ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნება – ფრანების შოუ და მოძრაობის თეატრი

29.06.2021
ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნება – ფრანების შოუ და მოძრაობის თეატრი

ქობულეთში ახალი ბულვარი 2021 წლის 3 ივლისს გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს ადგილობრივი მერია. „ფრანების შოუს“ და „მოძრაობის თეატრი“/„პანტომიმას“ პერფორმანსს კი აჭარის კულტურის სამინისტრო 15 ათასი ლარით დააფინანსებს.

„ფრანების შოუ“ გაიმართება 3 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებას ექნება საშუალება ჩაერთოს ფრანების შოუში და თვითონ მიიღოს მონაწილეობა. ფრანების ღონისძიებაზე აუშვებენ 25 სხვადასხვა ზომის ფრანს, მათ შორის გიგანტურ, სამოყვარულო და სპორტულ ფრანებს. სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ფრანების აშვების მასტერკლასებში. ტერიტორიას გააფორმებენ 20 საფესტივალო დროშით. 20-კაციანი გუნდი იმუშავებს ტექნიკურად გამართულ შოუ-პროგრამაზე.

„მოძრაობის თეატრი“/„პანტომიმა“ ზღვის თემატიკით, გააერთიანებს პერფორმანსებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიმები, ე.წ. „ცოცხალი ქანდაკებები“, ოჩოფეხებზე მოსიარულე მსახიობები და სხვ.

ქობულეთის ბულვარი

„გაცნობებთ, რომ მ/წ 3 ივლისს ვგეგმავთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ბულვარის გახსნა/პრეზენტაციას, რის ფარგლებშიც იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება. გთხოვთ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაგვიწიოთ დახმარება, ღონისძიება „პანტომიმასა“ და „ფრანების“ შოუს ორგანიზებაში, რისთვისაც გთხოვთ გვიშუამდგომლოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან“, – აღნიშნულია ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისადმი 2021 წლის 24 ივნისს გაგზავნილ წერილში.

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით, ღონისძიების ორგანიზებისთვის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გაფორმდება – შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ.

„[ქობულეთის] ახალი ბულვარის გახსნა/პრეზენტაციის ორგანიზება არის მასშტაბური ღონისძიება, შესაბამისად მისი ვერ შესრულებით დაზიანდება მთლიანად ღონისძიება და ვერ იქნება მიღწეული საერთო მიზანი – ღონისძიების სრული სახით განხორციელება და საზოგადოებისთვის ღირებული და საინტერესო სანახაობის მიწოდება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ სააგენტოში წარდგენილ განაცხადში.

ქობულეთის ბულვარი

ქობულეთის ბულვარი / ფოტოები: ქობულეთის მერიის პრესსამსახური

ქობულეთის სანაპირო ზოლში ბულვარის მოწყობის სამუშაოები 2019 წელს დაიწყო:

რატომ არის არეული ქობულეთის სანაპირო?

ამავე თემაზე:

ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: