებოდნენ მას მამა, ბებია, ბაბუა თუ ოჯახის სხვა წევრები, დედის არ ყოფნა მტკივნეულია ბავშვისთვის. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ამ პირველი განშორებისთვის შევამზადოთ ბავშვი.

სანამ დედა სამშობიაროში წავა, ბავშვი მის გარეშე დარჩენას უნდა შეეჩვიოს, მაგალითად, დედამ უნდა დატოვოს ბავშვი 1-3 დღით მის გარეშე – ჯერ დატოვოს ორი საათით, მერე – სამი საათით… როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედამ დატოვა, მაგრამ ბრუნდება, სამი დღით სამშობიაროში  დედის წასვლა უკვე აღარ ხდება სტრესის საფუძველი, ამას იღებს ჩვეულებრივ ამბად. სასურველია, რომ ბავშვი ზოგჯერ (1-2 ღამით) მამასთან დავაძინოთ და დედა სხვა ოთახში დაწვეს, რომ  ბავშვმა დედის გარეშე იძინოს და დაძლიოს ეს მიჯაჭვულობის მომენტი.

დედისგან განცალკევება 5-6 წლის ასაკშიც შეიძლება იყოს სტრესული, ამიტომ მზადება ამისთვის 8-9 წლამდე ბავშვებთან აუცილებელია.

  • როგორ უნდა შევაჩვიოთ და შევაყვაროთ უფროს ბავშვს ახალშობილი ოჯახის წევრი?

როდესაც სახლში მოჰყავთ ახალშობილი, ნებისმიერ ბავშვს უჩნდება ინტერესი, უნდა რომ შეისწავლოს უცხო არსება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები ძირითადად სამყაროს აღიქვამენ კინეტიკურად, მათ უნდათ შეეხონ, აკოცონ…  და შეგრძნებებით უნდათ აღიქვან ბავშვიც.  ხშირად, როცა  უფროსი ბავშვი პატარასთან მიდის და უხეშად ეფერება, ეხუტება, ან მის ხელში აყვანას ცდილობს, შეიძლება რაღაც ატკინოს კიდეც და თუ ამ დროს ვტუქსავთ ბავშვს, არ ვუშვებთ ახალშობილთან, ჩნდება უკვე ეგოიზმის მომენტი,  ბრაზი – „ის მე მართმევს დედას, მართმევს ახლობლებს, იმიტომ, რომ ისინი მე მიბრაზდებიან, ეს არის ჩემზე გაბრაზების, გაჯავრების მიზეზი და ამიტომ ის ჩემი მტერია”…  იწყება დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ძალიან სავალალო შედეგამდეც მივიდეს.

უფროს ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენთან ერთად მოეფეროს ახალშობილს, ხელში დავაჭერინოთ, ჩავახუტოთ, ვუთხრათ, რომ ის ჯერ პატარაა და მისი დახმარება სჭირდება. ეს შეიძლება გამოიხატოს ფიზიკურ დახმარებაში, თუნდაც მოვატანინოთ საფენები გამოსაცვლელად,  დაახუროს ქუდი ახალშობილს, ჩააცვას ფეხსაცმელი… გავაკეთებინოთ ისეთი საქმე, რითაც ახალშობილს არაფერს დაუშავებს. ვასწავლოთ, რომ ფრთხილად მოკიდოს ხელი, ფრთხილად მოეფეროს, თუ ამ დროს ატირდა ახალშობილი, უნდა ავუხსნათ  უფროს ბავშვს, რომ პატარებს სჩვევიათ ასე ტირილი და ეს არ ხდება იმიტომ, რომ შენთან აქვს პრობლემა.

  • რამდენად საშიშია ბავშვების ბრაზი ახალშობილის მიმართ?

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან ბრაზის შემთხვევაში უფროსმა ბავშვმა შეიძლება მართლაც მიაყენოს რაიმე დაზიანება სრულიად დაუცველ პატარას. გაბრაზებულ ბავშვს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ, ჩაეკითხოთ, რატომ არის გაბრაზებული, საკუთარ ემოციებზე ასაუბროთ. დაუსვით კითხვები: „ახლა რას გრძნობ? გაბრაზდი?”, უნდა მოხდეს ემოციის სახელდება, ბავშვმა უნდა გაახმოვანოს რას გრძნობს, რომ მიხვდეს – „აი, მე გაბრაზებული ვარ და ამ ბრაზის გამო მე მესაუბრებიან”. არ უნდა გაუწყრეთ, ნაცვლად ამისა, უთხარით, რომ გესმით მისი – „მესმის რომ გეწყინა, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ მოდი, დავივიწყოთ და ერთად ვითამაშოთ”. გარდა ამისა, დაიხმარეთ ახალშობილის მოვლის საქმეში – სთხოვეთ წყლის დასხმა პატარას დაბანის დროს, სეირნობისას თვითონ მიაწვეს პატარას ეტლს, მიაწოდოს საწოვარა ტირილის დროს და ასე ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ შევაჩვიოთ ისინი ერთმანეთს.

  • რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს?

თუ სწორად მოვიქცევით, ზედმეტად არ დავტუქსავთ უფროს ბავშვს, 2-3 კვირაში შეიძლება ამის მოგვარება, შეიძლება 2-3 დღეშიც კი მოგვარდეს. ეს ყველაფერი გარემოზეც არის დამოკიდებული და ბავშვის ბუნებაზეც. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რაზეა ბავშვი გაბრაზებული ან/და განაწყენებული – ახლა რომ არ მისცეს რაღაც, რომ დაუშალეს ბავშვთან კონტაქტი თუ ზოგადად არის გაბრაზებული და სხვა წყენაც აქვს.

  • თუ მიზეზი ყურადღების დეფიციტია?

უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად გადავანაწილოთ ყურადღება, მესმის, რომ ეს ძალიან რთულია (განსაკუთრებით მაშინ, როცა დედას შინ დამხმარე არ ჰყავს), პატარას გამოცვლა სჭირდება, უფროსი კი ამ დროს თამაშს ითხოვს – უნდა შეეცადოთ ასეთ დროს ყურადღება და ენერგია ორივე ბავშვზე გადაანაწილოთ და არ დატოვოთ უფროსი უყურადღებოდ – “მოდი, ზღაპარი უნდა გიამბო, აქვე დამიჯექი, სანამ დაიკოს ვაჭმევ ან გამოვუცვლი”. შეიძლება დილიდანვე შეითანხმოთ უფროსი ბავშვი –  “მოდი, ახლა სანამ შენი დაიკო გაიღვიძებს თავისუფალი ვარ და გეთამაშები, მერე დამაცადე, რომ მას მივხედო”.

  • რა რჩევას მისცემთ იმავე სიტუაციისას მოზარდი ბავშვების მშობლებს?

შესაძლოა ასეთი სიახლის დროს დეპრესიაც დაეწყოს მოზარდს, ამიტომ ამ ასაკში ყველაზე მთავარია მოზარდს მივცეთ თავისი. მოზარდს აუცილებალად სჭირდება ყურადღება, მოსმენა. ხშირად უნდა დავეკითხოთ აზრი – “შენ როგორ ფიქრობ, ეს როგორ გავაკეთო? დღეს რა ჩავაცვა პატარას?”. მას ავარჩევინოთ რაღაცები, ჩავრთოთ პროცესებში, ოღონდ არა შრომით, რომ მივაბაროთ და ვაკეთებინოთ საქმე. “შენ ვერ წახვალ დღეს მეგობრებთან იმიტომ, რომ მე დახმარება მჭირდება და შენ უნდა დაგიტოვო ბავშვი” – ამაზე ყველაზე დიდი პროტესტი აქვთ ხოლმე,  მაგრამ თუ თვითონ გამოხატავს დახმარების სურვილს, ამის გამო ძალიან ბევრი უნდა ვაქოთ, მისი კარგი საქციელი აუცილებლად ხმამაღლა უნდა დავაფიქსიროთ –  “მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ, ასეთი ჭკვიანი…, როგორ მეხმარები და რა კარგია, რომ მყავხარ”.  მთავარი კი მაინც ის არის, რომ მშობლები იყვნენ მზად იმისათვის, რომ თითოეულ შვილს, მისი წილი ყურადღება არ მოაკლოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: