Batumelebi | არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას – Batumelebi
RU | GE  

არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას

„ბულვარში მშენებლობის ნებართვის გაცემა თავიდანვე შეცდომა იყო“ – ასე აფასებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი ერმილე მესხია „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას ბათუმის ბულვარში. თუმცა პროექტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის ნაცვლად 16-სართულიანი შენობა აშენდება და სასტუმროს ფუნქციაც ექნება, მან გუშინ, 21 იანვარს, მხარი დაუჭირა.

ერმილე მესხია იმ საბჭოშია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ან ამ სტატუსის მქონე ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაოებზე ნებართვას განიხილავს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას აძლევს. საბჭოს წევრები საკუთარ პოზიციას სხდომაზე აფიქსირებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სააგენტოს დირექტორი იღებს.

საბჭო რვაწევრიანია და 21 იანვარს მხოლოდ სამი წევრი იყო წინააღმდეგი ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ პროექტის სიმაღლე 16 სართულამდე გაზრდილიყო. საბჭოს ხუთმა წევრმა კი თანხმობა დააფიქსირა.

ყოფილი ბალნეოლოგიური კლინიკის ადგილზე ახალი ოთხსართულიანი ცენტრის [სამი მიწისქვეშა სართულით] მშენებლობის 2018 წლის ნებართვა და იმ დროისთვის შეთანხმებულ პროეტში ცვლილებაზე ხელოვნებათმცოდნის დასკვნა დაასახელა ერმილე მესხიამ საკუთარი გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად და იქვე დააფიქსირა, რომ მაშინ შეცდომა დაუშვეს:

„დიახ, მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ბულვარში გაჩნდეს ახალი ნაგებობები, ბულვარი უნდა შენარჩუნდეს. შეცდომა საბჭომ დაუშვა წლების წინ, როცა დადებითი რეკომენდაცია გასცა იქ მშენებლობის დაწყებაზე. მე რომ ვყოფილიყავი იმ საბჭოში, მხარს არ დავუჭერდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აშენების ნებართვა გაცემულია წლების წინ, ესაა ჩემი გადაწყვეტილების პირველი არგუმენტი. მეორე არის არქიტექტორების და ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა პროექტზე.“

ერმილე მესხია

კითხვაზე, შეცდომად შეფასებული პროექტის სიმაღლის გაზრდაზე თანხმობა ამ შეცდომას კიდევ უფრო ხომ არ დაამძიმებს? – ერმილე მესხია პასუხობს, რომ შესაძლოა ასეც იყოს:

„მაგრამ პროექტის ავტორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ისეთი კონცეფცია წარმოადგინეს, რომ ჩვენ ეს მივიღეთ. მე კვალიფიციური დასაბუთება მოვისმინე“.

ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ერმილე მესხია ამბობს, იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ ბულვარის, როგორც ძეგლის დასაცავად, სააგენტოს ძეგლების საბჭოს, მის თოთოეულ წევრს თავისი წილი პასუხიმგებლობა აქვს.

პროექტში ცვლილებას მხარი დაუჭირა არიტექტორმა ზვიად ბუჭულაძემაც. ის ამბობს, რომ ზოგადად ბულვარში განაშენიანების წინააღმდეგია და თუ მშენებლობა უკვე დაწყებულია დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენი სართული აშენდება:

„ოთხსართულიანი იქნება თუ ათსართულიანი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაშინ საერთოდ არ უნდა აეშენებინათ. შერატონი რომ ხუთსართულიანი ყოფილიყო, რაიმე განსხვავება იქნებოდა? –  თუ უნდა აშენდეს, შესაძლოა ზოგიერთ სივრცეს მაღალი  შენობა უფრო მოუხდეს, ვიდრე დაბალი. თუ ორ და სამ სართულიან სახლებს შორის ჩადგამ ათსართულიანს, გასაგებია, რომ მიუღებელია, მაგრამ იმ სივრცეში მაღლივი კორპუსის გაჩენა შესაძლებელია. საერთოდ თუ არ გაჩნდება – ეს უკვე სხვა საკითხია.“

ზვიად ბურჭულაძე

წლების წინ ბულვარის დასაცავად გამართულ აქციებში მონაწილეობდა ამჟამად ძეგლების საბჭოს წევრი კაკო ძნელაძეც. ის ბულვარში დაგეგმილ სამშენებლო პროეტებს ეწინააღმდეგებოდა, აქციებზე სიტყვითაც გამოდიოდა, აცხადებდა, რომ ბულვარმა ძველი იერსახე უნდა შეინარჩუნოს, გადაწყვეტილებებს უწუნებდა მაშინდელ ხელისუფლებას და აკრიტიკებდა.

კაკო ძნელაძე დღეს თავად არის ხელისუფლების წარმომადგენელი და ამბობს, რომ პატარა ქალაქის იდეოლოგიაში არ უნდა ჩავიკეტოთ:

„მოდი ნუ ჩავიკეტებით ერთი პატარა ქალაქის, ბათუმის იდეოლოგიაში, ამას ცუდი გაგებით ვამბობ, მე კარგ გაგებაზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ აქ არის უკვე ერთმანეთის ლანძღვა. ცოტა გარეთაც გავიხედოთ, უამრავ მაგალითს მოგიყვანთ დიდ და პატარა ქალაქებში ასეთი არქიტექტურული დომინანტის დაშვების და გამართლების, რაზეც შემდგომში ბევრი უსაუბრიათ, რომ მოსწონთ… მე მხარი დაუჭერე იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც იქნება ამბასადორის კაფეს არქიტერქტურის გაგრძელება, როგორც მე ვხედავ სუბიექტურად, ეს იქნება ერთი  მთლიანი დომინირებული მაღალი ხარისხის არქიტეტურა ბათუმში, ჩემი მხრიდან ლობირება გამორიცხულია, ამას გულწრფელად ვამბობ.“

კაკო ძნელაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ ადგილას მდებარე ძველი შენობა წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში დროს გაიყიდა: „და ამას თავისი წერტილის დასმა ესაჭიროება, მაგრამ გემოვნებით.“

კაკო ძნელაძე ამბობს იმასაც, რომ „ამბასადორისთვის“ თანხმობა სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ვერ გახდება: „ეს ბოლოა და ბულვარს არავითარი სხვა საშიშროება არ ემუქრება“.

კაკო ძნელაძე

პროექტს მხარი დაუჭირა ასევე საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ. იგი ამბობს, რომ იქ გრუნტი კარგია, გეოლოგიური თვალსაზრისით პროექტი უსაფრთხოა და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

„ეს ტერიტორია თითქმის მთლიანად დაფარულია მაღლივი კორპუსებით, მე ასე ვიცი, რომ ბულვარის გარე ტერიტორიაა და ჟღენტის ექვსი ნომერია, ქუჩის მისამართი აქვს, გარდა ამისა რაც უფრო მეტი ლამაზი და სრულყოფილი შენობა ექნება ბათუმს, ისედაც ლამაზია და კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ჩემი შეხედულებით, ეს შენობა მაგ უბანს, სადაც ოთხი მაღლივი შენობაა, დიდ პრობლემას ვერ შეუქმნის.“

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა  საბჭოს თავმჯდომარის ვიქტორია ბერიძის ჩაწერა, მან არ გვიპასუხა.

პროექტში ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა, ამავე ორგანიზაციის წევრმა შოთა გუჯაბიძემ და  ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილმა.

ნინო ინაიშვილისა და შოთა გუჯაბიძის არგუმენტები, თუ რატომ არ უჭერენ ისინი მხარს „ამბასადორის“ პროექტში ცვლილებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

რაც შეეხება სოფიო ჭანიშვილს, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ თავს შევიკავებ ამჯერად“ – გვითხრა მან.

საგულისხმოა, რომ საბჭოში  სოფიო ჭანიშვილის, როგორც ხელოვნებათმცოდნის მოსაზრება გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მას აქვს შესაბამისი განათლება, თუმცა როგორც ჩანს, ამავე საბჭოს წევრები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, კომპანია „ამბასადორ ბათუმის“ მიერ წარდგენილი დასკვნების ავტორ ხელოვნებათმცოდნეს უფრო დიდ ნდობას უცხადებენ,  ვიდრე საკუთარ კოლეგას.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფიო ჭანიშვილი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომელი იყო და ის მიიწვიეს, როგორც კომპეტენტური ხელოვნებათმცოდნე.

„ამბასადორ ბათუმის“ დაკვეთით დასკვნა მოამზადა ხელოვნებათმცოდნეებმა გიორგი პატაშურმა და ვალერი კალანდაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი