ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში ჯერ არ განახლდება – მთავრობა

19.10.2020
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში ჯერ არ განახლდება – მთავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა [მგზავრთა გადაყვანა], როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის მიმართულებით, 19 ოქტომბრიდან აღარ განახლდება – უთხრეს „ბათუმელებს“ მთავრობის ცხელ ხაზზე.

დღეიდან, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა [ანუ აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის და ასევე აჭარასა და სხვა რეგიონებს შორის მგზავრთა სამარშრუტო მიკროავტობუსებით და ავტობუსებით გადაყვანა კვლავ აკრძალულია].

საქართველოს მთავრობის 15 ოქტომბრის დადგენილებით აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც უნდა განახლებულიყო, თუმცა, „ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 18 ოქტომბერს, საღამოს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აჭარაში და აჭარის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით და ავტობუსებით არ განახლდეს. როდის განახლდება საქალაქთაშორისო მოძრაობა, ამ ეტაპზე უცნობია“, – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

შენიშვნა: დღეს, 19 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიღების თარიღად ასევე 19 ოქტომბერია მითითებული. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ან/და უკუმიმართულებით ჩერდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

მთავარი ფოტო: ბათუმის ავტოსადგური / 19.10.2020

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: