Batumelebi | „SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება „SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება – Batumelebi
RU | GE  

„SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 23 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართება. ბათუმელები ბათუმის ბულვარის დასაცავად აპირებენ შეკრებას.

21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა ერთ-ერთ კომპანიას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები თუ გავლენიანი ფინანსური ჯგუფები ცდილობენ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის მითვისებას ან შესყიდვას, ბულვარი სამშენებლო პოლიგონად რომ გადააქციონ. ასე იყო 2011 წელს, როდესაც ვითომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების მოტივით ბულვარში მრავალსართულიანი მშენებლობა მძლავრი პროტესტის მიუხედავად წამოიწყეს.

მაშინ მოქალაქეები დამარცხდნენ – ვიდეო თუ ფოტომასალის მტკიცებულებების მიუხედავად სასამართლომაც კი თქვა, რომ ბულვარში ხეები არ იჩეხებოდა.

დღეს ამ შენობაში სასტუმროა.

ბულვარში მორიგი ჩარევის სურვილი ხელისუფლებას 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ბულვარის მესამე ხეივნის გაუქმება და აქ სასეირნო ზოლში სავაჭრო ობიექტების განთავსება გადაწყვიტა.

მძლავრი პროტესტის შედეგად მოქალაქეებმა ამ შემთხვევაში გაიმარჯვეს – ხელისუფლებამ თავის განზრახვაზე უარი თქვა.

ამჯერად სასტუმროს აშენება ბულვარში, ბალნეოლოგიური ცენტრითა და პარკინგით, „ამბასადორი ბათუმს“ სურს. კომპანიამ გასულ ანუ საარჩევნო წელს სცადა აქ 15-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება. მას უარი უთხრეს.

სამაგიეროდ 2021 წელს, პირველივე სამუშაო კვირას, ამ კომპანიას მისცეს ბულვარში უკვე 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება… და ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, ასე თანდათან ხდება ცალკეული ადამიანის კერძო საკუთრება.

ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, დაცულია კანონით. მის დაცვაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. თუმცა, ნებართვა 16-სართულიანი სასტუმროს აშენებაზე სწორედ ამ ორგანიზაციამ გასცა. მისმა ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ ის თანახმაა ბულვარში აშენდეს 16 სართულის სიმაღლის შენობა.

ბულვარის დამცველები თვლიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა თუ სხვა გავლენიანი ბიზნესმენებისგან ბათუმის ბულვარი ამჯერადაც თავად უნდა დაიცვან.

ბათუმის ბულვარში სასტუმროს აშენებას რუსეთის მოქალაქეები აპირებენ. შპს „ამბასადორი ბათუმის“ 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

„ბათუმელები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს ისტორიული ბულვარის ნგრევა და ჩაბეტონება. 23 იანვარს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ბათუმის ბულვარში კოლონადებთან!“ – წერენ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან შეიკრიბებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან