მთავარი,რეკლამა,სიახლეები

განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

19.10.2020 • 2032
განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე

პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში

დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ. ხელისუფლებამ ამ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ,,დუმილის უფლება“ აირჩია. ამ მოცემულობაში მართებული პოზიცია იქნება, თუ ასეთი კოლაფსის მიზეზებს გავაანალიზებთ და გამოსავლის გზების ძიებას დავიწყებთ.

მიუხედავად სასკოლო განათლების სისტემის ,,რეფორმის“ მცდელობებისა, მხოლოდ მისი კოსმეტიკური ცვლილება ხდებოდა, ხოლო არსობრივად იგივე – საბჭოთა სკოლად დარჩა. ამის მიზეზი ცენტრალიზებული სისტემა და სასკოლო რეგულაციებია. რეგულირებულია სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოები, საგაკვეთილო ბადე, მასწავლებლის შერჩევის პრინციპი, სკოლის შინაგანაწესი, ნაგებობების სტანდარტები. სისტემის ყველა რგოლი კონტროლდება და სტანდარტიდან უმცირესი გადახვევაც არ შეიძლება, თანაც ბავშვსა და მის განვითარებაზე ზრუნვის ,,კეთილშობილური“ მოტივით.

მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, შვილს მისცეს ისეთი განათლება, როგორიც მას წარმოუდგენია, ვინაიდან საგანმანათლებლო ბაზარი ვერ სთავაზობს არჩევანს. ბაზრის სიღარიბე კი იმითაა განპირობებული, რომ კერძო სკოლებიც ისეთივე რეგულაციებს ექვემდებარება, როგორსაც საჯარო, უმნიშვნელო ცვლილებებით.

მასწავლებელი მოაზრებულია როგორც სისტემის ჭანჭიკი, რომელსაც არავითარი უფლება არ აქვს, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი.

სკოლის დირექტორს არ შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებელი საკადრო პოლიტიკა და ალტერნატიული პროგრამები.

სასკოლო სისტემის ასეთი ღრმა კრიზისიდან გამოყვანის ჩვენეულ მოდელს პირობითად ,,განსაბჭოება“ ვუწოდეთ.

უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს და მხოლოდ ნების გამოხატვაა საჭირო. სულ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს ეს მოჯადოებული წრე  გაიჭრას და ჩვენი შვილების წინაშე ბრალის გრძნობა მოვიშოროთ.

კერძო სკოლები რეგულაციებისგან უნდა განთავისუფლდეს. ამგვარი დერეგულაცია კერძო სკოლებს შორის კონკურენციის ხარისხს გაზრდის და სწავლის საფასურზეც მოახდენს გავლენას. თავისუფალი არჩევანი მათ საშუალებას მისცემს, შეიმუშაონ ალტერნატიული სასწავლო მოდელები და მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული მოქნილი სასწავლო სისტემა შექმნან.

საჯარო სკოლის დირექტორი უნდა იყოს მშობლების მიერ არჩეული, ხოლო სკოლას უნდა მიეცეს რეალური ავტონომია. მოცემულ ვითარებაში მშობლებმა არ იციან, თუ რა ხდება სკოლაში. მათ ამის შესახებ მხოლოდ წარმოდგენები აქვთ და საკუთარ შვილებს საკუთარ წარმოსახვაში არსებულ სკოლას ანდობენ. რეალობის გაცნობიერების შემდეგ კი იმედგაცრუებას ისიც განაპიროებს, რომ დირექტორი თავს მშობლის წინაშე ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს. ეს გარემოება მშობლისა და მოსწავლის ინტერესების იგნორირებას იწვევს. დირექტორების არჩევის ასეთი მოდელი განათლების საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის ხარისხს გარკვეულწილად შეამცირებს.

ჰოუმსკულინგის (სახლის პირობებში განათლების მიღება) დანერგვა პანდემიის პირობებში ყველაზე ადეკვატურ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. ვინაიდან სისტემა (როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად) ვერ ახერხებს სასწავლო პროცესის განხორციელებას, იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებს თავად შეუძლიათ შვილების განათლების უზრუნველყოფა, სახელმწიფომ უნდა უღიაროს სახლის პირობებში მიღებული კომპეტენციები. ეს საკითხი აქტუალურია, ვინაიდან ფაქტობრივად მთელი საგანმანთლებლო სივრცე ჰოუმსკულინგის რეჟიმშია, საჭიროა ამ მოცემულობის სახელმწიფოს მხრიდან ფორმალური აღიარება. ამგვარი მიდგომა გაზრდის არჩევანის თავისუფლებას და სახელმწიფო ადამიანებს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში ხელშემშლელ ფაქტორად აღარ მოევლინება.

ამგვარი რეფორმის გატარება სრულიად შეცვლის განათლების სფეროს.  გაჩნდება განათლების ალტერნატიული ფორმები და მრავალფეროვანი სკოლები; სწავლა-სწავლების პროცესი – შემოქმედებითი, მოსწავლისთვის ცოდნის მიღება და მისი რეალობაში იმპლემენტაცია კი – პირადი ინტერესების საგანი გახდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: