მთავარი,სიახლეები

ბათუმის კოვიდკლინიკაში მედპერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია

21.01.2021
ბათუმის კოვიდკლინიკაში მედპერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა BAU-ს სამედიცინო პერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია. საუბარია ხელფასის 50 პროცენტზე, რომელიც დანამატის სახით ბიუჯეტიდან უნდა მიეღო კოვიდკლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს. დაპირება ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის ოქტომბერში გასცა, დანამატები ნოემბრიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა იგი კოვიდკლინიკებში ძირითადად დეკემბრის ბოლოს დარიგდა.

„სხვაგან დანამატები დარიგდა, როგორც ვიცით, ჩვენ არაფერი აგვიღია… გვითხრეს, რომ ჩამორიცხულია თანხა, მაგრამ ვერ გვაძლევენ. არც ნოემბრის და არც დეკემბრის ხელფასზე დანამატი არ მიგვიღია,“ – გვითხრა BAU-ში დასაქმებულმა ექთანმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა კოვიდკლინიკას უკვე ჩაურიცხეს ნოემბრისა და დეკემბრის დანამატი. „კლინიკის ადმინისტრაციაში უნდა მოიკითხონ, რატომ არ გაიცა, ჩვენ ჩარიცხული გვაქვს,“ – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში.

კლინიკა BAU-ს პრესცენტრში სამუშაო დღის ბოლოს განმარტეს, რომ ნოემბრის დანამატი მართლაც უკვე ჩარიცხული აქვს კლინიკას, მაგრამ მას იანვრის ბოლოს გასცემენ იანვრის ხელფასებთან ერთად.

BAU-ს პრესცენტრის განმარტებით, ნოემბრის დანამატებისთვის თანხა კლინიკას იანვრის დასაწყისში ჩაერიცხა, დეკემბრის დანამატი კი ჯერ ჩამორიცხული არ არის. კლინიკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ნოემბრის და დეკემბრის დანამატებსაც სამედიცინო პერსონალი იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მიიღებს.

„ბათუმელებმა“ ბათუმის სხვა კლინიკებშიც სცადა ინფორმაციის გადამოწმება დანამატების გაცემაზე. „მედცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ გვიპასუხეს, რომ ნოემბრისა და დეკემბრის დანამატები გასული წლის ბოლოს გასცეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: