მთავარი,სიახლეები

ფიტნესკლუბი, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

21.01.2021
ფიტნესკლუბი, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

„ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინოთ, ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვართ მონები,“ – ამბობს გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ დამფუძნებელი. ის შაბათს, 3 საათზე, აქციის მოწყობას ჩაკეტილი ფიტნესკლუბის წინ გეგმავს ლოზუნგით – „დასრულდეს მონობა“.

ეს ის ფიტნესკლუბია, სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და დაჯარიმების მიუხედავად მუშაობა განაგრძეს. ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ სამართალდამცველებმა დახურეს, ატრაქციონები დალუქეს, ხოლო შიგ მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შენობიდან ძალით გამოიყვანეს. 28 ნოემბერს, მაშინ, როცა ეს მოვლენები განვითარდა, ზურაბ ჯაფარიძე ამბობდა, რომ მან კლუბი იქირავა და მის მფლობელობაში სამართალდამცველებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

გიორგი ფუტკარაძე არ აკონკრეტებს, რა ფორმით გამოხატავს დაუმორჩილებლობას შაბათის აქციაზე და გაიხსნება თუ არა ფიტნესკლუბი.

„ჯერ შევიკრიბოთ და გეგმებს შემდეგ გავაჟღერებთ, ეს იქნება დარბაზის გახსნა თუ სხვა ამბავი, ვნახოთ… რეალურად შესაძლებელია დისტანციურად ამ აქციაში ჩართვა, საკუთარი კლუბების, კაფეების თუ მაღაზიების წინ გამოვიდნენ და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ. რაც უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს ამას, მით უფრო მალე მოხსნის ხელისუფლება შეზღუდვებს. თუ არავინ გამოხატავს პროტესტს, გამოდის, რომ ეგუებიან… ჩვენ საჯაროდ მივმართეთ სხვებს და ამ დრომდე არავინ გამოგვხმაურებია ფიზიკური პირების გარდა, რომლებიც აქციაზე მოვლენ,“ – გვითხრა გიორგი ფუტკარაძემ.

ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს ნოემბერში, თუმცა გიორგი ფუტკარაძე ამბობს, რომ ჯარიმა არ გადაუხდია და არც აპირებს. ჯარიმის შესახებ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ფიტნესკლუბს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

გიორგი ფუტკარაძის თქმით, ამ დრომდე არც ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება.

„მეც დამკითხეს და ზურა ჯაფარიძეც, მაგრამ შემდეგ არაფერი მომხდარა… კარანტინის წესების დაუმორჩილებლობაზე დაიწყეს გამოძიება,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: