აჭარაში დადასტურდა კოვიდის 193 შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

20 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 20 ოქტომბერს, მთავრობაში საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 588 პაციენტი, მძიმედ მიიჩნევა 69 ინფიცირებული, 10 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

დადასტურდა კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 194 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისში გარდაიცვალა 7 პაციენტი, ბათუმში – 4, ქუთაისში – 2, გორში – 1 და  მცხეთაში – 1.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.

რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 425, აჭარა –193, იმერეთი – 372, ქვემო ქართლი – 53, შიდა ქართლი – 64, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 3, გურია – 21, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 9 და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

20 ოქტომბრისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 10 182 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებული 2817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში მკურნალობს 1 383 პირი, აჭარაში კი –  588.

ქვეყანაში 341 მძიმე პაციენტია, აქედან 172 პაციენტი თბილისის კლინიკებში გადის მკურნალობას, აჭარაში მდებარე კლინიკებში კი- 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულია 75 პაციენტი – 49 თბილისის საავადმყოფოებში, ხოლო 10 აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში.

1672 პირი მკურნალობს კოვიდსასტუმროში, აქედან 1 079 აჭარაში, 449 კი – თბილისში. 5 670 ადამიანი მკურნალობს სახლში.

საკარანტინო სივრცეებში 4 726 ადამიანია მოთავსებული, აქედან თბილისში 1 005, აჭარაში კი -2 337.

21 962 პირია თვითიზოლაციაში.

stopcov.ge-ს 19 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 19 857  შემთხვევა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის 21 საათიდან 21 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 22 – 23 ოქტომბერს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

10 ქალაქი, რომლებთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულ პირდაპირ საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებს კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა.

საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით:

პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების შეჩერება 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან არ გავრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • დოჰა (ICAO-ის კოდი  OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ის კოდი  EPWA);
  • ათენი (ICAO-ის კოდი  LGAV);
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი  EHAM);
  • ვენა (ICAO-ის კოდი  LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ის კოდი  EDDB);
  • მილანი (ICAO-ის კოდი  LIME);

ამასთან, 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან ფრენების აკრძალვა მოხსნილია პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ის კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის (ICAO-ის კოდი  EVRA).

2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან კი ფრენების აკრძალვა ასევე მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • კატოვიცე (ICAO-ის კოდი  EPKT);
  • ვილნიუსი (ICAO-ის კოდი  EYVI);
  • დორტმუნდი (ICAO-ის კოდი  EDLW).“

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა.

მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „მართალია ამ ქალაქებთან საქართველო შეზღუდვებს ხსნის, თუმცა, როდის და რა სიხშირით იქნება ფრენები, ეს დამოკიდებულია უშუალოდ ავიაკომპანიებზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავხსნათ საჰაერო საზღვარი ეტაპობრივად, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული.“

მინისტრის თქმით, ფრენების აღდგენა დამოკიდებული იქნება იმ ეპიდსიტუაციაზეც, თუ რა მდგომარეობა იქნება ამ კუთხით ადგილზე, იმ ქვეყნებში და ქალაქებში, რომლებთანაც საქართველომ მოხსნა, ან მოხსნის შეზღუდვას ავიარეისებზე.

40 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში – Covid19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 19 ოქტომბერს, 40 118 314 შეადგინა.

ყველაზე მეტი შემთხვევა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით აშშ-ში (8 156 970) ფიქსირდება, შემდეგ მოდის ინდოეთი (7 550 273) ბრაზილია (5 235 344), რუსეთი (1 406 504) და არგენტინა (989 680). 

მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, მაიკლ ოსტერჰოლმი აშშ-ში მიმდინარე ეპიდსიტუაციის შესახებ ამბობს, რომ „მომდევნო 6-12 კვირა იქნება ყველაზე ბნელი მთელი პანდემიის განმავლობაში,“ – წერს CNN.

იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლაც სკეპტიკურად უყურებს ვაქცინის მიღებას, ოსტერჰოლმი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსახლეობის სწორ ინფორმირებას საფრთხეების შესახებ –  „ხალხმა არ იცის რა უნდა დაიჯეროს და ჩვენი უზარმაზარი გამოწვევაა, მივაწოდოთ ხალხს მესიჯი, რომელიც ასახავს მეცნიერებას და ასახავს რეალობას.“

ოსტერჰოლმმა  ხაზი გაუსვა აშშ-ში პარასკევს დაფიქსირებულ Covid19-ის 70 000 ახალ შემთხვევას, რაც  პანდემიის პიკის დროს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და თქვა, რომ არდადეგებამდე პერიოდში აშშ-ში დაფიქსირდება გაცილებით უფრო მაღალი რიცხვები, რომლებიც „ბევრად, ბევრად აღემატება თუნდაც 67 ან 75 000 შემთხვევას დღეში“.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში 1.11 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 27.5 მილიონი ადამიანი.

„უკვე მარტო ვშიმშილობ, წვიმდება… არ მინდა დავიშალოთ,“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია

„ახლა ხელისუფლება და ოპოზიციაც გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ გვიშველიან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივაღწიოთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი გორგილაძე, ის პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა და დღეს, 19 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა განაახლა. დღემდე, სამი დღე, აჭარის მთავრობის სახლთან  უმუშევრად დარჩენილი 5 ქალი შიმშილობდა. გიორგი ამბობს, რომ ისინი შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფოს გამოძახებას სახლში წასვლა არჩიეს.

„… ვიდრე გოგოები შიმშილობას დაიწყებდნენ, მე რვა დღე ვიშიმშილე. მერე ცუდად გავხდი და სამი დღე შევწყვიტე, ახლა ისევ აქ ვარ, არ მინდა დავიშალოთ… კარავი გვაქვს, მაგრამ ეს წვიმაგამძლე არაა, არც  სხვა საწვიმარი აღჭურვილობა გვაქვს, არადა წვიმდება,“ – გვიყვება გიორგი გორგილაძე.

გიორგი გორგილაძის თქმით, მასთან ოპოზიციის არაერთი ლიდერი მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეების თხოვნა არ შეასრულეს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში.

„ოპოზიციას ვთხოვეთ, გაეკეთებინათ განცხადება, რომ თუკი ჩვენს დახმარებას რეალურად მიიჩნევენ, გამოვიდნენ და თქვან, რომ წინასაარჩევნო ნაბიჯად არ ჩაუთვლიან ხელისუფლებას ჩვენი ჯგუფისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას… ხელისუფლება იძახის, რომ წინასაარჩევნო მოსყიდვაში ჩაერთვლებათ, თუკი დაგვეხმარებიან, ოპოზიცია კი ამბობს, ჯერ ხმა მომეცი და მერე დაგეხმარებიო… ლევან ვარშალომიძე იყო მოსული, არმაზ ახვლედიანი, გენრი დოლიძე, სოლიდარობის ალიანსი. დამპირდნენ, რომ განცხადებებს გააკეთებდნენ, მაგრამ არსად არაფერი მინახავს,“ – ამბობს გიორგი გორგილაძე.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია 6 ოქტომბერს დაიწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ. 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

 

ბაზრებსა და ბაზრობებზე პირბადის სწორად ტარებას პოლიცია აკონტროლებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებენ.

„სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე – სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ,“ – აცხადებს შსს.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 186  ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 360 შემთხვევა – აჭარაში.

 

მთავარი ფოტო: შსს

16 000-მდე ახალი შემთხვევა ერთ დღეში – რუსეთში კოვიდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 

დღეს, 19 ოქტომბერს, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა 1 415 316-ია.

ყველაზე მეტი ინფიცირებული – 5000 ადამიანი მოსკოვშია. დღეს მოსკოვის მერმა სერგეი მობიანინმა თავის ბლოგზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ქალაქის მთავრობა უკიდურესად მკაცრი ზომების დაწესებას არ განიხილავს:

„უკიდურესი ზომები – როგორიცაა კომენდანტის საათის შემოღება, ქალაქში გადაადგილების სრულად აკრძალვა, ასევე ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა, თითქმის ყველა ბიზნესის დახურვა – ჩვენთვის ეს ზომები სრულიად მიუღებელი და შეუძლებელია,” – წერს ის.

მისივე თქმით, ისინი შეეცდებიან კორონავირუსის გავრცელების ჯაჭვი გაწყვიტონ ისე, რომ არ შეეხონ ეკონომიკის ძირითად სექტორებს, „ოპტიმალური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ვიპოვოთ საშუალო გზა ქალაქის ჩაკეტვასა და შემზღუდავი ზომების სრულად უარყოფას შორის”.

ჯერჯერობით გადაადგილება შეიზღუდება მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფებისთვის, მათ შორის, 65 წელს გადაცილებული ასაკის მცხოვრებლებისთვის ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის; ასევე დამსაქმებლებს მიეცათ რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ დასაქმებულთა ნაწილი; აუცილებელი გახდა დისტანციური სწავლება საშუალო და უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის.

 

სადახლოს საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან – სამინისტრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლაში სამი კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრომ მოაწოდა „ბათუმელებს“.

ამავე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდა, ახლა პედაგოგი კოვიდსასტუმროში იმყოფება.

როგორ უნდა გაგრძელებულიყო სასწავლო პროცესი სკოლაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული სკოლის ადმინისტრაციას. თუმცა როგორც დღეს, 19 ოქტომბერს, სამინისტროში გვითხრეს, სამი კლასის მოსწავლეები, რომელთანაც შეხება ჰქონდა ინფიცირებულ მასწავლებელს, ასევე რამდენიმე პედაგოგი, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. დანარჩენ კლასებში კი სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

 

როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია – ექიმის რჩევები

ბავშვებსა და ზრდასრულებში ხშირია სასუნთქი გზების ანომალია და ანგინა. არის შემთხვევები, როდესაც გვგონია ღამით პირღია ძილი, სუნთქვის გართულება დროთა განმავლობაში გაივლის და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლად სუნთქვა? არასწორი სუნთქვა რამდენად აფერხებს ადამიანის გონებრივ განვითარებას? როდის და რატომ არის საჭირო ანტისტრეპტოლიზინის განსაზღვრა სისხლში და როგორ უნდა მოვიქცეთ მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში? როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია და რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ოპერაციის დროს? – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება მაღალტექნოლოგიური კლინიკა „მედცენტრის“ ოტორინოლარინგოლოგი ირაკლი ანთია.

[checklist]

  • დავიწყოთ მთავარი კითხვით, რაზე მიანიშნებს, თუ ბავშვს პირღია სძინავს?

[/checklist]

პირველ რიგში, ალბათ საუბარი უნდა დავიწყოთ ხახის ლიმფური სისტემით. ის შემოიფარგლება ნუშურა ჯირკვლებით, ენის ძირის ტონზილით, ცხვირ-ხახის ადენოიდებით. ესაა პირველადი ბარიერი, რომელიც პირის ღრუსა და ხახის გასაყარზე დამცავ რგოლს ქმნის. ეს რგოლი აბრკოლებს მავნე მიკროორგანიზმების შეჭრას ბრონქებსა და ფილტვებში და ამით ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. სხვადასხვა ინფექციური პროცესი, მაგალითად, სეზონური გრიპი იწვევს ადენოიდური ქსოვილის ანთებას, ჯირკვალი ზომაში იზრდება და შეიძლება ცხვირის გასავალი დაკეტოს ან საერთოდ სასმენ მილამდე მიაღწიოს და დაეცოს. ამის გამო ბავშვს უჭირს ცხვირით სუნთქვა და პირით სუნთქვას იწყებს. გადიდებული ქსოვილი არათუ ხელს უშლის ინფექციის შეჭრას ორგანიზმში, არამედ იზიდავს მავნე ორგანიზმებს და მის გამრავლებას უწყობს ხელს. ამიტომ, დროულად უნდა მოხდეს ბავშვის გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში – რეაგირება.

[checklist]

  • არასწორი სუნთქვა რამდენად აფერხებს ადამიანის გონებრივ განვითარებას?

[/checklist]

ცხვირით სუნთქვის გაძნელების მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირია მისი სტრუქტურის ანატომიის დარღვევა, როგორიცაა ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, ცხვირის ღრუს ქსოვილების უკონტროლო ზრდა, სიმსივნე, პოლიპები. ასევე ბავშვებში ყველაზე ხშირია ადენოიდების ჰიპერტროფია. მთავარია, დროულად აღმოვაჩინოთ პრობლემა. ამ დროს ხდება ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების დარღვევა, რაც განსაკუთრებით ბავშვების ორგანიზმს ასუსტებს, ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ბავშვს უჭირს სწავლა, ძალაგამოცლილია და ამასთანავე, საოცრად გონებაგაფანტულია. ცოტამ თუ იცის, რომ გულმკერდის ყაფაზის, ხერხემლის ნადრეკების ფორმირებაც სუნთქვითი აქტის ცვლილებათა შესაბამისად ხდება.

[checklist]

  • რა არის ტონზილიტი, იგივე ანგინა. როდის და რატომ არის საჭირო ხშირი ანგინის დროს ანტისტრეპტოლიზინის განსაზღვრა სისხლში?

[/checklist]

ანგინა არის სასის ტონზილის ანთებითი დაავადება, იგივე ტონზილიტი, რომელიც ხშირია ბავშვებში, მოზარდებში და იშვიათად, მოზრდილებში. ცალსახად იმის თქმა, რომ ესაა ბავშვების ან ასაკში მყოფი ადამიანების დაავადება, არ შეიძლება. სტატისტიკურად უფრო ხშირია 5-10 წლის ასაკის ბავშვებში. როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის ჩივილებით, ხშირად სტკივა ყელი, აქვს ანგინა, რომელსაც თან ერთვის რევმატიული პრობლემები, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს სტრეპტოკოკულ ინფექციასთან. ამ დროს საჭიროა რევმატოლოგიური სინჯის გაკეთება, ანტისტრეპტოლიზინის განსაზღვრა სისხლში. ჩვენს კლინიკაში ანალიზის პასუხი სწრაფად გვაქვს – სისხლის ჩაბარების დღესვე, რომლის მიხედვითაც ვარჩევთ მკურნალობის ტაქტიკას. მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტოზური, ასევე შესაძლებელია გახდეს საჭირო ქირურგიული ჩარევა, რომელიც ჩვენს კლინიკში კეთდება თანამედროვე მეთოდებით.

[checklist]

  • როდის არის ანგინაზე ოპერაცია აუცილებელი?

[/checklist]

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ გავრცელებული მოსაზრება ბავშვი ანგინით უნდა ავადობდეს ხუთჯერ და ათჯერ, თანმხლები სიცხით, ჩირქოვანი ნადებებით ა.შ და შემდეგ დადგეს საკითხი ოპერაციის შესახებ, არის მცდარი. თანამედროვე ადამიანის იმუნიტეტი არის შეცვლილი და სტანდარტული სქემები არ მუშაობს. შესაძლოა ბავშვს არ ჰქოდეს ანგინა 3-ჯერ წელიწადში, მაგრამ ის იწვევდეს შეუქცევად პროცესებს ორგანიზმისთვის, როგორიც არის რევმატიული, გულ-სისხლძარღვთა, შარდსასქესო სისტემის დაავადებებს. თუ პაციენტს აღენიშნება ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, პირღია – ხმაურიანი სუნთქვა (განსაკუთრებით ღამით), ხშირი ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი, სპეციფიკური სუნი პირიდან, უნდა მიმართონ ოტორინოლარინგოლოგს და ამის შემდეგ შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა.

[checklist]

  • არის მოსაზრება, 6 წლამდე ასაკში ოპერაციის გაკეთება არ არის რეკომენდებული…

[/checklist]

გადაუდებელი ოპერაცია ჩვილ ბავშვებსაც უკეთებენ, როცა არის სუნთქვის შეუძლებლობა, გადიდებულია ცხვირ ხახის ადენოიდები, ნუშურა ჯირკლვები ამ შემთხვევაში ოპერაცია კეთდება იმ ასაკში, რომელ ასაკშიც ის სჭიდებათ, ანუ რა ასაკშიც ეს პრობლემა დგება. ბავშვი ერთი წლისაა თუ 5 წლის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ამ დროს ოპერაციას არ გავაკეთებთ, შესაძლოა უარესი შედეგი მივიღოთ.

[checklist]

  • რა მეთოდებით აკეთებთ თქვენს კლინიკაში ოპერაციას?

[/checklist]

ჩვენს კლინიკაში ოპერაციები კეთდება თანამედროვე მეთოდებით, ეს იქნება რადიოტალღა, კობლაცია თუ ლაზერული მეთოდი. აქ მთავარია ანთებითი, ინფიცირებული კერის მოცილება. პაციენტი ოპერაციის მეორე დღეს ეწერება ბინაზე და დაახლოებით 21 დღის განმავლობაში გადის რეაბილიტაციას. რეაბილიტაცია კი დამოკიდებულია ზოგადად ორგანიზმზე – ეს ინდივიდუალურია. ნებისმიერი ავადობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დროული რეაგირება.

კიდევ ერთი საკითხი: ჩვენ გვაქვს უფასო დისტანციური კონსულტაციები როგორც საჯაროდ, ასევე პირადად და მზად ვართ, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცეთ.

 

ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს, ვიდრე ისინი კითხვებს დასვამდნენ.

მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ფორმით 112-ის და სასწრაფო-სამედიცინო გუნდის კრიტიკას ეხმაურება. მინისტრმა ბოლო 24 საათის მონაცემები გაახმოვანა – თუ რამდენი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკაში ან კლინიკიდან კოვიდსასტუმროებში.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კრიტიკა სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროსაც ეხმარება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვცდილობთ, პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება, ჩვენ ვაკვირდებით, ვის სჭირდება მყისიერი რეაგირება…  გვეხმარება თქვენი აქტიურობა სოციალურ ქსელში, მომენტალურად ვრეაგირებთ მათზე,“ – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იყო მსჯელობა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების ბრიგადების რაოდენობის დამატებაზე, თუმცა ეს არ გამოვიდა, რადგან „ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ავტომანქანები, არამედ ექიმები. ექიმების რესურსი კი, გარკვეულწილად არის შეზღუდული,“ – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ოჯახის ექიმი აგვიანებდეს, მაგრამ მინისტრი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, თვითმკურნალობისგან თავი შეიკავონ. ის  მოქალაქეებს ურჩევს, თავად დაურეკონ ოჯახის ექიმებს, თუკი ექიმი არ რეკავს.

„თვითმკურნალობა არა მხოლოდ კოვიდის შემთხვევაში, არამედ სხვა ნუზოლოგიების შემთხვევაშიც არ არის გამართლებული. ჩვენ ყველანი ვიცნობთ საკუთარი ოჯახის ექიმებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან არიან დატრენინგებული… თუ ზარი არ განხორცილდება, შესაბამისად, ჩვენ დავუკავშირდეთ მათ,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა ცხელი ხაზის – 15 05-ის ხარვეზზეც. მინისტრის თქმით, „შესწავლილია 40-პროცენტიანი ჩამორჩენა“ და ახალი საკადრო რესურსი ამას გაუმკლავდება.

ეკატერინე ტიკარაძემ ოთხშაბათისთვის დააანონსა ბინაზე მკურნლობის ახალი პროტოკოლის გამოქვეყნებაც, რაზეც სპეციალისტები ახლა მუშაობენ.

 

სილქფესტი უფრო მეტი და მრავალფეროვანი შეთავაზებით ბრუნდება

მხოლოდ 20 ოქტომბერს, სილქფესტის აქციით მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლოს.

კოდით *202#  აბონენტები შეუზღუდავად გაიაქტიურებენ ცალკეულ პაკეტებს ან რამდენიმეს ერთად :

[checklist]

  •  5 GB + 100 ლოკალური წუთი  – 7 ლარი
  • 8 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 8 ლარი
  • 700 ლოკალური წუთი – 9 ლარი
  • 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 10 ლარი

[/checklist]

პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვისერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი. წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

თუ წესებს არ იცავენ, ასე სწავლის გაგრძელება არ შეიძლება – გამყრელიძე უნივერსიტეტებზე

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სკოლებისა და უნივერსიტეტების გადასაწყვეტია, ისინი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, თუ აუდიტორიებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც სკოლებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლება ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანია.

„შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ უნდა შეფასდეს, რა მასშტაბის დაზიანებაა ამა თუ იმ სკოლაში, უნივერსიტეტში და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება, ონლაინსწავლებაზე გადადის მხოლოდ ერთი ფაკულტეტი, ორი თუ ერთად მთელი უნივერსიტეტი,“- ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, წესების დაცვით ყველაფერი შესაძლებელია: „აუდიტორიაში დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ მეტრ-ნახევარი – ორი მეტრი, პირბადის ტარება, ხელების დაბანა აუცილებელია და ერთ აუდიტორიაში არ შეიძლება 50 სტუდენტი. თუ ამას არ იცავენ, მაშინ არ შეიძლება სწავლის გაგრძელება“.

იგივე განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, „კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით“.

„სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს, იმ გარემოებიდან გამომდინარე რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს დისტანციური ან აუდიტორიებში სწავლება,“ – ამბობს ის.

 

ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება

პოლონეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ვარშავაში მდებარე ეროვნული სტადიონის გადაკეთება ქვეყნის პირველ საველე ჰოსპიტლად, რომელშიც კოვიდპაციენტები განთავსდებიან.

“სამუშაოები შაბათს დაიწყო,”- ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ ორშაბათს Twitter– ში განაცხადა.

58 50- ადგილიანი სტადიონზე მოწყობილი ჰოსპიტალი დასაწყისისთვის 500 კოვიდპაციენტზე იქნება გათვლილი და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პოლონეთის მთავრობის ცნობით, ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს მაქსიმუმ 1000 საწოლზე.

პოლონეთში პარასკევს COVID19-ით 132 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პოლონეთში ახლა რეგისტრირებულია ინფიცირების 175 766 შემთხვევა და 3 573 გარდაცვალება.

რატომ აღადგინეს ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – პრემიერის განმარტება

რამდენად მართებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ქალაქში, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება? – ჰკითხეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების რაოდენობის სწრაფი ზრდა ხდება, იქ შემდგომ უკვე რამდენიმე სისტემამ უნდა  გაიაროს ადაპტაცია.

პირველი სისტემა, რომელმაც უნდა გაიაროს ადაპტაცია, აჭარის შემთხვევაში იყო ტესტირების სისტემა. პირველი დარტყმის პირობებში გარკვეული ხარვეზები იყო და დრო დასჭირდა ამის დალაგებას. შემდგომ იყო უკვე ჰოსპიტალური სისტემა და ამასაც დრო დასჭირდა. დღეს ის, როგორც იმართება ინციფიცირებულების რაოდენობა აჭარაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გავხსნათ წესების უმკაცრესი დაცვით. ორი კვირის უკან აჭარაში იყო  უმწვავესი სოციალური პრობლემები,  როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, იმის გამო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნების პრობლემა დაუდგათ. ამიტომ ვამბობ, რაც უფრო მეტი დისციპლინა გვაქვს, მეტი პასუხისმგებლობა და წესებს ვიცავთ, მით უფრო  მეტი გახსნის შესაძლებლობა გვაქვს,“ – ასე ახსნა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლება აჭარაში დღეს, 19 ოქტომბერს.

პრემიერის განცხადებით, ის ესაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს.

„ამ საუბრის ძირითადი მიზანი იყო, როგორ ვიცავთ მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარებას და ადგილობრივი ხელისუფლება ამას როგორ აკონტროლებს,“ – თქვა პრემიერმა.

[red_box]ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უნიღბოდაც მგზავრობენ[/red_box]

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეს, 19 ოქტომბერს აღდგა. 25 სექტემბერს, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, აჭარაში დღეში 168 ინფიცირებული იყო. დღეს, 19 ოქტომბერს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 360-ია.

რა მარშრუტით იმოძრავებს N13 ელექტროავტობუსი ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში 5 ელექტროავტობუსია, რომლებიც 20 ოქტომბრიდან N13 ხაზზე შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ:

ავტობუსი გამოვა ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთიდან, გაივლის ლერმონტოვის-ბაგრატიონის-შარტავას-გორგილაძის-ბარათაშვილის-ჭავჭავაძის ქუჩებს, ჭავჭავაძის ქუჩაზე [საბაგიროსთან] მობრუნდება და უკან, იმავე მარშრუტით დაბრუნდება ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში.

N13 სამარშრუტო ხაზი მუნიციპალური ელექტროავტობუსებისთვის ბათუმში

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ოქტომბრის თვის ბოლომდე ელოდებიან კიდევ 3 ელექტროავტობუსს, რომელთა მიღების შემდეგ ელექტროავტობუსები დამატებით N14 ხაზზეც იმოძრავებენ. N14 ხაზის დაზუსტებულ მარშრუტს აქვე, მოგვიანებით მოგაწვდით.

ბათუმის მუნიციპალური ელექტროავტობუსები / ფოტო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა. ელექტროავტობუსების შეძენისათვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა:

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

 

 

 

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია

27-29 ოქტომბერს კანის კინოფესტივალი 2020 წლის სპეციალური გამოშვებით დაბრუნდება.

ფრანგული კინოსკოლის, Cinéfondation-ის საკონკურსო სექციის ნამუშევრებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს წელს ფესტივალზე ჟიურის სხვა წევრებთან ერთად ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი დეა კულუმბეგაშვილი შეაფასებს.

კანის კინოფესტივალზე 11 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. ჟიური გადაწყვეტს, რომელ მათგანს მიენიჭება “პალმის რტო”, ამავე ჟურიმ კინოფესტივალის სამი ჯილდო უნდა გასცეს კინოსკოლის საუკეთესო ფილმებისთვის.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი” 2020 წლის კანის კინოფესტივალის სპეციალური გამოშვების ნაწილი იქნება. ფილმს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში აჩვენებენ. ამ ფილმმა უკვე არაერთი მნიშვნელვანი ჯილდო მიიღო: სან-სებასტიანის კინოფესტივალის 4 მთავარი პრიზის მფლობელია, გარდა კანის კინოფესტივალისა, წარდგენილია ნიუ-იორკის კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში.

მსახიობი ია სუხიტაშვილი/კადრი ფიმიდან „დასაწყისი”.

„ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზეც საქართველოს სწორედ  ფილმი „დასაწყისი” წარადგენს.

ფილმი დეა კულუმბეგაშვილმა 2015 წელს გადაიღო. სურათი იეჰოვას მოწმეთა შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს ესხმის ექსტრემისტული დაჯგუფება.

რეჟისორის პირველი ფილმია „უხილავი სივრცეები”, რომელიც ასევე კანის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები 2014 წელს.

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უნიღბოდაც მგზავრობენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. როგორც მერიაში აცხადებენ, დილიდან მიმდინარეობს მგზავრების მონიტორინგი.

„ბათუმელები“ მუნიციპალური ტრანსპორტის რამდენიმე გაჩერებაზე იმყოფებოდა, სადაც უნიღბოდ მგზავრობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. უნიღბოდ მგზავრი იმყოფებოდა როგორც ავტობუსში, ასევე, მიკროავტობუსში.

მუნიციპალურ ავტობუსში ერთ-ერთი მოქალაქე პირბადის გარეშე მგზავრობს.

როგორც ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის მხოლოდ 7 მგზავრს მისცეს გაფრთხილება უნიღბოდ მგზავრობის გამო.

„თითქმის ყველა ქუჩაზე მიმდინარეობს მონიტორინგი, პირველ ჯერზე მგზავრს ვაფრთხილებთ, რომ გაიკეთოს პირბადე, თუ არ გაიკეთებს, ინპექციის ჯგუფი დაატოვებინებს ტრანსპორტს. თუ არ დაემორჩილება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაჯარიმდება მგზავრი“, – უთხრეს ,,ბათუმელებს” მუნიციპალურ ინსპექციაში.

დღეს აჭარაში მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. 

19 ოქტომბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში ჯერ არ განახლდება – მთავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა [მგზავრთა გადაყვანა], როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის მიმართულებით, 19 ოქტომბრიდან აღარ განახლდება – უთხრეს „ბათუმელებს“ მთავრობის ცხელ ხაზზე.

დღეიდან, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა [ანუ აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის და ასევე აჭარასა და სხვა რეგიონებს შორის მგზავრთა სამარშრუტო მიკროავტობუსებით და ავტობუსებით გადაყვანა კვლავ აკრძალულია].

საქართველოს მთავრობის 15 ოქტომბრის დადგენილებით აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც უნდა განახლებულიყო, თუმცა, „ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 18 ოქტომბერს, საღამოს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აჭარაში და აჭარის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით და ავტობუსებით არ განახლდეს. როდის განახლდება საქალაქთაშორისო მოძრაობა, ამ ეტაპზე უცნობია“, – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

შენიშვნა: დღეს, 19 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიღების თარიღად ასევე 19 ოქტომბერია მითითებული. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ან/და უკუმიმართულებით ჩერდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

მთავარი ფოტო: ბათუმის ავტოსადგური / 19.10.2020

“მკაცრ ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების შემოღებას.

პრემიერმა, თავის გამოსვლაში, გაიხსენა მარტსა და აპრილში დაწესებული საყოველთაო კარანტინი და თავი იმართლა, რომ მაშინ მთავრობა სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

„პირველი ტალღის დროს  სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოქდაუნი გამოვაცხადეთ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტალური პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში. ქვეყანაში იყო პირბადეების დეფიციტი. მაშინ დღეში ვატარებდით 200 ტესტს. გვქონდა იმედი, რომ რამოდენიმე თვეში ვაქცინა გაჩნდებოდა. ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში.

მაშინ მკაცრი შეზღუდვები იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება.  იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. პირველი გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტალური პირბადის არქონის გამო.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, 90 %-ით ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოქდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს.

ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იმის გათვალისწინებით ასევე დღესაც ვხედავთ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად ჩვენი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე იყო ექვსი-შვიდი თვის წინ.

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 186  ახალი შემთხვევა დადასტურდა.

განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე

პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში

დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ. ხელისუფლებამ ამ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ,,დუმილის უფლება“ აირჩია. ამ მოცემულობაში მართებული პოზიცია იქნება, თუ ასეთი კოლაფსის მიზეზებს გავაანალიზებთ და გამოსავლის გზების ძიებას დავიწყებთ.

მიუხედავად სასკოლო განათლების სისტემის ,,რეფორმის“ მცდელობებისა, მხოლოდ მისი კოსმეტიკური ცვლილება ხდებოდა, ხოლო არსობრივად იგივე – საბჭოთა სკოლად დარჩა. ამის მიზეზი ცენტრალიზებული სისტემა და სასკოლო რეგულაციებია. რეგულირებულია სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოები, საგაკვეთილო ბადე, მასწავლებლის შერჩევის პრინციპი, სკოლის შინაგანაწესი, ნაგებობების სტანდარტები. სისტემის ყველა რგოლი კონტროლდება და სტანდარტიდან უმცირესი გადახვევაც არ შეიძლება, თანაც ბავშვსა და მის განვითარებაზე ზრუნვის ,,კეთილშობილური“ მოტივით.

მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, შვილს მისცეს ისეთი განათლება, როგორიც მას წარმოუდგენია, ვინაიდან საგანმანათლებლო ბაზარი ვერ სთავაზობს არჩევანს. ბაზრის სიღარიბე კი იმითაა განპირობებული, რომ კერძო სკოლებიც ისეთივე რეგულაციებს ექვემდებარება, როგორსაც საჯარო, უმნიშვნელო ცვლილებებით.

მასწავლებელი მოაზრებულია როგორც სისტემის ჭანჭიკი, რომელსაც არავითარი უფლება არ აქვს, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი.

სკოლის დირექტორს არ შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებელი საკადრო პოლიტიკა და ალტერნატიული პროგრამები.

სასკოლო სისტემის ასეთი ღრმა კრიზისიდან გამოყვანის ჩვენეულ მოდელს პირობითად ,,განსაბჭოება“ ვუწოდეთ.

უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს და მხოლოდ ნების გამოხატვაა საჭირო. სულ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს ეს მოჯადოებული წრე  გაიჭრას და ჩვენი შვილების წინაშე ბრალის გრძნობა მოვიშოროთ.

კერძო სკოლები რეგულაციებისგან უნდა განთავისუფლდეს. ამგვარი დერეგულაცია კერძო სკოლებს შორის კონკურენციის ხარისხს გაზრდის და სწავლის საფასურზეც მოახდენს გავლენას. თავისუფალი არჩევანი მათ საშუალებას მისცემს, შეიმუშაონ ალტერნატიული სასწავლო მოდელები და მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული მოქნილი სასწავლო სისტემა შექმნან.

საჯარო სკოლის დირექტორი უნდა იყოს მშობლების მიერ არჩეული, ხოლო სკოლას უნდა მიეცეს რეალური ავტონომია. მოცემულ ვითარებაში მშობლებმა არ იციან, თუ რა ხდება სკოლაში. მათ ამის შესახებ მხოლოდ წარმოდგენები აქვთ და საკუთარ შვილებს საკუთარ წარმოსახვაში არსებულ სკოლას ანდობენ. რეალობის გაცნობიერების შემდეგ კი იმედგაცრუებას ისიც განაპიროებს, რომ დირექტორი თავს მშობლის წინაშე ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს. ეს გარემოება მშობლისა და მოსწავლის ინტერესების იგნორირებას იწვევს. დირექტორების არჩევის ასეთი მოდელი განათლების საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის ხარისხს გარკვეულწილად შეამცირებს.

ჰოუმსკულინგის (სახლის პირობებში განათლების მიღება) დანერგვა პანდემიის პირობებში ყველაზე ადეკვატურ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. ვინაიდან სისტემა (როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად) ვერ ახერხებს სასწავლო პროცესის განხორციელებას, იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებს თავად შეუძლიათ შვილების განათლების უზრუნველყოფა, სახელმწიფომ უნდა უღიაროს სახლის პირობებში მიღებული კომპეტენციები. ეს საკითხი აქტუალურია, ვინაიდან ფაქტობრივად მთელი საგანმანთლებლო სივრცე ჰოუმსკულინგის რეჟიმშია, საჭიროა ამ მოცემულობის სახელმწიფოს მხრიდან ფორმალური აღიარება. ამგვარი მიდგომა გაზრდის არჩევანის თავისუფლებას და სახელმწიფო ადამიანებს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში ხელშემშლელ ფაქტორად აღარ მოევლინება.

ამგვარი რეფორმის გატარება სრულიად შეცვლის განათლების სფეროს.  გაჩნდება განათლების ალტერნატიული ფორმები და მრავალფეროვანი სკოლები; სწავლა-სწავლების პროცესი – შემოქმედებითი, მოსწავლისთვის ცოდნის მიღება და მისი რეალობაში იმპლემენტაცია კი – პირადი ინტერესების საგანი გახდება.

TasteAtlas-ის მონაცემებით, ხაჭაპური მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის 23-ე ადგილზეა

მსოფლიო კერძების ატლასმა – tasteatlas.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში 100 საუკეთესო ტრადიციული კერძის სია 2020 წლისთვის, ამ ჩამონათვალში ხაჭაპური 23-ე ადგილზეა.

tasteatlas.com – ის აღწერის მიხედვით, ხაჭაპური პოპულარული კერძია საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხაჭაპურს სხვადასხვაგვარად ამზადებენ.

მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის წელს პირველი ადგილი პიცა მარგარიტამ დაიკავა ნაპოლიდან, მეორე ადგილს თურქული ქაბაბი იკავებს ადანადან, მესამე ადგილზე იაპონური რამენია.

TasteAtlas -ის მონაცემთა ბაზა შეიცავს 10 000-ზე მეტ ტრადიციულ კერძს და ადგილობრივ საკვებ პროდუქტს. შეფასებები ემყარება 63 402 მომხმარებლის მიერ მინიჭებულ რეიტინგს.

აქცია ტერაბანკისგან – ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით 

ტერაბანკში ანაბრებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს ყველაზე მაღალ სარგებელსა და თანხის საიმედოდ შენახვას სთავაზობს.

ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვადიან ანაბარს და სადეპოზიტო სერტიფიკატს ტერაბანკში გახსნის, განსაკუთრებით მაღალ სარგებელს მიიღებს. აქცია ვრცელდება როგორც ლარის, ასევე დოლარისა და ევროს ანაბრებზე.

კერძოდ, დოლარში გახსნილ ვადიან ანაბარზე მომხმარებელს 4,05% (ეფექტური3.97%), ხოლო ლარის ვადიან ანაბარზე კი 11,3% (ეფექტური10.72%) სარგებელი დაერიცხება მაქსიმალურ ვადაზე. აქცია ყველა ვადიან ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება.

დეპოზიტების პორტფელი და მისი გაფართოება ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

„მეანაბრეები ბანკისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მომხმარებლებს წარმოადგენენ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გვენდობიან და ეს ჩვენთვის დიდი პატივია. სწორედ ამიტომ, ამ აქციით მათთვის ბაზარზე საუკეთესო პირობების შეთავაზება და ერთგვარი მადლიერების გამოხატვა გვსურს“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

ანაბრებზე აქცია მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

დადასტურდა კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 7 პაციენტი

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 186  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა.

გარდაიცვალა 7  პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 278.

რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 469, აჭარა – 360, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 46, გურია – 25, მცხეთა-მთიანეთი – 14 და სამცხე-ჯავახეთი – 7.

stopcov.ge-ს 19 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 18 663 შემთხვევა.

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები].

თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი.

ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა. ელექტროავტობუსების შეძენისათვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა.

 

აჭარაში კოვიდისგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი პაციენტი 69 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე გარდაცვლილი კი 70 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „მედინაში“ იყო.

გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის Covid კლინიკებში 640 პაციენტია, აქედან 20 არასრულწლოვანია, 30 კი – ორსული.

რეანიმაციაში მოთავსებულია 79 პაციენტი.

კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი არის 36.

Covidსასტუმროებში იმყოფება 1003 პირი, აქედან 82 არასრულწლოვანია. სამინისტროს ინფორმაციით, ბინაზე 1500-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

19 ოქტომბერს საქართველოში სულ კორონავირუსის 1 186  ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასეა გადანაწილებული: თბილისი – 469, აჭარა – 360, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 46, გურია – 25, მცხეთა-მთიანეთი – 14 და სამცხე-ჯავახეთი – 7.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, რომ ვიცოდეთ, ვის უწევს და როდის საცხოვრებელი ბინა,“ – ამბობენ ე.წ. „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 18 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, თუმცა ჯერ მხოლოდ 582 ოჯახისთვის. აქციაზე გამოსულებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ყველას, ვინც ახლა ამ დასახლებაში ცხოვრობს, ბინა არ მოუწიოს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ იმის მიუხედავად, ვინმე ეკომიგრანტია თუ არა, ყველამ ბინა უნდა მიიღოს.

„ასეთია ჩვენი მოთხოვნა, რადგან ეს ადამიანები გამოექცნენ სიღარიბეს, გაჭირვებას და უარეს გაჭირვებაში ვცხოვრობდით კიდევ 8 წელი… ზოგი ოჯახი გასაყოფი იყო, ზოგი ომის ვეტერანია… ყველას უნდა მისცენ ბინა, ან სადაც ვცხოვრობთ, ის ადგილი დაგვიკანონონ. ახალი კორპუსები არის გათვლილი 582 ოჯახზე. ჩვენ გვაინტერესებს, რა ბედი ელის დანარჩენ 1500 ოჯახს?“ – კითხულობს მარინა ბერიძე, ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს.

საპროტესტო აქციაზე აღნიშნეს, რომ ხვალ უფრო ხალხმრავალი აქცია იქნება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები პერმანენტული აქციის გამართვას გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, წლის ბოლო კი, პირველი სამი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ბიუჯეტში 16 მილიონი ლარი გამოყვეს.

ამ თემაზე:

ორშაბათიდან დროგამოშვებით იწვიმებს – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ; დღისით დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში კი მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 20-21 ოქტომბერს, აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა.

შიმშილობის მე-3 დღე – აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება

მესამე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობენ პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ დროისთვის 5 ადამიანი შიმშილობს.

„სანამდე შეგვეძლება, აქ ვიქნებით, რადგან მარტო დაპირებები გვესმის და საქმე არ კეთდება… ზოგიერთი მოშიმშილე გამოგვაკლდა, მარტოხელა დედები არიან, ღამით აქედან ტელეფონით როგორ დაამშვიდოს მცირეწლოვანი შვილი? ზოგიერთმა შიმშილი შეწყვიტა, მაგრამ ახლები გვიერთდებიან,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის მონაწილე ქეთი ქუთათელაძემ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლთან კარავიც აქვთ გაშლილი, თუმცა აღჭურვილობის გარეშე. ქეთი ქუთათელაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით მთავრობის დაცვის სამსახურმა მათ ავტომანქანის მთავრობის სახლთან გაჩერების საშუალება არ მისცა.

„კარავში დაძინება შეუძლებელია, მიწაზე როგორ უნდა დაიძინო, ხომ არ უნდა ამოვიხოცოთ ბოლო-ბოლო? მანქანაში დავჯდებოდით მაინც, მაგრამ ამის უფლებაც არ მოგვცეს,“ – აღნიშნა ქეთი ქუთათელაძემ „ბათუმელებთან“.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ.

გუშინ, 17 ოქტომბერს, საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, თორნიკე რიჟვაძისგან მსგავსი დაპირება გასულ კვირასაც მიიღეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

„ხომ ამბობს თავად, რომ 954 განაცხადია შევსებული? ერთი ადამიანი მაინც გვაჩვენონ, ვისი მოთხოვნაც დაკმაყოფილდა და წავალ აქედან, რადგან დავინახავდი, რომ ნელ-ნელა რაღაც კეთდება… აქ ის ქალიც შიმშილობს, რომელსაც ბანკის ვალი საერთოდ არ აქვს, რესტორანში მუშაობდა და შემცირებაში მოჰყვა ამ შეზღუდვების გამო, ის სამსახურს ითხოვს, რადგან ქირის ფულსაც ვეღარ იხდის, ვერც მისთვის მოიძებნა რამე,“ – გვითხრა ქეთი ქუთათელაძემ.

 

აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 88 წლის ქალს პნევმონია ჰქონდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 60 წლის ქალს კი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. 60 წლის ქალს ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ის ინსულინდამოკიდებული იყო. 69 წლის კაცს კი, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

18 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 343 პირი დაინფიცირდა კორონავირუსით, ქვეყნის მასშტაბით – 1192.

 

აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავიურუსით დაინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი.

18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, მათ შორის, 17 არასრულწლოვანია და 31 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაშია 70 ადამიანი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა – 40;

კოვიდსასტუმროებში იმყოფება 984 ადამიანი, მათ შორის, 77 არასრულწლოვანი. ბინაზე მკურანლობს 1400-მდე პირი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 167 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 5019 ადამიანი.

დღეს, 18 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 1192 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 8 პაციენტი; გამოჯანმრთელდა – 233.

stopcov.ge-ს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 17 477 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 8 060; პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 136 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინშია 6 380 ადამიანი, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1 420 ინფიცირებული იმყოფება. რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებს – 836 პაციენტი – აღნიშნული მონაცემი stopcov.ge-ზე ბოლო რამდენიმე დღეა არ იცვლება.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/490205/?fbclid=IwAR0NENWS10Y6KDbLelA_rn2Tc–Z43kMafkDWgflYod9n1871_4fwOaZldY

 

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად რეგისტრაცია 25 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება [რეგისტრაცია] 5 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ეს ვადა გადაიწია.

„საგრანტო პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია ინტერესი და მომართვიანობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბიზნესიდეების განაცხადების მიღების ვადის გაზრდა, რათა ყველა პოტენციურმა თუ არსებულმა მეწარმემ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ჩვენი მხარდაჭერით წამოიწყოს ან განავითაროს ბიზნესი,“ – აცხადებენ სააგენტოში.

ბიზნესიდეის გაგზავნა ელექტრონულად შესაძლებელია „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდიდან.

ბიზნესიდეის გასაგზავნად ანუ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

წელს პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა.

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი – აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“. პრიორიტეტული საქმიანობები და მათი კოდები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე ვრცლად:

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

სექტემბერში უცხოეთიდან 192.7 მლნ აშშ დოლარი ჩამოირიცხა საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 192.7 მლნ აშშ დოლარი [611.4 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 43 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 77,7 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა [მათ შორის, იტალიიდან – 29,2 მილიონი, საბერძნეთიდან კი – 21,4 მლნ აშშ დოლარი], ხოლო რუსეთიდან – 35,1 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნულ პერიოდში 22,6 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა აშშ-დან, 13,9 მილიონი – ისრაელიდან, 13,2 მილიონი – უკრაინიდან, 10,6 მილიონი აშშ დოლარი – თურქეთიდან.

„2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი [79.5 მლნ ლარი] გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის [20.5 მლნ აშშ დოლარი] ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

 

 

ავტომზიდი ხიდის ქვეშ გაიჭედა – საცობი მახინჯაურში

ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, რკინიგზის გადასვლელი ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანამ საცობი გამოიწვია.

ერთ-ერთი მგზავრი გვწერს, რომ სატვირთოს ავტომანქანები გადაჰქონდა, მაგრამ ის ხიდს ქვეშ ვერ გაეტია და ვეღარც უკან ბრუნდება.

მგზავრების თქმით, ისინი დაახლოებით ერთი საათი საცობში არიან, რადგან მაგისტრალის ამ მონაკვეთში გზასაც არემონტებენ.

საცობი მახინჯაურში / 17.10.2020 / 19:00 საათი

თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი

„ამ კონკრეტული ოჯახის წერილი არ არის მოძებნილი, მაგრამ ეს არანაირად არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

საუბარია პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში განვითარებულ მეწყერზე, რომელმაც სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას იმსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი. ხელვაჩაურის მერიაში ირწმუნებიან, რომ ოჯახს მერიისთვის მიმართული არ ჰქონდა.

„…ჩვენი მონიტორინგი ერთობლივად ახორციელებს დოკუმენტების მოძიებას, დღემდე არ არის განცხადება გამოვლენილი. რაც ფრიალებს მედიაში, ეს არის მეზობლების და ესეც საყურადღებოა,“ – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

სტიქიის შედეგად დაღუპული ოჯახის ახლობლების თქმით, ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა დახმარების თხოვნით ხელვაჩაურის მერიას, თუმცა უშედეგოდ. დაღუპული ლევან თედორაძის ოჯახის მეზობლებმა „ბათუმელებსაც“ აჩვენეს გეოლოგების დასკვნა, რომლის მიხედვითაც მათ სახლში ცხოვრება საშიშია. წლების წინ მომზადებული სპეციალისტების დასკვნების მიუხედავად ამ დრომდე ლევან თედორაძის მეზობლებსაც არავინ დახმარებია.

დაღუპული ლევან თედორაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის მერის სამუშაო კაბინეტშიც გამართეს. ჯუმბერ ვარდმანიძეს 15 ოქტომბერს ჯერ სამუშაო კაბინეტის, შემდეგ კი, მერიის ტერიტორიის დატოვება მოუხდა.

Exit mobile version