მთავარი,სიახლეები

მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ

23.01.2021
მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის ბულვარის დასაცავად. მოქალაქეები „ამბასადორ ბათუმის“ მიერ ბულვარში 16- სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციაზე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც მივიდა, რომელსაც აქციის მონაწილეების ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

„თქვენ ხართ მონა, არ გაქვს აქ ყოფნის უფლება, წადი“, – ეუბნებოდნენ ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს. ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალებს“ წარსულზე საუბარი არ უნდათ, რადგან ბულვარის მიტაცების პროცესი სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.

„შენ არ გაქვს წარსულზე საუბრის უფლება, შენ გაანადგურე შენი წარსული უმაღლესი საბჭოში შესვლით“, – უთხრეს ჩავლეიშვილს.

„იმის გასაპროტესტებლად მოვედი, რაც ბულვარში ხდება. ბულვარის მიტაცება არა მარტო ამჟამინდელი, არამედ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ყველა მთავრობამ თავისი წვლილი შეიტანა ბულვარის მცოცავ ოკუპაციაში. ხალხმა შეაფასოს, ვის რა უკეთებია ამ ქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში შევიდა გაერთიანებული ოპოზიციიდან. აქციის მონაწილეები მას ეუბნებოდნენ, რომ თუკი იდგა მოქალაქეების ინტერესების და არა ხელისუფლების მხარეს, მაშინ ბულვარში მიმდინარე უკანონო მშენებლობების გამო, ხელისუფლებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრს.

„რისთვის ზიხარ უმაღლეს საბჭოში, ვისი დამსახურებით? გამოათრიე თორნიკე რიჟვაძე და მოთხოვე პასუხი“, – ეუბნებოდნენ მას.

ჩავლეიშვილმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

ამავე თემაზე:

_______________________

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: