მთავარი,სიახლეები

ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, ზომები გამკაცრდა – კორონავირუსი საბერძნეთში

16.09.2020
ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, ზომები გამკაცრდა – კორონავირუსი საბერძნეთში

საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს. გუშინ, 15 სექტემბერს, საბერძნეთში კორონავირუსის 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი რეგულაციები ამოქმედდა ატიკის რეგიონში, რომელშიც შედის ქვეყნის დედაქალაქი, ათენი. ახალი შეზღუდვების თანახმად, იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ და ღია სივრცეებში, საჯარო თავშეყრის ადგილას, მაღაზიებში, ოფისებში და ა.შ.

ბერძნული მედიის ცნობით, 14 დღით იხურება გასართობი დაწესებულებები, სადაც მუსიკის ცოცხლად მოსმენა იყო შესაძლებელი.

საბერძნეთის მთავრობა 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას ურჩევს ნიღაბი ატარონ ყველგან.

არ დახურულა რესტორნები, კინოდარბაზები და თეატრები, თუმცა რეგულაციების თანახმად, თეატრსა და კინოში დარბაზის მხოლოდ 60 პროცენტი უნდა იყოს დაკავებული, მაყურებელს უნდა ეკეთოს ნიღაბი, ხოლო რესტორნებში ერთ მაგიდასთან არ დაიშვება 6-ზე მეტი ადამიანი.

ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი დასაშვებია მხოლოდ 50-პროცენტიანი დატვირთვით, ამასთანავე, მაყურებლები უნდა ისხდნენ. კონცერტებზე იკრძალება ალკოჰოლი და თამბაქო.

ღია ცის ქვეშ ბაზრობების მუშაობა დასაშვებია, ასევე მხოლოდ 50-პროცენტიანი დატვირთვით, სამმეტრიანი დისტანციის დაცვით.

ახალი რეგულაციები ძალაში 30 სექტემბრამდე დარჩება.

საბერძნეთში იანვრიდან დღემდე კორონავირუსის 13 730 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 313 ადამიანი.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საბერძნეთის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 14 სექტემბერს დაიწყო.

__________________

ფოტოზე: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ნიღბის ტარების წესს. 14 სექტემბერი, ათენის ერთ-ერთი სკოლა. ფოტო: ევროპოს პრესფოტო სააგენტო. EPA/ Thanassis Stavrakis

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: