მთავარი,სიახლეები

შიმშილობის მე-3 დღე – აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება

18.10.2020
შიმშილობის მე-3 დღე – აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება

მესამე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობენ პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ დროისთვის 5 ადამიანი შიმშილობს.

„სანამდე შეგვეძლება, აქ ვიქნებით, რადგან მარტო დაპირებები გვესმის და საქმე არ კეთდება… ზოგიერთი მოშიმშილე გამოგვაკლდა, მარტოხელა დედები არიან, ღამით აქედან ტელეფონით როგორ დაამშვიდოს მცირეწლოვანი შვილი? ზოგიერთმა შიმშილი შეწყვიტა, მაგრამ ახლები გვიერთდებიან,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის მონაწილე ქეთი ქუთათელაძემ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლთან კარავიც აქვთ გაშლილი, თუმცა აღჭურვილობის გარეშე. ქეთი ქუთათელაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით მთავრობის დაცვის სამსახურმა მათ ავტომანქანის მთავრობის სახლთან გაჩერების საშუალება არ მისცა.

„კარავში დაძინება შეუძლებელია, მიწაზე როგორ უნდა დაიძინო, ხომ არ უნდა ამოვიხოცოთ ბოლო-ბოლო? მანქანაში დავჯდებოდით მაინც, მაგრამ ამის უფლებაც არ მოგვცეს,“ – აღნიშნა ქეთი ქუთათელაძემ „ბათუმელებთან“.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ.

გუშინ, 17 ოქტომბერს, საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, თორნიკე რიჟვაძისგან მსგავსი დაპირება გასულ კვირასაც მიიღეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

„ხომ ამბობს თავად, რომ 954 განაცხადია შევსებული? ერთი ადამიანი მაინც გვაჩვენონ, ვისი მოთხოვნაც დაკმაყოფილდა და წავალ აქედან, რადგან დავინახავდი, რომ ნელ-ნელა რაღაც კეთდება… აქ ის ქალიც შიმშილობს, რომელსაც ბანკის ვალი საერთოდ არ აქვს, რესტორანში მუშაობდა და შემცირებაში მოჰყვა ამ შეზღუდვების გამო, ის სამსახურს ითხოვს, რადგან ქირის ფულსაც ვეღარ იხდის, ვერც მისთვის მოიძებნა რამე,“ – გვითხრა ქეთი ქუთათელაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: