მთავარი,სიახლეები

საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოს მიმართა

22.01.2021
საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საია მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს.

საიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“  საიას დახმარებით შეიტანეს.

„დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება“ – აცხადებს საია.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2019 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში – იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამ საკითხზე დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერის“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა,“ – აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რაც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს.

__________________________

ამავე თემაზე:

საკრებულომ რივიერას გეგმა დაამტკიცა – ბათუმის საკრებულოს დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: