პუტინს სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ მისთვის მომგებიანი პირობით, თუმცა ჯერ ასეთი პირობა არ ჩანს – ინტერვიუ

„უკრაინელების აქტიურობა არის გაცილებით მაღალი – დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე… პირველად 2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზონები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. იგი უკრაინის ფრონტის პარალელურად ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქტიურად აკვირდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობენ ახალი ფრანკოს თუ პინოჩეტის მოსაძებნად ირანული სამხედრო შემადგენლობიდან. თუ გამოჩნდა ასეთი, მერე შეიძლება შეიარაღებული ძალებიც გადმოვიდეს ხალხის მხარეს – შეიარაღებულ ძალებს ისედაც დიდი პრეტენზიები აქვთ ზოგადად გუშაგთა კორპუსის მიმართ,“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს სამხედრო ანალიტიკოსი.

გადამდგარი გენერლის აზრით, ირანში ყველაფერი ისე მიდის, როგორც აშშ-მ დაგეგმა, ირანის ჩამოშორება კი, მნიშვნელოვნად ასუსტებს პუტინს:

„პუტინი მაინც ელის მოლაპარაკებებს, ჩემი აზრით. მას სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ რუსეთისთვის მომგებიანი პირობებით. პუტინი ოპორტუნისტია და ელოდება იმ პირობების ჩამოყალიბებას, რაც მისთვის ხელსაყრელია, თუმცა ჯერ ასეთი პირობები არ ჩანს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, დღეს, 20 მარტს, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რაკეტებითა და დრონებით მორიგი შეტევა იყო. ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ ირანში ომი მალე დასრულდება, სამხედრო ოპერაციები გრძელდება. ჩანს ომის დასასრული?

ჯერ გასულია ორკვირა-ნახევარი. ტრამპმა თავიდანვე თქვა – ალბათ ასეც იყო დაგეგმილი – რომ ეს ოპერაცია ითვალისწინებდა ოთხ-ექვს კვირას. ის ოთხი კვირაც კი, ანუ მინიმალური დროც არ არის გასული. არავინ ამბობდა, რომ ადვილი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა, გამომდინარე მისი ფესვგადგმული სისტემიდან. სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ფაქტია.

ახლა არის ამ კამპანიის დომინირების ფაზა. სრულად განადგურდა საჰაერო ძალები, 90%-ით განადგურდა საზღვაო ძალები, უმოქმედოდაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ამჟამად მიმდინარეობს დარტყმები რაკეტების გამშვებებზე. ჯერ კიდევ ახერხებს ირანი რაკეტების გაშვებას. გასროლების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.

პირველ დღეებში ისრაელის მიმართულებით გაუშვეს 500 რაკეტა და 800-მდე დრონი. ახლა საუბარია 20-ის ფარგლებში გაშვებულ რაკეტებსა და დრონებზე.

უკვე გამოჩნდა ირანის ცაში A-10-ები Thunderbolt. ესაა ამერიკული მრავალფუნქციური, სახმელეთო კომპონენტის ახლო მხარდამჭერი, უნივერსალური თვითმფრინავები. სამხედროებს ძალიან უყვართ ეს თვითმფრინავები ზოგადად, ავღანეთში მათ „მფარველ ანგელოზებსაც“ ეძახდნენ. მათი მარტო გამოჩენაც კი, იწვევდა იმას, რომ მოჯაჰედები უკანმოუხედავად გარბოდნენ.

ეს არის თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია ახლო მხარდაჭერისთვის, მას აქვს მფრინავის ტიტანის ჯავშნის კაბინა, რომელიც 23-მილიმეტრიან ჭურვებს უძლებს. აღჭურვილია შვიდლულიანი, გატლინგის სისტემის 30 მილიმეტრიანი ქვემეხით GAU-8 /A. როცა იწყებს სროლას, ისეთი სისწრაფით ისვრის და იმ სიმძლავრით, რომ თვითმფრინავი ჰაერში ჩერდება ფაქტობრივად. მას ნებისმიერი ტიპის ბომბების დაკიდება შეუძლია, ასევე მართვადი და უმართავი რაკეტების ძალიან დიდი, მრავალფეროვანი არსენალი გააჩნია.

მას შეუძლია გაცილებით დიდხანს იყოს ჰაერში, ვინაიდან ნელა დაფრინავს გამანადგურებელთან შედარებით, ასევე, უფრო ახლოს, უფრო დაბალ სიმაღლეზე შეუძლია ფრენა, ახლოდან შეუძლია ნებისმიერი გამოვლენილი სამიზნის განადგურება.

ეს თვითმფრინავი რატომ გამოჩნდა ირანის ცაში? – იმიტომ, რომ გაჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან თავისუფალი ზონები და თავისუფალი სივრცეები.

ამის გამოჩენა იწვევს იმას, რომ აი, ირანული რაკეტის გაშვებიდან ყველაზე მოკლე დრო მათ სიცოცხლისუნარიანობა გააჩნია 5 წუთი, თუ ახლომახლო არის დრონი ან იგივე ეს თვითმფრინავი, ყველაზე ხანგრძლივი – 20 წუთის განმავლობაში შეიძლება ამ გამშვებმა მიიღოს დარტყმა.

  • ამის მიუხედავად ირანი ახერხებს ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. რა სახის უპირატესობაა ეს ირანისთვის, რუსეთისთვის? 

ეს არავითარ უპირატესობას არ აძლევს ირანს. ეს არის მცდელობა მოახდინოს ზეგავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და შესაბამისად, ზეწოლა მოახდინოს ისრაელსა და ამერიკაზე.

ჰორმუზის სრუტე ვიწროა. ვისაც რუკაზე ეს უნახავს, დაინახავს, რომ მისი სიგანე არის 31 საზღვაო მილი [სადღაც 39-40 კილომეტრია მთელი სიგანე]. სრუტეში არის რამდენიმე კუნძული. გემების ნაწილი, რომლებიც შედის სრუტეში, ირანთან ახლოს უნდა გაიაროს და ვინც გამოდის, ომანთან ახლოს უნდა გამოიაროს. ასე მოძრაობდნენ ომამდე ტანკერები.

ბოლო პერიოდში ირანმა არანაკლებ 16 სატრანსპორტო გემს დაარტყა. ირანს ამ სრუტეში შეუძლია გააკეთოს ის, რომ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენოს სანაპიროდან, ან ამ კუნძულებზე მდებარე რაღაც მიწისქვეშა ბუნკერიდან გამოვიდეს, ისროლოს და ისევ დაიმალოს.

ყველაზე ძლიერი, რაც ირანის საზღვაო ძალებს აქვთ, ესაა სწრაფმავალი კატერები დიდი რაოდენობით. არ ვიცი, ახლა რამდენია დარჩენილი, მაგრამ მნიშვნელოვნად რომ შემცირებულია, ეს ფაქტია. „ხროვის ტაქტიკით“ ყველა მიმართულებიდან უტევენ ერთ გემს, ერთ სამიზნეს და ყუმბარმტყორცნებიც არის ამ კატერებზე, არის ZU-23-2-ები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.

როგორც ტრამპი ამბობს, ფაქტობრივად, განადგურებულია ყველა დამნაღმველი ხომალდი. ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვეულებრივი ნავიდან, ან კატერიდან გაუშვან ნაღმი. მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ის, რომ მოხდეს ამ გემების ესკორტირება სამხედრო ხომალდების საშუალებით.

ასევე, ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის საზღვაო ქვეითები დაიძრნენ ირანისკენ. ეს ნიშნავს, რომ ამ სრული დომინაციის ფაზაში შეიძლება რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს. არ გამოირიცხება, რომ საზღვაო ქვეითებმა განახორციელონ ამფიბიური ოპერაცია და დაიკავონ ჰორმუზის სრუტის მაკონტროლებელი კუნძულებიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქეშემის, ლარაკას და აბუ საიდის კუნძულები, საიდანაც უფრო ეფექტიანად შეძლებენ სრუტის კონტროლს.

  • რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვა ამ ოპერაციაში, რაც უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს და რა ელოდება ნატოს? ტრამპი უკმაყოფილოა ნატოს წევრი სახელმწიფოების უარით, რომლებსაც ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნაში ჩართვა სთხოვა. ტრამპის თქმით, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება. 

დღეს ისედაც რთული ვითარება აქვს ამერიკას და ნატოს ერთმანეთში. ეს პოლიტიკურ-დიპლომატიური საკითხია, თუმცა როცა შენ არავის უთანხმებ და ისე იწყებ დარტყმებს, ხოლო როცა გჭირდება, საყვედურობ: რატომ არ დამეხმარეთო, გაუგებარია.

ნატოსთან დისტანცირება ტრამპიდან წამოვიდა და ახლა უცებ გვერდში დგომას ითხოვს. ფაქტობრივად, ტრამპის პოზიცია შემდეგია: რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც გეტყვით.

ამ პირობებში არ ვიცი რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს უარი. შეიძლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყონ ამ გემების გაცილება ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მაგრამ ეს შედეგია ამ ურთიერთობების, რომელიც ტრამპისგან წამოვიდა.

  • ირანში ომის დასრულების რა შესაძლო სცენარებია ყველაზე რეალური თქვენთვის? 

სამხედრო ნაწილი მიღწევადია – განადგურებული იქნება ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი, დასუსტებული იქნება ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად, დასუსტებული იქნება პროქსი ქვეყნებისთვის ირანის დახმარების შესაძლებლობა.

ასევე, მნიშვნელოვნად შესუსტდება ირანის ხელისუფლება. დანარჩენი ტრანზიტულ ფაზაში უნდა გამოჩნდეს. დასუსტებული ხელისუფლება უფრო ადვილი შესაცვლელია და უფრო მიდრეკილია ჩამოშლისკენ, ვიდრე შენარჩუნებისკენ. ნებისმიერი ადამიანის დანიშვნა ირანის სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ნიშნავს, შავი ნიშნის მიცემას, როგორც ეს არის სტივენსონის „განძის კუნძულში“ – მას დიდხანს არ უწევს სიცოცხლე“

სამხედრო ობიექტების დარტყმის გარდა, უკვე დარტყმას ახორციელებენ ირანის სახელმწიფოს მართვის ოფისებზე, პოლიციის საგუშაგოებზე. სადაც არიან რევოლუციის დაცვის გუშაგები, მათ ურტყამენ. ეს, რა თქმა უნდა, ასუსტებს სახელმწიფო აპარატს. დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობა მიმდინარეობს ახალი ფრანკოს თუ პინოჩეტის მოსაძებნად ირანული სამხედრო შემადგენლობიდან.

თუ გამოჩნდა ასეთი, მერე შეიძლება შეიარაღებული ძალებიც გადმოვიდეს ხალხის მხარეს – შეიარაღებულ ძალებს ისედაც დიდი პრეტენზიები აქვთ გუშაგთა კორპუსის მიმართ. ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება გადასვლა გარდამავალ მშვიდობის ფაზაზე. ვნახოთ, ამას რამდენად მოახერხებენ ისრაელი და ამერიკა. მთავარია, სირიიზაცია არ მოხდეს: დაპირისპირება ყველა ყველას წინააღმდეგ!

  • ისევ არსებობს ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხე? რეზონანსული აღმოჩნდა თქვენი განაცხადი იმაზე, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი საქართველოა და ირანმა შეიძლება საქართველოსაც დაარტყას. თქვენ სუსშიც გამოგკითხეს…  

ჩემი ამ განცხადების მეორე დღეს აზერბაიჯანში დააკავეს დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას და ასევე, სინაგოგაზე თავდასხმას. რამდენჯერმე დაიბომბა თურქეთიც.

საქართველოს, რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს ის, რომ უშუალოდ არ ვესაზღვრებით ირანს. ვინც წერა-კითხვა იცის და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეუძლია, შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და იქ შეადაროს რეგიონში შეიარაღებული ძალების რაოდენობა, შეიარაღება, თავდაცვის ბიუჯეტი და ბოლო წლების საბრძოლო გამოცდილება.

დასკვნის გამოტანა შესაძლებელია მარტივად, მაგალითად, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებაში როგორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სტატუსი. აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ამას ღია წყაროების ანალიზი ჰქვია და ნებისმიერ წერა-კითხის მცოდნეს შეუძლია ინტერნეტით მოიპოვოს ეს ინფორმაცია.

ასე რომ, ვითარება რთულია მთელი რეგიონისთვის. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არის ამერიკა-ისრაელის დაპირისპირება ირანთან, ბევრი ქვეყანა ჩართულია ამაში.

ყველგან, სადაც კი შემიძლია, ყველასთან ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი მებრძოლის უნარ-ჩვევები და ქართველი მებრძოლის ეფექტიანობა ძალიან მაღალია. მსოფლიოში ორი-სამი ქვეყნის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასეთი მებრძოლის ხასიათით, როგორიც არის ქართველი სამხედრო, მაგრამ ქართველ მებრძოლს სჭირდება აღჭურვილობა.

აღარ მუშაობს ანდაზა – „ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო“. როდესაც მოწინააღმდეგე დრონის საშუალებით 15-20 კილომეტრიდან გებრძვის, თუ გვიყვარს ჩვენი მებრძოლი და გვინდა მათ გვერდში დგომა, შესაბამისად, ისინი ისე უნდა აღვჭურვოთ, რომ ამოცანის წარმატებით შესრულებაც შეძლონ და ამოცანიდან ცოცხლად დაბრუნებაც.

  • რა ხდება უშუალოდ უკრაინის ფრონტის ხაზზე? წუხელ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა.

ყურადღება ძირითადად გადავიდა ირანის მიმართულებაზე და ნაკლებად ექცევა ყურადღება უკრაინას, თუმცა იქაც საინტერესო ვითარებაა.

უკრაინელებმა დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე. საინტერესოა, რომ უკრაინამ ეს შეძლო პირველად 2023 წლის შემდეგ, როდესაც კურსკში შეიჭრნენ უკრაინის ძალები.

2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზომები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს. ესაა თებერვალი-მარტის პერიოდი.

მიმდინარეობს კონტრშეტევები. 2024-2025 წლებში, როცა გააქტიურდა რუსების შეტევები, მაშინ აქცენტირებულად უტევდნენ უკრაინის სამხრეთ მიმართულებას და დნეპროპეტროვსკ-ზაპოროჟიეს მიჯნას. საწყის ეტაპზე რუსების შეიარაღებულ ძალებს გააჩნდათ გარკვეული წარმატებები, მათ შედარებით ადვილად მიაღწიეს ორიხოვოს, ეს არის თავდაცვითი რაიონი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იცავს ზაპოროჟიეს მისადგომებს.

რუსებმა სცადეს შემოევლოთ გულიაიპოლიდან და სტეფნაგორსკიდან, შემდეგ კი უშუალოდ დაერტყათ ზაპოროჟიესთვის. შეტევები მიმდინარეობდა, როგორც სჩვევიათ რუსებისთვის დამახასიათებელი სამკაციანი, ხუთკაციანი ჯგუფებით – ცდილობდნენ, შემოევლოთ გვერდიდან და უკნიდან უკრაინელების გამაგრებული რაიონებისთვის და წაწეულიყვნენ წინ.

„ფენოვანი ხაჭაპურის“ ვარიანტი ჩამოყალიბდა – ერთმანეთს ენაცვლებოდა პოზიციები უკრაინელების და რუსებისა. ამას თავისი უარყოფითი თვისებებიც აქვს – რუსები სამკაციანი, ხუთკაციანი ჯგუფებით სიღრმეში შედიოდნენ, წყდებოდნენ ძირითად მომარაგების და გაძლიერების ბაზებს, იყვნენ დრონით მიწოდებული მომარაგების იმედად.

ამ პირობებში ჩამოყალიბდა უკრაინელებისთვის კარგი პირობა კონტრშეტევისთვის – დაქსაქსული საბრძოლო ველის პირობებში.

ამას დაემატა ისიც, რომ სტარლინკი გამორთეს, რამაც მისცა საშუალება უკრაინელებს მექანიზებული დარტყმები განეხორციელებინათ დრონების მხარდაჭერით.

უკრაინამ გამოიყენა ალგორითმი: ჯერ დრონები და არტილერია ასუფთავებს მოწინააღმდეგის ახლო ზურგს, შემდეგ კი, მექანიზებული დანაყოფებით შეჰყავს მაქსიმალურად ახლოს ობიექტზე – ქვეითები წმენდენ რაიონს მექანიზებული საშუალებების საცეცხლე მხარდაჭერით, უახლოვდებიან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დრონების ოპერატორები, არტილერია და აგრძელებენ შეტევას.

ამ პირობებში ჯავშანტექნიკის გამოყენება უკრაინელებმა ისევ დააბრუნეს უკან. ამით ფაქტობრივად ის გამოჩნდა, რომ მექანიზებული შეტევები შესაძლებელია, თუკი მოხდება უპილოტოების პოზიციების აღმოჩენა და მათი ჩახშობა.

  • ეს რა მასშტაბის წარმატება უკრაინისთვის, შეიძლება ველოდოთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? 

არა. სამწუხაროდ, ფართომასშტაბიანს ვერ ვიტყვით, თუმცა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით ეს წარმატება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ შეიძლება რუსები ემზადებიან საგაზაფხულო-საზაფხულო კამპანიისთვის და გადაჯგუფებებს აწყობენ. შეიძლება, ამიტომაც არის შემცირებული მათი ინიციატივა და შეტევების ინტენსივობა. დიდი მოლოდინი მე არა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელები მიიწევენ წინ და ტაქტიკურ დონეზე კონტრშეტევით ახერხებენ ტერიტორიების დაბრუნებას.

  • კრემლის პრესსპიკერმა, პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში სიტუაციური პაუზააო. მას იმედი აქვს, რომ ეს პაუზა შეწყდება. ირანის ომის პირობებში რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებას რუსეთსა და უკრაინას შორის?

სანამ ეს ომი ირანში რაღაც უფრო სტაციონარულ ფაზაში არ გადავა ან დასრულებისკენ არ წავა, მოლაპარაკებისთვის არ მგონია მოიცალოს ტრამპმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსები კი, მათ გარეშე არ დასხდებიან მოლაპარაკებაზე. შეიძლება, თურქეთმა შეძლოს მოლაპარეკებების ორგანიზება, ვერ გეტყვით.

  • ზელენსკიმ თქვა, რომ მას კარტი უჭირავს ხელში. იგი სავარაუდოდ შაჰიდების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი სპეციალისტების ომის ზონაში გაგზავნას გულისხმობდა, რაც აშშ-ს თხოვნა იყო. რა კარტია ეს უკრაინისთვის?

დახმარების კარტია, რომლითაც შეიძლება მერე ელაპარაკოს ამერიკას, რომ აი, მე შენ გეხმარები. ტრამპს რაც არ უნდა მოსწონდეს პუტინი, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკელი ამომრჩევლისთვის. 200 სპეციალისტი უკვე გაგზავნეს უკრაინიდან და კიდევ 14 სპეციალისტის გაგზავნას აპირებენ, რომ თავის გამოცდილება გაუზიარონ სხვებს:

არაბულ ქვეყნებზეა საუბარი, რომლებიც იღებენ მძიმე დარტყმებს, ვინაიდან მათი შესაძლებლობები ვთქვათ არ არის ისეთი, როგორიც ამერიკის. დარტყმები ხდება მათ მტკივნეულ ობიექტებზე, ძირითადად მაინც ნავთობისა და საწვავის საცავებზე.

უკრაინა მზად არის დაეხმაროს და ეხმარება კიდეც ამერიკელებს. ეს ძალიან სწორი ნაბიჯია უკრაინის მხრიდან.  შაჰედებთან ბრძოლის ეფექტური გამოცდილება უკრაინას ნამდვილად გააჩნია.

  • „არასასიკეთო წინათგრძნობა მაქვს უკრაინაში ომის ზეგავლენის შესახებ“ – განაცხადა ზელენსკიმ. იგი მეფე ჩარლზს და პრემიერ კირ სტარმერს შეხვდა. შეიმჩნევა რამე ცვლილება დასავლეთის მხარდაჭერაში ირანის ომის პირობებში?

უკრაინისთვის ამერიკიდან იარაღის მიწოდებაზე რაღაც შეფერხებები იქნება, ალბათ, მაგრამ ამერიკის გარდა ევროპაც ეხმარება უკრაინას და გააგრძელებს ამ დახმარებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ომი არც რუსეთს აწყობს, მით უმეტეს, როცა მას ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე აკლდება, რომლისგანაც იღებდა უამრავ დახმარებას. რუსეთი რჩება მარტო, ჩრდილოეთ კორეას თუ არ ჩავთვლით. ჩინეთი რომ მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეა, ეს ფაქტია.

  • რუსეთის რესურსები რამდენად მცირდება ამასობაში, იგივე ადამიანური რესურსი, რომელსაც არ უჩიოდა? შესაძლოა, მობილიზება დაიწყოს რუსეთის დიდ ქალაქებშიც? 

ფარული, ან კვაზი პერმანენტული მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. ჯერჯერობით პირადი შემადგენლობის შევსებას ახერხებენ. ფაქტია, რომ რუსეთს არ ულხინს, რუსეთმა განსაკუთრებით ვერაფრით ვერ ჩაანაცვლა სტარლინკის შესაძლებლობები. ეს ურთულებს საქმეს რუსებს და უადვილებს – უკრაინელებს.

ამ ტემპით, ხორცის შტურმებით: სამკაციანი და ხუთკაციანი ჯგუფებით შეჟონვა-შეღწევის ოპერაციებით რუსეთს შეუძლია კიდევ წელიწადზე მეტ ხანს აწარმოოს საომარი მოქმედებები, თუმცა საბოლოო ჯამში უჭირს.

მე ვერ ვხედავ ვერანაირ ტექნიკურ სიახლეს რუსეთის მხრიდან: საბრძოლო მანქანას, არტილერიას, თვითმფრინავს, რაც ბრძოლის ველზე გამოჩნდა. მეტიც, ის ვითომდა უახლესი შეიარაღების სისტემები, რომელთაც ამაყად აატარ-ჩაატარებდნენ აღლუმებზე, ბრძოლაში არასიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ. ამ დროს უკრაინაში პირიქით ხდება – მუდმივად ჩნდება ახალი სისტემები, როგორც ევროპიდან მიღებული, ისე მათ მიერ წარმოებული.

პუტინი მაინც ელის მოლაპარაკებებს, ჩემი აზრით. მას სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ რუსეთისთვის მომგებიანი პირობებით. პუტინი ოპორტუნისტია და ელოდება იმ პირობების ჩამოყალიბებას, რაც მისთვის ხელსაყრელია, თუმცა ჯერ ასეთი პირობები არ ჩანს.

დამეწყრილი სოფელ კურსების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

სოფელ კურსების მცხოვრებთა დასახმარებლად, სადაც მეწყერმა რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ფონდი შეიქმნა.

ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება.

სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა.

ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას.

თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არცერთი თეთრი არ დაიკარგება.

ფონდი შეიქმნა კურსების მცხოვრებლების მიერ და მიზნად ისახავს, ამ ურთულეს დროში ერთმანეთს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი და გაჭირვება,“ – ნათქვამია ფონდის შემქმნელთა მიმართვაში.

  • თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი – #GE04BG0000000611909718

მიმღები #ხატიაბეროძე

თიბისი ბანკი – #GE42TB7118736010100046

მიმღები #ხატიაბეროძე

ხოლო დოლარის და ევროს ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

Usd #GE05TB7090545161600005

Euro #GE75TB7090545161600006

მიმღები #ანიალფაიძე

#PayPal Khatia Berodze

@KBerodze

ამავე თემაზე:

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

რატომ გაურთულა აშშ-მ ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს

აშშ-მ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების მიღების პროცედურა გაართულა. ვიზის მიღების მსურველებს მიმდინარე წლის აპრილიდან აშშ-ის ხაზინაში 5-დან 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტი მოეთხოვებათ.

ამ შეზღუდვით საქართველო ისეთი ქვეყნების სიაში მოხვდა, როგორიცაა: ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, კუბა, გვინეა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ.

საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელზეც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა გაავრცელა.

უკავშირდება თუ არა ეს შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.

  • ბატონო დავით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან ერთადერთია, რომლის მოქალაქეებიც ვეღარ ისარგებლებენ გრძელვადიანი ვიზებით და მოკლევადიან ვიზაშიც ძალიან დიდი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. რამ განაპირობა აშშ-ს ეს გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ?

საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით სწორედ იმაზე, რომ რაც შეიძლება შეგვემსუბუქებინა თავის დროზე სავიზო რეჟიმი და საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ათწლიანი ვიზები გაიცემოდა. ის, რაც დღეს მივიღეთ, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

საერთოდ, ასეთი გადაწყვეტილებები კომპლექსურია. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ალბათ იმის ანალიზია, თუ რამდენი ადამიანი დარჩა აშშ-ში ან ვიზას გადააცილა. თუმცა ესეც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, ადამიანები ქვეყნიდან რომ გარბიან.

რთულია იპოვო ისეთი ოჯახი, სადაც ერთი წევრი მაინც არ არის ემიგრაციაში, რადგან აქ, ამ კორუმპირებულ სისტემაში უკვე შეუძლებელი ხდება ცხოვრება, სადაც ათეულობით ადამიანი ციხეშია გამოკეტილი მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვა სცადეს.

უამრავი ადამიანი იდევნება, ჯარიმდება წარმოუდგენელი თანხებით და ყველა ხედავს, რომ ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატია მყარდება, რომელიც უსპობს ადამიანებს შესაძლებლობას ნორმალურად იცხოვრონ, თორემ კარგი ცხოვრებისგან არავინ არ გარბის.

  • 2024 წელს, აშშ საქართველოს სთავაზობდა ვიზალიბერალიზაციას და თავისუფალ ეკონომიკურ ვაჭრობას იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებდა რუსულ კანონებს. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანას ეს სიკეთეც დააკარგვინა. კიდევ რითი შეიძლება დააზიანოს „ოცნებამ“ საქართველო?

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და გააფუჭა ურთიერთობები საქართველოს ყველა პარტნიორთან. როგორც საშინაო პოლიტიკით, ასევე თავისი საგარეო პოლიტიკით.

ნამდვილად აქვთ იმის ნიჭი, რომ მეგობარი მტრად აქციონ. საქართველო, რომელიც ერთ დროს ლიდერად ითვლებოდა რეგიონში, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ასევე მდგრადი ეკონომიკური განვითარებით და არა იმ ფსევდო ციფრების მანიპულაციით, რასაც დღეს ცდილობენ, რომ შემოგვასაღონ, ნაკლებად განვითარებადი და არადემოკრატიული ქვეყნების სიაში მოახვედრეს.

ამიტომ, ყველა კომპონენტმა თავისი გავლენა იქონია სავიზო პოლიტიკაზე.

აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმება და ხელის მოწერა ჩემ პერიოდში მოხდა, სულ ორი კვირის დასრულებული მქონდა ჩემი, როგორც ელჩის ვადა აშშ-ში და მახსოვს, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე. დემოკრატიის განმტკიცების შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო ვიზების შემდგომი გამარტივება და სავაჭრო ურთიერობის გაფართოება, თუმცა ეს პროცესიც დააზიანეს.

ასეთი საკითხები რომ მოგვარდეს, საქართველომ უნდა ანახოს პროგრესი, ინტერესი და აჩვენოს მზაობა თანამშრომლობის, მაგრამ საქართველოში დემოკრატია რომ განმტკიცდეს, ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო.

არ უნდა ძალადობდეს რეჟიმი ადამიანებზე, არ უნდა სცემდნენ და აწამებდნენ ხალხს და არ ჰყრიდნენ ციხეში საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გამო. ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია ერთმანეთთან.

„ქართულ ოცნებას“ კი დიდი ხანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ქვეყანა ასეთი ვითარებისკენ – გამოაცლის მეგობრებს, გამოაცლის პარტნიორებს და გაცილებით უფრო დაუცველს დატოვებს მისი პირდაპირი მტრის – რუსეთის წინაშე, რომელიც ერთადერთი მკაფიოდ გამოხატული საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ის არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაცვა ამ საფრთხისგან არიან სწორედ ჩვენი მეგობრები, რომელთა ჩამოშორებისთვის ყველაფერს აკეთებს „ოცნება“.

  • 10-15 ათასი დოლარი რომ ჰქონდეთ დეპოზიტზე, ასეთი ადამიანები ალბათ ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, რიგითი მოქალაქეებისთვის იხერგება ამერიკის გზა. თუმცა, ამავე დროს, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ჩინოვნიკებისთვის, რადგან მათ არ აქვთ ფულის პრობლემა. რამდენად გაიაზრებს ამას ის საზოგადოება, რომელიც „ომის“ შიშით, ჯერ კიდევ ინერტულ მდგომარეობაშია?

იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები აღარ წამოეგებიან „ოცნების“ პროპაგანდის კაუჭზე, რადგან ამ ვითარების შემქმნელი „ქართული ოცნებაა“, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია. ჩვენ კი მათგან განსხვავებული მომავალი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. სხვამ შეიძლება მხარი დაგვიჭიროს. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც სწირავენ თავიანთ თავს, ჯანმრთელობას, თავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი.

  • რამდენად რთული იქნება ამხელა დანაკარგების ფონზე, მივაღწიოთ იმ მიზანს, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია და დავიბრუნოთ დასავლეთის მხარდაჭერაც?

ძალიან ბევრი იქნება სამუშაო. თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას – დანგრეულის აშენებას წლები და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

დანგრევა ადვილია, ურთიერთობების გამოსწორებას კი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

  • როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა ამ საკითხზე უფრო მეტი მუშაობა თუნდაც ოპოზიციის მხრიდან. თუ შეეძლოთ მათ მეტი კომუნიკაცია ჰქონოდათ აშშ-სთან ვიზების საკითხზე?

არ ვიცი, იყო თუ არა კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ 50 ქვეყანას შორის ვართ, სადაც ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებთან ასეთი უკუსვლა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რადგან ის ცდილობს ურთიერთობის გაუარესებას.

თუმცა, თუ ფართო სურათზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა ვზარალდებით ყველაზე მეტად, რადგან „ოცნებამ“ ჩამოგვაშორა ყველა მეგობარი და პარტნიორი. ღია ტექსტებით ლანძღავენ, კრემლისტური პროპაგანდის გზავნილებით ათას რამეს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას, რაც მთლიანობაში ქვეყანას აზიანებს.

რომ გვქონდეს მომავალი, თავისუფლება, ბოლომდე უნდა დავიცვათ ეს ქვეყანა. სხვა არავინ დაიცავს ჩვენ მაგივრად და ეს ყველაფერი ჩვენი ხელით არის გასაკეთებელი.

„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – არმაზ ახვლედიანი „ოცნების უნიკალურ შანსზე“

„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – წერს არმაზ ახვლედიანი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი იმ უნიკალური შანსს განიხილავს, რაც შეიძლება გამოიყენოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად.

„ახლა, ამ საყოველთაო მწუხარების ჟამს, მკაფიოდ შეიგრძნობა დაღონებული ხალხის ჩუმი, დიდი სურვილი, ამჯერად მაინც გავითვალისწინოთ პატრიარქის მუდმივი ზრუნვის, მთავარი დარდისა და ზოგჯერ უთქმელადაც გასაგები მოწოდების არსი: ყველამ გადავდგათ საჭირო კეთილგონივრული ნაბიჯები სასიცოცხლოდ აუცილებელი ეროვნული თანხმობის მისაღწევად!

მმართველ პოლიტიკურ ძალას ეძლევა უნიკალური შანსი, წავიდეს რეალურ კომპრომისზე და დიდი თანხმობისა და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით საპყრობილებში მყოფნი, შეცვალოს ბოლოდროინდელი რეპრესიული კანონები.

ოპოზიციამ და პროტესტში მყოფმა საზოგადოებამ კი ასევე გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და ურთიერთპატივისცემით დაიწყოს ჯანსაღი დისკუსია ჩიხიდან სწრაფად გამოსვლის სხვა აუცილებელ, ორმხრივად კომპრომისულ ზომებზე.

აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს და რა დაგვაყენებდა ქვეყნის დამშვიდების, წარმატებისა და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ევროპულ, ერთადერთ სწორ, გზაზე!“ – წერს არმაზ ახვლედიანი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს გარდაიცვალა.

კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

ქობულეთის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გახდება: პროექტის დეტალები და უსაფრთხოების სტატისტიკა

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში, სააგენტომ პროექტის განხილვა 2026 წლის 20 თებერვალს შეაჩერა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა.

დეპარტამენტმა დაზუსტებული ინფორმაცია სააგენტოს 2026 წლის 17 მარტს წარუდგინა. ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, სააგენტო, დიდი ალბათობით, პროექტის განხილვას განაახლებს.

პროექტის დეტალები და ზემოქმედება

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს – მრუდების (მოხვევითი რადიუსების) გაუმჯობესების მიზნით. საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

შერჩეული ვარიანტის მიხედვით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა:

  • 581 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 10 031 191 კვ.მ-ია;
  • აქედან 193 ნაკვეთი კერძო საკუთრებაა, ჯამური ფართობით – 2 491 944 კვ.მ.

პროექტის თანახმად, ზარალის ანაზღაურდება და კომპენსაციები გაიცემა სრული ღირებულებით, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

საერთაშორისო სტანდარტები და სოციალური ასპექტები

„მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმა [LARP] მომზადებული უნდა იყოს აზიის განვითარების ბანკის [ADB] სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად. LARP-ის მომზადება ამჟამად მიმდინარეობს და გათვალისწინებულია კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან,“ – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში.

უწყების განმარტებით, ვინაიდან სამუშაოები უკვე არსებულ ინფრასტრუქტურულ დერეფანში მიმდინარეობს, პროექტი გავლენას არ მოახდენს ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციულ კულტურულ პრაქტიკებსა თუ სივრცეებზე.

ასევე, „გზშ-ს პროცედურის ფარგლებში, დადებითად გადაწყდა სოფელ ოჩხამურში ახალი საგზაო კვანძის მოწყობის საკითხი. ეს გადაწყვეტა ადგილობრივმა მოსახლეობამაც მოიწონა, რადგან ის გააუმჯობესებს კავშირს სოფლის ორ მხარეს შორის და გაამარტივებს წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძრისკენ გადაადგილებას“.

რატომ არ აშენდა 4 ზოლი თავიდანვე?

ქობულეთის შემოვლითი გზა /ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დეპარტამენტის მისამართით ერთ-ერთი შენიშვნა ეხებოდა იმას, თუ რატომ არ აშენდა გზა თავიდანვე 4-ზოლიან მაგისტრალად. გზების დეპარტამენტის პასუხის მიხედვით, არსებული გზა თავიდანვე გათვლილი იყო სამომავლო გაფართოებაზე:

„არსებული გზის პარამეტრები – გზის ვაკისი, გზაგამტარები და სხვა კონსტრუქციები – დღეს ისეა მოწყობილი, რომ მოდერნიზაციის პროცესში საჭირო არ გახდეს უხეში ჩარევა ან ნაგებობების სრული დემონტაჟი. რაც შეეხება ძველ დოკუმენტაციას, იგი საჯაროდ ხელმისაწვდომია.“

ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

უსაფრთხოების სტატისტიკა და არსებული მდგომარეობა

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

ამჯერად კი ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო არ არის. ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი] – ორზოლიანია და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2026 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 106 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 37 და დაშავდა სულ ცოტა 222 ადამიანი [მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანები]. ამ გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ასევე დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერიც.

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

რას ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპარსეთის ყურეში ჩარჩენილ ქართველ მეზღვაურებზე

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემ ORINOCCO-ს გემთმფლობელ კომპანიასთან,“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი 5 ქართველი მეზღვაურის შესახებ.

მეზღვაურებმა დახმარების მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 მარტს მიმართეს.

მეზღვაურებმა დახმარებისთვის მიმართეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც.

მეზღვაურები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994] არიან სპარსეთის ყურეში, რომელიც საომარი ზონის კატეგორიაში შედის.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე გუშინ, 19 მარტს დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.

სააგენტოსგან პასუხი „ბათუმელებმა“ დღეს, 20 მარტს მიიღო:

„გაცნობებთ, რომ მეზღვაურებმა გამოთქვეს სურვილი დატოვონ გემი და გაემგზავრონ სამშობლოში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემ ORINOCCO-ს გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის ინფორმაციით აუცილებელია, განხორციელდეს ქართველი მეზღვაურების ჩანაცვლება სხვა მეზღვაურებით, თუმცა რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია გავლენას ახდენს პორტის ნებართვებზე, მგზავრობასა და ლოჯისტიკურ საკითხებზე.

შეზღუდვების მიუხედავად, საკრუინგო კომპანია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ზემოაღნიშნული ეკიპაჟის შეცვლის ორგანიზებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ ახერხებს უშუალოდ მეზღვაურებთან, ასევე საკრუინგო კომპანიასთან დაკავშირებას.

ადვოკატი ლელი ბჟალავა ამბობს, რომ ის დღეს დილით ესაუბრა მეზღვაურებს. ადვოკატის თქმით, მეზღვაურებს დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

ამავე თემაზე:

5 ქართველი მეზღვაური სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი და შველას ითხოვს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია მეორეს წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას

კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეს, კვირას, 22 მარტს, წირვას მოსაყდრე შიო [მუჯირი] მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

სამების ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 9 საათზე დაიწყება.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამებაში დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის მივა და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

„კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად. შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლები, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა უწმინდესის შესახებ, როგორც არის ხოლმე პროტოკოლით გათვალისწინებული და შემდეგ გადავასვენებთ სიონში“, – განაცხადა დღეს, 20 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას არქიმანდრიტმა იოვანემ [მჭედლიშვილი].

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია მეორეს წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას

18 მარტს „ტაბულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ჰქონდა სურვილი, გასძღოლოდა წირვას, თუმცა მხოლოდ არალიტურგიკული მსახურება შესთავაზეს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი რუსული დელეგაციებისთვის პრობლემაა, რადგან მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად, წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება.

იოვანე მჭედლიშვილმა თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გამორიცხა, მსოფლიო პატრიარქისთვის უარი ეთქვათ.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის დავალებით, ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბელარუსის ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ვენიამინი (ტუპეკო) წარმოადგენს.

დღესვე სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა თქვა, რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების ტაძარში შესვლა მხოლოდ საშვებით იქნება დაშვებული.

„ფიზიკურად ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია – სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი“, –  განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანემ.

მისივე ინფორმაციით მედიასაც მხოლოდ ტაძრის გარეთ მუშაობის საშუალება ექნება.

„ზუსტად ვერ გეტყვით, რომელზე იქნება გადასვენება, რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება… დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს გარდაიცვალა.

ბათუმში ქართველებზე მეტი ბინა უცხოელებმა იყიდეს – Colliers Georgia-ს თებერვლის მონაცემები

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა. მათი წილი მეორეულ ბაზარზე 50%-ია.

გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა.

2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1 315 ერთეულია, ბაზრის ზომა კი 33.1%-ით 82 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გაყიდვების რაოდენობაში უცხოელი მოქალაქეების წილმა გადაუსწრო, ქართველი მოქალაქეების წილს, როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე.

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 334 აშშ დოლარია.

პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 23.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Colliers Georgia წერს ასევე, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა 2025 წლის თებერვალთან შედარებით 22.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი 12.8%-ით შემცირდა.

ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად [24.4%], ისე მეორეულ [21.4%] ბაზრებზე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მარტის 21 საათიდან 21 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22 და 23 მარტს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ბაირამის ლოცვა ბათუმში და მუფთის სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალების გამო

მუსლიმები დღეს, 20 მარტს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ.

მორწმუნეები დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. მლოცველთა სიმრავლის გამო ბაირამის ლოცვაზე მისულთა ნაწილმა ღია ცის ქვეშ ილოცა.

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ლოცვის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათაშორისი ურთიერთობის პატივისცემის, მშვიდობის, საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცების საქმეში,“ – თქვა ადამ შანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რამადან ბაირამს წინ უძღვის ერთთვიანი მძიმე მარხვა. მორწმუნეები ერთი თვის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებს და წყალს არ იღებენ.

მძიმე მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ.

ადამ შანთაძე

ბაირამის ლოცვა აღესრულა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ახალ მეჩეთშიც.

წლებია ბათუმის მერია ამ ტერიტორიაზე ქართველ მუსლიმებს მეჩეთის აშენების ნებართვას არ აძლევს. ამის გამო მლოცველებს ლოცვის შესრულება ხის დროებით სალოცავში უწევთ.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 285 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 789 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 254 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 38 569 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 691 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 333 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 187 204 ერთეული [+1 480]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 84 374 ერთეული [+245]
  • სპეცტექნიკა – 4 096 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ 30 ბრალდებულს ბათუმში პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 19 მარტს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ სოფელში – შარაბიძეებში დაკავებულ 30 პირი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ ბრალდებულს, რომელიც საქართველოში არაა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ქალ ბრალდებულს კი, მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა – 7 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ, ქალი ბრალდებული გათავისუფლდება.

ამ საქმეზე სულ 77 ბრალდებულია. სხვა დაკავებულების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. ბრალდებულებს გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობას, ან „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავება.

საუბარია 17 მარტს მომხდარ შემთხვევაზე –  სპეცოპერაციის შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. კიდევ 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სპეციპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – ამბობს „ქართული ოცნების“ შს მინისტრი გელა გელაძე.

15 ბრალდებულის საქმის განხილვა დღეს, 19 მარტს, დაახლოებით დღის 2 საათზე დაიწყო მოსამართლემ. მოსამართლის შემოსვლამდე ბადრაგებმა 11 ბრალდებული გისოსებით შემოსაზღვრულ კაბინაში მოათავსეს, 4 ბრალდებული კი, ადვოკატების ზურგს უკან დასვეს სპეციალურად მათთვის განლაგებულ სკამებზე პოლიციელებს შორის.

პროკურორმა ლაშა ლოლუამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ გირაოთი ბრალდებულების გათავისუფლება საფრთხეა, რადგან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე არსებობს.

„აქ არიან ერთმანეთზე დაპირისპირებული მხარეებიც…“ – დასძინა პროკურორმა ლაშა ლოლუამ და ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებების განადგურების რისკზე. მან ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს.

„ენრიკე ტაქსისტია და ამით ირჩენს თავს. ბიჭებო, თქვენ მიგმართავთ: შეიძლება, ტაქსისტი ქურდული სამყაროს წევრი იყოს?“ – გისოსებში გამომწყვდეულ, ფეხზე მდგომ ბრალდებულებს მიმართა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ და ვიდრე ორი ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა იქვე 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, იგი მოსამართლემ შეაჩერა:

„მესაუბრებით მხოლოდ მე“ – თქვა მოსამართლემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქურდული სამყაროს წევრისთვის თანხის 500 ლარის ჩარიცხვას ედავებიან, სინამდვილეში კი მას რეალურად ჰქონდა ვალი გადასახდელი.

კიდევ ერთმა ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ, ბრალდებულების კოლექტიური გასამართლება გააპროტესტა. „კოლექტიური მართლმსაჯულება არ იძლევა კვალიფიციური დაცვის საშუალებას“, – თქვა მან.

სხვა ადვოკატებისგან განსხვავებით ტრიბუნასთან მისვლა არჩია ადვოკატმა პაატა შავაძემ:

„მოსალოდნელ, მკაცრ სასჯელზე მითითება პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს პრაქტიკასთან“, – თქვა მან და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბრალდებულ რეზო მ.-ს სპეცოპერაციის დროს გაქცევა არ უცდია.

ადვოკატმა სიმონ ასათიანმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ ფიგურირებს სატელეფონო ჩანაწერში, კონკრეტული ფაქტი არ აქვს მითითებული პროკურატურას და გაუგებარია, რას ედავებიან ბრალდებულს.

„ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა და შეწვა არ იქნება სწორი,“ – დასძინა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

„ბრალის შესახებ დადგენილება დასაბუთებული ვარაუდის სტადარტსაც ვერ აკმაყოფილებს“ – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა ქეთი ადამიამ და იქვე დასძინა, რომ პროკურატურა მხოლოდ შაბლონური დასაბუთებით შემოიფარგლა.

„ის, რომ ვიღაც ვიღაცას იცნობს, ეს არ შეიძლება გახდეს პატიმრობის საფუძველი“, – აღნიშნა ადვოკატმა ქეთი ადამიამ.

„ვერ ვნახე მტკიცებულება, რომ ბრალდებულმა ვინმეს მიმართა საერთოდ, არც კრებსია, არც ჩანაწერ ასეთი… მხოლოდ და მხოლოდ პატაკი და პროკურორის მოსაზრება არაა საკმარისი ბრალის წარსადგენად“, – პროკურატურის ვერსია გააპროტესტა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემაც.

ბრალდებულებს შორის პროცესზე მხოლოდ მირზა მ.-მ გამოხატა პოზიცია: „ჩემი არდაკავება რას შეუშლის ხელს? მე ვეკითხები ბატონ პროკურორს, 35 წლის ასაკში პირველად ვარ აქ, რაღაც პასუხი ხომ უნდა მივიღო?“

ამ ბრალდებულის თქმით, იგი ტურისტული სააგენტოს თანამშრომელია.

„ირიბი მტკიცებულება თუ არის მაინც?“ – ტრიბუნასთან მისვლა არჩია ადვოკატმა ადილარ წირღვავამაც.

შემდეგ კი, პროკურორებს შეკითხვით მიმართა მოსამართლემ. მან ადვოკატების ნათქვამი შეაჯერა: ბრალდება ძირითადად პატაკებს ეყრდნობა და არა მტკიცებულებებსო.

„შეეძლოთ წაეკითხათ კრებსები“, – ადვოკატებს გადახედა პტოკურორმა თემურ გურამიშვილმა.

„ეტყობა, დროის სიმცირის გამო ვერ მიასწრეს საქმის მასალების გაცნობა“, – მოსამართლეს მოკლედ უპასუხა პროკურორმა ლაშა ლოლუამაც.

„ჩვენ, ადვოკატები რა სტრატეგიას ავირჩევთ, ამის მიუხედავად თქვენ ხართ ვალდებული, სასამართლოს განუმარტოთ, რაში ედებათ ბრალი ამ ადამიანებს“, – პროკურორებს გაუბრაზდა ადვოკატი ემზარ პაქსაძე.

იგივე ბრალდებულმა მირზა მ.-მ ითხოვა აქ დამატება:

„სამეზობლოში ხომ იცნობთ ბიჭებს, გოგოებს, შეიძლება, იქ რაღაც გაუგებრობა მოხდეს, შეიძლება, ამის გამო ცხოვრება დამინგრიო?… სულ არაა სასაცილო, თანაც პატრიარქია დაღუპული“, – პროკურორებს მიმართა ბრალდებულმა და გისოსებიდან ხელიც გამოყო.

„აქ თქვენობით მიმართვის ფორმა არსებობს“ – ბრალდებული ისევ მოსამართლემ შეაჩერა.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – ესეც გეკა გელაძემ განაცხადა.

ამ თემაზე:

ძმები წულუკიძეები დააკავეს

 

 

5 ქართველი მეზღვაური სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი და შველას ითხოვს

სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი ხუთი ქართველი მეზღვაური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

ქართველი მეზღვაურების თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

„ვიმყოფებით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994], რომლის ამჟამინდელი მდებარეობაა ერაყი, პორტი KHOR AL ZUBAIR…

ვიმყოფებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში – არ გვექცევა შესაბამისი ყურადღება, ფაქტობრივად ვართ იზოლაციაში/ჩაკეტილ მდგომარეობაში და გაუსაძლის პირობებში.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ აღნიშნულ საკითხში, უზრუნველყოთ კონსულური ჩარევა, ჩვენი უფლებების დაცვა და უსაფრთხო, მშვიდობიანი რეპატრიაცია ერაყის ტერიტორიიდან. აღნიშნული ვითარება საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას, ვინაიდან შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს,“ – აღნიშნულია მეზღვაურების მიერ  საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.

მეზღვაურებმა სამინისტროს გუშინ, 18 მარტს მიმართეს.

მეზღვაურები საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ადვოკატ ლელი ბჟალავას დახმარებით უკავშირდებიან.

ადვოკატი ლელი ბჟალავა ამბობს, რომ წერილის გაგზავნის შემდეგ, მას საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი არ მიუღია.

ადვოკატის თქმით, დღეს, 19 მარტს, ქართველ მეზღვაურებს სოციალური ქსელითაც ვეღარ უკავშირდება.

„ამ პორტში არიან 21 დღეა, ირანის ომის დაწყების დროს ამ პორტში გემი დაიბომბა… ამის შემდეგ ვეღარ გამოდიან პორტიდან, რადგან ეს საფრთხის შემცველია,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

Vesselfinder.com -ის მონაცემებით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ORINOCCO დღეს,  19 მარტს, სპარსეთის ყურეში იმყოფება.

სპარსეთის ყურე საომარი ზონის კატეგორიაში შედის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრს.

სააგენტოში გვიპასუხეს, რომ „ოფიციალური წერილით“ უნდა მივმართოთ. სააგენტოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე კითხვები წერილობით მივაწოდეთ, თუმცა 19 მარტის დღის ბოლომდე პასუხი არ მიგვიღია.

ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ მეზღვაურებს და როდის, არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ მოგვაწოდეს.

ადვოკატმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მეზღვაურთა პრობლემების შესახებ აცნობა სახალხო დამცველის აპარატსაც.

„გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადება [სველი ხელმოწერა, ან ელექტრონული ხელმოწერა] კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“, – ამ შინაარსის პასუხი მომწერეს ელექტრონულ ფოსტაზე სახალხო დამცველის აპარატისაგან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლელი ბჟალავამ.

თუკი სამინისტრო ან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს, კომენტარს აქვე შემოგთავაზებთ.

ბათუმის მერია უფასო ტრანსპორტს სთავაზობს მათ, ვისაც პატრიარქის დაკრძალვაზე წასვლა სურს

21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფასო ტრანსპორტს სთავაზობს მათ, ვისაც პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრება სურს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას.

  • 21 მარტი – გამგზავრება 09:00 საათი
  •  22 მარტი – გამგზავრება 05:00 საათი

შეკრების ადგილი: ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის – „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე ტერიტორია.

გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:  577 302 644; 0422 270119,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

21-22 მარტს მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება – საქართველოს რკინიგზა

ოჯახმა სახლში იპოვა ტყვიის დეტალი – სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე გამოძიება დაიწყო 

„გასროლას ჰქონდა ადგილი… გამოძიება დაწყებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე.

17 მარტს ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად 72 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ბრალდებულის დედა – თამარ მიქელაძე დაშავდა. ქალი ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და იმავე დღეს გაწერეს, თუმცა როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მდგომარეობა დამძიმდა და დაშავებული ქალი დღეს, 19 მარტს, „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს.

შსს-მ და პროკურატურამ 17 მარტს არაფერი თქვეს გამოძიების დაწყების შესახებ. სპეცოპერაციის ჩატარების დღეს ბათუმში მყოფმა შს მინისტრმა, გელა გელაძემ გამოძიების და ექსპერტიზის გარეშე პირდაპირ განაცხადა, რომ ქალი არ დაუჭრიათ: ,,საპოლიციო ღონისძიების დროს მოქმედებაზე უნდა გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განცხადება და ქალი გაწერილია სახლში“, – განაცხადა 17 მარტს გელა გელაძემ.

„ბათუმელებს“ დაშავებულის ოჯახის წევრებმა 17 მარტსვე აცნობეს, რომ ოთახში, სადაც გასროლა მოხდა, ტყვიის ნაწილი იპოვეს, ასევე, ოთახი დაათვალიერეს და ნატყვიარიც აღმოაჩინეს იატაკზე.

თამარ მიქელაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ სპეცოპერაციის ჩატარების ადგილზე ეს ტყვია იპოვეს
სავარაუდოდ ნატყვიარის კვალი თამარ მიქელაძის სახლში

დაშავებული ქალის, თამარ მიქელაძის ოჯახის წევრების თქმით, მათთან გამომძიებელი ამ შემთხვევიდან მეორე დღეს, 18 მარტს მივიდა და დაშავებული გამოჰკითხა. ასევე, ქალს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

გუშინ, 18 მარტს, შსს-მ ისევ ვერ გვითხრა, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ შემთხვევაზე.

დღეს, 19 მარტს სპეცოპერაციით დაკავებული ბრალდებულების სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლაშა ლოლუამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გასროლა ნამდვილად მოხდა და გამოძიება დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ პროკურორიც შს მინისტრის მსგავსად გამორიცხავს იმას, რომ ჭრილობა შესაძლოა უკავშირდებოდეს გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან.

„ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ასევე, დავადასტურებ და ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ თამარ მიქელაძეს არ აქვს მიყენებული დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, ასევე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით დასტურდება, მას აღენიშნება მხოლოდ ზედაპირული ნაკაწრები, რაც არ არის მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად,“ – გვითხრა ლაშა ლოლუამ.

პროკურორი ლაშა ლოლუა

პროკურორმა ვერ გვითხრა, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავებაზე. მისი თქმით, იგი ამ საქმის ზედამხედველი პროკურორი არ არის და არ იცის, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა.

მაშინ რის საფუძველზეა დარწმუნებული პროკურორი, რომ ქალს ფეხი გასროლის შედეგად არ დაშავებია? – პროკურორმა ამ კითხვაზე პასუხის დროს აღნიშნა, რომ „გასროლას ჰქონდა ადგილი“.

„გასროლას ჰქონდა ადგილი, თუმცა მიყენებული დაზიანება არ იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიღებული დაზიანება. ეს არის ზედაპირული დაზიანება, სავარაუდოდ შუშის ნამსხვრევების შედეგად მიყენებული… მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ.

პროკურორმა ასევე ვერ გვითხრა, რა ვითარებაში და რის გამო დასჭირდა სპეცრაზმელს გასროლა.

„ერთი გასროლა იყო,“ – კიდევ ეს დასძინა პროკურორმა.

„საკვების მიღების დროს მას რაღაც გადასცდა“ – მიტროპოლიტი დანიელი პატრიარქ ილია მეორეზე

„საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა,“ – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა [დათუაშვილი] კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საავადმყოფოში მოხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

17 მარტს, დილით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, კუჭიდან ძლიერი სისხლდენით კლინიკაში იყო მოთავსებული.

ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას. 17 მარტის ღამეს, 93 წლის ასაკში, კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა.

18 მარტს სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2-ზე“ სპეციალური გამოშვება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

სპეცეთერში მიწვეული იყო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი [დათუაშვილი]. მეუფე დანიელმა ისაუბრა, თუ რა გარემოებების შედეგად მოხვდა პატრიარქი საავადმყოფოში.

„ეს დიდი საიდუმლოებაა, რატომ დაუშვა უფალმა პატრიარქის გასვლა [იგულისხმება გარდაცვალება] მაინცადამაინც დღეს, ამას მინდა დიდი ყურადღება მივაქციოთ, დიდ მარხვაში და მაინცადამაინც წელს.

ჩვენ ძალიან ვემზადებოდით, რომ პატრიარქის 50 წელი აღგვენიშნა პატრიარქობის. და მინდა გითხრათ, ექიმები ამბობდნენ, რომ მას შეუძლია რამოდენიმე წელი იცოცხლოს, სუსტად არის, მას აქვს რაღაც ქრონიკული სნეულებები, მაგრამ იგი სტაბილური იყო, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი აბსოლუტურად მოქმედი იყო.

არ შეეძლო იმ ფიზიკური აქტივობის გამოვლენა, მაგრამ ის არსებობდა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი „ჰო“ და „არა“. ზოგჯერ მივდიოდით, შეიძლება არაფერი არ ეთქვა, მაგრამ რაღაც სავსე მოვდიოდით.

რაღაც შემთხვევა მოხდა, პატრიარქის ეს გაუარესება ჯანმრთელობის, შემთხვევის ამბავია, მაგრამ ეს უფალმა დაუშვა.

საკვების მიღების დროს მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, მისი მდგომარეობა, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესმა გამოიწვია წყლულიდან სისხლის დენა, რაც გვიან აღმოჩნდა, მერე ამის ოპერაცია უკვე შეუძლებელი იყო, მისი გადარჩენა.

მოკლედ ეს მოხდა უცებ, წამის ყოფით,“ – თქვა მიტროპოლიტმა დანიელმა.

„საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა“ – მიტროპოლიტი დანიელი პატრიარქ ილია მეორეზე

პატრიარქის შესახებ ისაუბრა ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც [ფაჩუაშვილი].

„მე დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი. კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა. ოღონდ მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა, რატომ გაიხსნა ასე და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა. მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი… რა მოხდა?! არ ვიცი.

[სისხლდენის დაწყების დროს] საპატრიარქოში იყო მაშინ… ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეგ ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ. პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა, ის, რომ ის არსებობდა და ის, რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა, ეს ყველანაირ ეჭვებს და კითხვებს ფარავს ეს ამბავი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ჯერ კიდევ არ ვიცით, ორ-სამ დღეში რა მოხდება ნახავთ“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის კომენტარი ტვ პირველმა გაავრცელა.

გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი – ინტერვიუ თეოლოგთან

Adjarabet Arena – ყველაფერი სპორტის შესახებ ერთ სივრცეში

სპორტი გულშემატკივრებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ თამაში ან გართობის საშუალება. სპორტი არის ზღვა ემოცია, ადრენალინი და ცხოვრების წესი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აერთიანებს. ყველაფერი სტადიონზე არ იწყება და არც მთავრდება. ერთგული მაყურებლისთვის ეს მუდმივი ინტერესის საგანია, ყოველდღიურად თვალს ადევნებს საყვარელი სპორტის სახეობის გარშემო სიახლეებს ტრანსფერებზე, რეიტინგებსა და ანგარიშებზე, სპორტსმენების მოედანს მიღმა ცხოვრებაზე. 

Adjarabet Arena-ს პლატფორმა შეიქმნა იმისთვის, რომ გულშემატკივრებმა მარტივად შეძლონ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. რომელი მიმდინარეობის მოყვარულიც არ უნდა იყო, შენთვის საინტერესო ინფორმაციას აქ აუცილებლად იპოვი, რადგან პლატფორმა სპორტის ყველა სახეობას აერთიანებს. Adjarabet Arena-ზე დაგხვდება სპორტული სიახლეები, ექსკლუზიური ბლოგები, ცნობილი ავტორების ანალიტიკური სტატიები, სპორტული თემატიკის სახალისო ქვიზები, მნიშვნელოვანი მომენტების მოკლე ვიდეოები.

ერთი პლატფორმა სპორტის ყველა სახეობისთვის

Adjarabet Arena არ არის ორიენტირებული სპორტის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანმა დაიკმაყოფილოს საკუთარი ცნობისმოყვარეობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სპორტის მოყვარულების ინტერესები, როგორც წესი, მრავალფეროვანია და მხოლოდ ერთი სახეობით არ შემოიფარგლება, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რათა ყველა საჭირო ინფორმაციას სწრაფად და მარტივად, ერთ სივრცეში გაეცნო. დამატებით ინფორმაციის მოსაძიებლად საიტის დატოვება და ახალ გვერდზე გადასვლა არ მოგიწევს. 

Adjarabet Arena-ს საიტზე დაგხვდება:

  • ფეხბურთთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების ანალიზი
  • საკალათბურთო სიახლეები
  • რაგბი
  • ჩოგბურთი
  • ფორმულა 1
  • UFC

პლატფორმაზე თავმოყრილია ინფორმაცია ტრანსფერებზე, გუნდში ცვლილებებსა და ტურნირებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც მსოფლიო მოვლენებს, ისე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემო სიახლეებს.

Adjarabet Arena გთავაზობს განახლებად ინფორმაციას – ცხრილს/კალენდარს ევროპის ჩემპიონატებზე: 

  • ბუნდესლიგა და ლიგა 1
  • პრემირ ლიგა 
  • სერია ა და ლა ლიგა 

Adjarabet Arena – განტვირთვის საშუალება სპორტის მოყვარულებისთვის 

Adjarabet Arena-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ინტერაქციულობაა. თუ თავისუფალ დროს საკუთარი მეხსიერების გამოცდა გიყვარს, სპეციალურად შერჩეული სპორტული ქვიზები ამის საუკეთესო საშუალებაა. სეზონური ჩემპიონატების წინ პლატფორმა გთავაზობს რელევანტურ ტესტებსა და ანალიტიკურ სტატიებს, რაც მოახლოებულ მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მომენტების მოკლე ვიდეოები (Highlights) დაგეხმარება, თვალი ადევნო ყველაფერ იმას, რისი ნახვაც ლაივ რეჟიმში ვერ მოასწარი ან განმეორებით კიდევ ერთხელ განიცადო ამაღელვებელი მომენტები.

შეჯამება: რატომ Adjarabet Arena

თუ გსურს, იყო მუდმივად საქმის კურსში, იცოდე რომელი თამაში, რა ანგარიშით დასრულდა, გაეცნო წინასწარ პროგნოზებსა და ექსკლუზიურ კონტენტს, Adjarabet Arena შენს ინტერესებზე მორგებული სივრცეა. უგულშემატკივრე საყვარელ გუნდს და გახდი საერთო ზეიმის ნაწილი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შენს ინტერესებს იზიარებს.

ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი – ინტერვიუ თეოლოგთან

„თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

მისი აზრით, მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს მოლოდინი, რომ პროევროპული ორიენტაციის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის შემდეგი: ვინ გახდება პატრიარქი და რა ტიპის პოლიტიკურ პოზიციას დაიჭერს ეკლესია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე?

ფაქტია, რომ მიმდინარეობს საქართველოს  რუსიფიკაციის მცდელობა, როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად…

ისეა, როგორც აზარტულ თამაშებში: შეიძლება, წინასწარ განსაზღვრო, ვინ არის ძლიერ პოზიციაზე, მაგრამ საბოლოო შედეგის წინასწარ გამოთვლა ერთი-ერთში შეუძლებელია.

მეუფე ზენონი მიხვდა, რა შეიძლება გათამაშდეს… ის წინასწარვე ცდილობს, არ ჩაერიოს ამ საკითხში ხელისუფლება, თუმცა ეს გარდაუვალი იქნება: მეუფე შიოს ერთ-ერთი მთავარი რესურსი გახლავთ სწორედ მთავრობის მხარდაჭერა.

ჩვენ, ქრისტიანების ნაწილს, კვლავაც გვჯერა სულიწმიდის არსებობის. რაღაც მომენტში ადამიანების გონებას მაინც საღმრთო სიბრძნე გაანათებს და სწორ არჩევანს გააკეთებენ სინოდის წევრები,“ – გვიყვება მირიან გამრეკელაშვილი.

„ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო მირიან, პატრიარქ ილია მეორეს კვირას დაკრძალავენ. დაახლოებით ორ თვეში უნდა აირჩიონ ახალი პატრიარქი. იკვეთება თუ არა ამ ეტაპზე, ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი?

მოცემულ მომენტში ხელაღებით ამ თემაზე საუბარი რთულია, თუმცა, მეორე მხრივ, არის ტენდენცია, რომ აშკარად სურთ მეუფე შიოს მომავალი პატრიარქობა, ადამიანისა, რომელიც უკვე ასრულებს მოსაყდრის მოვალეობას. სინოდის ნაწილი ამას არ ეთანხმება და ეს პოზიცია აშკარად გააჟღერა მეუფე ზენონმა.

ეს უთანხმოება გამომდინარეობს იქიდან, რომ მეუფე შიოს ერთ-ერთი მთავარი რესურსი გახლავთ მთავრობის მხარდაჭერა.

მოდით, ვისაუბროთ ცოტა კულუარულადაც: რა აქვს ხელთ მეუფე შიოს? მეუფე შიოს ხელთ აქვს, პირველ რიგში, მოსაყდრეობა, ანუ პატრიარქმა ის აირჩია დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, საკუთარი ნების გამომხატველად და მასზე მოახდინა საკუთარი ფუნქციების დელეგირება. პატრიარქმა პირადად მას გამოუცხადა დიდი ნდობა.

მირიან გამრეკელაშვილი

მეორე: მეუფე შიო ამ პოზიციაზე მოსვლისთანავე ეცადა დაახლოებოდა საქართველოს მოქმედ მთავრობას და პოლიტიკურ ძალას, რაც გამოუვიდა კიდეც. მან პრინციპში გაუცვალა მთავრობას ეკლესიის სუვერენიტეტი. ეს არის ერთგვარი გარიგება და მისი მეორე რესურსი.

თუმცა ამის მიღმა მან, სამწუხაროდ, ვერ მოიპოვა საკუთარ კოლეგებში პირადი მხარდაჭერა. ის დიდი ნიჭი, რაც აწ განსვენებულ პატრიარქს ჰქონდა – ადამიანების, ასე ვთქვათ, გულების მოგების ნიჭი, მათი პატივისცემის მოპოვება და სიყვარული, მოსაყდრე შიოს, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა. ეკლესიას ერთგვარი პრივილეგია ჰქონდა – ჰქონოდა განსხვავებული აზრი. მეუფე შიოს ეპოქაში კრიტიკული აზრის გამოხატვას ეკლესია ძალიან ერიდებოდა.

მოსაყდრე შიო აღმოჩნდა ძალიან მიტმასნილი მთავრობასთან და რუსეთთან. პრინციპში მოსაყდრე შიო რუსეთში გაიზარდა, იქ ფორმირდა და ის სააზროვნო და კულტურული სივრცე მიაჩნია მას ძალიან მშობლიურად.

  • გარდა იმისა, რომ მეუფე შიომ მოსკოვში მიიღო სასულიერო განათლება და იქ მსახურობდა, რა გარემოებებმა აჩვენა რუსეთთან ახლო კავშირი? 

პირადად ჩემთვის მთავარი საზომი ის არ ყოფილა, რომ, მაგალითად, იქ სწავლობდა და მოღვაწეობდა. რუსეთთან კავშირის კუთხით მე თვალს ვადევნებდი მის ქადაგებებს, მის ინტერვიუებს, სადაც შეიძლება ადამიანს გაეგო, რა ტიპის აზროვნებისაა ეს იერარქი. იგი ხშირად პირდაპირ იმეორებდა რუსი მოაზროვნეებისა თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსების მოსაზრებებს – უბრალოდ აკოპირებდა და იმეორებდა ყოველგვარი კრიტიკული გააზრების გარეშე.

მოსაყდრე შიო ღიად ულოცავდა დაბადების დღეს და სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულს მოსკოვის საეკლესიო იერარქებს. მის ქადაგებებში აშკარად ჩანდა სწორედ ის პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფია, რაც ესოდენ პოპულარულია დღევანდელ რუსეთში.

მოსაყდრე შიოს უშუალო მონაწილეობის ხარჯზე კიდევ უფრო მკაფიო და დესტრუქციული როლი მოიგო ეკლესიამ სექსუალური უმცირესობების დევნისა და შევიწროების საქმეში. ის პირადად მივიდა აქციაზე, სადაც ეკლესიის მიერ მობილიზებულმა ძალებმა და მათ მიერ მოყვანილმა ხალხმა დაარბია რამდენიმე ორგანიზაციის ოფისი, სცემეს ადამიანებს, შეურაცხყვეს… მას არათუ არაფერი გაუკეთებია ამ ძალადობის საწინააღმდეგოდ, არამედ აქეზებდა კიდეც ამ სასულიერო რესურსს, რომ ეს საჭიროა და ჩვენ ვიცავთ თითქოს რაღაც მორალურ საყრდენებს, ღირსებას და ასე შემდეგ.

როდესაც ადამიანი ამ პოზიციაზეა, ის არ არის მხოლოდ ჰეტეროსექსუალების პატრიარქი, მან უნდა გაითვალისწინოს ყველა ადამიანის და ყველა ფენის ადამიანის ინტერესები. ამ შემთხვევაში მან უბრალოდ აიღო რუსული ეთნონარატივი, რომ დარბევა განსხვავებული ადამიანების და მათი დევნა-შევიწროება არის ჩვეულებრივი, კარგი რამე.

  • მოსაყდრე შიოს პარალელურად კიდევ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქობის კანდიდატი? 

უნდა შედგეს სინოდის ორი სხდომა. პირველი სხდომის ფარგლებში უნდა გამოიკვეთოს სამი კანდიდატი.

  • შემდეგ გაფართოებულ სხდომაზე საერო წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც სინოდი იღებს? 

გაფართოებულ სხდომა სამწუხაროდ მოქმედი რეგულაციით არ არსებობს. საერო წევრები მონაწილეობენ, მაგრამ მათ ხმის მიცემის უფლება არა აქვთ.

უნდა აღინიშნოს ერთი, ძალიან საინტერესო ამბავი: თავის დროზე პატრიარქი ილია მეორე არჩეულ იქნა სწორედ გაფართოებული კრების მიერ, სადაც მონაწილეობდნენ საერო პირები, მათ შორის, ქალები. შემდეგ, 1995 წელს, ეს მოდელი გადააკეთეს. გადაკეთების შემდეგ უკვე საერო პირები აღარ მონაწილეობენ ხმის მიცემის უფლებით. ასეთი ფორმატის პატრიარქის არჩევნები, რომელიც ახლა უნდა იყოს, პირველად გაიმართება.

აქამდე მუშაობდა სხვა სისტემა და ამ სხვა სისტემის მიხედვით პატრიარქს ყოველთვის ირჩევდა გაფართოებული კრება – სასულიერო და საერო პირები ერთად. ილია მეორეს არჩევის შემდეგ იყო რეფორმატორული ტალღა. მაშინ გამოჩნდა, რომ საქართველოს ეკლესიის შიგნით მთელი იერარქია, სასულიერო პირები და განსაკუთრებით ეკლესია და მონასტრები წარმოადგენენ ულტრაკონსერვატიულ პოზიციებს.

ვიდრე ილია მეორე ევროპაში მოგზაურობდა და სხვადასხვა რელიგიისა თუ ეკლესიის ლიდერს ხვდებოდა, თავაზიანად უღიმოდა, ამასობაში, ეკლესიაში ძალიან დიდი ძალა მოიკრიბა ძველი მორწმუნეების ფრთის იმპულსმა… ეს „სტაროვერები“ მაშინ აშკარად ღიად ემუქრებოდნენ პატრიარქს და აშანტაჟებდნენ კიდეც. ეუბნებოდნენ, რომ თუ ამას არ იზამდა, ისინი გავიდოდნენ სქიზმაში, თუ ამას არ გააკეთებდნენ, ამას იზამდნენ და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში მაინც მოხდა. 12 მონასტერი და რამდენიმე სამრევლო გავიდა კიდეც სქიზმაში, ანუ მოსწყდა დედა ეკლესიის სხეულს.

რადგან ცენტრალური ძალაუფლება საფრთხის ქვეშ დადგა, გადააკეთეს ეს მოდელი. სხვათა შორის, ამ მოდელის გადაკეთებას მაშინ აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მამა ბასილ კობახიძე, შემდგომში პატრიარქის დიდი კრიტიკოსი. მას ბუნებრივად არ მოსწონდა ეს.

ეს მოდელი გაკეთდა ამ მიზანშეწონილობით, რომ დაზღვეული ყოფილიყო ეკლესიის ცენტრალური იდენტობა და არ მომხდარიყო გახლეჩის შეუქცევადი პროცესი. ეს პროცედურა, რომელიც ახლა უნდა გაიარონ, არის სრულიად ახალი. 95 წლის კრების შემდეგ ჩვენ ახალი პატრიარქი არ გვყოლია. ილია მეორე მართავდა ეკლესიას ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი.

  • ეს მოდელი არის უპირატესობა მოსაყდრე შიოსთვის, გახდეს პატრიარქი? 

მოცემული მოდელის მიხედვით არჩევნები არის ნაკლებად გამჭვირვალე.

სხვათა შორის, გააჩნია, როგორ გამოიყენებს ამას თავად ეკლესია. საბოლოო ჯამში, ეკლესიის ბედს გადაწყვეტს მხოლოდ 39 ეპისკოპოსი. მთავრობას ნაკლებად აქვს გარედან ინტერვენციის შესაძლებლობა.

მეორე მხრივ კი, დიდია შესაძლებლობა, ამ 39 ეპისკოპოსიდან, დახშულ სიტუაციაში მეუფე შიომ კულუარული გზით, ასე ვთქვათ, მოუგვაროს უმრავლესობას და რაღაცნაირად შეძლოს მათგან საკმარისი ხმის მიღება.

  • ამიტომაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა, არ ჩაერიოს ხელისუფლება ეკლესიის შიდა არჩევნებში?

დიახ, მეუფე ზენონი მიხვდა, რა შეიძლება გათამაშდეს. მან თავადაც იწვნია ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ტიპის კრიტიკა და მისი კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა. ის წინასწარ ცდილობს, არ ჩაერიოს ამ საკითხში ხელისუფლება, თუმცა ეს გარდაუვალი იქნება: მეუფე შიოს ერთ-ერთი მთავარი რესურსი, როგორც გითხარით, გახლავთ სწორედ მთავრობის მხარდაჭერა.

  • საპატრიარქოს შიგნით რა გადაჯგუფებები ხდებოდა ბოლო დროს ან რა შეიძლება გააქტიურდეს ახლა? 

ეს გადაჯგუფებები გარეგნულად უკვე ისე აღარ ჩანს, როგორც მანამდე, თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ საერთო ინტერესებს, საერთო მისწრაფებებს. მე მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ მათივე ინტერესებიდან გამომდინარე.

ეკლესიას ახლა უწევს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მის პოზიციებს გრძელვადიანი დროის ჭრილში განამტკიცებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის შემდეგი: ვინ გახდება პატრიარქი და რა ტიპის პოლიტიკურ პოზიციას დაიჭერს ეკლესია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე? ფაქტია, რომ მიმდინარეობს საქართველოს  რუსიფიკაციის მცდელობა, როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად. ეკლესია შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში ღიად ვერ მონაწილეობდეს, რადგან მათ არ გააჩნიათ პარტია ან ფრაქცია პარლამენტში, საკუთარი ჯარი და ასე შემდეგ, მაგრამ კულტურულ იდენტობაზე მას უდიდესი გავლენა აქვს. ეს მისი სამოქმედო სივრცეა.

  • პროევროპული ორიენტაციის, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველი ბევრია ეპისკოპოსებს შორის? არსებობს შანსი, პროევროპული განწყობის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა? 

ბევრი არ არის, მაგრამ არის საკმარისი. ჩვენს სიტუაციაში საკმარისი უკვე კარგი მონაცემია.

რთულია წინასწარ განსაზღვრო, ვინ რას აპირებს და რა მოხდება გადამწყვეტ მომენტში. ისეა, როგორც აზარტულ თამაშებში: შეიძლება, წინასწარ განსაზღვრო, ვინ არის ძლიერ პოზიციაზე, მაგრამ საბოლოო შედეგის წინასწარ გამოთვლა ერთი-ერთში შეუძლებელია.

  • ამ ეტაპზე ვინ არის მოაზრებული პროევროპული განწყობის ეპისკოპოსებიდან პატრიარქობის კანდიდატად? 

არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს რუსიფიკაცია რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, რადგან მთავრობები მოდიან და მიდიან, ქვეყანას კი, უწევს იარსებოს გარკვეულ სოციო-კულტურულ კონტექსტში. მათ ეს პოზიციები გაახმოვანეს კიდეც ღიად, უფრო მეტად წერილობითი სახით. საქართველოში წერილობით ინფორმაციას დიდი რეზონანსი არ აქვს ხოლმე, მაგრამ მათ ეს ღიად თქვეს.

  • რამდენიმე რომ ჩამოგვითვალოთ, რომელია ასეთი ეპისკოპოსი? 

აი, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პოზიციების ღიად გამომხატველი არის ფოთისა და სენაკის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც პარალელურად აქვეყნებს ხოლმე საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეებს. თუ ნახავთ მის ტექსტებს, ის ღიად საუბრობს რუსიფიკაციის საფრთხეზე. ის ამას ხედავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული იდენტობის ჭრილშიც.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს გამოცდილება რუსეთის მხრიდან კულტურული ჰეგემონიისა და ძალმომრეობისა. შესაბამისად, ეკლესიის კულტურულ მეხსიერებაში ეს ლაქები არსებობს. შესაბამისად, ისინი ამოდიან ამ მომენტიდან: არაფერი კარგი რუსეთთან დაახლოებას საქართველოს ეკლესიისთვის არ მოუტანია, პირიქით, მისი საუკუნოვანი ტრადიციები განადგურდა, მთელი ხატწერის ნიმუშები და ასე შემდეგ განადგურდა, ჩვენს უძველეს გალობების ტექსტებსა და ნოტებს ვეძებთ სადღაც და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმა მოახერხეს მათი გადამალვა, დამარხვა და ასე შემდეგ.

ფაქტობრივად რუსეთთან დაახლოებამ ეკლესია მიიყვანა მაშინ დაღუპვის პირას. ეს მათ ახსოვთ და ამის მომხრე არ არიან არანაირად.

  • რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, თუმცა ილია მეორეს სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენიებს. წერილში ხაზგასმულია, რომ ილია მეორე მხარს უჭერდა ტრადიციულ კეთილ ურთიერთობებს რუსეთის ეკლესიასთან. თქვენთვის რა იყო საინტერესო ამ წერილში? 

დიახ, ამ სამძიმარში მართლაც მინიშნება გარკვეულწილად იყო და ეს აშკარად არის რუსეთის პატრიარქის პოზიცია.

რუსეთის ეკლესია ეცდება, რომ საქართველოს ეკლესიის სათავეში მოვიდეს ისევ რუსეთის მიმართ მინიმუმ სიმპათიით განწყობილი ადამიანი, რათა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე საქართველო არ დაუსხლტეს გავლენათა ორბიტიდან. ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს არ სჯერა, რომ ჩვენ შეუქცევადი ევროპეიზაციის გზას ვადგავართ, თუმცა, მეორე მხრივ, არც ისეთი სულელები არიან, რომ არ იცოდნენ საზოგადოების განწყობა.

ჩვენ საქართველოში გვაქვს შემდეგი მოცემულობა – მთავრობა და მმართველი წრეები არიან პრორუსები. ისინი არიან პრორუსები სრულიად პრაგმატული საბაბით. საზოგადოება კი, არანაირად არ არის პრორუსული ამ გაგებით. პირიქით, პოლიტიკური ელიტის შვილები და შთამომავლები მიდიან სასწავლებლად არა რუსეთში, არამედ ევროპაში. ანუ უბრალოდ საქართველოს მთავრობაში მოვიდა ძალა, რომელიც ამბობს, რომ მოცემულ მომენტში დაპირისპირებას სჯობს ვამჯობინოთ დათმობა.

ამის მიღმა მათ გააკეთეს სრულიად ცინიკური კალკულაცია და მიხვდნენ, რომ შავი ფულის გაკეთება უფრო ადვილია მაშინ, თუ შეეკვრები ეგრეთ წოდებულ შანხაის ღერძს. ესე იგი, რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ვიდრე, მაგალითად, აწარმოო ღია ბიზნესი ევროკავშირში და ასე შემდეგ, სადაც არის ძალიან ბევრი რეგულაცია იმისათვის, რომ ადამიანმა შავი ფულის გაკეთება ვერ შეძლოს.

ამიტომაც, პოლიტიკური ელიტები ძირითადად ამყარებენ ამ ოპერაციებს – სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ რუსეთს, ირანს ეხმარებოდნენ ემბარგოს გვერდის ავლით გაყიდულიყო ნავთობი. ასევე, ვნახეთ ირანში სამძიმარზე ჩასული ირაკლი კობახიძე. ისინი ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ შინაგანად ამ პოლიტიკის გულწრფელი მხარდამჭერი არიან. უბრალოდ, ეს არის „ოცნების“ კლანის და მისი ელიტის სამოქმედო ჩარჩო.

  • ილია მეორეს გარდაცვალებით რა ეტაპი დასრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში? რა ეტაპი იწყება ამჯერად? 

ილია მეორეს გარდაცვალებით დასრულდა მისივე ეპოქა. მან ეკლესიის შიგნით შექმნა საკუთარი პირადი კულტი. ილია მეორემ ამაზე იმუშავა მთელი ძალისხმევით და ეს გამოუვიდა კიდეც. მან ეკლესიას მისცა საკუთარი სახე: ადამიანები უფრო რელიგიურები კი არ იყვნენ საქართველოში ბოლო დროს, არამედ პატრიარქი მოსწონდათ და უყვარდათ, პატრიარქი და ეკლესია მათთვის გაიგივებული იყო ერთმანეთთან.

სინამდვილეში, უნდა არსებობდეს სინოდალური მმართველობა და პატრიარქი უნდა იყოს ერთ-ერთი ეპისკოპოსთაგანი. ამიტომაც, მართლა რაღაც ისტორიული სახის და ქარიზმატული ლიდერის ეპოქა დასრულდა. თანამედროვე ეპოქაში ასეთი პერსონალური კულტის აშენება ალბათ უფრო ძნელი იქნება. ახლა უკვე ბევრი კრიტიკული მედიაა, სხვა საშუალებებია, წლების წინ კი, მხოლოდ მის ფოტოებს უყურებდა ხალხი.

ილია მეორე ტიპოლოგიურადაც ისეთი იყო: ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას – დისიდენტებთან მეგობრობდა, ციხეში აკითხავდა მათ და არასოდეს დაუგმია ისინი. მეორე მხრივ, კომუნისტურ ელიტასთანაც პოულობდა საერთოს. ეროვნულ მოძრაობას მხარს უჭერდა, თუმცა ისინი როცა წავიდნენ, ახალ ძალასთანაც საერთო ენა გამონახა – ედუარდ შევარდნაძე მონათლა. სააკაშვილის რეჟიმის დროს „ვარდების რევოლუციის“ დროს არ მივიდა პარლამენტში და ასე შემდეგ.

ახლა რომ გადავხედოთ სინოდის წევრებს – ამგვარი დიპლომატიური ნიჭით და პლასტიკურობით გამორჩეული არცერთი არ არის.

თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის. ეს იქნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების თავშესაფარი, კონკრეტული ტიპოლოგიის ადამიანებს შეეძლებათ თქვან, რომ ვართ ამ ეკლესიის წევრები. ის ჩანასახოვანი მრავალფეროვნება, რაც მანამდე არსებობდა და რამაც მინიმალური დოზით მაინც მოაღწია ჩვენამდე, საბოლოოდ არ მომწიფდება. ის მონოლითური გახდება.

  • პროევროპელი და შესაბამისად პროქართული პატრიარქის არჩევის შანსი მინიმალურია, მაგრამ ეს შანსი არსებობს? 

ძალიან ნაკლებია, თუმცა შანსი არსებობს. ჩვენ, ქრისტიანების ნაწილს, კვლავაც გვჯერა სულიწმიდის არსებობის. რაღაც მომენტში ადამიანების გონებას მაინც საღმრთო სიბრძნე გაანათებს და სწორ არჩევანს გააკეთებენ სინოდის წევრები.

21-22 მარტს მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება – საქართველოს რკინიგზა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს.

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებსაც ამატებს.

დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887)

თბილისიდან გასვლა: 21:00

ბათუმში ჩასვლა: 02:22

ბათუმიდან გამოსვლა: 08:45

თბილისში ჩამოსვლა: 13:44

  • თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871)

თბილისიდან გასვლა: 09:10

ფოთში ჩასვლა: 14:45

ფოთიდან გამოსვლა: 17:20

თბილისში ჩამოსვლა: 22:54

  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877)

თბილისიდან გასვლა: 18:30

ზუგდიდში ჩასვლა: 00:40

ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35

თბილისში ჩამოსვლა: 14:44

რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801)

თბილისიდან გასვლა: 08:00

ბათუმში ჩასვლა: 13:12

ბათუმიდან გამოსვლა: 16:50

თბილისში ჩამოსვლა: 21:49

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803)

თბილისიდან გასვლა: 17:10

ბათუმში ჩასვლა: 22:22

ბათუმიდან გამოსვლა: 08:00

თბილისში ჩამოსვლა: 12:59

  • თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)

თბილისიდან გასვლა: 17:30

ფოთში ჩასვლა: 23:00

ფოთიდან გამოსვლა: 07:10

თბილისში ჩამოსვლა: 12:39

  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869)

თბილისიდან გასვლა: 08:15

ზუგდიდში ჩასვლა: 14:25

ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10

თბილისში ჩამოსვლა: 23:19

  •  თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953)

თბილისიდან გასვლა: 08:25

ოზურგეთში ჩასვლა: 15:37

ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35

თბილისში ჩამოსვლა: 14:44

  • თბილისი-ბორჯომი-თბილისი

თბილისიდან გასვლა: 06:35

ბორჯომში ჩასვლა: 10:48

ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30

თბილისში ჩამოსვლა: 20:50

  • თბილისი-ბორჯომი-თბილისი

თბილისიდან გასვლა: 18:45

ბორჯომში ჩასვლა: 22:58

ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50

თბილისში ჩამოსვლა: 10:10

  • თბილისი-გარდაბანი-თბილისი

თბილისიდან გასვლა: 07:10

გარდაბანში ჩასვლა: 08:16

გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30

თბილისში ჩამოსვლა: 09:39

  • თბილისი-გარდაბანი-თბილისი

თბილისიდან გასვლა: 19:00

გარდაბანში ჩასვლა: 20:06

გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20

თბილისში ჩამოსვლა: 21:29

ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა ხვალ, 20 მარტის 17:00 საათიდან დაიწყება.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 284 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 786 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 233 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 38 538 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 691 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 333 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 185 724 ერთეული [+1 391]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 84 129 ერთეული [+155]
  • სპეცტექნიკა – 4 092 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„გამწარებულია ხალხი“ – რატომ ჩადგეს ჯებირი გვირაბთან, სადაც გზა სახალვაშოსკენ მიდის

„გვირაბთან დაწესებული აკრძალვის შემდეგ, დამატებით 6 კილომეტრის გავლა გვიწევს იმისთვის, რომ სახლებში მივიდეთ, სოფელში ამოსვლას ამის გამო აგვიანებს  სასწრაფო, სახანძრო რომ დაგვჭირდეს, იგივე პრობლემაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის 5 წელია… ეს პრობლემა ეხება 220 ოჯახს. მთავრობას მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ სახალვაშოში მცხოვრები შაქრო პაპიძე.

სოფელ სახალვაშოსკენ მიმავალი გზა მახინჯაურის გვირაბთან ახლოსაა – ბათუმიდან როცა მიდიხართ, ამ სოფლისკენ მიმავალი გზა გვირაბიდან გასვლისთანავე მარჯვნივ უხვევს. გვირაბთან წლებია წრიული მოქმედებდა, მაგრამ იგი 2025 წლის 3 ნოემბრიდან ჩაიკეტა.

„გასული წლის 3 ნოემბრიდან ასეა: სახალვაშო ქობულეთის სოფელია. მაგალითად, ჩვენი სოფლიდან ბათუმში რომ წახვიდე, გვირაბთან ჩასული ბათუმისკენ პირდაპირ ვერ შეუხვევ და ვერ წახვალ – ჯერ უნდა ჩახვიდე ჩაქვში, იქ მოტრიალდე და წახვიდე ბათუმში,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ შაქრო პაპიძე. – „პრობლემაა ასევე, როცა ქობულეთიდან მოვდივარ ბათუმის მიმართულებით, თუ მაგალითად, ჩემს სოფელში მომინდა შევლა, გვირაბთან პირდაპირ ჩემი სოფლისკენ ვერ გადავუხვევ – უნდა ჩავიდე მახინჯაურში, იქ მოვტრიალდე, ჩამოვიდე ისევ გვირაბთან და ისე წავიდე სახალვაშოში.

ბათუმიდან როცა მივდივართ სახალვაშოში, ამ შემთხვევაში არაფერი შეცვლილა – ისევ გვირაბს გაივლი და შეუხვევ მარჯვნივ.

გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს უსაფრთხოების გამო, მაგრამ გზის ამ მონაკვეთში ავარია არასდროს მომხდარა, ხედვის არე კარგია. სოფელს სხვა გზა არ აქვს. ეს ეხება, როგორც სახალვაშოს, ასევე მე-7 რაიონს და სოფელ მახინჯაურის ნაწილს. 21 წელია ამ გზით ვსარგებლობთ და პატარა ავარიაც კი არ ყოფილა…

2025 წლის 3 ნოემბერს, როცა წრიული ჩაკეტეს ჯებირით, არავინ გაგვაფრთხილა: საღამოს მივედით და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით პირდაპირ,“ – გვითხრა შაქრო პაპიძემ.

სახალვაშოელებს თავდაპირველად გზის გადაკეტვა გადაუწყვეტიათ, მაგრამ პროფესიით ადვოკატ შაქრო პაპიძეს მოსახლეობისთვის ჯერ წერილების გაგზავნა შეუთავაზებია. სოფელ სახალვაშოდან საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილი გზების დეპარტამენტისთვის დაუწერიათ.

გზების დეპარტამენტის პასუხში ვკითხულობთ:

„შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მოთხოვნილი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] საავტომობილო გზის ჩაქვის გვირაბის მისასვლელის მიმდებარედ სოფელ სახალვაშოსთან არსებული წრიული მოძრაობის გაუქმება და გამყოფი ზოლის შევსება ლითონის მრუდხაზოვანი ძელებით…

მხედველობის არე შეზღუდულია. საავტომობილო გზის გამყოფ ზოლში ლითონის მრუდხაზოვანი ძელების დემონტაჟი და მარცხენა მოხვევის დაშვება გაზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის რისკს…

დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა საავტომობილო გზის გამყოფ ზოლში ლითონის მრუდხაზოვანი ძელების
დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილობით პასუხში.

„სინამდვილეში, ეს არავითარ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. მთავარია, ბათუმიდან მომავალ მანქანებზე დაიდგას 70 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი. მეტი არაფერია საჭირო. ასევე ქობულეთის მხრიდანაც – 70 კმ შეზღუდვა. ყველაფერი დახაზულია და გაკეთებულია ისედაც… 2005 წელს, როცა ეს გვირაბი გაიხსნა, მაშინაც იყო ლაპარაკი ამ საკითხზე – ჩაკეტვაზე, მაგრამ მაშინ სოფელი ფეხზე დადგა. შემდეგ ეს გზა მოაასფალტეს, დახაზეს და ყველაფერი გააკეთეს,“ – უსაფრთხოების მიზეზით გზის ამ მონაკვეთში დაწესებულ აკრძალვას არ ეთანხმება შაქრო პაპიძე.

ამას გარდა, მოქალაქე კონკრეტულ პრობლემებს ასახელებს, რაც ამ აკრძალვის დაწესებას მოჰყვა და რომლის მოგვარებაზე არც ადგილობრივი მთავრობა ზრუნავს:

„სასწრაფო როცა გვჭირდება, ჩაქვის ბრიგადა გვემსახურება. ჩაქვიდან ჩვენი სოფლისკენ წამოსული სასწრაფო უნდა ჩავიდეს მახინჯაურში, იქ მოტრიალდეს და მერე ამოვიდეს სოფელში. სოფელში მოხუცი და ავადმყოფი ხალხი ცხოვრობს. აგერ, ერთი კვირის წინ გარდაიცვალა ცაცა დუმბაძე. სასწრაფოს რომ ამოესწრო, შეიძლება გადარჩენილიყო.

სოფელში უკვე 5 წელია საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არავინ გვცემს პასუხს, რატომ? მანამდეც სოფელს ემსახურებოდნენ კონკრეტული ადამიანები ტრანსპორტით, შემდეგ როცა გზები დაგრძელდა, აღარ უღირთ, როგორც ჩანს. გვირაბიდან სოფლამდე 8 კილომეტრია. გამწარებულია ხალხი,“ – უთხრა შაქრო პაპიძემ „ბათუმელებს“.

რას აკეთებს ქობულეთის მერია სოფელ სახალვაშოს პრობლემის მოსაგვარებლად? – შაქრო პაპიძე ამბობს, რომ ქობულეთის მერიასაც მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ქობულეთის მერიიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მთავარი ფოტო: სოფელ სახალვაშოსკენ მიმავალი გზა მახინჯაურის გვირაბთან.

ოჯახის 14 წლის წევრის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ახმეტაში კაცი დააკავეს

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის ბრალდებით, ახმეტაში კაცი დააკავეს.

შს სამინისტროს თანახმად, „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ პირთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების გამო

17 მარტს 93 წლის ასაკში საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე.

კათალიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონში დაკრძალავენ.

სიონის ტაძარში დაკრძალული არიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V.

პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, რელიგიური კონფესიები და მაღალი თანამდებობის პირები.

  • სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სამძიმარი

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„არმენპრესის“ ცნობით, წმინდა ეჩმიაძინის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია:

„უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური. მისი მწყემსმთავრობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გააქტიურებით. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად ინარჩუნებდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას.

ყოვლისშემძლე უფლის ნუგეშს ვთხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს. ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და შთაგონების წყაროდ იქცეს მომავალი თაობებისთვის“.

  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მთელი ცხოვრებისეული თავდადება და სულიერი მსახურება ქართველი ხალხის წინაშე ფასდაუდებელია და დიდხანს გვემახსოვრება“, — წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

  • საქართველოში იტალიის საელჩოს სამძიმარი

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,“ – წერს საელჩო.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის წერილი

“ილია მეორე აღარ არის – ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა. ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.
ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა,” – წერს სააკაშვილი.

  • მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილის სამძიმრის წერილი
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, თუმცა ილია მეორეს სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენიებს.
ილია მეორეს სრული ტიტულია: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ს სრული ტიტულით არასდროს იხსენიებდა.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კირილმა ახსენა მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტული, თუმცა გამოტოვა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.
  • საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილი:

„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო!

რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული.

მთელი თქვენი მოღვაწეობა სამ უმთავრეს მიზანს მიუძღვენით. პირველი, ცხადია, იყო ღმერთის მსახურება და სულიერების აღდგენა ქვეყანაში, სადაც საბჭოთა 70-წლიანმა მმართველობამ ქრისტიანობის ამოძირკვა სცადა და ნაწილობრივ შეძლო კიდეც. თქვენ აღადგინეთ საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ ტაძრებითა და წირვებით, არამედ რწმენითა და სულიერი სიმტკიცით.

მეორე თქვენი ურყევი მიზანი იყო საზოგადოების ერთობა, რადგან კარგად იცოდით, რომ ამ ქვეყნის ყველა მტერი, სწორედ ერთობის დაშლას, შიდა დაპირისპირებასა და ერის შინაგან დასუსტებას, თუ არა, გატეხვას ისახავდა მიზნად.

მესამე მიზანი თქვენს ღრმა პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ შეგნებაზე მეტყველებს. თქვენი აღსაყდრების პირველივე დღეებიდან იზრუნეთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა საზღვარზე ამოქმედებულიყო ქართული მონასტრები, ვით სულიერი დარაჯები. იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა და ამით გააგრძელეთ საქართველოს ეკლესიის საუკუნოვანი მისია – სახელმწიფო ერთობისა და დამოუკიდებლობის დაცვა,“ – წერს ზურაბიშვილი.

  • საქართველოში ჩეხეთის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს,“ – წერს ჩეხეთის საელჩო.

  • ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილი

„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.

მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • პოლონეთის საელჩო საქართველოში

“პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.
მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,” – წერია სამძიმრის წერილში.

  • ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილი

„უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.

რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.

საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს,“ – ნათქვამია წერილში.

  • იაპონიის საელჩო საქართველოში 

„იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა“, – წერს იაპონიის საელჩო.

  • საქართველოში ირანის ელჩის სამძიმარი

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი; პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში“, — წერს ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი.

  • დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

“დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,” – წერს საელჩო.

საქართველოში შვედეთის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში აშშ-ს საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს წერილში.

  • საქართველოში საფრანგეთის საელჩოს სამძიმარი

„საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.

როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას“, – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა,“- წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.

ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში ისრაელის საელჩოს სამძიმარი

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმარი

„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ილია II გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მსახურება – რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში – განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამძიმარი

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისა და იმ სულიერი ლიდერის გარდაცვალების შესახებ, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიეძღვნა.

მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მოღვაწეობის განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის სულიერ ორიენტირად რჩებოდა; იგი ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განსამტკიცებლად, ქრისტიანული ტრადიციების დასაცავად და სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ საზოგადოების სულიერად აღსადგენად. ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის მხარდაჭერა, რომელიც მან გამოხატა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას განიცდის.

პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა მათ განსაცდელის დაძლევაში და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ პერიოდებში, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების დროს.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღოლი დაკარგეს, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც იგი არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა იყო.

ვლოცულობთ, რათა მამაზეციერმა თავისი მსახური ზეციურ სავანეში მიიღოს.

უფალმა გაანათლოს ახლადშესვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სული თავის სასუფეველში და ნუგეში, მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე მიჰმადლოს ყველას, ვინც ამ დანაკლისს გლოვობს.

საუკუნო იყოს მისი ხსენება!“

პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული, სამშენებლო პროცესები ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია

დღეს, 18 მარტს, ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული.

რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ ანალოგიურ ავტომატურ სადგურს, ის ამ დროისთვის გათიშულია.

„ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა… ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების მიხედვით:

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

ბათუმი / 18.03.2026 / დღეს ბათუმში ზოგან მსუბუქი ნისლიცაა

 

კრასნოდარში კორპუსებს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს, დაიღუპა 1 ადამიანი

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, რომლებიც ავრცელებენ  ფოტო და ვიდეომასალას, კრასნოდარში ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონები მაღალსართულიან შენობებს დაესხნენ თავს.

18 მარტის ღამეს, მას შემდეგ, რაც კრასნოდარის პრიკუბანსკის რაიონში მაღალსართულიან შენობას დრონი დაესხა თავს, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია კრასნოდარის მერმა, ევგენი ნაუმოვმაც დაადასტურა.

გუბერნატორ კონდრატიევის თქმით კი, დრონები სამ შენობას დაეჯახა: ერთმა ხანძარი გამოიწვია, რომელიც ჩააქრეს. კიდევ ერთი დრონი შენობას ხანძრის გამოწვევის გარეშე დაეჯახა, ხოლო მესამეში „ფრაგმენტები აივანზე იპოვეს“.

ქალაქის მერი მშობლებს ურჩევს, დღეს ბავშვები სკოლებში არ გაუშვან.

ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ქალაქის დასაცავად მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„მისი უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას“ – აშშ-ს საელჩო პატრიარქის გარდაცვალებაზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო სამძიმრის ტექსტს აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,“ – წერს აშშ-ს საელჩო.

17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე.

გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 282 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 786 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 229 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 38 506 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 688 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 333 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 184 333 ერთეული [+1 189]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 83 974 ერთეული [+230]
  • სპეცტექნიკა – 4 091 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრასნოდარში კორპუსებს უკრაინული დრონები დაესხა თავს, დაიღუპა 1 ადამიანი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წ.) შემდეგ, ილია მეორე ყველაზე დიდ ხანს იყო საპატრიარქო ტახტზე.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ილია მეორის ბიოგრაფიას, რომელიც მომზადებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე. მას სახელი ირაკლი მამამ მეფე ერეკლე II–ის პატივსაცემად დაარქვა.

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი სნოში ცხოვრობდა, თუმცა ბოლშევიკების დროს, 1927 წელს ოჯახი დროებით საცხოვრებლად ვლადიკავკაზში (ძაუგში) გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი. ამ ქალაქში XIX საუკუნის II ნახევრიდან არსებობდა მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან.

ილია მეორე მრავალრიცხოვან ოჯახში გაიზარდა, ჰყავდა ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, – ასე იხსენებდა ილია მეორე ბავშვობის პერიოდს.

„ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა–ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე“,- იხსენებდა ილია მეორე.

1941 წელს, როდესაც ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, გიორგი შიოლაშვილმა ოჯახი შექმნილ საფრთხეს განარიდა და მშობლიურ სნოში ჩამოიყვანა.

ომის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა განაგრძო ვლადიკავკაზის 22-ე სკოლაში, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლის გაგრძელება მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გადაწყვიტა.

1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს გადაწყვიტა უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში,  ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა.

18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს კი პატრიარქ მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა.

თავად  ილია მეორე ასე იხსენებდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:

„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“.

ილია მეორის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „1960 წლის 19 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ აღყვანილ ვიყავი იღუმენის ხარისხში, 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის პატივში“.

1963 წლის 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სინოდის სხდომა, რომელმაც ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია შემოქმედელ ეპისკოპოსად გამოარჩია.

ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა 1963 წლიდან მცხეთის სამოძღვრო კურსების ხელმძღვანელობა.

1978 წლის 16 თებერვალს ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ იგი თავის საპატიო წევრად აირჩია. პატრიარქი მოსკოვში ვიზიტისას აუცილებლად სტუმრობს ხოლმე ზაგორსკის აკადემიას.

1963–1967 წლებში მეუფე ილია მოღვაწეობდა შემოქმედის ეპარქიაში, ხოლო 1967 წლის 1 სექტემბრიდან  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.

„საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია ერთ–ერთი ყველაზე რთული ეპარქია იყო. XIX საუკუნეში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის ეკლესიური ინტერესების განმტკიცებას. დაიწყო ეპარქიიდან ქართველი სასულიერო პირების გამოძევება და მათი რუსებით ჩანაცვლების პროცესი[…]

ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე მხოლოდ 2 ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ეპარქიაში, 1975 წელს ისინი უკვე თორმეტნი გახდნენ. ეს იყო მეუფე ილიას შორს გამიზნული პოლიტიკა, ასეთ ვითარებაში აფხაზი სეპარატისტები ვერ მოახერხებდნენ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში თავისი მიზნების განხორციელებას“, – ვკითხულობთ ილია მეორის ბიოგრაფიაში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზეა გამოქვეყნებული.

1969 წლის 17 მაისს პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

1977 წელს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს

დღეს, 17 მარტს, აქციის მონაწილეებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ქუჩა დაახლოებით 20 წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კორპუსების დაუსრულებელ მშენებლობებს აპროტესტებენ და დავის გადაწყვეტისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

ორსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, დაზარალებულებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვა სამართალდარღვევაა და შესაბამის ზომებს მიმართავენ.

„ახლა გავხდით დამნაშავე?“ – უთხრეს პოლიციელებს საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა.

ბათუმში სხვადასხვა კომპანიისგან დაზარალდნენ მოქალაქეები. ისტორიები ერთმანეთს ჰგავს: წლების წინ ქალაქში ბინის აშენების იმედად ფული გადაიხადეს, მშენებლობა კი არ სრულდება, ან მშენებელი აღარ გამოდის კონტაქტზე. დაზარალებულები პერიოდულად მართავენ ბათუმში საპროტესტო აქციებს.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეები კონკრეტულად დაუსრულებელ მშენებლობას აპროტესტებდნენ ბაგრატიონის 113-ში.

„ამდენი ხანია ვმართავთ აქციებს და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს: სად ვართ, როგორ ვცხოვრობთ,“ – გვიყვება მაგული შარაძე. 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მას ბაგრატიონის 113-ში უნდა ჩაჰბარებოდა ბინა ორ წელიწადში. კორპუსი ვერ აშენდა, ბინები კი, ახალ მესაკუთრეებზე გაიყიდა.

სასამართლოში წავედი, მაგრამ ვინ იცის, როდის დასრულდება დავა? ბინის ღირებულების დაახლოებით მესამედი გადახდილი მაქვს… ინვესტორი რამდენჯერმე შეიცვალა, ახლა ერთმანეთში ჩხუბობენ. ვითხოვთ, მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა.

ქუჩა მას შემდეგ გადავკეტეთ, როცა დღესაც ყურადღება არავინ მოგვაქცია. სულხან თამაზაშვილთან ვითხოვდით შეხვედრას. 2 საათი ვიდექით აჭარის მთავრობის სახლთან. ქუჩა რომ გადავკეტეთ, მერე გამოვიდა წარმომადგენელი,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

სამოქალაქო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე განმარტავს, რატომ არის ვალდებული მერია და მთავრობა მსგავს დავებში ჩაერიოს:

„აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა დღეს თქვა, განცხადებით მოგვმართეთო. წლებია ინფორმირებულია ყველა უწყება, თუმცა მოქალაქეებმა წარმომადგენელს უთხრეს, რომ მიმართავენ წერილობით და პასუხს დაელოდებიან. სხვადასხვა კომპანიის დაზარალებულები აპირებენ შეკავშირებას და ისე გამართავენ მასშტაბურ აქციას, თუ შედეგი არ დადგება…

როდესაც სისტემა არ მუშაობს, ზარალს ყოველთვის მოქალაქე იღებს. სანამ ეს არ შეიცვლება, დაუმთავრებელი მშენებლობები გაგრძელდება. ზედამხედველობის მექანიზმი ფაქტობრივად არ მუშაობს – მუნიციპალური ინსპექცია რეაგირებს უკვე მაშინ, როცა პრობლემა კრიტიკულ ფაზაშია – და არა მაშინ, როცა მისი პრევენცია შესაძლებელია.

ნებართვების გაცემის შემდეგ კონტროლი სუსტდება. სამშენებლო ნებართვის მიღება არ ნიშნავს, რომ პროექტი რეალურად დასრულდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შემდგომი კონტროლი მინიმალურია. რისკები სრულად გადატანილია მოქალაქეზე და ხელშეკრულებებში პრაქტიკულად არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეს დაიცავს, ხოლო კომპანიების ფინანსური პასუხისმგებლობა ხშირად ფორმალურია. პოლიტიკური და არაფორმალური გავლენების ეჭვი მოქალაქეებში არსებობს განცდა, რომ გარკვეული პროექტები „დაცულია“, რაც აჩენს კითხვებს ზედამხედველობის მიუკერძოებლობაზე.

პასუხისმგებლობა უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ხელისუფლების დონეზე. დაუმთავრებელი კორპუსები ქმნის საფრთხეს ადამიანებისთვის ანტისანიტარულ გარემოს, ასევე კრიმინალის პოტენციურ კერებს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ამ თემაზე:

მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან

 

ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა

ბათუმში ქვაფენილის აყრა და, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩის ჩაკეტვა გრძელდება.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, 18 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. თუმცა 26 მაისის ქუჩაზე მოძრაობა დღეს, 17 მარტს უკვე შეზღუდულია [აბაშიძე-კლდიაშვილის მონაკვეთში.

ბათუმი, 26 მაისის ქუჩა – მემედ აბაშიძის გამზირის კვეთიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით / 17.03.2026

„შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“, – წერს ბათუმის მერია.

ბათუმი, 26 მაისის ქუჩა – დავით კლდიაშვილის კვეთიდან აბაშიძის გამზირის მიმართულებით / 17.03.2026

ბათუმში 15 ქვაფენილიანი ქუჩის [ქუჩების მონაკვეთების] რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2025 წელს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა – 5 649 994 ლარზე.

აღნიშნული 15 ქუჩის ჩამონათვალში 26 მაისის ქუჩაცაა, თუმცა, ბათუმის მერიამ ამ ჩამონათვალს ჯერ კლარა ცეტკინის, შემდეგ კი მემედ აბაშიძის გამზირიც ისე დაამატა, რომ ამ ორი ქუჩის სარეაბილიტაციოდ თანხა არც ბიუჯეტშია გაწერილი და არც ცალკე ტენდერია გამოცხადებული.

ბათუმის მერია მეორე დღეა არ პასუხობს კითხვაზე, თუ რა სახსრებით და როგორ ფინანსდება სამუშაოები ცეტკინის ქუჩაზე და აბაშიძის გამზირზე. აბაშიძის გამზირზე სამუშაოებს „ბონდი-2009“ ასრულებს, რაც კომპანიაში დაგვიდასტურეს. თუმცა რის საფუძველზე და რა სახსრებით – ეს ინფორმაცია არც ამ კომპანიაში მოგვაწოდეს.

___

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

 

 

 

„ოცნებამ“ ილიაუნში საქართველოს თანამედროვე ისტორიის პროგრამა დახურა – რას ამბობს ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტში არსებული ისტორიის 4 პროგრამიდან, სწორედ თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას აუქმებს.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას ბექა კობახიძე და უცხოელი მკვლევარი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობენ.

პროგრამის დახურვაზე ბექა კობახიძემ პოსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვაქვს ისტორიის ოთხი პროგრამა: საბაკალავრო ზოგადი ისტორია, სამაგისტრო შუა საუკუნეების კვლევები, სამაგისტრო თანამედროვე საქართველოს ისტორია და სადოქტორო ზოგადი ისტორია.

ამ ოთხიდან მხოლოდ თანამედროვე საქართველოს ისტორიას, ანუ XIX-XX საუკუნეების კვლევას ხურავენ, ისევე როგორც საბჭოთა კგბ-ს და კომპარტიის არქივები დახურეს. კიდევ კარგი, ის სამი ძალიან კარგი პროგრამა რჩება. ამათ ხელში ესეც გასაკვირია“, – წერს ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძე აღნიშნული პროგრამის გაუქმების უკან რუსულ ინტერესებს ხედავს.

„მინდა ავხსნა, რატომ ხურავენ მიზანმიმართულად სწორედ იმ პროგრამას, რომელსაც მე და პროფესორი სტივენ ჯონსი ვხელმძღვანელობთ.

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპი“ არაფერ შუაშია. ეს პრინციპი მხოლოდ XIX-XX საუკუნეების ისტორიაზე მუშაობს? რასაკვირველია – არა.

ორი ფაქტორია აქ:

უკვე ბევრი დავწერე და ვილაპარაკე ამაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალდებულება ისტორიული ნარატივი რუსების მოთხოვნებთან მოიყვანოს შესაბამისობაში. რუსებს არასდროს დაუშლიათ შუა საუკუნეები – ოსმალებთან, ყიზილბაშებთან და არაბებთან ომები გვეკვლია. უფრო კი – პირიქით. პრობლემა მე-19-20 საუკუნეებია.

2021 წელს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, გაიმეორეს რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიის სიყალბე, რომ 16 თებერვალს დაიწყო ომი და არა 12 თებერვალს, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. შეგახსენებთ, რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიები ამტკიცებენ, რომ 12 თებერვალს ლორეში დაიწყო მშრომელთა აჯანყება, რომელსაც სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველები და 16 თებერვალს წითელი არმია იძულებული გახდა მშრომელთა დასახმარებლად ჩართულიყო ბრძოლაში. 2021 წლის 25 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა, სწორედ ეს დაწერა ოფიციალურ განცხადებაში.

2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯარო რეპორტი გამოაქვეყნა, სადაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მტრულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დახურა კგბ-ს და კომპარტიის არქივები.

რადგან არქივები აღარ იყო, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ზეპირ ისტორიებზე გადაერთო“, – ამბობს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, საბჭოთა საქართველოს შესახებ ზეპირი ისტორიების მოგროვების პროექტი, ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ეს პროექტი საქართველოს განათლების სამინისტრომ დაბლოკა.

„ჰარვარდის ქართულ პროგრამას განათლების სამინისტრო აფინანსებდა და ხელშეკრულების მიხედვით, სამწუხაროდ  ჰქონდათ მათ ამის უფლება. მაშინდელმა მინისტრმა ჩხენკელმა, დაურეკა ჰარვარდში ქართული პროგრამის დირექტორს სტივენ ჯონსს და სთხოვა თავი დაენებებინათ პოლიტიკურად სენსიტიური ისტორიული საკითხებისთვის და ეკვლიათ კულტურა. აი ისე, როგორც საბჭოთა დროს იყო, ცეკვა, სიმღერა, ღვინო და ფეხბურთი, მაგრამ პოლიტიკა – ნურას უკაცრავად!

წელს, ოკუპაციის დღეებში მოიმართა უპრეცედენტო კამპანია პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ: მარო მაყაშვილის სურათების ორგანიზებული დაჰაჰავება, მაროს სიკვდილში საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, კედლებზე მაროს გრაფიტების წაშლა, მთაწმინდიდან კვინიტაძის „დაგორებისკენ“ მოწოდება და მრავალი სხვა.

1981 წელს, საქართველოს „გასაბჭოების“ 60 წლისთავზე, როდესაც შევარდნაძემ კომპარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ “საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის” და 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე, დიდი კამპანიები გაიმართა მონუმენტების აღმართვით და ერეკლეს წინა პლანზე წამოწევით, როგორც პრორუსი მეფისა.

ეს კამპანია საქართველოში 2024-2025 წლებში განმეორდა.

2026 წელს გვეცნობა, რომ ისტორიის სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთადერთი წიგნიდან მოხდება. ვიცით ამ წიგნს ვინ დაწერს და იმის წარმოდგენაც არ არის რთული, ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, რა ეწერება შიგნით.

2026 წელს კი, როგორც ამ პროცესის ნაწილი, დახურეს ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორები ასწავლიან და ჩვენმა სტუდენტებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს“, – წერს ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძე თავის პოსტში იხსენებს 2024 წლის 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც „ოცნების“ მიტინგზე, სადაც მან რუსული ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ 2003 წელს „უცხო ძალებმა მოაწყეს საქართველოში რევოლუცია“ და შემდეგ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიეს.

„არც წულუკიანის კომისიის დასკვნა უნდა დავივიწყოთ, რომელმაც ქართული მხარე გაასამართლა ომის დაწყებისთვის, საოკუპაციო ხაზზე საგუშაგოს აღმართვისთვის და რისთვის აღარ.

აქ პერსონალური ფაქტორიც არ უნდა გამოგვრჩეს: 2024 წელს თბილისში ჩამოსული იყო პროფესორი სტივენ ჯონსი, რომელსაც მაშინდელი განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა ჰარვარდში ქართული პროგრამის აქტივობების შესახებ. მე მაშინ ჰარვარდში ვიყავი. მინისტრმა არაფერი იცოდა ქართული პროგრამის შესახებ, სამაგიეროდ მაგიდაზე ედო ჩემი ფეისბუქ პოსტების ამობეჭდილი კრებული, საკვანძო ფრაზები მარკერით ყვითლად გახაზული. ეს ჩვენი მოწინააღმდეგეა და რა უნდა ამას ჰარვარდში? პასუხს სთხოვდა პროფესორ ჯონსს.

ოცი წუთი ულაპარაკია ჩემზე. მერე უთქვამს, რომ ჩაეხსენი ილიაუნის და თსუ-სთან ითანამშრომლეო. ორი წელია ვიცი და ამ ამბებზე არაფერი მითქვამს, მაგრამ უკვე აღარაფერია დასამალი.

ქვეყნის განათლების მინისტრს, რომელსაც ასეულობით დანგრეული სკოლა ებარა, ჩემი პოსტებისთვის ეცალა. ამასთან, უტაქტობა და ველურობაა, როცა თავს უფლებას აძლევ ჰარვარდიდან ჩამოსულ პროფესორს უთხრა პოლიტიკური პრეფერენციები გამოამჟღავნოს აკადემიური გადაწყვეტილების მიღებისას.

და აი, წელს ჰარვარდის ქართულმა პროგრამამ განათლების სამინისტროსგან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც წერია, რომ დაფინანსება არ გაგრძელდება, მათ შორის იმიტომ, რომ პროგრამის დირექტორმა (ანუ სტივენ ჯონსმა) არ დაიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და გვაკრიტიკებდაო.

ილიაუნიში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას მე და სტივენი ერთად ვხელმძღვანელობთ. ესე იგი დასახურები კი არა დასახვრეტები ვართ.

თუმცა, მხოლოდ ისტორიით ნუ შემოვფარგლავთ ამათ მავნებლობას. საბჭოთა დროს უკიდურესი ცენზურის ქვეშ იყვნენ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ნარატივსა და იდეოლოგიას“, – წერს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, ე.წ „რეფორმის“ გამო, ილიაუნიში ერთმანეთზე უკეთესი პროგრამები დახურეს: ანთროპოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ფილოსოფიის პროგრამები, პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები და მრავალი სხვა.

„რუსეთთან სინქრონიზაციაში მოსასვლელად ილიაუნის საუკეთესო პროგრამები იხურება, მაგრამ, ამის პარალელურად, საქართველოში აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ერთგულ კადრებს უზრდის ტერორისტულ სახელმწიფოს და რომლებიც ირანის საელჩოსთან დგანან ბანერებით – „ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!“

ისე არ მინდა მოვკვდე, რაც ზემოთ დავწერე ყველაფერი საგამოძიებო ფაილებად არ გადაიქცეს“, – წერს ბექა კობახიძე.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის დახურვას გვიდასტურებს ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძეც.

„კითხვაზე – „რა ტიპის განათლება გვჭირდება”? სინამდვილეში ვსვამთ კითხვას: „რა ტიპის საზოგადოება გვინდა საქართველოში“? თუ უმაღლეს განათლებას მხოლოდ შრომის ბაზრის ვიწრო, მოკლევადიან მოთხოვნებს მოვარგებთ, ჩვენ ვირჩევთ საზოგადოებას, რომელიც მხოლოდ რეაგირებს არსებულ ეკონომიკურ სტრუქტურაზე და არა ისეთს, რომელიც თავად ქმნის ახალ შესაძლებლობებს – ცოდნის ეკონომიკას. ასეთ დროს განათლება ხდება მომსახურე მექანიზმი და არა განვითარების მამოძრავებელი ძალა.

ამ კონტექსტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის პროგრამის შენარჩუნება სცილდება აკადემიურ ჩარჩოებს. ეს არის ჩვენი აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო გამოჩენილი მეცნიერების მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩვენი ეროვნული მეხსიერების გამორკვევისა და გაძლიერებისთვის. XIX-XX საუკუნეები არის პერიოდი, როდესაც ძლიერდება ჩვენი ევროპული იდენტობა და ყალიბდება სახელმწიფოებრიობის საფუძველი.

ამიტომ, ჩვენი ვალია დავიცვათ მეცნიერებისა და აკადემიური თავისუფლება, რადგან ისტორიის გარეშე არ არსებობს მომავლის ორიენტირი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთვან დარახველიძე.

მისი თქმით, აკადემიური, სრულად აკრედიტებული პროგრამების ბედი არ უნდა წყდებოდეს უნივერსიტეტების, აკადემიური საზოგადოების გარეშე, „მით უმეტეს შრომის ბაზრის ვიწრო ინტერესების გათვალისწინებით, ტექნოკრატიული პრინციპებით ან პოლიტიკური მიზანშეწონილობით“.

72 დაკავებულს რა კავშირი აქვს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან – გამოძიების ვერსია

პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ 77 პირს წარუდგინეს ბრალი, მათ შორის, ხუთს დაუსწრებლად.

პროკურატურის ვერსიით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 17 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [„ქურდული სამყაროს“ წევრობა], 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით [„კანონიერი ქურდობა“], 223 სეკუნდა მუხლით [„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა]; 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით [„კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა], 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით [„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ჯერ არ გამართულა.

ერთ-ერთი ბრალდებულის დედა, თამარ მიქელაძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მას სპეცრაზმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ შემთხვევაზე ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

„საპოლიციო ღონისძიების დროს მოქმედებაზე უნდა გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განცხადება და ქალი გაწერილია სახლში“, – განაცხადა დღეს, 17 მარტს „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა, გეკა გელაძემ.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – ესეც გეკა გელაძემ განაცხადა.

____

„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე

ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებულები ივანიშვილს მიმართავენ

საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების ასოციაცია ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ავტომფლობელები, ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებული ადამიანები ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც იქნებიან სახელმწიფოს, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლები და შემუშავდეს გონივრული, გარდამავალი პერიოდის რეგულაცია.

ავტოიმპორტის სექტორში დასაქმებულთა მოთხოვნაა, აქცენტი გაკეთდეს რეალურ ეკოლოგიურ კრიტერიუმებზე (ემისიები, ტექნიკური მდგომარეობა) და არა მხოლოდ მაღალ გადასახადებზე.

„ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინიციატივები, რომლებიც 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტს შეეხებოდა, შეიცვალა სხვა მიდგომით – განბაჟების ტარიფის მკვეთრი ზრდით. დაინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახალი ტარიფი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ განაკვეთებს.

ფორმალურად ამას შეიძლება არ ერქვას „აკრძალვა“, მაგრამ პრაქტიკაში მსგავსი შედეგი გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ შეძლებს ასეთი თანხის გადახდას, როცა მანქანის ღირებულება უტოლდება და აღემატება განბაჟების ღირებულებას.

საზოგადოებისთვის დღემდე არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი ანალიზი, განხორციელების დეტალური მოდელი, გარდამავალი პერიოდი და ის მექანიზმები, რომლითაც შეფასდება, რეალურად რა შედეგს მოიტანს ეს ცვლილება, როგორც ეკოლოგიურად, ისე ეკონომიკურად.

ასეთ პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ გადაწყვეტილება გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას შიდა ბაზარზე, გაართულებს ავტოპარკის განახლებას და გაზრდის სოციალურ წნეხს.

ვფიქრობთ, რომ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ფინანსური ბერკეტით, განსაკუთრებით ამ მასშტაბის ტარიფის ზრდით, ზედმეტად გამარტივებული და მძიმე ტვირთია მოქალაქეებისთვის.

გარემოზე გავლენას განსაზღვრავს არა მხოლოდ ავტომობილის ასაკი ან გადასახადის ოდენობა, არამედ ემისიის სტანდარტი (Euro), ტექნიკური მდგომარეობა და კონტროლის რეალური აღსრულება.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის პირობებში ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ავტოპარკის განახლება კიდევ უფრო გადადოს და ძველი, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები უფრო დიდხანს დატოვოს გზებზე, რაც ეკოლოგიურ მიზანსაც დააზიანებს.

გარდა ამისა, მეორადი ავტომობილების სექტორი მხოლოდ იმპორტიორების ბიზნესი არ არის, ეს არის ათასობით ოჯახის შემოსავალი და ფართო ეკონომიკური ჯაჭვი: პორტები, ლოგისტიკა, სერვისი, ავტონაწილები, საბაჟო პროცედურები და ფინანსური მომსახურებები. ტარიფის ასეთი მკვეთრი ზრდა, გარდამავალი პერიოდისა და წინასწარი შეფასების გარეშე, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს სექტორის აქტივობა და გაზარდოს სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ სექტორში სხვადასხვა შეხედულების მოქალაქეები, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც, არიან დასაქმებულები. ისინი წლებია შრომობენ, იხდიან გადასახადებს, საკუთარ ოჯახებს ამ საქმიანობით არჩენენ და ცვლილებები მათზეც აისახება.

სექტორში დასაქმებულები ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს ღია პროცესის დაწყებას.

„შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სექტორის მონაწილეობით; საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ცვლილების მიზნებზე, მექანიზმებსა და ვადებზე; ხოლო რეგულაცია დაეფუძნოს რეალურ ეკოლოგიურ ეფექტს: ემისიის სტანდარტს, ტექნიკური კონტროლის გამკაცრებას და გონივრულ გარდამავალ პერიოდს, რათა არ მივიღოთ რეგულაცია, რომელიც ფორმალურად არ კრძალავს, მაგრამ რეალურად მოქალაქეების უმრავლესობას არჩევანს უსპობს,“ – ნათქვამია მიმართვაში.

12 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიცვალა გადაწყვეტილება და საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება. თუმცა ამავე განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 5.6-ჯერ გაძვირდება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება.

ამავე თემაზე:

„ყაზახები და ყირგიზები იხეირებენ. ზეიმი აქვთ, რადგან ჩვენ ამ წრიდან ჩაგვხსნეს“ – ავტოიმპორტიორი

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურს – კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალს – საქართველო წელს 21-30 მარტს, უმასპინძლებს.

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის გასაძლიერებლად და ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად თიბისი, ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანაში „კანის ლომების“ მხარდამჭერი და კონკურსში მარკეტერის კატეგორიის წარმდგენია.

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედებითი პროფესიონალების აღმოჩენა და მათთვის საერთაშორისო სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაა.

კონკურსი ხუთ კატეგორიაში – Print, Film, Digital, Marketer, PR ჩატარდება და განკუთვნილია, როგორც კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული შემოქმედებითი გუნდებისთვის.

გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შემოქმედებით ფესტივალზე იასპარეზებენ.

შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის წელს, კვლავ გაიცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო.

თიბისი ათწლეულებია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება, აძლიერებს მათ თვითდაჯერებას და ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ბრენდი თავად ქმნის და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ახალ თაობას საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს და მათი პროფესიული განვითარების გაღრმავებას ემსახურება.

„კურსებში დამეწყრილ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია, სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას“

„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა“ – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ტყიბულში, სოფელ კურსებში განვითარებულ პროცესებზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში იყოს დაცული, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ შრეს მოიცავს: პრევენცია, რეაგირება და კომპენსაცია. შესაბამისად, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შედეგად ეკოლოგიური კატასტროფების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, მეორე მხრივ, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი და მხარდაჭერა.

აღნიშნული ვალდებულებები გამომდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციიდან, არამედ საერთაშორისო დოკუმენტებიდანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ეს შემთხვევა ქვეყანაში არსებული თემატური პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

„ამ შემთხვევაში, პრევენციულმა პოლიტიკამ ვერ/არ იმუშავა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი გადარჩენა მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ უმოკლეს პერიოდში ერთმანეთის გაფრთხილება მოახერხეს.

სოფელში მეწყრის საშიშროებაზე წლების (მაგ. 2019, 2020, 2021, 2023 და 2024 წლების პროგნოზის დოკუმენტები) განმავლობაში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი წერდა. საყურადღებოა, რომ სააგენტოს 2025 წლის პროგნოზის დოკუმენტში სოფელი გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულ ობიექტთა სიაში არ შედიოდა.

ზოგადად, პრევენციული პოლიტიკის უკიდურესმა ხარვეზიანობამ საქართველოს ასეულობით მოქალაქე მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დააყენა. ადრეული გაფრთხილების სისტემისა და მყისიერი ევაკუაციის გეგმების არარსებობამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანიც გამოიწვია. ამ მიმართულებით არსებულ ჩავარდნებზე ხაზს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური უსვამენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მექანიზმების არარსებობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტმა ასევე გამოავლინა ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩავარდნები, მაგალითად:

ინტეგრირებული ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განსაზღვრავდა ამ სისტემის შემადგენელი სუბიექტების ფუნქციებსა და მაკოორდინირებელ უწყებას;

  • ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე, ასევე, გარემოსდაცვითი კატასტროფების პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებ(ებ)ის არარსებობა;
  • ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზის არარსებობა;
  • ცენტრალიზებული საკომუნიკაციო სისტემისა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებამდე ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების მიღწევის გამართული და საიმედო პროცესების არარსებობა;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტების უმეტესობა პრევენციული ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებს ან ძირითადად ერთჯერადი ღონისძიებებით შემოიფარგლება.

„ამ მხრივ, გამონაკლისს არც ტყიბულის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პრევენციაზე ხარჯები ნათლად არ არის გათვალისწინებული.

მხოლოდ ერთი წინადადებაა ნახსენები ქვეპროგრამის – „გზების მიმდინარე შეკეთება”, ფარგლებში (“სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარება), რომლის ფორმულირებიდანაც კონკრეტული ღონისძიებების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრევენციასთან ერთად, პრობლემურია რეაგირებითი პოლიტიკის მიმართულებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახები სასტუმროში იმყოფებიან, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გრძელვადიანად სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას.

მათ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფელში დაბრუნებას ვერ შეძლებენ. ადგილობრივები საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი ქირით გაყვანაზე დაიწყო საუბარი. როგორც წესი, ბინის ქირის ოდენობა ეკომიგრანტებისთვის თვეში მაქსიმუმ 300 ლარია და ისიც 3 თვით გაიცემა; თუმცა, ერთ-ერთი ადგილობრივის მიხედვით, საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები 6-12 თვის ვადით იქნებიან ქირით უზრუნველყოფილნი, რომლის ოდენობაც ოჯახის სულადობის მიხედვით დაითვლება.

2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20.3% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო დაახლოებით 58 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

არსებული სამართლებრივი ჩარჩო ეკომიგრანტებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას ითვალისწინებს, თუმცა, თითოეული სახლის შესაძენად მაქსიმუმ 30 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრისისა და საკარმიდამო ნაკვეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სოფლის მოსახლეობა გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე საცხოვრებელია. ადგილობრივები კარგავენ მიწის ნაკვეთებს, წლობით ნაშრომ კარ-მიდამოს, თავიანთ ცხოვრების წესს, წინაპრების სასაფლაოებს. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არ დატოვოს სოფელი კურსების მოსახლეობა ადეკვატური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე.

„ამასთან, გაითვალისწინოს ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ის სამომავლო საფრთხეებიც, რომლის წინაშეც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოველდღიურად დგას.

მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადებში შეფასდეს სოფელ კურსებში მიმდინარე მეწყრული პროცესების მასშტაბი, გამომწვევი მიზეზები და სამომავლო რისკები და გატარდეს სრულყოფილი ღონისძიებები მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ამასთან, არსებითია, რომ მოსახლეობის კომპენსირებისა და მოკლე თუ გრძელვადიანი განსახლების პროცესები იყოს სამართლიანი და სრულად შეესაბამებოდეს დანაკარგის ოდენობასა და მათ მოწყვლადობას“.

_________

მთავარი ფოტო: მეწყერი სოფელ კურსებში/ფოტო: „მთის ამბები“.

__________

ამ თემაზე:

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

 

„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე

შსს ამბობს, რომ წუხელ, 17 მარტს ღამით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით.

„კიდევ 5 პირს კი ბრალი წარედგინა. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად. მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს“, – ამბობს გეკა გელაძე.

„ქართული ოცნების“ შს მინისტრის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და კანონიერი ქურდობა“.

„ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, აღნიშნული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ ქურდული გადაწყვეტილებები.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – ამბობს გეკა გელაძე.

მისი განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის, პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას მისი ოჯახის წევრი, 68 წლის ქალი ფეხში დაჭრეს.

თუმცა, გეკა გელაძე ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ – „საპოლიციო ღონისძიების დროს მოქმედებაზე უნდა გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განცხადება და ქალი გაწერილია სახლში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

გეკა გელაძეს არ უხსენებია ექსპერტიზის ჩატარება და არც გამოძიების დაწყების შესახებ უთქვამს არაფერი, თუმცა თამარ მიქელაძის ოჯახი დილიდან სწორედ ამას ითხოვს – ექსპერტიზის ჩატარებას და გამოძიების დაწყებას.

Exit mobile version