მთავარი,სიახლეები

ბათუმელი გოგოს ცხოვრება მარსელში – მოხალისე და ახლა უკვე მაგისტრანტი

29.06.2021 • 2674
ბათუმელი გოგოს ცხოვრება მარსელში – მოხალისე და ახლა უკვე მაგისტრანტი

24 წლის ლინდა მამულაძის სამუშაო დღე მარსელში დილის 10 საათზე იწყება. მისი მოვალეობა ფრანგ ახალგაზრდებთან მუშაობაა, რომლებსაც უცხოეთში სასწავლებლად სურთ წასვლა. ლინდა გასაუბრებებსა და ტრენინგებს ატარებს მათთან უცხოეთში გამგზავრებამდე.

პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ლინდა რადიოსთვის პოდკასტებსაც წერს და ასევე, ატარებს ტრენინგებს უცხოეთიდან საფრანგეთში ჩასული ახალგაზრდებისთვისაც: მათ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება და ადგილობრივი რესურსების შესაძლებლობებს აცნობს, რაც საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში შეიძლება გამოადგეთ.

ლინდა უკვე მეორე წელია მოხალისეობრივი პროგრამით მუშაობს საფრანგეთში. პროგრამა, ლინდას მსგავსად ყოველწლიურად 30, 40 მოხალისეს იღებს, რომლებიც მარსელის კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან გადანაწილებული.

„ახლახან დავასრულეთ მარსელის მერიის მიერ მხარდაჭერილი ერთთვიანი პროექტი გარემოსდაცვით საკითხებზე. 25 მონაწილე იყო ჩართული პროექტში – ფრანგი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები“ – გვიყვება ლინდა.

ლინდა მამულაძე

 

„ლამაზი, მაგრამ რთულად შესასწავლი ენაა ფრანგული“

ფრანგული ენის შესწავლა მეოთხე კურსიდან დაიწყო. ამბობს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობდა. მიაჩნია, რომ ლამაზი, მაგრამ რთულად შესასწავლი ენაა, თუმცა ლინდამ შეძლო და ენის სწავლის დაწყებიდან 1 წელიწადში Delf B2-ის სერტიფიკატი მოიპოვა, რაც ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნას ნიშნავს.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს. ნინო გურგენიძე არამხოლოდ ენას მასწავლიდა, ამ ქვეყნის კულტურის მიმართაც გამიღვივა ინტერესი. მისი დამსახურებაა ისიც, რომ 1 წელიწადში შევძელი ენის სერტიფიკატის მოპოვება, მერე კი მალევე ფრანკოფონიის სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებული გავხდი და გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში წავედი, ერთი კვირით.

იმავე წელს პროგრამით – ESC (European Solidarity Corps) შემარჩიეს, რაც ევროპაში მოხალისეობრივად გამგზავრებას გულისხმობდა ერთი წლით და ასე ჩამოვედი საფრანგეთში. პირველი 9 თვე მარსელის ერთ-ერთ ლიცეუმში გავატარე. ორგანიზებას ვუწევდი სხვადასხვა ღონისძიებას, კულტურათაშორის დიალოგებსა და ვორქშოფებს გარემოს დაცვის, თანასწორუფლებიანობის თუ დისკრიმინაციის შესახებ.

ორგანიზებას ვუწევდი ინგლისური ენის კლუბის მუშაობას, მოსწავლეების ინფორმირება მევალებოდა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით პარალელურად, რა თქმა უნდა, ფრანგულ ენას უკეთ ვსწავლობდი“, – გვიყვება ლინდა მოხალისეობრივი ცხოვრების პირველი წლის შესახებ.

სამაგისტრო გრანტი ექსმარსელის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად

ამ პროექტის დასრულების შემდეგ იმავე ორგანიზაციამ, სადაც მუშაობდა, ლინდას შესთავაზა დარჩენილიყო საფრანგეთში მეორე წლითაც Service Civique-ის პროგრამის ფარგლებში. სწორედ აქ მუშაობს ახლა ლინდა მოხალისეობრივად.

ლინდას მაგისტრატურაშიც სურს სწავლის გაგრძელება, მან რამდენიმე დღის წინ მიიღო ექსმარსელის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი შეტყობინება. რახან ახლა მარსელშია, აქაურ უნივერსიტეტში ჩარიცხვა მისთვის მოსახერხებელი იყო.

ექსმარსელი დიდი, მულტიდისციპლინური უნივერსიტეტია, რომელსაც საფრანგეთის სამხრეთის რეგიონის 4 დეპარტამენტსა და 9 სხვადასხვა ქალაქში აქვს კამპუსები. ლინდა აქ  საჯარო მენეჯმენტს ისწავლის, რაც გულისხმობს საჯარო ორგანიზაციების, პროექტების, პოლიტიკური და ადმინისტრაციული გარემოს მართვის მექანიზმების შესწავლას.

ლინდას მაგისტრატურაში სწავლის საფასურს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრი და „კამპუს ფრანსი“ აფინანსებს.

ლინდა მამულაძე მეგობრებთან ერთად

„ევროპული ღირებულებები ჩემთვის ყოველდღიურ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემის კულტურაა“

ლინდამ საქართველოში ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო საფეხური დაამთავრა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

როგორც ამბობს, ევროპაში ცხოვრების გამოცდილება მისთვის ბევრს ნიშნავს.

„ევროპული ღირებულებები მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის ენას, ისტორიას და ხელოვნებას არ მოიცავს. ჩემთვის ეს არის ყოველდღიურ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემის კულტურა. ფრანგები ამ მხრივ გამორჩეულები არიან. სინატიფე და თავაზიანობა ყოველდღიურ ურთიერთობებში შესისხლხორცებული აქვთ. ნებისმიერ ურთიერთობაში ფრანგი გაგრძნობინებს, რომ გცემს პატივს, აფასებს შენს დამოკიდებულებებს და აქვს მოკრძალება შენი, როგორც ადამიანის მიმართ.

მოკრძალება მეორე ადამიანის მიმართ ყოველდღიურ ურთიერთობებშიც  ფრანგებისთვის დაუწერელი კანონია. შენი დრო და პირადი სივრცე არის დაფასებული და ხელშეუხებელი, რაც სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის,  ჩვენთან ხომ ასე არ ხდება.

შენი დასვენების დრო უზენაესი და ხელშეუხებელია დამსაქმებლისთვისაც.

სამსახურებში არ არის მკაცრად გამიჯნული იერარქია დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის.

ყოველთვიურად გვაქვს ხელმძღვანელთან გასაუბრება, გვაქვს შეფასების კვირა, სამუშაო კვირის დასასრულს, რათა გაიგონ როგორ გრძნობ თავს სამსახურში, თანამშრომლებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, რისი გაკეთება გსურს მომდევნო თვეში და რაიმე სირთულეებს ხომ არ გადააწყდი გასული თვის განმავლობაში, ყოველთვის ცდილობენ შეინარჩუნონ მეგობრული სამუშაო გარემო, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ მოტივაცია და იყვნენ შრომისუნარიანები“ – ამბობს ლინდა.

გადაბეჭდვის წესი