ქობულეთის სანაპიროს ცენტრალურ ტერიტორიაზე ქვაფენილი მთლიანად აყრილია. ქობულეთის მერიის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყეს. თავდაპირველად მხოლოდ 850-მეტრიან მონაკვეთზე აპირებს ზღვისპირა პარკის მოწყობას ქობულეთის მერია, რისთვისაც 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან მიიღო.
„ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობა [I ეტაპი]: მიმდინარე წელს დაგეგმილია სამუშაოების I ეტაპი, რომლის ფარგლებში მოხდება მდინარე აჭყვადან 850 მ მონაკვეთზე ბულვარის მოწყობა: ტროტუარები და სავალი ნაწილი მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, მოეწყობა მწვანე საფარი, მოხდება დეკორატიული ხე-მცენარეების გაშენება, შეიცვლება განათების სისტემა, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, პარკში განთავსდება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. ზღვისპირა პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
რაც შეეხება დარჩენილ 2-კილომეტრიან მონაკვეთს, პროექტი გარდამავალია და 2020-2021 წლებში სამ ეტაპად განხორციელდება,“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიის პრესცენტრიდან.