Batumelebi | 10 ქალაქი, რომლებთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდება 10 ქალაქი, რომლებთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდება – Batumelebi
RU | GE  

10 ქალაქი, რომლებთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულ პირდაპირ საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებს კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა.

საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით:

პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების შეჩერება 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან არ გავრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • დოჰა (ICAO-ის კოდი  OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ის კოდი  EPWA);
  • ათენი (ICAO-ის კოდი  LGAV);
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი  EHAM);
  • ვენა (ICAO-ის კოდი  LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ის კოდი  EDDB);
  • მილანი (ICAO-ის კოდი  LIME);

ამასთან, 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან ფრენების აკრძალვა მოხსნილია პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ის კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის (ICAO-ის კოდი  EVRA).

2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან კი ფრენების აკრძალვა ასევე მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • კატოვიცე (ICAO-ის კოდი  EPKT);
  • ვილნიუსი (ICAO-ის კოდი  EYVI);
  • დორტმუნდი (ICAO-ის კოდი  EDLW).“

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა.

მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „მართალია ამ ქალაქებთან საქართველო შეზღუდვებს ხსნის, თუმცა, როდის და რა სიხშირით იქნება ფრენები, ეს დამოკიდებულია უშუალოდ ავიაკომპანიებზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავხსნათ საჰაერო საზღვარი ეტაპობრივად, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული.“

მინისტრის თქმით, ფრენების აღდგენა დამოკიდებული იქნება იმ ეპიდსიტუაციაზეც, თუ რა მდგომარეობა იქნება ამ კუთხით ადგილზე, იმ ქვეყნებში და ქალაქებში, რომლებთანაც საქართველომ მოხსნა, ან მოხსნის შეზღუდვას ავიარეისებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com