მთავარი,სიახლეები

ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

19.10.2020 • 1492
ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს, ვიდრე ისინი კითხვებს დასვამდნენ.

მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ფორმით 112-ის და სასწრაფო-სამედიცინო გუნდის კრიტიკას ეხმაურება. მინისტრმა ბოლო 24 საათის მონაცემები გაახმოვანა – თუ რამდენი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკაში ან კლინიკიდან კოვიდსასტუმროებში.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კრიტიკა სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროსაც ეხმარება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვცდილობთ, პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება, ჩვენ ვაკვირდებით, ვის სჭირდება მყისიერი რეაგირება…  გვეხმარება თქვენი აქტიურობა სოციალურ ქსელში, მომენტალურად ვრეაგირებთ მათზე,“ – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იყო მსჯელობა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების ბრიგადების რაოდენობის დამატებაზე, თუმცა ეს არ გამოვიდა, რადგან „ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ავტომანქანები, არამედ ექიმები. ექიმების რესურსი კი, გარკვეულწილად არის შეზღუდული,“ – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ოჯახის ექიმი აგვიანებდეს, მაგრამ მინისტრი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, თვითმკურნალობისგან თავი შეიკავონ. ის  მოქალაქეებს ურჩევს, თავად დაურეკონ ოჯახის ექიმებს, თუკი ექიმი არ რეკავს.

„თვითმკურნალობა არა მხოლოდ კოვიდის შემთხვევაში, არამედ სხვა ნუზოლოგიების შემთხვევაშიც არ არის გამართლებული. ჩვენ ყველანი ვიცნობთ საკუთარი ოჯახის ექიმებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან არიან დატრენინგებული… თუ ზარი არ განხორცილდება, შესაბამისად, ჩვენ დავუკავშირდეთ მათ,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა ცხელი ხაზის – 15 05-ის ხარვეზზეც. მინისტრის თქმით, „შესწავლილია 40-პროცენტიანი ჩამორჩენა“ და ახალი საკადრო რესურსი ამას გაუმკლავდება.

ეკატერინე ტიკარაძემ ოთხშაბათისთვის დააანონსა ბინაზე მკურნლობის ახალი პროტოკოლის გამოქვეყნებაც, რაზეც სპეციალისტები ახლა მუშაობენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: