ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები შუახევში ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს – აუდიტი

23.01.2021 • 1680
დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები შუახევში ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, შუახევში, ფუნქციონირებს ერთიდაიგივე ფუნქციების ორგანიზაციები [ააიპ] და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ამ იურიდიული პირების საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების სათანადო ანალიზი არ ხორციელდება.

„აღნიშნულის შედეგია დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობა, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება. აღნიშნული შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და შეუსაბამოა საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით:

„შუახევის მუნიციპალიტეტში აღნიშნული იურიდიული პირების 2018-2019 წლების საბიუჯეტო ხარჯი ჯამში 211 283 ლარს შეადგენდა, კერძოდ: შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ – ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლა, რომლის 2018-2019 წლების ბიუჯეტი 167 009 ლარს შეადგენდა.

ა(ა)იპ-ის საქმიანობის საგანი ფეხბურთელებისა და მორაგბეების მომზადება და სპორტის აღნიშნული სფეროების პოპულარიზაციაა, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს სპორტის სფეროში მომუშავე ა(ა)იპ – შუახევის სასპორტო სკოლა, რომლის ბიუჯეტიც 365 938 ლარს შეადგენს და რომლის საქმიანობაც სპორტსმენების მომზადებასა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, სპორტის ყველა სფეროზე, მათ შორის ფეხბურთსა და რაგბზეც ვრცელდება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახლად დაფუძნებული სკოლის საქმიანობაში რაიმე სახის მიღწევები არ ფიქსირდება.

2019 წელს შეიქმნა ა(ა)იპ – შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრი, რომლის ბიუჯეტიც 44 274 ლარით განისაზღვრა და რომელსაც, წესდების შესაბამისად, შშმ პირთა საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება, სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება ევალება, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოციალური მომსახურების სერვისცენტრი, რომელსაც სოციალური დახმარების, ჯანდაცვის მხარდაჭერისა და სოციალური ხასიათის მიზნობრივი (მათ შორის შშპ პირებზე გათვლილი) პროგრამების განხორციელება ევალება.

მერიის პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი განმარტება, შშმ პირთა დახმარების მიზნით, დამოუკიდებელი ა(ა)იპ-ის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მისი დამოუკიდებელ ერთეულად ფუქციონირება არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის ინტერესებს“.

აუდიტის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ „უნდა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც მოქმედი და ახალი იურიდიული პირების ფუნქციების ანალიზით უზრუნველყოფს მათი ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრას და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას“.

აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიონ 444 ათას 517 ლარი, წლიურად კი  – 41 მილიონ 334 ათას 208 ლარი იხარჯება, რაც წინა წლებთან შედარებით 21.5 მილიონით მეტია – კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჩაატარა.

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/323539/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: