აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე გაიმართა. სხდომაზე აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 128 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლებს, აშენდება სპორტული მოედნები. ასევე მუნიციპალიტეტში დაიწყება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და დაბის კეთილმოწყობა. სანიაღვრე არხების, წყალგამტარების და წყალსადენი სისტემების მოწყობა – განახლებისთვის, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში

გაგრძელდება განათლების ხელშეწყობა. ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ორი დაწყებითი სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 200 000 ლარამდე დაიხარჯება. ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნით ეტაპზეა 2 სკოლის მშენებლობა და დამატებით 2 ახალი სკოლა აშენდება (კალოთასა და ვაშლოვანში) რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების გარდა, აჭარის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, აქტიურად ხორციელდება სხვა მსხვილი პროექტები. მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა კურორტ გოდერძის გაზიფიცირება. გაზსადენი ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთს მოიცავს, საიდანაც უკვე დასრულებულია ბათუმი-ხულოსა და გოდერძის უღელტეხილი-კურორტ „გოდერძი“-ს მონაკვეთები.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში

აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების კეთილმოწყობა და წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 11 253 190 ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია 21 კმ-მდე გზაზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობა და სხვადასხვა მიმართულებებით ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

ტურისტული და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობის ფარგლებში, განხორციელდება ხიხანის ციხის ასასვლელი ბილიკის მშენებლობა. მიმდინარეობს ხიხანის ციხის ზონაში ტურისტულ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის საჭირო განაშენიანების გეგმის დოკუმენტზე მუშაობა; გოდერძის განაშენიანების გეგმაზე, ბეშუმი-გოდერძის უღელტეხილის სივრცის გენერალური გეგმის დოკუმენტზე და დაბა ხულოს განაშენიანების გეგმაზე მუშაობა. დასრულდა „მწვანე ტბის“ რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი და სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. პროექტი ტერიტორიაზე დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში

აშენდება ორი ახალი სკოლა, რისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ასევე ორ სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება კალოთის სკოლის და ქვემო ვაშლოვანის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.


2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი კი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარია

რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ბსუ-ში

შიდა აუდიტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარღვევები აღმოაჩინა. მონიტორინგი მოიცავს 2019-2020 წლებს. დასკვნაში საუბარია როგორც ადმინისტრაციული ხასიათის, ასევე ფინანსურ დარღვევებზეც. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის უნივერსიტეტს დიდი ოდენობის ვალი ერიცხება.

უცხოელი სტუდენტების საქმე

აუდიტის დასკვნაში ყველაზე ვრცელი ადგილი სწორედ ამ ნაწილს ეთმობა. დასკვნის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი იანვრის  მდგომარეობით, უნივერსიტეტს სტუდენტების მიმართ 6 449 740  ლარის  ოდენობით სწავლის საფასურის დებიტორული დავალიანება ერიცხება, მათ  შორის  უცხოელი (630-ზე  მეტი ინდიელი) სტუდენტების მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 5 353 120 ლარს, სხვა დანარჩენი სტუდენტების კი – 1 096 620 ლარს.

საიდან წარმოიშვა ეს ვალი? – როგორც აუდიტი წერს, კომპანია „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ ბიუსთან“ 2017 წლის ივლისში  დადებული მემორანდუმის მიხედვით, უცხოელ სტუდენტებს სწავლის საფასური სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე უნდა გადაეხადათ. „თუმცა კომპანიამ შეთანხმება დაარღვია. აღნიშნულმა  უპასუხისმგებლო ქმედებამ განაპირობა მემორანდუმით ნაკისრი  ვალდებულების იგნორირებითა და პირობების დარღვევით ვადაგადაცილებული სახით, როგორც დებიტორული, ასევე  კრედიტორული დავალიანების  დაგროვება“, – წერს აუდიტი.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, თუ პირობების შეუსრულებლობა ორ თვეზე დიდხანს გრძელდება, მხარეები წყვეტენ ხელშეკრულებას, დავა კი სასამართლოში გრძელდება.

როგორც აუდიტი ამბობს, აღნიშნული კომპანია უნივერსიტეტს არ აწვდიდა სტუდენტთა სახელობით სიას, სადაც გარკვევით იქნებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სტუდენტს ჰქონდა სწავლის საფასურის დავალიანება ან პირიქით.

„აღნიშნული კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების (დებიტორული, ასევე  კრედიტორული) დაგროვების ფაქტს ადგილი არ ექნებოდა უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებს (დეკანატი, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი  და სხვა) დროულად და თანმიმდევრულად,  ყოველი სემესტრის შედეგების მიხედვით, მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების  გათვალისწინებით სამართლიანი მიდგომის მეთოდით, კატეგორიულად რომ დაეყენებინათ მოთხოვნა სწავლის საფასურის  დროულად დაფარვისა და ამასთან უნივერსიტეტის ანგარიშზე უკვე  ჩამორიცხული თანხების მიხედვით სტუდენტთა სახელობითი სიების წარმოდგენაზე.

უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების  მხრიდან  მოცემული  საკითხის მიმართ წაყრუებამ, საქმისადმი გულგრილმა და  უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, ამასთან კომპანიების  მიმართ  შესაბამისი ქმედითი და მართლზომიერი ღონისძიებების დროულად  ვერ ან არგატარებამ განაპირობა 2017 წლიდან მოყოლებული დავალიანებების უცვლელი ფორმით არსებობის შესაძლებლობა“, – ამბობს აუდიტი.

ამავე წყაროს ცნობით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი არ იძლევა საშუალებას საჯარიმო სანქციები დააკისროს კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. „არსებული  რისკების  შეუფასებლობის, გარანტორი კომპანიის სანდოობის ჯეროვნად არ  შეფასების, მემორანდუმების გაფორმებებთან მიმართებაში  დაშვებულმა ხარვეზებმა და არასათანადოდ შეფასებულმა  გათვლებმა განაპირობა დიდი ოდენობით დებიტორული დავალიანების არსებობა, რამაც უნივერსიტეტი დააყენა  მაღალი რისკების  მატარებელ  პროცესებსა და ფაქტებთან“, – ამბობს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ყოფილი კანცლერის მიმართ გაგზავნილ სამსახურებრივ ბარათში, რომელიც 2020 წლის 3 თებერვლით თარიღდება.

2021 წელს გამოქვეყნებულ აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ „2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ვალი 13 862 177 ლარამდეა გაზრდილი. ანუ დავალიანების მოცულობა გაზრდილია 7 412 437 ლარით“.

„ბათუმელები“ შეეცადა აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიეღო. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მხოლოდ წერილობით გაგზავნილ კითხვებს უპასუხებდნენ.

„ბათუმელებმა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა უნივერსიტეტის ყოფილ კანცლერს ალექსანდრე მითაიშვილს, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ იმპიჩმენტი გამოუცხადეს უნივერსიტეტში და გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მითაიშვილს ვკითხეთ, თუ რა გახდა ვალების დაგროვების მიზეზი და რატომ არ რეაგირებდა ამაზე ბსუ-ს ადმინისტრაცია. ის ამბობს, რომ ვალები წლების განმავლობაში არასწორად განხორციელებულ მენეჯმენტს უკავშირდება, რომელიც მის კანცლერად დანიშვნამდე წარმოიშვა.

„მე ამის თაობაზე მასალები გადავაგზავნე პროკურატურაშიც და სასამართლოშიც მაქვს საქმე შეტანილი კომპანიის წინააღმდეგ ჩემი კანცლერობის დროს“, – ამბობს მითაიშვილი.

ყოფილი კანცლერის თქმით, უნივერსიტეტმა კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა უცხოელ სტუდენტებთან მიმართებაში, როცა პირველი ნაკადის სტუდენტებს დაჰპირდა, რომ ისინი 5 წლის ნაცვლად 6 წელიწადში შეძლებდნენ საბაკალავრო პროგრამის დაფარვას, თუ წლის განმავლობაში ზედმეტ კრედიტებს გაივლიდნენ.

„სწორედ ამ დაპირებაზე აპელირებდნენ სტუდენტები და ამბობდნენ, რომ როცა მერაბ ხალვაში იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, უფლებას გაძლევთ გაიაროთ წელიწადში 60-ის ნაცვლად 75 კრედიტი, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ 5 წელში დაამთავროთ საბაკალავრო პროგრამაო. მაგრამ ამათ სასწავლო კურსი – 360 კრედიტი ხომ მაინც გაიარეს?  თითო კრედიტი ხომ ფული ღირს, ამიტომ ისინი 5 წელში დაამთავრებდნენ თუ ექვსში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გავლილი კრედიტების ფული უნდა გადაეხადათ. სწორედ ამან წარმოშვა უთანხმოება“, – ამბობს მითაიშვილი. ის ირწმუნება, რომ ეს პოზიცია უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზეც დააფიქსირა და განაცხადა, რომ „ბსუ ცუდ პრეცედენტს ქმნიდა“.

„პირველი ნაკადის უცხოელ სტუდენტებს რომ აჩუქეს ერთი წლის გადასახადი, 452 სხვა ინდოელი სტუდენტი რომ სწავლობს კიდევ, ისინიც ხომ მოითხოვენ იმავეს?“ – ამბობს მითაიშვილი.

ბრძანების გარეშე ჩატარებული ლექციები

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2020 წლის მაისი-ივნისის თვეში დაგვიანებით გადმოგზავნილი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბრძანების გარეშეა ჩატარებული 1806 ლექცია. აქედან ნაწილი აუდიტორიაშია ჩატარებული, ნაწილი აუდიტორიის გარეთ.

„ეს არის უხეში დარღვევა, როცა რექტორის ბრძანების გარეშე ტარდება ლექციები. როგორც ვიცი, მთელი ექვსი თვე ისე ტარდებოდა ლექციები ამა თუ იმ ფაკულტეტზე, რომ არ არსებობდა ბრძანება და ლექციების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. დაახლოებით 2 000 საათამდე იყო ჩატარებული, ისე გავიდა მთელი საგაზაფხულო სემესტრი (რაც არ უნდა პანდემია იყოს). ეს არ არის გამამართლებელი საბუთი, რადგან ელექტრონული წარმოება არ შეწყვეტილა, ამის მიუხედავად, ბრძანებაც კი არ ყოფილა. მე თანამდებობრივად მევალებოდა და შესაბამისი რეაგირება გავაკეთე. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწერა ბრძანება უკვე ჩატარებული ლექციების ჩატარებაზე, უკანა რიცხვით“, – ამბობს მითაიშვილი.

სხვა დარღვევები აუდიტის დასკვნაში

დასკვნაში წერია, რომ 2020 წლის პერიოდში საწვავი დაშვებული ლიმიტის ზემოთ არ დახარჯულა, თუმცა არცერთ ავტომობილზე საწვავის ხარჯვა სპიდომეტრით არ იზომება. „საწვავის ჩამოწერის ძირითადი მარწმუნებელი და დამაჯერებელი ფაქტორი კი სპიდომეტრის ზუსტი ჩვენებაა, სადაც დადასტურებული იქნება ფაქტობრივად განვლილი მანძილი და შესაბამისად განისაზღვრება საწვავის ფაქტობრივი ხარჯი. აღნიშნული პროცედურები ანუ სპიდომეტრების აღრიცხვა უნივერსიტეტში საერთოდ არ ხორციელდება“, – წერს აუდიტი.

გარდა ამისა, აუდიტი საუბრობს დიდი ოდენობით ჩამოსაწერ ავტომობილებზე, რომელიც წლებია უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხება.

39 ერთეული სასოფლო დანიშნულების ტექნიკიდან  79,5 % ამორტიზებულია. შეკეთებას არ ექვემდებარება. ასევე, ბალანსზე არსებული 23 სხვადასხვა მოდელის სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ შვიდი ავტომობილია გამართული.

რადგან ბსუ-ს ადმინისტრაციამ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა, ჩვენ ამჯერადაც ყოფილ კანცლერს ვკითხეთ, რატომ არ ჩამოწერეს უსარგებლო ავტომობილები, რაზეც ალექსანდრე მითაიშვილი გვპასუხობს, რომ ამის უფლება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ მისცა.

„კატეგორიული უარი მითხრა, ამიტომ სხვა ალტერნატივა არ მრჩებოდა თუ არ გავარემონტებდი. პროცესი გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, გავაკეთე კომისია, რომლის წევრი მე არ ვყოფილვარ. ეს კომისია მსჯელობდა ყველა მანქანის რემონტზე, წარმოდგენილი იყო სადეფექტო აქტები.

18 მანქანა ფიტოპათოლოგიის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ეზოშია და უზარმაზარ პრობლემას ქმნის, გველების ბუდეა, მოსახლეობა უკმაყოფილოა ამის გამო და უბნის გამგებელმაც არაერთხელ მთხოვა, რომ გაგვეტანა. პრობლემაა მაგათი შენახვა. ამ მანქანებზე საწვავიც იწერებოდა წლების განმავლობაში“, – ამბობს მითაიშვილი.

მისი თქმით, გეგმაში ჰქონდა, რომ ძველი ავტოპარკი ჩამოეწერა, ჯართად გაეყიდა და ახალი ავტოპარკი შეეძინა, თუმცა უარი მიიღო.

კანცლერის იმპიჩმენტი

ალექსანდრე მითაიშვილს ბსუ-ში უნდობლობა გამოუცხადეს იმ მოტივით, რომ მან არ წარმოადგინა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ანგარიში. მითაიშვილი ამბობს, რომ მას ანგარიში მზად ჰქონდა. „წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა არ მოიწვია საბჭო და არც მოუთხოვია ანგარიში. მე კი საბჭოს მოწვევის უფლება არ მქონდა“, – ირწმუნება ყოფილი კანცლერი.

ყოფილ კანცლერთან დაკავშირებით ბიუჯეტის ანგარიშის გარდა სხვა ბრალდებებიც გაჟღერდა. საუბარი იყო პანდემიის პერიოდში საწვავის გადახარჯვაზე, თუმცა ამის შესახებ აუდიტი არაფერს წერს. დასკვნაში წერია, რომ ბსუ-ს ბალანსზე რიცხულ არცერთ ავტომობილს, მათ შორის ტოიოტა-კოროლას (FDP-377) და ტოიოტა-პარდოს (სახლ. ნომრით: KL-797 KL), რომლითაც ყოფილი კანცლერი სარგებლობდა, საწვავის გადახარჯვა არ უფიქსირდება. საწვავის ხარჯების თაობაზე ყოფილი კანცლერი ასეთ განმარტებას აკეთებს: „პანდემიის პერიოდში ადმინისტრაცია მუშაობდა. მე პირადად, სამსახურში ყოველდღე დავდიოდი. გარდა ამისა, ორ ავტომობილს ჰქონდა საშვი ლოქდაუნის დროს და აქედან ერთი ჩემი ავტომანქანა იყო. რადგან ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ჩვენ მიგვყავდა და მოგვყავდა დაცვის თანამშრომლები, დამლაგებლები“.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც მისი მისამართით გაჟღერდა შეეხებოდა პირად სარგებელს – ყოფილმა კანცლერმა უნივერსიტეტს ბანკი შეუცვალა და ანგარიშები იმ ბანკში გადაიტანა, საიდანაც მას კრედიტი ჰქონდა აღებული.

მითაიშვილი ამ ბრალდებაზე ასე პასუხობს. „ეს არ არის ჩემი ვალი, ჩემ ერთ ახლობელს დავუდექი თავდებში და რადგან ის გარდაიცვალა, ბანკი ჩემგან ითხოვს ვალის დაფარვას.

თუმცა ეს არ არის კავშირში უნივერსიტეტის ანგარიშების გადმოტანასთან ამ ბანკში. ჩვენ კანონი გვავალებს, რომ საბანკო მომსახურებაზე კონკურსი გამოვაცხადოთ, რომლის მთავარი განმსაზღვრელია პროცენტული განაკვეთი, რომელსაც ბანკი გაჩერებულ სახსრებზე გვირიცხავს. „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა კონკურსში, რადგან მან წლიური მოგება 14,6 პროცენტი გადაგვიხადა, მაშინ როცა წინა ბანკი, 8,8 პროცენტს გვთავაზობდა. 2020 წელში პანდემიის პირობებში 700 ათას ლარამდე მოგება მიიღო ამ ოპერაციით უნივერსიტეტმა“, – ამბობს მითაიშვილი.

აუდიტის დასკვნაში საუბარია ასევე ოთხი ფაკულტეტის 4 სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც აკრედიტაცია უნდა გაევლო ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რისთვისაც გადასახდელი იყო 2 700 ლარი – აკრედიტაციის თანხა. ამ პროგრამებზე უნივერსიტეტმა ისე გაზარდა სწავლის საფასური, რომ არ დაელოდა ბრძანებას.

„ფაქტობრივად, უკანონო ტარიფით ახდევინებდა სტუდენტებს გაზრდილ გადასახადს, რის გამოც, სტუდენტების ვალი დაედო და ახლა უკან აბრუნებს ამ თანხებს. სადღაც 300 ათას ლარზეა საუბარი. ამის გამო არავის არ უნდა ეგო პასუხი უნივერსიტეტში? დაისაჯა ვინმე“, – ამბობს მითაიშვილი.

აღნიშნული ფაქტის შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ  5 მარტის სტატიაში წერდა.

100-ლარიან დახმარებას მიიღებენ ბავშვები, თუ ოჯახის ქულა 120 001-ზე ნაკლებია

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვებიც.

„ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 100 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე, პირველი ივლისიდან გაიზარდა.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება და პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„დეკრეტულის გამო განვადებაზე უარი მითხრეს“ – ბანკების განმარტება

თუკი შვილი შეგეძინათ და დეკრეტულში გახვედით, შესაძლოა ძალიან საჭირო რომელიმე ნივთის შესაძენად სესხის აღება მოგიწიოთ – ამ დროს ბანკი განვადებას არ მოგცემთ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სამსახური გაქვთ და დეკრეტულის ანაზღაურებაც სრულად დარიცხულია თქვენს ანგარიშზე.

„ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და უფლების ჩამორთმევა,“ – ამბობს თეონა ხარაბაძე, რომელიც ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და განვადებაზე ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში უარი უთხრეს. ის თიბისი ბანკის მომხმარებელია და განვადების გაკეთებაც ამ ბანკში უცდია. თეონა ხარაბაძეს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ერთიანად ჩაურიცხეს 23 თებერვალს. ბანკში კი უთხრეს, რომ რადგან ბოლო სამ თვეში ხელფასის ჩარიცხვა არ ფიქსირდება, განვადებას ვერ გაუკეთებენ.

„რატომ ჩათვალეთ, რომ ეს არის ქალთა დისკრიმინაციო, ასე მიპასუხეს, მაგრამ ვერ მითხრეს, რატომ ჩამთვალოს უსამსახუროდ, როცა დეკრეტულში ვარ. შესაძლოა ბანკმა გითხრას უარი განვადებასა თუ სესხზე ისე, რომ არც დაასაბუთოს, მაგრამ როცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ დეკრეტულის გამო არ გიკეთებენ, ეს მიდგომა არის პრობლემური,“ – მიიჩნევს თეონა ხარაბაძე.

რატომ არ აძლევენ განვადებით სარგებლობის უფლებას დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ადამიანს? – კითხვით რამდენიმე ბანკს მივმართეთ, მათ შორის, „თიბისი ბანკს“, სადაც თეონა ხარაბაძემ განვადების გაკეთება სცადა. ბანკების პასუხი იდენტური აღმოჩნდა: „ეს სტანდარტული მიდგომაა, ბოლო სამ თვეში უნდა ჰქონდეს მოქალაქეს დარიცხვა მინიმუმ, რომ განაცხადი განიხილონ“.

„თიბისი ბანკის“ ოპერატორს ასევე ვკითხეთ, რატომ არის შეუძლებელი ბანკისთვის იმის გადამოწმება, არის თუ არა ნამდვილად დასაქმებული დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ადამიანი, ან რატომ მიჩნევა, რომ არ ჩაერიცხა მოქალაქეს ანგარიშზე თანხა, როცა მას ერთიანად ჩაერიცხა 6 თვის დეკრეტულის ანაზღაურება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი საჯარო სამსახურების შემთხვევაში?

„ნებისმიერ სასესხო პროდუქტზე არის ეს მიდგომა,“ – გვიპასუხა თიბისი ბანკის ოპერატორმა.

ანალოგიური და სტანდარტული პასუხი მივიღეთ „საქართველოს ბანკისგანაც“: „სტანდარტულად საჭიროა ბოლო სამი თვის ჩარიცხვა ფიქსირდებოდეს“.

„ეს არის შრომითი უფლების რეალიზების პრობლემა,“ – მიიჩნევს დამოუკიდებელი იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. მისი შეფასებით, ბანკების ეს მიდგომა ცალსახად კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ პრობლემურია.

„ნებისმიერი სამართლებრივი მიდგომა განიცდის ტრანსფორმაციას და მოითხოვს ადაპტაციას ახალ რეალობასთან. რეალობა კი არის ის, რომ როცა ადამიანები სარგებლობენ დეკრეტული შვებულებით, მათ უწყდებათ წვდომა საბანკო პროდუქტებთან. ამ მიდგომამ შესაძლოა მოგვცეს მომავალში ისეთი სურათი, რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ კუთვნილი დეკრეტული შვებულების გამოყენებისგან, ან დასჭირდეთ სესხი და თავი აარიდონ უფლების რეალიზებას. ვფიქრობ, ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტი, უნდა დაფიქრდეს ამ კონკრეტულ ვითარებაზე, მოახდინოს მოდიფიკაცია მისი მიდგომის და  განსაკუთრებით დეკრეტული შვებულება არ გამოიყენოს, როგორც შემზღუდავი გარემოება,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს

„მაინც გავშალე კარავი“ – ამბობს დავით ბურჭულაძე, რომელსაც გუშინ, 30 ივნისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, პოლიციელებმა კარავი დაუშალეს. დავითმა ამჯერად კარავი იმ ეზოს შესასვლელთან გაშალა, სადაც თვითონ ცხოვრობს.

დავით ბურჭულაძე საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას ითხოვს, ასევე პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის 100 %-იანი პაკეტით უზრუნველყოფას. მან კარავი მემედ აბაშიძის გამზირზე, ტროტუარზე, 30 ივნისს გაშალა.

„კარვის გაშლიდან რამდენიმე საათში მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ ამის უფლება არ მაქვს. თქვეს, მერიის ნებართვა იყო საჭიროო. მერე მოკიდეს ხელი კარავს და თავისი ხელით დაშალეს… მერე იურისტებს ველაპარაკე და მითხრეს, გაქვს კარვის გაშლის უფლება, თუ ეს გზას არ კეტავსო. დღეს დილით ისევ გავშალე კარავი. ვიცი, პოლიციელები არ დამანებებენ თავს, ამიტომ კარავი ეზოს შესასვლელში გავშალე, ეს საერთო ეზოა და მეც აქ ვცხოვრობ, არავის ხელს არ ვუშლი,“ – გვითხრა დავით ბურჭულაძემ.

რის საფუძველზე დაუშალეს მოქალაქეს კარავი პოლიციელებმა და რატომ შეუზღუდეს მას პროტესტის გამოხატვის უფლება? – ეს დღეს დილით ვიკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„ეს საპოლიციო ღონისძიება არის უკანონო“, – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე პოლიციელების მხრიდან დავით ბურჭულაძის კარვის დაშლას.

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ მერიასთან შეთანხმება საერთოდ არ სჭირდება კარვის გაშლას. მერიის წინასწარ გაფრთხილება იმ შემთხვევაშია საჭირო, როცა კარავი გზის სავალ ნაწილს კეტავს და იწვევს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. დავით ბურჭულაძის კარავი კი, ტროტუარის ერთ კუთხეში იყო გაშლილი და ის მოძრაობას არ აფერხებდა.

რამდენად წაახალისა პოლიციელების უკანონო მოქმედება მოსამართლე ირმა ტოგონიძის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ზუსტად 5 დღის წინ – 25 ივნისს, 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა აქციის მონაწილეები „კარვის გაშლის საქმეზე“. 20 ივნისს აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს, წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით კი, 7 პირი დააკავეს.

„როცა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა ხდება, სასამართლოს ასეთი ზედაპირული მიდგომა არ უნდა ჰქონდეს,“ – ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსამართლეს არ უმსჯელია, რამდენად კანონიერი იყო აქციაზე თავად პოლიციელების მოთხოვნა, როცა კარვის გაშლის საშუალება მოქალაქეებს არ მისცეს და ამავე დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს ადამიანები.

„შესაძლოა ამ დროს პოლიციელს მიაყენონ შეურაცხყოფა, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ, მაგრამ სასამართლო უნდა შევიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში – რამდენად იყო კანონთან შესაბამისი და თანაზომიერი პოლიციელის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმნის სერიოზულ რისკს – გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება და ამის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

დავით ბურჭულაძეს შეუძლია პოლიციელების მოქმედება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს ჯერ შსს-ში, შემდეგ კი – სასამართლოში.

„თუ აქაც დამიშალეს კარავი, მაშინ გავასაჩივრებ, ისე არ ღირს,“ – დასძინა დავით ბურჭულაძემ.

რა იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მწვავე ბრონქიტი ოჯახის ექიმის მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია, ქრონიკული ბრონქიტი შედარებით უფრო იშვიათია. რა განსხვავებაა ბრონქიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს შორის, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ბრონქიტს და როგორია პრევენცია – „ბათუმელების“ კითხვებს ფთიზიატრ-პულმონოლოგი, ბრონქოლოგი მაკა გელაშვილი პასუხობს.

  • ქალბატონო მაკა, რა არის ბრონქიტი?

ბრონქიტი არის ქვედა სასუნთქი გზების (ბრონქული მილების) ინფექცია, როდესაც ანთებითი პროცესები ვითარდება ბრონქულ გზებში. არსებობს ორი სახის ბრონქიტი – მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ბრონქიტის განმარტება ემყარება კლინიკურ გამოვლინებებს: მწვავე დაავადების ხანგრძლივობა 21 დღე. ხველა ძირითადი სიმპტომია ბრონქიტის და ასევე მსტვინავი ხიხინები, ნახველის პროდუქცია და ტკივილი გულ-მკერდის არეში. მწვავედ იწოდება ბრონქიტი, როდესაც მისი ხანგრძლივობა არ აღემატება სამ კვირას.

მწვავე ბრონქიტი უფრო ხშირად ვითარდება გაცივებითი დაავადებებით – ეს შეიძლება გამოიწვიოს ვირუსებმა, ბაქტერიებმა, ატიპიურმა გამომწვევებმა, სოკოებმა.

როდესაც პაციენტს 2 წლის განმავლობაში აღენიშნება ხველა, რომლის ხანგრძლივობა 3 თვეა, ამას უწოდებენ ქრონიკულ ბრონქიტს, რაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ბრონქიტმა ან ხანგრძლივი მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებამ (მოწევა, პროფესიული საქმიანობა, დაბინძურებული ჰაერი, კლიმატური პირობები, მაგალითად, ნესტი და ა.შ.)

ქრონიკული ბრონქიტი არის პირველადი და მეორადი (სასუნთქ სისტემებში არსებული სხვადასხვა პათოლოგიის შედეგად განვითარებული), ობსტრუქციული და არაობსტრუქციული (ობსტრუქცია ნიშნავს ბრონქების შევიწროებას). ნახველის ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს ქრონიკული ბრონქიტის ტიპები – კატარალური, ჩირქოვანი ჰემორაგიული.

MayioClinic: ქრონიკული ბრონქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიგარეტის მოწევაა. ჰაერის დაბინძურებამ, გარემოსა თუ სამუშაო ადგილზე გაბნეულმა მტვერმა, ტოქსიკურმა გაზებმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყონ ბრონქიტის განვითარებას.

  • როგორი სიმპტომები ახასიათებს ბრონქიტს, როგორ ამოვიცნოთ ბრონქიტი?

ძირითადი სიმპტომებია ხველა – ნახველით ან მის გარეშე, ტემპერატურა უპირატესად 37.5C ან 38-39C. მსტვინავი სუნთქვა, უპირატესად ფორსირებული ამოსუნთქვისას, სისუსტე და დაღლილობა.

ხველა დასაწყისში შეიძლება იყოს მშრალი, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს, შემდეგ გადადის პროდუქტიულში, ნახველი თავიდან ლორწოვანია, გამჭვირვალე და მოგვიანებით შესაძლოა მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ანუ ჩირქოვანი გახდეს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხველა სიმპტომია ბრონქების, რომელიც ყველაზე გვიან ქრება, მაშინ როდესაც სხვა სიმპტომები უკვე ალაგებულია.

ადრეული ასაკის ბავშვები ნახველს ყლაპავენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ღებინება.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

ამ ჩივილების გაჩენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ბრონქიტის დიაგნოზი სწორად რომ დაისვას. მწვავე ბრონქიტის დიაგნოსტირებისას აუცილებელია გამოირიცხოს რესპირატორული ტრაქტის სხვა პათოლოგიები, განსაკუთრებით ასთმა, რადგან ამ ორივე პათოლოგიისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმი, მაგრამ ასთმის შემთხვევაში ეს განმეორებადი და პროგრესირებადია. აგრეთვე უნდა გამოირიცხოს პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება და პოსტნაზალური ჩანადენის ანუ ქრონიკული ხველის სინდრომი. ასე, რომ მეტად მნიშვნელოვანია თითქოს უწყინარი და მარტივი პათოლოგიის შემთხვევაში მივმართოთ ექიმ სპეციალისტს. ასე თავიდან ავიცილებთ უფრო რთულ და შეუქცევად გართულებებს.

  • რა არის ბრონქიტის უხშირესი მიზეზები და ვინ არიან რისკჯგუფში?

ყველაზე ხშირი მიზეზია მწეველობა – იწვევს ბრონქული ხის კედლის ანთებას და არღვევს უჯრედულ მემბრანებს.

მტვრით დაზიანება (უხშირესად მეშახტეებში), შესუნთქული მტვერი დროთა განმავლობაში გროვდება და ილექება ბრონქების კედლებზე, რაც ბრონქული ხის კედლის ნორმალურ ანატომიურ აგებულებას აზიანებს. აგრეთვე ალერგენების ზემოქმედება, მაგალითად, მტვერი და სხვადასხვა ნაწილაკი. სწორედ ალერგენები წარმოადგენენ ანთებითი პროცესის გამშვებ მექანიზმს.

თანამედროვე მონაცემებით, გამომწვევ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვნად მიჩნეულია პაციენტის კონტაქტი სასუნთქი გზების ინფექციით დაავადებულ პირებთან, რადგან მაღალია დასნებოვნების ალბათობა ვირუსული თუ ბაქტერიული აგენტებით (მაგალითად, გრიპი, პნევმონია, ფილტვების ანთება, მიკრობები, იგივე ვირუსები იწვევენ ბრონქიტსაც).

  • ამძაფრებს ბრონქიტს ნესტიანი გარემო?

ნესტი აქტუალური პრობლემაა, რომლის მაჩვენებელი ცვალებადია კლიმატური ზონების მიხედვით. პირებს, რომლებსაც დიდი დროის გატარება უწევთ ნესტიან გარემოში, უვითარდებათ რესპირატორული სიმპტომები, სასუნთქი გზების ინფექციები, ასთმა.

ნესტიან კლიმატურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელია ჯანმოს რეკომენდაციით  შენობებისა და ინტერიერის ნესტის წარმოქმნის პრევენცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებში შემავალი მოსახლეობისთვის (ასთმით, ალერგიითა და  სხვა რესპირატორული პათოლოგიებით დაავადებული პირები) სასუნთქი გზის პათოლოგიის  ხშირი გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

ამიტომ რეკომენდებულია, განსაკუთრებით ნესტიან კლიმატურ ზონებში მცხოვრებთათვის,  გაზაფხულზე, მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ფთიზიატრიულ კურორტებზე გამგზავრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ფილტვების ტუბერკულოზი, პლევრიტები, ბრონქული ასთმა თუ ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს.

აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რაც მოიცავს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიგარეტის აკრძალვას. სიგარეტის კვამლის შესუნთქვისავიდან აცილებას, იმუნურ გაძლიერებას. აუცილებელია გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები, რადგან  ქრონიკული ბრონქიტი ხშირად არა, მაგრამ იშვიათად შეიძლება გართულდეს ისეთი პათოლოგიებით, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. სწორედ ბრონქიტით მოავადე პირებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკურორტო თერაპია, რაც პულმონური თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი პუნქტია.

საპრევენციო რეკომენდაციები Mayoclinic-ისგან:

  • მოერიდეთ ფილტვების გამაღიზიანებლებს. არ მოწიოთ. ატარეთ პირბადე, როდესაც ჰაერი დაბინძურებულია, ან თუ გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ხართ, მაგალითად, საღებავების ან საყოფაცხოვრებო ქიმიის.
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა. თბილი, ტენიანი ჰაერი ხელს უწყობს ხველას და ხსნის ლორწოს თქვენს სასუნთქ გზებში. ოღონდ აუცილებლად გაწმინდეთ მოწყობილობა მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოთ წყლის ჭურჭელში ბაქტერიებისა და სოკოების ზრდა.
  • ატარეთ პირბადე გარეთ. თუ ცივი ჰაერი ამძიმებს თქვენს ხველას და იწვევს სუნთქვის გაძნელებას, გარეთ გასვლამდე გაიკეთეთ ცივი ჰაერის პირბადე.

რა აბინძურებს შავ ზღვას – ინტერვიუ საზღვაო ნარჩენების ექსპერტთან

ავტორი: ანა თურაძე 

ზღვისპირას თუ გაივლით, სანაპიროზე პლასტმასის ბოთლს ან ცელოფნის ძველ პარკს აუცილებლად შენიშნავთ. ზღვაში მოხვედრის შემდეგ პლასტმასსა და პოლიეთილენს ასწლეულები სჭირდება დასაშლელად, თუმცა ამ ტიპის საზღვაო ნარჩენები დაშლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ. რა საფრთხეებს შეიცავს ზღვის პლასტმასით დაბინძურება და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე? – ამ თემაზე ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ საზღვაო ნარჩენების ექსპერტს, მაია ოჩიგავას ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო მაია, რა მონაცემები არსებობს, რამდენად დაბინძურებულია შავი ზღვა პლასტმასის ნარჩენებით?

პირველ რიგში განვმარტოთ, რა არის საზღვაო ნარჩენი. ეს არის მდგრადი, წარმოებული ან დამუშავებული მყარი მასალა, რომელიც გვხვდება ზღვაში ან სანაპიროზე.  საზღვაო ნარჩენები ზღვაში ხვდება არაპირდაპირი გზითაც, მაგალითად, მდინარეებით, კანალიზაციით, წვიმის წყლით ან ქარის მეშვეობით.

მაია ოჩიგავა, საზღვაო ნარჩენების ექსპერტი

საზღვაო ნარჩენების მონიტორინგი საქართველოში არ ხდება, იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ჩატარდა მონიტორინგი. ეს მოხდა პირველად გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „ემბლას“ფარგლებში და ასევე – შავი ზღვის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე პროექტის ფარგლებში.

ერთ-ერთი პროექტი არის „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ მიერ განხორციელებული. 2021 წლის ივნისში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და ფოთში შავი ზღვის საზღვაო ნარჩენებით დაბინძურების მონიტორინგი სანაპიროზე.

მონიტორინგის დროს დასუფთავდა სანაპირო ზოლიც. 12 დღის მანძილზე დასუფთავდა და აღიწერა 1000 მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი 8 წერტილში და შეგროვდა 600 კილოგრამი საზღვაო ნარჩენი. მონიტორინგის ჩატარების ადგილის, ნარჩენების სახეობისა და რაოდენობის შესახებ მონაცემები განთავსდა ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს სპეციალურ რუკაზე.

ჩვენ მიერ შეგროვებული და აღწერილი საზღვაო ნარჩენების 87%-ს შეადგენდა პლასტიკატის ბოთლები, თავსახურები და სხვა მცირე ზომის პლასტიკატის ნივთები.

  • ვინ მონაწილეობდა უშუალოდ მონიტორინგის პროცესში?

იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონის სკოლებში აგვემაღლებინა ცნობიერება საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით ჩავატარეთ ეს მონიტორინგი.

ბათუმის, ქობულეთის, ურეკისა და ფოთის ოთხი სკოლის 200-მა მოსწავლემ და 20-მა პედაგოგმა  გაიარა თეორიული სწავლება შავი ზღვის გარემოსდაცვითი პრობლემებისა და საზღვაო ნარჩენების შესახებ.

მონიტორინგის მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები აღვჭურვეთ შესაბამისი ხელთათმანებით, პირბადეებით, პარკებით, ყუთებითა და საჭირო ინვენტარით. ასევე, ჩავუტარეთ ინსტრუქცია უსაფრთხოების შესახებ, თუ როგორ უნდა ემუშავათ მონიტორინგის დროს. მჭრელ საგნებსა და ნემსებს მოსწავლეები არ აგროვებდნენ. მათი შეგროვება და სპეციალურ ყუთებში განთავსება იყო ჩვენი და მასწავლებლების ვალდებულება.

თავიდან ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებდა უშუალოდ მონიტორინგს, მაგრამ გაგვიჩნდა ამის შესაძლებლობა, რადგან პანდემიის გამო ონლაინჩატარდა პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის რეგიონული შეხვედრა და გამოგვითავისუფლდა ბიუჯეტი, რამაც მოგვცა მონიტორინგის საშუალება.

სანაპიროს დასუფთავების აქცია. ფოტო: შავი ზღვის ეკო აკადემია
სანაპიროს დასუფთავების აქცია. ფოტო: შავი ზღვის ეკო აკადემია
  • რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ზღვის პლასტმასით დაბინძურება? რა შეიძლება იყოს ამის შედეგი? მაგალითად, რა მოხდება, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება 10, 20 წლის განმავლობაში?

შავი ზღვის საზღვაო ნარჩენებით დაბინძურება დაახლოებით 10-12 წლის წინ გახდა აქტუალური შავი ზღვის ქვეყნებისთვის, მაგრამ შავი ზღვის ქვეყნებში, ბულგარეთისა და რუმინეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ აქვს საზღვაო ნარჩენების მართვის გამოცდილება.

პლასტიკატი ასეულობით წლის განმავლობაში არ იშლება ბუნებრივ გარემოში, რითაც საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პლასტიკატი არ მოხვდეს ეკოსისტემაში, მით უფრო საზღვაო გარემოში, რადგან მისი ამოღება საკმაოდ რთულია წყლიდან. ნარჩენი უნდა განთავსდეს შესაბამის ურნაში, ლეგალურ ნაგავსაყრელზე, სადაც არის დაცული ყველა წესი.

ბიომრავალფეროვნების გარდა, ეს პრობლემურია ესთეტიკური თვალსაზრისითაც, რადგან დაბინძურებული წყალი და გარემო არ არის ტურისტისთვის მომხიბვლელი.

ამ ეტაპზე შავი ზღვის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია არალეგალური ნაგავსაყრელები, რომლებიც სტიქიურადაა მოწყობილი ხევებში, მდინარეებთან ახლოს და ზღვის სანაპიროზე.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობა ზღვის პლასტმასით დაბინძურების კუთხით? როგორ შეიძლება ებრძოლოს ერთი, ცალკე აღებული ადამიანი ზღვის პლასტმასით დაბინძურებას?

იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზღვაო ნარჩენების შემცირებასა და აღმოფხვრაში, არ უნდა დავყაროთ ნაგავი და არ უნდა დავტოვოთ სანაპიროზე ნარჩენი და უნდა განვათავსოთ აუცილებლად სანაგვე ურნაში.

სოფლებში არ არის შესაბამისი რაოდენობის ურნები და მოწყობილია სტიქიური ნაგავსაყრელები, მოსახლეობამ უნდა შეწყვიტოს ხევებში და  არალეგალურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე  ნაგვის დაყრა.

მაგრამ როგორ მოიქცეს მოსახლეობა, სადაც საერთოდ არაა ან არ არის საჭირო რაოდენობის ურნა?

პლასტიკატის ნარჩენთან ბრძოლა სხვადასხვა გზით შეიძლება. პლასტიკატის ბოთლით პროდუქტის ყიდვა შეძლებისდაგვარად შეიძლება შევამციროთ ან შევიძინოთ, მაგრამ შესაძლებელი უნდა იყოს მათი დაგროვება და ჩაბარება.

ამასთან, შეგვიძლია პლასტმასის ბოთლი ჩავანაცვლოთ მინის ბოთლით.

დღეს გამოჩნდნენ ქართული კომპანიები, რომლებიც იბარებენ ნარჩენებს, მათ შორის, პლასტიკატს მათი შემდგომში გადამუშავების მიზნით. მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისა და თავსახურების ჩაბარების წასახალისებლად ეს კომპანიები ნარჩენის ჩამბარებელს განსაზღვრული რაოდენობის პლასტიკატის ჩაბარების შემთხვევაში ამ ნარჩენების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს საჩუქრად ატანენ.

ბოლო წლების მანძილზე შემცირდა პოლიეთილენის პარკების გამოყენებაც, რადგან ისინი უკვე ფასიანი გახდა და პოლიეთილენი ჩანაცვლდა ქაღალდის პარკებით ან ნაჭრის ჩანთებით.

ჩვენი ორგანიზაცია 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს შავი ზღვის რეგიონში ნარჩენების მართვის საკითხებზე ცნობიერებისა ამაღლების მიმართულებით. ამ ინიციატივის ფარგლებში ბათუმში, ფოთში, ურეკსა და ქობულეთში პირველად საქართველოში განთავსდა შავი ზღვის ეკოინსტალაცია საზღვაო ნარჩენების შემცირების მიზნით, მაგრამ, სამწუხაროდ, ბათუმსა და ქობულეთში საზღვაო პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ინსტალაციები ნაწილობრივ დაზიანდა ვანდალურად. დამნაშავენი არ არიან გამოვლენილნი და დაჯარიმებულნი, რადგან იმ ტერიტორიაზე არ არის ვიდეოთვალთვალის კამერები.

ინსტალაცია – ავტორი ირინა ტორონჯაძე

ინსტალაციების განახლება დაგეგმილია უახლოეს მომავალში, რათა ტურისტული სეზონის განმავლობაში დამსვენებლებს ჰქონდეთ მათი ნახვის საშუალება.

  • ოლო პერიოდში შავმა ზღვამ არაერთი დელფინი გამორიყა ნაპირზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის მთავარი მიზეზი შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს?

სამწუხაროდ, ამას ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან რომ დადგინდეს იყო თუ არა დელფინის ორგანიზმში პლასტიკატის მიკრონარჩენები, საჭიროა კვლევა.

  • „შავი ზღვის ეკოაკადემიის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერნეტპლატფორმა, ვის შეუძლია ამ პლატფორმის გამოყენება და როგორ?

ევროპის გარემოსდაცვის სააგენტოს ვებგვერდზე ავტვირთეთ საზღვაო ნარჩენების მონაცემები მათ მიერ შექმნილი სპეციალური მობილურის აპლიკაცია Marine LitterWatch-ის საშუალებით.

ეს საზღვაო ნარჩენების დაკვირვების აპლიკაციაა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს და ასევე ორგანიზაციას შეუძლია დარეგისტრირდეს და თავადვე აწარმოოს საზღვაო ნარჩენების მოხალისეობრივი მონიტორინგი.

პროექტის ვებგვერდი ონლაინინსტრუმენტია საზღვაო ნარჩენების მართვის საკითხებზე შავი ზღვის ოთხი ქვეყნის: საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ასევე – საბერძნეთის მასშტაბით. აქ ნახავთ ინფორმაციას როგორც საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის შესახებ, ასევე გარემოს მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციას საკანონმდებლო ბაზაზე, საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით ვიდეოებს და ქართულად ნათარგმნ პრეზენტაციებს და ფილმებს, ქართულ ენაზე მომზადებულ ქვიზებსა და სხვა მასალას.

სულაბერიძის ქუჩაზე ფილების ნაცვლად ასფალტს დააგებენ, რაშიც 5 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში სულაბერიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი ქუჩის სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლისა და ტროტუარების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. აქ არსებული რკინა-ბეტონის ფილების ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. სამუშაოებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.
ბათუმი, სულაბერიძის ქუჩა / 1.07.2021

ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მეორე ტენდერში კი წინადადებების მიღება ჯერ არ დაწყებულა.

სამუშაოები 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

კითხვაზე, როდის დაიწყება პირველი ეტაპის სამუშაოები და ხომ არ იგეგმება ქუჩის მთლიანად გადაკეტვა? – მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ სამუშაოების დაწყების თარიღს წინასწარ დააანონსებენ. რაც შეეხება გადაკეტვას, „სრული ქუჩა არ გადაიკეტება, მოხდება ეტაპობრივი და ნაწილობრივი ჩაკეტვა, რაც წინასწარ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის,“- გვითხრეს სამმართველოში.

რეაბილიტაცია სულაბერიძის ქუჩის 630 მეტრი სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება. აქედან დაახლოებით 400 მეტრი [გიორგი სააკაძის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე] მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის [მეორე ეტაპი], ქალაქის ბიუჯეტიდან 3 733 389 ლარია გამოყოფილი.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 17 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.

რაც შეეხება ქუჩის დანარჩენ ნაწილს [ბაგრატიონის ქუჩიდან სააკაძის ქუჩამდე მონაკვეთს] სამმართველოს ტენდერი [პირველი ეტაპი] 1 812 144 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-სთან კი ხელშეკრულება 1 340 877 ლარზეა გაფორმებული.

სულაბერიძის ქუჩის მონაკვეთები, სადაც პირველი [მწვანე ფერი] და მეორე [წითელი ფერი] ეტაპის სამუშაოები უნდა ჩატარდეს

„ალიანსმა“ პლაჟი შემოღობა და შემდეგ ღობე მოშალა

შპს „ალიანს პალასმა“ ბათუმის პლაჟზე, კომპლექს „მაგნოლიას“ მიმდებარედ, იჯარის წესით ათვისებული ტერიტორია შემოღობა. კომპანიის ეს ქმედება ადგილზე მოსახლეობამ გააპროტესტა, ვიდეო გადაიღეს და ფეისბუქზე გაავრცელეს.

ადგილზე მისვლის შემდეგ „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პლაჟის ჩახერგვა დაგეგმილი არ ჰქონიათ და ღობე მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიის საზღვრების დასაზუსტებლად, ასევე კომპანიის რეკლამის განსათავსებლად გაავლეს. ღობე მოშლილი დაგვხვდა.

გვითხრეს ასევე, რომ სამომავლოდ ამ ადგილზე 2 მსუბუქ კონსტრუქციას მოაწყობენ კაფეების განსათავსებლად, ასევე გეგმავენ პლაჟზე ბილიკების მოწყობას.

„შემოსაზღვრული იყო მხოლოდ იმის გამო, რომ ზუსტად გაგვეგო, რომელი იყო ჩვენი ტერიტორია, ზუსტ საზღვრებში რომ გვეწარმოებინა სამუშაოები. თქვენ ნახეთ, რომ რაც იყო გაკეთებული, უკვე აღარ არის. იქნება საჯარო სივრცე, განთავსდება მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციები და შეზლონგები. საჯარო სივრცე არ იქნება შეზღუდული და ჩვენი სანაპირო იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ, შპს „ალიანს პალასის“ წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, რეკლამა განთავსდება ბანერის სახით.

კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა ისიც, რომ კომპანიას პლაჟის ამ მონაკვეთის ათვისებაზე გრძელვადიანი იჯარა არ აქვს – „მხოლოდ ერთი სეზონის ტენდერი გვაქვს მოგებული.“

მოშლილი ღობე პლაჟზე

ჩაერთე‌ ‌სილქნეტის‌ ‌ქსელში‌ ‌და‌ ‌მიიღე‌ ‌ყველა‌ ‌არხი‌ ‌საჩუქრად

ყველა სატელევიზიო არხი ორი თვით უფასოდ გაუაქტიურდებათ იმ ახალ აბონენტებს, ვინც ორმაგი შეთავაზების კომბინაციაზე – ინტერნეტი +ტელევიზია – დარეგისტრირდება. 

პაკეტში  200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხია. მათ შორის სილქ სპორტის და სეტანტას არხები, ასევე ყველა საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო და გასართობი კონტენტი.

შეთავაზებაში ჩართვა სილქფონით მოსარგებლე აბონენტებსაც შეეძლებათ, თუ ანგარიშზე დაიმატებენ ოპტიკურ ინტერნეტსა და სატელევიზიო სერვისს. 

აქციაზე წლის ბოლომდე გასტანს. შეთავაზებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ცხელ ხაზზე (032) 2100100 ან სერვის ცენტრებში თბილისსა და რეგიონებში.

რატომ მოჭრეს ხე ბათუმის ცენტრში

„გვითხრეს, რომ ხე დაზიანებულია, მაგრამ ამის არავის სჯერა, უზარმაზარი და ჯანსაღი ხე იყო,“ – ამბობს გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრები თემურ ქავშბაია. გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „ბათუმი მოლის“ წინ, ხის მოჭრის ამსახველი ფოტოები მან დღეს, პირველ ივლისს ფეისბუქში გამოაქვეყნა.

თემურ ქავშბაიას ვარაუდით ხე მოჭრეს იმის გამო, რომ ის „ბათუმი მოლის“ ფასადზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ეფარებოდა.

„მეორე მხრივ, პარკირების პრობლემაცაა, ამ ერთი ხის მოჭრით პარკირების ორი ადგილი დაემატა მაგ ზოლს… დილის ხუთ საათზე დაიწყეს მოჭრა, რომ ხალხში უკმაყოფილება არ გამოეწვია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქავშბაიამ.

ბათუმის გამწვანების სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ხე დაზიანებული იყო და ამიტომ მოჭრეს. სამსახურს მოვთხოვეთ დაზიანების ამსახველი დასკვნა გაგვაცნონ, რომელიც სპეციალისტებმა შეადგინეს. გამწვანების სამსახურის პრესცენტრში დასკვნის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე იგი არ მიგვიღია.

განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გამწვანების სამსახურიდან მოგვაწოდეს სპეციალისტის დასკვნა, რომელიც შედგენილია 30 ივნისს და აღნიშნულია, რომ „გამხმარია 1 ძირი ლიკვიდამბარი, რომელიც საჭიროებს მოჭრა-ამოძირკვას“. შესაბამისად, შეიცვალა სტატიის სათაურიც.

___

მთავარი ფოტო: თემურ ქავშბაია

„რივიერას“ მშენებლობა მოსამართლე ციცინო როხვაძემ ისევ არ შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე განმეორებით იმსჯელა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მოსარჩელის მოთხოვნას, ვიდრე სასამართლო საქმეს არსებითად არ განიხილავს შეჩერდეს ნებართვის მოქმედება, ისევ უარით უპასუხა. მოსამართლემ ეს საქმე კიდევ ერთხელ სააპელაციო სასამართლოს დავალებით განიხილა.

შპს „ბათუმი რივიერამ“ სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საკუთარ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანებით მიიღო [2019 წელი, 24 დეკემბრი. #224-04]. მომჩივანი მხარე სწორედ ამ ბრძანების შეჩერებას ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, რომლითაც მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაავალა, მშენებლობის შეჩერების საკითხის ხელახლა განხილვა, ვკითხულობთ:

  • „პირველმა ინსტანციის სასამართლომ არ მისცა შეფასება, საქმეში  წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის ანალიზით შემოიფარგლა. შესაბამისად, სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის, საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების საფუძვლები.“
  • „მნიშვნელოვანია დაცული იქნას მოდავე მხარეების უფლება ორი ინსტანციის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
  • „საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, განხორციელდეს არა სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინების კანონის ძალაში შესვლამდე, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

მოსამართლე ციცინო როხვაძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, გოჩა აბუსერიძის ზემოთ მითითებული მოსაზრებები არ გაითვალისწინა. მოსამართლე როხვაძის აზრით, კომპანიას შეიძლება მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი, მათ შორის ფინანსური, „რაც მომავალში კომპენსირებული ვერ იქნება მოსარჩელეთა მიერ.“

მოსამართლე ციცინო როხვაძე წერს:

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს „ბათუმი რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე, რაც განსაზღვრულია 2017 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებით, კერძოდ იგი უკავშირდება ინფრასტრუქტურის მოწყობას, მშენებლობის ვადებს, მოქალაქეთა დასაქმებას, მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირებას. შპს „ბათუმი რივიერას“ აღებული აქვს სასესხო ვალდებულება 25 000 000 აშშ დოლარის ოდენობით და მისი უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით არის დატვირთული შპს „ბათუმი რივიერას“ 100%-იანი წილი და იპოთეკით არის დატვირთული მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სასარგებლოდ.

აღნიშნული მთლიანად უკავშირდება შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ ე.წ. სილქ თაუერების პროექტის განხორციელებას, უკვე გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან ერთად, შეუძლებელს გახდის მესამე პირების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2019 წლის 24 დეკემბრის N224-04 ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულის გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასების პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინების მშენებლობის ნებართვის შეჩერება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს შპს „ბათუმი რივიერას“, რაც სამომავლოდ კომპენსირებული ვერ იქნება მოსარჩელეთა მიერ.“

ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. გაასაჩივრებს თუ არა მომჩივანე მხარე ისევ ამ გადაწყვეტილებას, ამას მოგვიანებით გავიგებთ. მომჩივანი მხარე – საია მოსამართლის გადაწყვეტილებას დღესვე პრესკონფერენციით გამოეხმაურება.

პირველი არჩევნები შავი და თეთრი კენჭებით ბათუმში – ვის ჰქონდა ხმის მიცემის უფლება 

„კანდიდატების წინ დგამდნენ ყუთებს, ყუთებთან კანდიდატები იდგნენ და ხალხი ყუთში აგდებდა თეთრ ან შავ ქვას, ასე ტარდებოდა არჩევნები,“ – გვიყვება ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ის ავტორია წიგნისა „არჩევნების ისტორია აჭარაში“, რომელიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია უსკო-ში დღეს, პირველ ივლისს, გაიმართება.

ირაკლი ირემაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები ბათუმში და რას აჩვენებს არჩევნების ისტორია.

„პირველი არჩევნები ბათუმში 1888 წელს ჩატარდა, აირჩიეს ქალაქის ხმოსანთა საბჭო. არჩევნების ისტორია აჩვენებს, რამდენად შეზღუდული იყო ამ პერიოდში პოლიტიკური უფლებები: 1915 წლამდე ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 1 ან 2 პროცენტი მონაწილეობდა არჩევნებში, დაახლოებით 400-500 კაცი და 1917 წლამდე ერთადერთხელ ავიდა 800-მდე ამომრჩევლების რაოდენობა. არჩევნების ისტორიიდან ასევე ჩანს, როგორი იყო სოციალური სტრუქტურა – მდიდრები ირჩევდნენ მდიდრებს, მათ თავიანთი კვოტა ჰქონდათ, ღარიბებს საერთოდ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება,“ – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.

სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთის იმპერიას საქართველოს ქალაქებისთვის გვიან მიუცია თვითმმართველობის არჩევის უფლება. ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ეს ძირითადად გეოგრაფიას უკავშირდება და, მაგალითად, ბათუმშიც, პირველი არჩევნების შემდეგ, ებრაელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საერთოდ აუკრძალეს, რადგან ბათუმი საზღვრისპირა ქალაქია.

თბილისის შემდეგ ბათუმშიც მოინდომეს არჩევნების ჩატარება და ბათუმიდან იმპერატორს 1885 წელს პეტიცია მიუღია, ჩვენც გვინდა არჩევნებიო. მაშინ შექმნილა სიები, ვის ჰქონდა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

წიგნის – „არჩევნების ისტორია აჭარაში“ გარეკანი

„პირველ არჩევნებში და შემდეგ წლებშიც არჩევნებში მონაწილეების სამი თანრიგი არსებობდა: პირველი ეს იყო მდიდარი ფენა, რომელსაც ქონება ჰქონდა და საიმპერატორო გადასახადს იხდიდა, მეორე იყვნენ ვაჭრები და მიწის მესაკუთრეები და მესამე კატეგორიაში იყვნენ საჯარო მოხელეები და გარკვეული თანრიგის სამხედრო მოსამსახურეები. თითოეულ ჯგუფს თავისი კვოტა ჰქონდა, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მდიდრები არ მიდიოდნენ არჩევნებზე და რამდენჯერმე გადაიდო ამის გამო კენჭისყრა… მნიშვნელოვანია, რომ მდიდრების ხმას მეტი წონადობაც ჰქონდა,“ – აღნიშნავს ირაკლი ირემაძე.

ისტორიკოსი ამბობს, რომ გაყალბების გამო იმ წლებში არავინ დავობდა. პროტესტის საგანი უფრო ის იყო, რომ ქალაქისთავის არჩევის უფლება არ არსებობდა და ხმოსანთა საბჭოს შემადგენლობაც შეეძლო ქუთაისის გუბერნატორს გამოეცვალა, თუკი ნახავდა, რომ ხალხმა იმპერიისთვის არასასურველი ხმოსნები შეარჩია. ირაკლი ირემაძის თქმით, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ისტორიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პირველი პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები მოიტანა არა პირველმა რესპუბლიკამ, არამედ რუსეთის თებერვლის რევოლუციამ – პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით ბათუმშიც ქალაქის საბჭო 1917 წლის ივლისში აურჩევიათ, თუმცა ამ არჩევნებითაც უკმაყოფილო დარჩენილან ბათუმელები.

„ამ დროს დავის საგანი იყო ის, რომ აქ ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცი ცხოვრობდა რუსეთის არმიიდან. მოქალაქეები ითხოვნენ, რომ რუს ჯარისკაცებს არ ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება, რადგან თუ ამას დაუშვებდნენ, ეს გადაწყვეტდა არჩევნების შედეგს. საბოლოოდ, რუს ჯარისკაცებს მისცეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და მათ სოციალისტ-რევოლუციონერებს დაუჭირეს მხარი, 24 მანდატი მიიღეს სოციალ-დემოკრატებმა, 26 მანდატი – რევოლუციონერებმა. ამის მიუხედავად, მაინც საკმაოდ დემოკრატიული საბჭო შეიქმნა, სადაც უკვე ქალაქისთავად სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე საბახტალაშვილი აირჩიეს. ამ საბჭომ მხოლოდ 1918 წლის პირველ აპრილამდე იარსება. პირველ აპრილს საბჭოს საქმიანობა შეწყდა და ქალაქი ოსმალეთმა დაიკავა, 1918 წლის ბოლოდან კი, ბრიტანეთის საოკუპაციო არმიის მმართველობა დამყარდა,“ – გვიყვება ირაკლი ირემაძე.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ბათუმი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმა დარჩა. ისტორიკოსი იხსენებს, რომ ბრიტანეთის იმპერიას გაუჭირდა ბათუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, მაშინ მოსახლეობის აღწერაც დაიწყო, თუმცა 1919 წელს ბრიტანეთის იმპერიამ ბათუმელების პეტიციის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა – ბათუმი ისევ არჩევნების უფლებას ითხოვდა.

1920 წლის თებერვალში ბათუმშიც ჩატარდა არჩევნები.

„ბრიტანეთის მოლოდინისგან საპირისპიროდ, ამ არჩევნებში „ქართულმა ჯგუფმა“ გაიმარჯვა. ეს არ იყო კონკრეტული პარტია, მემედ აბაშიძე და სხვები შევიდნენ საბჭოში, მაგრამ ქალაქის თავის არჩევის უფლება ისევ ვერ მიიღეს. ამ საბჭოს შეკრებაც გააჭიანურეს. 1920 წლის 7 ივლისს, როცა ბათუმის ოლქი დაუბრუნდა საქართველოს, ბათუმის საბჭო აგვისტოში შეიკრიბა, ქალაქის თავად აირჩიეს გიორგი ანჯაფარიძე. ამ საბჭომ 1921 წლის მარტამდე იფუნქციონერა, ვიდრე ოკუპაციოა მოხდებოდა. ანჯაფარიძე წინააღმდეგობის მოძრაობაში ერთვება, მას აპატიმრებენ და კიდევ სხვა ლიდერებს, სხვა წევრების რეპრესიებიც მიდის,“ – ამბობს ირაკლი ირემაძე.

ამ წლებში ქალაქის ხმოსანთა საბჭოში ქართველებს სხვა ეთნიკური ჯგუფები სჭარბობდნენ: სომხები, რუსები. იმ პერიოდის საბჭოებში ირჩევდნენ პოლონოლებს და გერმანელებსაც. ისტორიკოსი შენიშნავს იმასაც, რომ რამდენჯერად საბჭოს ქალაქისთავის არჩევის უფლება მისცეს, არჩევანი ეთნიკურად ქართველზე გააკეთეს.

გასაბჭოების შემდეგ კი, არჩევნების ისტორიაში განსაკუთრებული აღარაფერი ხდება – არჩევნები კონკურენციის გარეშე და თითო კანდიდატით ტარდება. ირაკლი ირემაძის წიგნში ბევრს ვერაფერს ნახავთ ასლან აბაშიძის აჭარაში მმართველობის შესახებაც.

„არქივის ჩანაწერების დიდი ნაწილი განადგურებულია, გვაქვს მხოლოდ პლაკატები, ვინ მონაწილეობდა 1990-იანი წლებიდან არჩევნებში, რაზე იყო პროტესტი და ასე შემდეგ,“ – დასძინა ირაკლი ირემაძემ.

დააკავეს პირი, რომელიც ჟურნალისტებს დაესხა თავს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – წერს შსს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ,  მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა თავს.

ამავე თემაზე: 

წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

აჭარაში კოვიდის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პირველი ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, აჭარაში 163 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 7 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 634 ადამიანი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 182 ინფიცირებული.

საქართველოში კოვიდის 980 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა

1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 327 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში 2729 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 601 მძიმე პაციენტია.

30 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.86%.

ბათუმის ყველაზე ძველი ფერადი ჩანახატი კაპიტან ჰაიდ პარკერისგან

1853 წელს დიკინსონის გამომცემლობამ ლონდონში 11 სურათისგან შემდგარი ალბომი გამოაქვეყნა. ალბომს ერქვა „ჩანახატები შავიზღვისპირეთიდან“. ჩანახატების ავტორი ბრიტანელი საზღვაო კაპიტანი, ჰაიდ პარკერი იყო. ჩანახატების მიხედვით, მერე მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შექმნილი ფერადი ლითოგრაფიებიც დაიბეჭდა.

პუბლიკაცია „ბათუმი და შავიზღვისპირეთი ბრიტანული საზღვაო კაპიტნის ჰაიდ პარკერის ჩანახატებში“ ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა, პუბლიკაციის ავტორი მკვლევარი გიორგი სორდიაა.

„ბათუმი – საქართველოს საზღვარი“/„Batoum – Frontier of Georgia”, ასე ჰქვია კაპიტან ჰაიდ პარკერის ნახატს, რომელიც პუბლიკაციის ავტორის მოსაზრებით ბათუმის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი ფერადი ევროპული ჩანახატია.

ბათუმის ხედი (©Trustees of the British Museum)

„ნახატზე ბათუმის ყურე და კონცხია გამოსახული, სანაპიროს გაყოლებაზე ჩამწკრივებულია ხისგან ნაშენები სახლები, ერთ-ერთი გამოკვეთილი ნაგებობა შესაძლოა წისქვილი იყოს. ყურეში ორი იალქნიანი გემია გამოსახული, კონცხის ცენტრში კი შეიმჩნევა მცირე ნაგებობა და ანძა, რომელზეც დროშა ფრიალებს. სურათის წინა პლანზე გამოკვეთილია თოფებით შეიარაღებული სამი ადგილობრივი, რომლებსაც ზურგით თივის შეკვრა გადააქვთ. სურათზე ასევე ყურადღებას იქცევს ორი ცხენი და სანაპიროსთან ახლოს მცურავი ტივი, რომელზეც ხუთი ადამიანი იმყოფება“, – წერია პუბლიკაციაში.

ჩანახატების ავტორი უილიამ ჰაიდ პარკერი ბრიტანელი მეზღვაურების ცნობილი საგვარეულოდან ყოფილა. ჰაიდ პარკერისთვის 1853 წელს ყირიმის ომში საბრძოლო და სადაზვერვო მისიის შესრულება დაუვალებიათ. საზღვაო ფლოტის საბრძოლო ხომალდ HMS Firebrand-ის კაპიტანი შავიზღვისპირეთში მცხოვრებ მოსახლეობას აღწერდა, აკეთებდა ჩანაწერებსა და ჩანახატებს. ეს მასალები ბრიტანეთის ფლოტის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის იყო განკუთვნილი.

ბრიტანელი კაპიტანი მალევე დაღუპულა რუსულ ფლოტთან საბრძოლო შეჯახებისას 1854 წლის ზაფხულში.

პუბლიკაციის ავტორმა ჰაიდ პარკერის შავიზღვისპირეთის თემაზე შექმნილი რარიტეტული ალბომი, რომელიც სერიულად არ დაბეჭდილა, ბრიტანეთის მუზეუმის დახმარებით მოიპოვა.

პარკერის ნახატების ქართულ გამოცემაში წერია, რომ ბრიტანეთის მუზეუმი და ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ინახავს კაპიტნის შავ ზღვაში მისიით ყოფნის დროინდელ ხელნაწერ დოკუმენტებს და ჩანაწერებს, რომლებიც სავარაუდოდ ოსმალური პერიოდის ბათუმსაც აღწერს.

თათარი შიკრიკი (©Trustees of the British Museum)

 

თურქი სამხედრო მეთაური და მისი მსახური (©Trustees of the British Museum)

 

ზედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. გლეხი, 2. კავალერისტი, 3. ბაში-ბოზუქი, 4.თურქი ქალი, 5. ქართველი მთიელი, 6. მესტვირე, 7. ალბანელი. ქვედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. სომეხი მღვდელი, 2. ქვეითი ჯარისკაცი, 3. ტკბილეულობის გამყიდველი, 4.დერვიში, 5. მწყემსი. (©Trustees of the British Museum)

 

ზედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. თურქი ქალი, 2. ტვირთების მზიდავი. ქვედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. თურქი ჯარისკაცი, 2. სტამბოლელი ებრაელი, 3. დერვიში,4. საზამთროს გამყიდველი. (©Trustees of the British Museum)

 

ბაში-ბოზუქი – ოსმალეთის იმპერიაში არარეგულარული სამხედრო შენაერთის მებრძოლი (©Trustees of the British Museum)

მასალაში გამოყენებული ილუსტრაციების ციფრული ვერსიები ეკუთვნის ბრიტანეთის მუზეუმს და ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრს. მათთან შეთანხმების გარეშე მასალის გავრცელება აკრძალულია.

ხვალ, პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდები იწყება – საგამოცდო ცენტრების სია

ხვალ, პირველ ივლისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი  12 800-ზე მეტი  კანდიდატი დარეგისტრირდა.

პირველი გამოცდა ხვალ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება: პირველი და მეორე სესია 1 -ელ, 2 და 5 ივლისს ჩატარდება.

სხვა გამოცდების განრიგი:

9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;

14 ივლისი – ბიოლოგია;

15 ივლისი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მეორე სესია – ქიმია;

16 ივლისი – გეოგრაფია;

19 ივლისი – ზოგადი უნარები/ პირველი და მეორე სესია;

20 ივლისი – ფიზიკა, ლიტერატურა, ზოგადი უნარები;

28 ივლისი – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დააგვიანონ მისვლა საგამოცდო ცენტრებში, რადგან რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

ბათუმში სულ 3 საგამოცდო ცენტრია:

საგამოცდო ცენტრი არის ხულოშიც – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში.

____

2021 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალ:

  1. ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, სანზონა, ჩარგლის ქ. №24;
  2. ქალაქ თბილისის №39 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;
  3. ქალაქ თბილისის №103 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;
  4. ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7;
  5. ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8;
  6. ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ;
  7. ქალაქ თბილისის №175 ა  საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;
  8. ქალაქ თბილისის №175 ბ  საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;
  9. ქალაქ თბილისის №177-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ;
  10. ქალაქ თბილისის №191 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. №30;
  11. ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა – ქ. თბილისი,  ჩარგლის ქ. №34;
  12. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6;
  13. ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ნიკეას №44;
  14. ქუთაისის № 41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.  №127;
  15. ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა – ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9;
  16. ქ. რუსთავის № 22 საჯარო სკოლა – ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6;
  17.  ქ. გორის №3 საჯარო სკოლა – ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;
  18. ქ. ახალციხის №1 საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;
  19. ქ. თელავის №8 საჯარო სკოლა – ქ. თელავი, თამარის ქ. №69;
  20. ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა –  ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;
  21. ფოთის №3 საჯარო სკოლა – ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 20.6 მილიარდი აშშ დოლარი [70.3 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 132.9 პროცენტია.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო – 15.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო – 332.8 და 127.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 573.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი)“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.8 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.3 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

რა გავლენა აქვს ნესტს ადამიანის ჯანმრთელობაზე – ექიმის რჩევები

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ნესტი შენობებში ზეგავლენას ახდენს რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ინფექციებისა და ალერგიების შემთხვევებზე. ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია მდინარეებსა და სანაპიროებზე. შესაბამისად აჭარის რეგიონი, როგორც დანარჩენი ზღვისპირეთი, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნესტიანი ნაწილია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  მონაცემებით, ოთახებში მცირე ნესტიც კი ზრდის ასობით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებისა და ობის სოკოების გავრცელების შესაძლებლობას.

„სხვადასხვა კლიმატურ ზონაში ჩატარებული ეპიდკვლევების შედეგების მიხედვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დიდ დროს ატარებდა სახლში და იმყოფებოდა ნესტიან გარემოში, აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, ალერგიული დაავადებები, სასუნთქი სისტემის ინფექციები, ასთმა და იმუნოლოგიური რეაქციები“ – წერს NCDC-ი.

ნიუ იორკის ინტეგრირებული კლინიკური კვლევების ცენტრის კვლევის კოორდინატორი, ფთიზიატრ-პულმონოლოგი ნათია ადამია განმარტავს, თუ რა კავშირშია ნესტი სასუნთქი სისტემის დაავადებების გამწვავებასთან:

„ტენიანობის მომატება ნიშნავს, რომ ჰაერი ხდება სტაგნაციური ანუ ყველა ის ნივთიერება, რომელიც ჰაერში მოძრაობს, დიდხანს ჩერდება ერთ ადგილზე. შესაბამისად, იზრდება ბაქტერიების, სოკოს სპორების და სხვადასხვა ალერგენის რიცხვი. ამ ჰაერის ჩასუნთქვის შემთხვევაში, სენსიტიური სასუნთქი სისტემა იწყებს მათზე რეაგირებას. იმატებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების რიცხვი და ასთმის გამწვავების ეპიზოდები, ასევე ხშირია ბრონქიტის გამოვლინებები“.

„საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მდიდარ ბუნებას აქვს ისეთი ზომიერად მშრალი კურორტი, როგორიც აბასთუმანია. გაზაფხულზე იქ ფიჭვი იწყებს ყვავილობას, რის შედეგადაც გამოიყოფა ფიჭვის მტვერი. ეს მტვერი მიმოიფანტება ჰაერში და სუნთქვისას ხვდება ფილტვებში. ჰაერში არის ჟანგბადის მაღალი შემცველობა, აქ ასევე მაღალია ოზონის შემცველობა, რაც დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, სოკოსა და ვირუსებზე.

ამიტომ რეკომენდებულია, განსაკუთრებით ნესტიან კლიმატურ ზონებში მცხოვრებთათვის,  გაზაფხულზე, მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ამ კურორტზე გამგზავრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ფილტვების ტუბერკულოზი, პლევრიტები, ბრონქული ასთმა თუ ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს”, – ამბობს ის.

საქართველოს კურორტების ნუსხაში 6 ადგილს აქვს ფთიზიატრიული (რეკომენდებულია ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს) კურორტის სტატუსი, ესენია: აბასთუმანი (ადიგენში); გულრიფში (გულრიფში); ლიბანი (ბორჯომში); პატარა ცემი (ბორჯომში); ჩითახევი (ბორჯომში); ცემი (ბორჯომში – პულმონოლოგიურ-ფთიზიატრიული).

გარდა ამისა, საქართველოს კიდევ 40 კურორტს აქვს პულმონოლოგიური სტატუსი, რომელიც რეკომენდებულია სასუნთქი ორგანოების პათოლოგიებისთვის:

აგუძერა (გულრიფში), ავადხარა (გუდაუთაში), ანაკლია (ზუგდიდი); ახალდაბა (ბორჯომში); ახალი ათონი (გუდაუთაში); ბაკურიანი (ბორჯომში); ბახმარო (ჩოხატაურში); ბეშუმი (ხულოში); გაგრა (გაგრაში); გრიგოლეთი (ლანჩხუთში); გუდაუთა (გუდაუთაში); გუმისთა და ეშერა (სოხუმში); კიკეთი (გარდაბანში); კინდღი (ოჩამჩირეში); კოჯორი (გარდაბანში); ლესელიძე (გაგრაში); მალთაყვა (ფოთში); მანგლისი (თეთრიწყაროში); მიუსერა (გუდაუთაში); მუაში (ლენტეხში); მწვანე კონცხი (ხელვაჩაურში); ოქროს ნაპირი (გუდაუთაში);  სიონი (ყაზბეგში); სოხუმი (სოხუმში); სურამი (ხაშურში); ტბა (ბორჯომში); ურეკი (ოზურგეთში); უწერა (ონში); ფასანაური (დუშეთში); ქვიშხეთი (ხაშურში); ქობულეთი; ყაზბეგი; შოვი (ონში);  ცივი კოდა (საგარეჯოში); ციხისძირი (ქობულეთში); ციხისჯვარი (ბორჯომში, პულმონოლოგიურ – ალერგოლოგიური); წავკისი (გარდაბანში); წაღვერი (ბორჯომში); წოდორეთი (გარდაბანში); წყნეთი (თბილისში).

როგორ უნდა შევამციროთ ობის ექსპოზიციის დონე – მგრძნობიარე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც მაღალია ობის გავრცელების რისკი. თუ სახლში ობია, საჭიროა მისი გაწმენდა და გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კვლავ წარმოიქმნება. მყარი ზედაპირებიდან მისი მოშორება შედარებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობი ახალი გაჩენილია. საჭიროა შენობას სწრაფად, 24-დან 48 საათის განმავლობაში მოცილდეს ობი და გაიწმინდოს სინესტისაგან. ხშირად უნდა გაიღოს კარები და ფანჯრები.

ჯანმოს სპეციფიკური რეკომენდაციები

  • კონდიციონერი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტენიანობის დაბალი დონე
  • საჭიროა სავენტილაციო სისტემის, მათ შორის, გამწოვი ვენტილაციის გამოყენება
  • გამოიყენეთ ობის ინჰიბიტორი საღებავები
  • გაასუფთავეთ სააბაზანოები ობის ნარჩენებისაგან
  • არ დააგოთ ხალიჩა სააბაზანოებსა და სარდაფებში
  • გადააგდეთ ან შეცვალეთ დასველებული და ნესტით გაჟღენთილი ხალიჩები

ნესტი და ობი განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ  ჯანმრთელობის დამატებითი რისკები იმ ღარიბ მოსახლეობაში, რომელთაც ისედაც გაზრდილი აქვთ ავადობის ტვირთი.

ვისთვის გრძელდება 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა

დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო იანვარ-თებერვალში დაკარგეს და კომპენსაციის მიმღებებად ამ თვეებში დარეგისტრირდნენ, 200 ლარი კომპენსაცია ივლის-აგვისტოშიც ჩაერიცხებათ. წელს ჯამში 141 869 600 ლარია გადარიცხული.

„2021 წლის იანვრიდან დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებენ. დასაქმებულებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში,  კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე“, – აცხადებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

შესაბამისად, ვინც 2021 წლის იანვარში დაკარგა სამსახური, ის მიიღებს კომპენსაციას ივლისის ჩათვლით [6 თვე: თებერვალი-ივლისი] ხოლო, ვინც თებერვალში დაკარგა სამსახური პანდემიის გამო, ის მიიღებს კომპენსაციას აგვისტოს ჩათვლით [6 თვე: მარტი-აგვისტო]. აღნიშნული პროგრამა 6-თვიანია.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საკომპენსაციო თანხა ჯამში 141 869 600 ლარი ჩაერიცხა:

  • იანვრის თვის – 106 389 პირს –  21 277 800 ლარი
  • თებერვლის – 140 029 პირს – 28 005 800 ლარი
  • მარტის – 130 683 პირს – 26 136 600 ლარი
  • აპრილის – 120 496 პირს – 24 099 200 ლარი
  • მაისის თვის – 109 086 პირს – 21 817 200 ლარი
  • ივნისის თვის – 102 665 პირს – 20 533 000 ლარი

რას ჰყვებიან ოცნების ქალაქში მკვლელობაზე: „იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ“

„თვითონ მიგვიყვანა ოცნების  ქალაქის მიტოვებულ ქოხში, ფანჯრის მინებიც ჩამტვრეული იყო, ქოხი მიწაზე იდგა, წითელი თუნუქები ჰქონდა გარედან, ადრე დილას მივედით იქ, თენდებოდა… დანა მართლაც იმ ქოხში დაგვხვდა. დიდი ზომის შავტარიანი დანა იყო, ჩონჩხი იყო ზედ გამოსახული,“ – უთხრა მოსამართლეს გამომძიებელმა გია ბახტაძემ მკვლელობის ამბავზე, რომელიც 3 იანვარს ღამით მოხდა „ოცნების ქალაქში“. გამომძიებელმა იმის საჩვენებლად, რომ დანა ძალიან დიდი იყო, ხელები ფართოდ გაშალა.

საქმის მასალების მიხედვით, 44 წლის კაცი მოკლეს, ხოლო 27 წლის კაცი დაჭრეს. გარდაცვლილი და დაჭრილი ბრალდებულის მეზობლები იყვნენ. ისინი ახლაც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ.

მკვლელობაში ბრალდებული ჯამბულ მ. 24 წლისაა. ადვოკატ თენგიზ კახიძის თქმით, ის ბრალს აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავს იცავდა და ეს იყო აუცილებელი მოგერიება ფარგლებს გადაცილებით.

გამომძიებელმა გია ბახტაძემ ბრალდებული ჯამბულ მ. მოწმის სახით გამოკითხა მკვლელობის ღამეს და შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩაუტარებია.

„ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა ჯამბული პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მოვიდა,“ – მკვლელობის ღამე გაიხსენა გამომძიებელმა გია ბახტაძემ და მშვიდად განაგრძო თხრობა. – „მან გვითხრა, რომ შემთხვევის მერე დანა გადამალა…

მაშინვე დაგვთანხმდა ექსპერიმენტზე, მე გაჩვენებთ დანასო.

ჯერ თავისი ძმის სახლში მიგვიყვანა, სადაც ეს ამბავი მოხდა, სუფრა იყო აულაგებელი… ახალი წლის დღეები იყო და, როგორც ჩანს, წინა ღამით საახალწლო სუფრას ამზადებდნენ.

ქვების სროლა ატყდა, როცა სუფრას ვამზადებდითო, ასე გვითხრა ჯამბულმა. ისინი მოვიდნენ და ჩხუბი დაგვიწყესო… მე დანა ავიღეო და…

მერე წაგვიყვანა მიტოვებულ ქოხში, იქვე იყო, სადღაც ორას მეტრში.

დანა პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. მართლა დიდი ზომის დანა იყო, ხორცის საჭრელი, ცხოველების დასაკლავადაც გამოდგებოდა, ხანჯალივით იყო,” – ისევ დანის ზომას გაუსვა ხაზი გამომძიებელმა.

„კი, მანამდე ხორცს ვჭრიდი, მერე აღარ მახსოვს არაფერი,“ – მოწმეს ჩაერთო ბრალდებული ჯამბულ მ. ის დისტანციურად, პენიტენციური დაწესებულებიდან დაესწრო სასამართლო სხდომას.

„ეს დეტალები შემდეგ გაიხსენეთ, როცა ჩვენებას მისცემთ სასამართლოს,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

ადვოკატ თენგიზ კახიძის თქმით, კონფლიქტი მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ბრალდებულ ჯამბულ მ.-ს რძალმა სასიყვარულო სმს-ები მიიღო – უცნობი კაცი მას შეხვედრას სთხოვდა.

„ქალმა ეს უთხრა ქმარს. შემდეგ ძმები შეხვდნენ იმ კაცს და ბოდიში მოახდევინეს. როგორც ვიცი, ამ დროს დაუმტვრიეს ფეხით იმ კაცს ტელეფონი, საიდანაც ქალს სმს-ებს წერდა… ეს კაცები, ვინც მოკლეს და დაჭრეს, არ ვიცი რა კავშირში არიან იმასთან, ვინც ქალს სმს-ებს წერდა, მაგრამ ითხოვდნენ ახალ ტელეფონს. ამის გამო იყო ჩხუბი,” – გვითხრა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის ღამეს 44 წლის გია ბოლქვაძე, რომელიც მოკლეს, კიდევ 6 კაცთან ერთად მივიდა ბრალდებულის ძმის ოჯახში.

„იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ, დაუშინეს ქვები სახლს, არმატურები ეჭირათ ხელში… ბრალდებულმა თავი დაიცვა, მას ჰქონდა დაზიანებები,“ – ამბობს ადვოკატი.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ექსპერტების ჩვენებებიც მოისმინა.

ექსპერტებმა დაადასტურეს პროკურორის ვერსია, რომ გარდაცვალება დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დადგა და რომ არა დროული სამედიცინო ჩარევა, 27 წლის კაციც დაიღუპებოდა.

„სახიფათო იყო მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა. მას კიდევ ორი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა,“ – აღნიშნა ექსპერტმა ლევან ფუტკარაძემ.

ექსპერტ გივი ჩხარტიშვილის თქმით კი, სახეზე დაზიანებები ჰქონდა ბრალდებულსაც, რაც ექსპერტის ვარაუდით „განვითარდა მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად“.

„ჩხუბის დროს თავში მომხვდა გაურკვეველი საგანიო, ეს განმარტა,“ – ექსპერტმა ბრალდებულის ნათქვამიც გაიხსენა.

ამ შემთხვევის დროს ორივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 44 წლის გია ბოლქვაძე „მედინაში“ მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემდეგ პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ.

ადვოკატის თქმით, ე.წ. ნეიტრალური მოწმე, რომელიც ფაქტს შეესწრო, არ არსებობს.

მოსამართლე შემდეგ პროცესზე 24 წლის ბრალდებულის დედას მოუსმენს.

ტურისტების მოლოდინი სიხარულითა და შიშით – თევზით მოვაჭრეების სეზონი [ფოტოამბავი]

„დღეს კოვიდის 1200 შემთხვევა ყოფილა“, „პირბადის გარეშე არ უნდა შემოუშვან ტურისტები“ – ბათუმის თევზის ბაზარში დილა კორონავირუსზე საუბრით და სტატისტიკის განხილვით იწყება.

თევზით მოვაჭრეებს, ერთი მხრივ, ტურისტების გაზრდილი რაოდენობა უხარიათ, მეორე მხრივ კი, დარდობენ ვირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მატების გამო.

ბათუმის თევზის ბაზარი

მარინა მესხი ბათუმის თევზის ბაზარში თევზს ყიდის. ამბობს, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, აისახა როგორც მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზე, ისე ურთიერთობებზე.

მარინა მესხი: „დიდ კრიზისში ვართ. ტურისტი თუ არ შემოვიდა, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ყიდულობს უფულობისა და უსახსრობის გამო. პანდემიის დასაწყისი რთული იყო. ორი წუხილი გვქონდა, ჯერ ერთი ფინანსური და მეორე სულიერი. გვეშინოდა გარეთ გასვლა, ცხოვრება, ურთიერთობა… აქ მომუშავე ერთი ქალი მოკვდა კოვიდით. ჯანმრთელი ქალი იყო, მაგრამ დაიღუპა”.

თევზის ბაზარში ხალხმრავლობა არაა. ბაზარში შესულ ნებისმიერ უცხო სახეს ყველა თავისი დახლისკენ ეპატიჟება და ახალ თევზს სთავაზობს. გურამ მგელაძე წლებია თევზით ვაჭრობს. ამბობს, რომ პანდემიის პირველი ზაფხული რთულად გადასალახი აღმოჩნდა. წელს კი ტურისტები დაბრუნდნენ, რაც ბაზრის მუშაობაზეც აისახა.

გურამ მგელაძე: „პანდემიამ პირდაპირი გავლენა მოახდინა. კლიენტი არაა, ტურისტი არაა, თევზი არ იყიდება. შემოსავალი ნაკლებია, გასავალი მეტი, ყველაფერი გაძვირდა. ბოლო 15-20 დღეა იგრძნობა ხალხის მატება. ძალიან დამთრგუნველი იყო პირველი პერიოდი – შიში, ნერვიულობა იმაზე, რომ ახლობლები არ დაავადებულიყვნენ… დათრგუნულები ვიყავით”.

შემცირებულ შემოსავალზე საუბრისას გურამ მგელაძეს მაგალითი მოჰყავს და ასე ხსნის, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ თევზით მოვაჭრეებზე.

„თუ პანდემიამდე, 2019 წლის ზაფხულში, დავუშვათ, თვეში ჩემი შემოსავალი იყო 1000 ლარი, შარშან, 2020 წლის ზაფხულში, გახდა 300 ლარი და უფრო ნაკლები.

წელს ყველას იმედი გვაქვს, რომ კარგი ზაფხული გვექნება. ერთადერთი იმის მეშინია, დაავადება არ გავრცელდეს. ტურისტი რომ შემოვა და გაიზრდება რაოდენობა, მოლოდინი არის, რომ დაავადება უფრო გავრცელდება. რეგულაციებს შეძლებისდაგვარად ვიცავთ, აუცილებელია რეგულაციების დაცვა. პირბადე აუცილებელია,“ – ამბობს გურამ მგელაძე.

თევზის ბაზარი

ტურისტების იმედი აქვს დარეჯან ცერცვაძესაც. ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში ვირუსის შიში და ფინანსური გასაჭირი ერთად გაუჩნდათ ბაზარში მოვაჭრეებს. თუმცა იმედს არ კარგავს, რომ ეს ზაფხული მაინც უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გასული.

დარეჯან ცერცვაძე: „პანდემია ცუდად აისახა ჩვენზე. თავიდან შემოსავლები შეგვიმცირდა. ახლა უკეთესობისკენ მივდივართ. ეს ზაფხული უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი. შარშან ნაკლები ტურისტი იყო. წელს აშკარად მეტი ადამიანი შემოდის“.
თევზის ბაზარი

კორონავირუსის მართვის პროგრამის დაფინანსება 522,3 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა – ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა  ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს, 350 მილიონი ლარის ნაცვლად, 522 მილიონ 389 ათასი ლარით დაფინანსდება.

მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში 2021 წლის 29 ივნისს შეიტანა.

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა მოიცავს კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას, ტესტირებას, მკურნალობას, ფარმაცევტული პროდუქტის ლოჯისტიკა-მიწოდებას, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებით  ანაზღაურებას, რომელიც ჩართულია კოვიდის მართვაში და სხვა ღონისძიებებს.

უშუალოდ კორონავირუსის მართვის გარდა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა ასევე გათვალისწინებულია:

  • COVID19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია – 21,8 მილიონი ლარი
  • ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები – 265 მილიონი ლარი
  • ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება – 50 მილიონი ლარი
  • ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება – 250 მილიონი ლარი
  • ახალი კორონავირუსიდან − COVID19-დან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ღონისძიებები – 12 მილიონი ლარი

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მოთხოვნით პენსიონერმა ბათუმში კარავი გაშალა

„ვითხოვ საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას,“ – ეს დავით ბურჭულაძის მოთხოვნაა, რომელმაც დღეს, 30 ივნისს, მემედ აბაშიძის გამზირზე კარავი გაშალა.

დავით ბურჭულაძე ასევე ითხოვს პენსიის მინიმუმ 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის სრული პაკეტით უზრუნველყოფას.

„მე არ ამიღია საპენსიო სესხი, მაგრამ როგორ ამეღო? 35 პროცენტს სთხოვენ პენსიონერებს. ესაა სამართალი?“ – კითხულობს დავით ბურჭულაძე. ის პენსიას 140 ლარს იღებს, როგორც შშმ პირი.

დავით ბურჭულაძეს დაახლოებით ორი წლის წინ წინასწარ აუღია პენსია.

„18 თვის მომცეს წინასწარ, აქედან 6 თვის დაიტოვეს, ასე გამოვიდა. მიჭირს და სოციალურ დახმარებას არ მაძლევენ. აქვე ვცხოვრობ აბაშიძის ქუჩაზე და ზამთარში წელსაც შეშაზე ვთბებოდით… ექიმთან მისვლა მინდა, მაგრამ რაღაც ნაწილი შენ უნდა გადაიხადოო. მე არანაირი შემოსავალი არ მაქვს,“ – ამბობს დავით ბურჭულაძე.

საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 პროცენტია. არსებული პრაქტიკით პენსიონერებს სესხს ძირითადად 35 პროცენტად აძლევენ. ეს ბევრად ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი სესხი.

თბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეში 3 რეისი შესრულდება – ახალი განრიგი

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი დაემატება ყოველდღიურად და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში სამი რეისი შესრულდება.

კომენდანტის საათის გაუქმების გამო იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ სხვა მატარებლებზეც.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მატარებლის მოძრაობის ახალი განრიგი.

რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.

ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები:

[checklist]

  • გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით
  • ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული
  • მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად
  • პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

[/checklist]

დღეს, 30 ივნისს, გაუქმდა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული კომენდანტის საათი.

ხვალ ბათუმის დინამო თბილისის დინამოს შეხვდება – ეროვნული ლიგა

ხვალ, პირველ ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ეროვნული ლიგის ლიდერები, „დინამო ბათუმი“ და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან.

მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

ამ დროისათვის სატურნირო ცხრილში „დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის სიის სათავეშია.

„დინამო თბილისს“ 41 ქულა აქვს. მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება „დინამო ბათუმი“.

ცხრილში მესამე ადგილს, 33 ქულით, „ლოკომოტივი“ იკავებს.

_____________

ფოტო: FC Dinamo Batumi/facebook

 

 

ქობულეთის სპორტსკოლის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ 2021 წლის 29 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი პორტალის მეშვეობით გამოაცხადა კონკურსი ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის N28 მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით (ს/კ 20.42.06.981 და 20.42.06.956) სპორტული კომპლექსის მშენებლობისა და ლანდშაფტური დაგეგმარების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის მიზნით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 496 000 ლარს დღგ-ს გარეშე. წინადადებების მიღება მთავრდება 2021 წლის 20 ივლისს.

საკონკურსო პირობების შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს:

შენობაში 1 მინი მოედანი (ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის) ტრიბუნებით (არანაკლებ 500 კაცზე), რომელიც უნდა დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რეკომენდირებული ზომები: სიგრძე 45 მეტრი, სიგანე 28 მეტრი, შიდა სივრცის სუფთა სიმაღლე 10 მეტრი. ტრიბუნაზე შესასვლელი/გასასვლელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და შემოფარგლული მოაჯირით. უნდა მოეწყოს ასევე გასახდელები  როგორც სპორტსმენებისათვის, ასევე მსაჯებისთვის ცალკ-ცალკე, რომელიც იქნება მაყურებლებისგან იზოლირებული და მათზე წვდომა არ უნდა ჰქონდეთ გარეშე პირებს. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მინი მოედნის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური სათავსები.

კომპლექსში ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული:

სავარჯიშო დარბაზები:

– 2 დარბაზი სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის, ზომა არანაკლებ 30X18, შიდა სივრცის სუფთა სიმაღლე არანაკლებ 7 მ. ნაგებობაში განთავსდება დარბაზის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სამყოფები (მაგალითად: საევუაკაციო გასასვლელები, გასახდელები, სანკვანძები სპორტსმენებისათვის, ტექნიკური სათავსები, საწყობები ინვენტარისათვის და ა.შ.); სატრენაჟორო დარბაზი, ზომა არანაკლებ 100 კვ.მ.

სპორტული კომპლექსი ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ სივრცეებს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

  • მსუბუქი ავტომობილების პარკინგს, რომლის რაოდენობა უნდა განისაზღვროს რეგულაციების მიხედვით, მათ შორის აუცილებლად 2-3 ავტობუსისათვის;
  • მთავარი შესასვლელი;
  • ჰოლი, სადაც შესაძლოა მოეწყოს სწრაფი კვების პუნქტი, რეკრეაციული სივრცეები კომერციული ობიექტისთვის;
  • ადმინისტრაციული ოფისები (არაუმეტეს 15-20 პერსონალზე);
  • საკონფერენციო ოთახი (გათვლილი 25-30 ადამიანზე);
  • სპორტ-კომპლექსის პერსონალის ოთახი არაუმეტეს 15 ადამინაზე (გასახდელებით საშხაპეებით და სანკვანძებით);
  • პერსონალის კვების ოთახი;
  • საზოგადოებრივი სან-კვანძები ქალებისთვის, მამაკაცებისთვის და შშმ პირებისთვის ადაპტირებული (სან კვანძების რაოდენობა განისაზღვროს მაყურებლების რაოდენობის მიხედვით, სტანდარტების შესაბამისად);
  • დაცვის ოთახი;
  • ტექნიკური სათავსები;
  • ექიმის კაბინეტი და მედ. პუნქტი სპორტსმენებისთვის (სტანდარტების შესაბამისად).
  • 2 მასაჟის ოთახი (მამაკაცებისა და ქალებისათვის);
  • 1 ფინური საუნა;

დანდშაფტური დაგეგმარება:

ლანდშაფტური დაგეგმარება განხორციელდება, შენობისა და ავტოსადგომის გარდა, მთლიან მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.06.981). კეთილმოწყობილმა ტერიტორიამ უნდა შექმნას რეკრეაციული ტერიტორიის (პარკი) კონცეფცია. გარე რეკრეაციული ზონა უნდა იყოს მოწყობილი არანაკლებ 1 ჰა. ფართობზე.

ტერიტორიის კეთილმოწყობის ძირითადი მოთხოვნებია:

  • არსებული ლანდშაფტის მაქსიმალურად შენარჩუნება;
  • ტერიტორიის გამწვანება, მათ შორის ხე-მცენარეების დარგვის გათვალისწინება;
  • საპარკე სკამებისა და ურნების დიზაინი/პროექტი და მათი განთავსების ადგილები;
  • ტერიტორიის და შენობის არქიტექტურული განათების დიზაინი/პროექტი და მათი განთავსების ადგილები;
  • სპორტული სივრცეების მოწყობა;
  • ბავშვთა სათამაშო სივრცეების მოწყობა;

სარეკრეაციო სივრცე იქნება ღია ტიპის და ხელმისაწვდომი ორივე ქუჩის მხრიდან.

საპროექტო ტერიტორიაზე (20.42.06.956. საკადასტრო კოდის საზღვრებში) გათვალისწინებულია:

– 1 ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი რეკომენდირებული სიგრძე 70 მეტრი, სიგანე 45 მეტრი (სრული ინფრასტრუქტურით).

-1 ქვიშის საფარიანი მოედანი რეკომენდირებული სიგრძე 42 მეტრი, სიგანე 32 მეტრი, არანაკლებ 200 კაციანი ტრიბუნით.

– არანაკლებ 80 კაცზე გათვლილი არაუმეტეს სამ სართულიანი განთავსების საშუალება, ეკონომ კლასის ნომრებით.

– 1 ადმინისტრაციული შენობა ორ სართულიანი, მეორე სართული მსუბუქი გადახურვით, ღია ვერანდა, რეკომენდირებული სიგრძე არანაკლებ 20 მეტრი, სიგანე 8 მეტრი.

იხილეთ კონკურსის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=409307&lang=ge

„მედეას“ ძეგლის რესტავრაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ევროპის მოედანზე, „მედეას“ ძეგლის კვარცხლბეკის ადრე მოპირკეთებული ფილების ანალოგიური ფილებით მოპირკეთებასა და ქანდაკების [მეტალის ელემენტების] რესტავრაციაში ქალაქის ბიუჯეტიდან 592 332 ლარი დაიხარჯება.

ტენდერის პირობის მიხედვით, ძეგლის რესტავრაცია 2021 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 16 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.

2020 წლის ოქტომბერში კვარცხლბეკზე მარმარილოს ფილები მოირყა და ძირს ჩამოცვივდა. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ბათუმის მერიამ რკინის ღობით შემოსაზღვრა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძეგლი დღემდე ამ ღობითაა შემოსაზღვრული.

ამ თემაზე:

ბათუმში, ევროპის მოედანზე „მედეას“ ძეგლიდან ფილები ჩამოცვივდა

რესტორნები 24:00 საათამდე იქნება ღია, ღამის კლუბების მუშაობა კი აკრძალულია

დღეიდან, 30 ივნისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე გაუქმდა შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე.

ასევე დღეიდან რესტორნებს, კაფე-ბარებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ იმუშაონ 24:00 საათამდე. მთავრობის ცნობით, ეს შეზღუდვა ეხება სასტუმროების რესტორნებსაც.

რაც შეეხება ღამის კლუბებს, მათი მუშაობა ამ დროისათვის მთლიანად აკრძალულია.

ბოლო, 29 ივნისის მდგომარეობით, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.69%.  დღეს, 30 ივნისს საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1010 ახალი შემთხვევა.

საქართველოში უკვე ერთი კვირაა აღარ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადის ტარება, თუმცა პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ სივრცეებში: ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებსა და ხალხმრავალ ადგილებში.

ამავე თემაზე: 

სად არის სავალდებულო დღეიდან პირბადის ტარება

 

 

 

აჭარაში კოვიდის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 30 ივნისი

30 ივნისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, აჭარაში 153 პაციენტი მკურნალობს  კოვიდკლინიკებში, მათგან 7 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 597 ადამიანი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 182 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 1010 შემთხვევა, 19 ადამიანი გარდაიცვალა

30 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 617 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 316 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში 2669 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 586 მძიმე პაციენტია.

29 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.69%.

რატომ შეაჩერა მუშაობა ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა კლინიკამ?

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კორპუსში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ, მუშაობა შეაჩერეს. პაციენტები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

„გვითხრეს, რომ ახალი კლინიკა ისევ სარემონტო გახდა, რაა სარემონტო, არ ვიცით. ისიც თქვეს, იყიდება რესპუბლიკურიო. პაციენტების ახლობლებს შემოგვთავაზეს, ჩვენ აგვერჩია კლინიკა, სადაც პაციენტებს გადავიყვანდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი კოვიდპაციენტის ახლობელი.

„ელექტრო სადენებს შეექმნა პრობლემა, უზარმაზარი დატვირთვა იყო,“ – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნუკრი ბეჟანიძემ. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება ამ მიმართულებით მოულოდნელად დარჩა საჭირო და რესპუბლიკური ხვალ ისევ მზად იქნება პაციენტების მისაღებად.

პაციენტები რესპუბლიკური საავადმყოფოდან სხვადასხვა კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს.

„სულ 4 პაციენტის გადაყვანა მოგვიხდა, არ შექმნილა რამე პრობლემა მათთვის სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით. არც სამედიცინო ტექნიკა დაზიანებულა. რომ არ გაფუჭებულიყო საქმე, ამიტომ ვამჯობინეთ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ელექტროსადენებისთვის მიგვეხედა,“ – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ნუკრი ბეჟანიძე.

ბათუმის ახალი რესპუბლიკური კლინიკა 2020 წლის 16 აპრილს გაიხსნა, როგორც ცხელების ცენტრი. მოგვიანებით აქ კოვიდკლინიკა მოაწყეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვიოს ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ შეჩერებულა ვაქცინაციის პროცესი და პსრ ტესტირება.

___

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

რა გრაფიკით იმოძრავებენ საქალაქო ავტობუსები ბათუმში პირველი ივლისიდან

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვების მოხსნის გამო, პირველი ივლისიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მარშრუტის ნომერი – სამუშაოს დაწყება – სამუშაოს დასრულება:
  • N1 – 06:55 – 23:35
  • N1ა – 07:05 – 23:45
  • N2 – 07:00 – 22:28
  • N2ა – 07:16 – 22:12
  • N3 – 07:00 – 23:20
  • N4 – 07:00 – 23:48
  • N6 – 07:00 – 22:30
  • N7 – 07:30 – 23:15
  • N7ა – 07:38 – 23:23
  • N8 – 06:50 – 22:50
  • N9 – 07:00 – 23:00
  • N10 – 06:40 – 23:40
  • N10ა – 06:50 – 23:40
  • N11 – 07:00 – 23:36
  • N12 – 06:55 – 22:40
  • N12ა – 07:00 – 22:45
  • N13 – 08:00 – 23:57
  • N15 – 07:05 – 22:35
  • N16 – 06:55 – 22:37

სამარშრუტო გრაფიკთან დაკავშირებით დეტალურად იხილეთ ამ ბმულზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ აუცილებელია პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოსაცდელებზე.

ბათუმელი გოგოს ცხოვრება მარსელში – მოხალისე და ახლა უკვე მაგისტრანტი

24 წლის ლინდა მამულაძის სამუშაო დღე მარსელში დილის 10 საათზე იწყება. მისი მოვალეობა ფრანგ ახალგაზრდებთან მუშაობაა, რომლებსაც უცხოეთში სასწავლებლად სურთ წასვლა. ლინდა გასაუბრებებსა და ტრენინგებს ატარებს მათთან უცხოეთში გამგზავრებამდე.

პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ლინდა რადიოსთვის პოდკასტებსაც წერს და ასევე, ატარებს ტრენინგებს უცხოეთიდან საფრანგეთში ჩასული ახალგაზრდებისთვისაც: მათ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება და ადგილობრივი რესურსების შესაძლებლობებს აცნობს, რაც საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში შეიძლება გამოადგეთ.

ლინდა უკვე მეორე წელია მოხალისეობრივი პროგრამით მუშაობს საფრანგეთში. პროგრამა, ლინდას მსგავსად ყოველწლიურად 30, 40 მოხალისეს იღებს, რომლებიც მარსელის კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან გადანაწილებული.

„ახლახან დავასრულეთ მარსელის მერიის მიერ მხარდაჭერილი ერთთვიანი პროექტი გარემოსდაცვით საკითხებზე. 25 მონაწილე იყო ჩართული პროექტში – ფრანგი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები“ – გვიყვება ლინდა.

ლინდა მამულაძე

 

„ლამაზი, მაგრამ რთულად შესასწავლი ენაა ფრანგული“

ფრანგული ენის შესწავლა მეოთხე კურსიდან დაიწყო. ამბობს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობდა. მიაჩნია, რომ ლამაზი, მაგრამ რთულად შესასწავლი ენაა, თუმცა ლინდამ შეძლო და ენის სწავლის დაწყებიდან 1 წელიწადში Delf B2-ის სერტიფიკატი მოიპოვა, რაც ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნას ნიშნავს.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს. ნინო გურგენიძე არამხოლოდ ენას მასწავლიდა, ამ ქვეყნის კულტურის მიმართაც გამიღვივა ინტერესი. მისი დამსახურებაა ისიც, რომ 1 წელიწადში შევძელი ენის სერტიფიკატის მოპოვება, მერე კი მალევე ფრანკოფონიის სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებული გავხდი და გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში წავედი, ერთი კვირით.

იმავე წელს პროგრამით – ESC (European Solidarity Corps) შემარჩიეს, რაც ევროპაში მოხალისეობრივად გამგზავრებას გულისხმობდა ერთი წლით და ასე ჩამოვედი საფრანგეთში. პირველი 9 თვე მარსელის ერთ-ერთ ლიცეუმში გავატარე. ორგანიზებას ვუწევდი სხვადასხვა ღონისძიებას, კულტურათაშორის დიალოგებსა და ვორქშოფებს გარემოს დაცვის, თანასწორუფლებიანობის თუ დისკრიმინაციის შესახებ.

ორგანიზებას ვუწევდი ინგლისური ენის კლუბის მუშაობას, მოსწავლეების ინფორმირება მევალებოდა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით პარალელურად, რა თქმა უნდა, ფრანგულ ენას უკეთ ვსწავლობდი“, – გვიყვება ლინდა მოხალისეობრივი ცხოვრების პირველი წლის შესახებ.

სამაგისტრო გრანტი ექსმარსელის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად

ამ პროექტის დასრულების შემდეგ იმავე ორგანიზაციამ, სადაც მუშაობდა, ლინდას შესთავაზა დარჩენილიყო საფრანგეთში მეორე წლითაც Service Civique-ის პროგრამის ფარგლებში. სწორედ აქ მუშაობს ახლა ლინდა მოხალისეობრივად.

ლინდას მაგისტრატურაშიც სურს სწავლის გაგრძელება, მან რამდენიმე დღის წინ მიიღო ექსმარსელის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი შეტყობინება. რახან ახლა მარსელშია, აქაურ უნივერსიტეტში ჩარიცხვა მისთვის მოსახერხებელი იყო.

ექსმარსელი დიდი, მულტიდისციპლინური უნივერსიტეტია, რომელსაც საფრანგეთის სამხრეთის რეგიონის 4 დეპარტამენტსა და 9 სხვადასხვა ქალაქში აქვს კამპუსები. ლინდა აქ  საჯარო მენეჯმენტს ისწავლის, რაც გულისხმობს საჯარო ორგანიზაციების, პროექტების, პოლიტიკური და ადმინისტრაციული გარემოს მართვის მექანიზმების შესწავლას.

ლინდას მაგისტრატურაში სწავლის საფასურს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრი და „კამპუს ფრანსი“ აფინანსებს.

ლინდა მამულაძე მეგობრებთან ერთად

„ევროპული ღირებულებები ჩემთვის ყოველდღიურ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემის კულტურაა“

ლინდამ საქართველოში ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო საფეხური დაამთავრა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

როგორც ამბობს, ევროპაში ცხოვრების გამოცდილება მისთვის ბევრს ნიშნავს.

„ევროპული ღირებულებები მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის ენას, ისტორიას და ხელოვნებას არ მოიცავს. ჩემთვის ეს არის ყოველდღიურ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემის კულტურა. ფრანგები ამ მხრივ გამორჩეულები არიან. სინატიფე და თავაზიანობა ყოველდღიურ ურთიერთობებში შესისხლხორცებული აქვთ. ნებისმიერ ურთიერთობაში ფრანგი გაგრძნობინებს, რომ გცემს პატივს, აფასებს შენს დამოკიდებულებებს და აქვს მოკრძალება შენი, როგორც ადამიანის მიმართ.

მოკრძალება მეორე ადამიანის მიმართ ყოველდღიურ ურთიერთობებშიც  ფრანგებისთვის დაუწერელი კანონია. შენი დრო და პირადი სივრცე არის დაფასებული და ხელშეუხებელი, რაც სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის,  ჩვენთან ხომ ასე არ ხდება.

შენი დასვენების დრო უზენაესი და ხელშეუხებელია დამსაქმებლისთვისაც.

სამსახურებში არ არის მკაცრად გამიჯნული იერარქია დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის.

ყოველთვიურად გვაქვს ხელმძღვანელთან გასაუბრება, გვაქვს შეფასების კვირა, სამუშაო კვირის დასასრულს, რათა გაიგონ როგორ გრძნობ თავს სამსახურში, თანამშრომლებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, რისი გაკეთება გსურს მომდევნო თვეში და რაიმე სირთულეებს ხომ არ გადააწყდი გასული თვის განმავლობაში, ყოველთვის ცდილობენ შეინარჩუნონ მეგობრული სამუშაო გარემო, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ მოტივაცია და იყვნენ შრომისუნარიანები“ – ამბობს ლინდა.

ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნება – ფრანების შოუ და მოძრაობის თეატრი

ქობულეთში ახალი ბულვარი 2021 წლის 3 ივლისს გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს ადგილობრივი მერია. „ფრანების შოუს“ და „მოძრაობის თეატრი“/„პანტომიმას“ პერფორმანსს კი აჭარის კულტურის სამინისტრო 15 ათასი ლარით დააფინანსებს.

„ფრანების შოუ“ გაიმართება 3 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებას ექნება საშუალება ჩაერთოს ფრანების შოუში და თვითონ მიიღოს მონაწილეობა. ფრანების ღონისძიებაზე აუშვებენ 25 სხვადასხვა ზომის ფრანს, მათ შორის გიგანტურ, სამოყვარულო და სპორტულ ფრანებს. სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ფრანების აშვების მასტერკლასებში. ტერიტორიას გააფორმებენ 20 საფესტივალო დროშით. 20-კაციანი გუნდი იმუშავებს ტექნიკურად გამართულ შოუ-პროგრამაზე.

„მოძრაობის თეატრი“/„პანტომიმა“ ზღვის თემატიკით, გააერთიანებს პერფორმანსებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიმები, ე.წ. „ცოცხალი ქანდაკებები“, ოჩოფეხებზე მოსიარულე მსახიობები და სხვ.

ქობულეთის ბულვარი

„გაცნობებთ, რომ მ/წ 3 ივლისს ვგეგმავთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ბულვარის გახსნა/პრეზენტაციას, რის ფარგლებშიც იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება. გთხოვთ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაგვიწიოთ დახმარება, ღონისძიება „პანტომიმასა“ და „ფრანების“ შოუს ორგანიზებაში, რისთვისაც გთხოვთ გვიშუამდგომლოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან“, – აღნიშნულია ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისადმი 2021 წლის 24 ივნისს გაგზავნილ წერილში.

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით, ღონისძიების ორგანიზებისთვის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გაფორმდება – შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ.

„[ქობულეთის] ახალი ბულვარის გახსნა/პრეზენტაციის ორგანიზება არის მასშტაბური ღონისძიება, შესაბამისად მისი ვერ შესრულებით დაზიანდება მთლიანად ღონისძიება და ვერ იქნება მიღწეული საერთო მიზანი – ღონისძიების სრული სახით განხორციელება და საზოგადოებისთვის ღირებული და საინტერესო სანახაობის მიწოდება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ სააგენტოში წარდგენილ განაცხადში.

ქობულეთის ბულვარი
ქობულეთის ბულვარი / ფოტოები: ქობულეთის მერიის პრესსამსახური

ქობულეთის სანაპირო ზოლში ბულვარის მოწყობის სამუშაოები 2019 წელს დაიწყო:

რატომ არის არეული ქობულეთის სანაპირო?

ამავე თემაზე:

ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება

Exit mobile version